18 აპრილი 2019 - 23:28

ზელენსკი თუ პოროშენკო? ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ზელენსკი, პეტრო პოროშენკო

ვოლოდიმირ ზელენსკი, პეტრო პოროშენკო

ფოტო: shutterstock.com

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ვოლოფიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მოიპოვა, პეტრე პოროშენკომ კი - 15,95%. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება. პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატები შესთავაზა და თარიღად 19 აპრილი დაასახელა. კანდიდატები თავდაპირველად ამ თარიღზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მოგვიანებით ოპონენტების შტაბებმა სტადიონის იჯარაზე ხელშეკრულება გააფორმეს. დებატი 19 აპრილს საღამოს გაიმართება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოქალაქეები პრეზიდენტ პოროშენკოს და მის დებატებზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.

„ორი უკრაინის“ შეტაკება

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები პოპულისტი-კანდიდატის ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებით დასრულდა, რომლის ტრიუმფიც ამ კამპანიის მთავარი სენსაცია იყო. მეორე ტურში მისი კონკურენტი იქნება მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც რბოლაში იულია ტიმოშენკოს გაუსწრო. ზელენსკიმ ფსონი რუსულენოვან უკრაინაზე დადო, შესაბამისად მისი „ახალი პოპულიზმის“ შეტაკება პოროშენკოს ნაციონალისტურ-პატრიოტულ კონსერვატიზმთან, ნაწილობრივ „ორი უკრაინის“ ძველი შეტაკების რეანიმაციაა, რაც, ანალიტიკოსების თქმით, კარგს არაფერს მოასწავებს. ამიტომ მიჩნეული იყო, რომ ტურებს შორის შუალედი კომბინაციებს და კულუარულ მოლაპარაკებებს დაეთმობოდა.

ზელენსკის დილემა

2014 წელს პოროშენკო პრეზიდენტი იმ დროს გახდა, როდესაც უკრაინული ელიტების და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაიდნის და ყირიმის მოვლენების გამო შეკავშირდა, ხოლო დღის წესრიგში ქვეყნის შენარჩუნების საკითხი იდგა. პოროშენკოს, ერთი მხრივ, უკრაინის დაშლა უნდა შეეჩერებინა და მისი თავდაცვა უზრუნველეყო, მეორე მხრივ კი - გაეტარებინა რეფორმები იმ სამოქალაქო მუხტის და ენერგიის გამოყენებით, რაც მაიდნის რევოლუციამ წარმოქმნა.

თუმცა ელიტური კონსენსუსი მტრულ ბანაკებად დაიყო, რაც გარდაუვალია captured state-ის პირობებში, როდესაც კერძო-ჯგუფური ინტერესები სახელმწიფოსთვის განმსაზღვრელი ხდება. უკრაინა „მუდმივი გარდამავალი პერიოდის“ ხაფანგში გაება, როდესაც უწყვეტად ინიცირებულ რეფორმებს ხარისხიანი ცვლილებები არ მოსდევს, ელიტები კი ამ დაუსრულებელი პროცესების ბენეფიციარები ხდებიან.   

სიტუაციას ართულებდა საომარი კონფლიქტი დონბასში, რომელიც ქვეყანას რუსული აგრესიის მოგერიების რეჟიმში ამყოფებდა და მიუხედავად ამისა, კიევმა საომარი მდგომარეობა არ გამოაცხადა და მოსკოვთან ურთიერთობა არ გაწყვიტა (თავად პოროშენკოს კი, მისი ოპონენტების გასახარად, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აქტივები აღმოაჩნდა). შეუძლებელია ამ ყველაფერს საზოგადოება არ გაეღიზიანებინა, რომელსაც მხრებზე დააწვა გამოუცხადებელი ომის ტვირთი, მათ შორის ლტოლვილების ნაკადი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან.  

პოროშენკოს შეცდომები აუცილებლად გააჩენდა კონტრსისტემური პოპულიზმის ტალღას, რომლის მოთოკვასაც უშედეგოდ ცდილობდა იულია ტიმოშენკო, მას ერგებოდა ანატოლი გრიცენკო, მაგრამ საბოლოოდ ტალღის სათავეში მოექცა ვოლოდიმირ ზელენსკი. გარდა იმისა, რომ ის არის „კანდიდატი ყველას წინააღმდეგ“, ზელენსკი ამავდროულად შეეცადა სამხრეთ-აღმოსავლეთის მცხოვრებლების, რუსულენოვანთა ინტერესების გამომხატველი ყოფილიყო, რომლებსაც ყირიმის და დონბასის შემდეგ რუსებთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვთ, მაგრამ პოროშენკოს მეომრულმა სულისკვეთებამაც დაღალათ. ეს ამოცანა გააიოლა განხეთქილებამ ოპოზიციურ ჯგუფში, რომელმაც ვერ შეძლო ერთიანი პრორუსი კანდიდატის დასახელება, რომელიც „რეგიონების პარტიის“ მემკვიდრედ წარდგებოდა.          

სკეპტიკოსების პროგნოზების მიუხედავად, ზელენსკიმ შეძლო თავისი ამომრჩევლების მობილიზება, რომელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდები და ქალაქებში მცხოვრები აპოლიტიკური მოქალაქეები არიან და პირველ ტურში გაიმარჯვა კიდეც. ბოლო კვლევების თანახმად, იმ ადამიანების 40%, რომლებმაც ზელენსკის ხმა მისცეს - 18-29 წლისანი არიან, ნახევარზე მეტი - ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქებში ცხოვრობს. დასავლეთ რაიონებში ზელენსკის უფრო სუსტი პოზიციები აქვს: ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ რეკორდი დამყარდა ლვოვის (68,88%) და ვოლინის ოლქებში (68,33%). ასე რომ მეორე ტური ზელენსკისთვის იოლი არ იქნება. მეორე ტურში მას შესაძლოა ტიმოშეკოს მხარდამჭერების ნაწილის იმედი ჰქონდეს ცენტრალურ რეგიონსა და დედაქალაქში, ხოლო დასავლეთში - გრიცენკოს ამომრჩევლების ნაწილის.

