03 აპრილი 2019 - 00:50

თუ ვივარჯიშებ გვიან დავბერდები? მთავარი რჩევები ფიზიკური დატვირთვის შესახებ

ვარჯიში

ფოტო: shutterstock.com

რეგულარული ვარჯიში ხშირად ნებისმიერ წამალზე უფრო ეფექტიანია. თუმცა 100%-იანი შედეგის მისაღწევად აუცილებელია ფიზიკური დატვირთვის მოზარდობის ასაკში დაწყება. მსოფლიო რეკორდების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ასაკთან ერთად ფიზიკური აქტიურობის ტემპი იკლებს. ეს მკვეთრად შესამჩნევი 70 წლის მერე ხდება, თუმცა არც მაშინ ქრება.

თუ ვივარჯიშებ გვიან დავბერდები?

ის ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ხანდაზმულობის პერიოდშიც აქტიურად ვარჯიშობენ, ბევრად ჯანმრთელები არიან, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებსაც ცხოვრების განსხვავებული წესი აქვთ. ამ ფაქტს მივყავართ დასკვნამდე, რომ ფიზიკური აქტიურობა ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩერებს. ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არის მონადირე-შემგროვებელი. ჩვენი ორგანიზმი კი ისეა მოწყობილი, რომ მისთვის ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. ჩვენი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობა ერთმანეთთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ცხოვრების მჯდომარე წესს შეუძლია გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე მეორე ტიპის დიაბეტი და კიბო. 

ფიზიკური ვარჯიში ცხოვრების ხარისხს გამიუმჯობესებს?

ფიზიკურ ვარჯიშს შეუძლია ბევრ დაავადებას არა მარტო წინ აღუდგეს, არამედ ზოგიერთი მათგანისგან ადამიანი გაათავისუფლოს კიდეც ან მდგომარეობა შეუმსუბუქოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური აქტიურობა ჩვენი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც 55-დან 79 წლამდე ველოსიპედს რეგულარულად ატარებენ, ყოველდღიურ პრობლემებს ბევრად მარტივად უმკლავდებიან თუნდაც იმიტომ, რომ სხეულის თითქმის ყველა ნაწილი შესანიშნავ ფორმაში აქვთ. ველოსიპედისტებმა გონებრივი შესაძლებლობების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის მიხედვითაც ძალიან მაღალი შედეგი აჩვენეს.

რაც უფრო ადრე დავიწყებ ვარჯიშს, მით უკეთესია?

სამეცნიერო კვლევის მიხედვით, იმ ამერიკელებში, რომლებიც მოზარდობის ასაკში კვირაში 2-დან 8 საათამდე ვარჯიშობდნენ, ამა თუ იმ დაავადებისგან გარდაცვალების რისკი 29-36%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ცხოვრების განსხვავებული წესის მქონე მათივე თანატოლებში. მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ აქტიური ფიზიკური ვარჯიში ადამიანმა ახალგაზრდობიდანვე უნდა დაიწყოს.

ბრიტანელ მკვლევართა მტკიცებით, 2035 წლისთვის იმ ადამიანების უმრავლესობას, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზრდება, ოთხ ან მეტ დაავადებასთან მოუწევს გამკლავება. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პრეპარატები დღითი დღე უმჯობესდება, ფიზიკურ აქტიურობას შეუძლია ის, რაც არცერთ წამალს. მაგალითად, ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი სამედიცინო პრეპარატი, რომელიც კუნთოვანი მასისა და ფიზიკური ძალის დაკარგვის პროცესს შეაჩერებდა. ეს კი თავის მხრივ არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანს ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა ეწყება. ფიზიკური აქტიურობა მნიშვნელოვანია, არა მარტო ცალკეული ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2018 წელს ყოველი მეხუთე ბრიტანელი 65 წელს არის გადაცილებული, ყოველი მეორმოცე კი- 85 წელზე უფროსია. ამავე კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 16 წლის შემდეგ 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე მეტი იქნება.

რა უნდა გავაკეთო?

მნიშვნელოვანია, რომ თქვენს განრიგში ჩართოთ ფიზიკური აქტიურობის არა ხანგრძლივი, არამედ რეგულარული სეანსები. ეს შეიძლება იყოს, სწრაფი სიარული ან ცეკვა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ფიზიკური აქტიურობა არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვაკუთხედი. ვარჯიშს, 20 წლის ასაკში დაიწყებთ, 30-ის თუ უფრო გვიან, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერ დროს სასარგებლო იქნება. ასე რომ, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“

სხვა თემები