კარგი შედეგები პირველ ტურში ზელენსკის აძლევს საშუალებას ყველა შეთავაზებულ ალიანსზე უარი თქვას, მაგრამ ის ჯერჯერობით მაინც რჩება ფიგურად, რომელიც ვაკუუმშია, პოლიტიკოსად, რომლის გუნდზეც ცოტა რამ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ იქ „ადრეული“ პოროშენკოს წარუმატებელი კონსულტანტები და პოლიტტექნოლოგები შედიან. 

ანალიტიკოსების აზრით, პირველ და მეორე ტურს შორის ზელენსკიზე სერიოზული ზეწოლა განხორციელდება იმისთვის, რომ ის დათანხმდეს იულია ტიმოშენკოსთან ალიანსს ან დაუთმოს არჩევნები პეტრო პოროშენკოს. თუმცა შეთანხმება ზელენსკის პოლიტიკურად მოკლავს (და მთლიანობაში დაუნგრევს კარიერას), რასაც თავადაც კარგად აცნობიერებს. არსენალში მას არ აქვს გადარჩენის ბევრი გზა - პირველ რიგში, არ უნდა გადაუხვიოს მთავარ ხაზს „კანდიდატი ყველას წინააღმდეგ“, რომლითაც ის ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი გმირია, ის ხალხს პირდაპირ მიმართავს და ინტრიგნების და კორუფციონერების ფონზე თავის დილეტანტობას უპირატესობად აქცევს.

პოროშენკო პუტინის წინააღმდეგ

მოქმედი პრეზიდენტი პირველი ტურის შედეგებით კმაყოფილი უნდა იყოს. 2018 წლის შემოდგომაზე პოროშენკოს ყველა კანდიდატზე მაღალი ანტირეიტინგი ჰქონდა, რაც თითქოს ხელახლა არჩევის შანსს არ უტოვებდა. ფაქტობრივი კამპანია მან სამხედრო მდგომარეობის შემოღებით დაიწყო, რითაც სერიოზულ რისკზე წავიდა: პარლამენტში მას უზურპატორობაში დასდეს ბრალი, საზოგადოება კი გაღიზიანდა ხელისუფლების ფარისევლობით, რომელმაც რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ოფიციალურად მხოლოდ არჩევნების წინ აღიარა.   

მაგრამ სპეციალისტების აზრით, პოროშენკოს სვლა სწორი იყო: ის ამომრჩევლების წინაშე სამაგალითო პატრიოტად და უმაღლეს მთავარსარდლად წარდგა. ტიმოშენკომ და მისმა თანამებრძოლებმა, რომლებიც პოროშენკოს მუდმივად სისხლიან თამაშში მონაწილეობას და რუსეთის ჭკუაზე სიარულს აბრალებდნენ, საზოგადოების თვალში ალტერნატივის როლი დაკარგეს.

პატრიოტული მობილიზაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებული კრების მოწვევით გამყარდა, რომელიც მართალია ბოლომდე პოროშენკოს გეგმის თანახმად არ ჩატარდა, მაგრამ მისი წინასაარჩევნო კამპანიის ძალიან კარგი სტარტი იყო, რომელიც მან ქვეყანაში მოგზაურობით დაიწყო.    

პირველ ტურში პოროშენკოს მხარი დაუჭირეს უკრაინის დასავლეთ ოლქებში, პირველ რიგში სიმბოლურად მნიშვნელოვან გალიციაში (ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ტერნოპოლის ოლქები), რომელიც პატრიოტი პოლიტიკოსის ლეგიტიმაციისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დონბასში წარმატება - პრორუსი პოლიტიკოსისთვის.

პოროშენკოს სახით ხმა მისცეს პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობის მაქსიმალურ გაწყვეტას და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას. გალიციელ პატრიოტებს მიაჩნიათ, რომ ეს ოლქები ბოლომდე გასაბჭოებული არასდროს იყო და ევროპასთან კავშირებს ინარჩუნებდა, შესაბმისად, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება იქ აღიქმება როგორც დეკოლონიზაციის აქტი და გათავისუფლება დროებითი ოკუპაციისგან. ის თუ ვის უჭერენ მხარს ამ ნაციონალისტურ ბირთვში, მობილიზებას უკეთებს მთელ დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინას, რაც პოროშენკოსთვის მეორე ტურში მნიშვნელოვანია.

იმავდროულად, პოროშენკოს პროპაგანდა სარკისებურად იმეორებს რუსულს. კრემლის გზავნილია, რომ ის არ ებრძვის არათუ უკრაინას, არამედ არც პოროშენკოს, რომელიც რუსული პროპაგანდისთვის ნამდვილი მოწინააღმდეგის - კოლექტიური დასავლეთის მარიონეტია. პოროშენკო ასევე არწმუნებს ამომრჩევლებს, რომ ამ არჩევნებში მისი რეალური მოწინააღმდეგე ვლადიმერ პუტინია, ხოლო მისი უკრაინელი კონკურენტები - მტრის ან უნებლიე მხარდამჭერები ან „მეხუთე კოლონა“. პოროშენკო პირველი ტურის შემდეგ ამ რიტორიკას მხოლოდ აძლიერებს.

ტიმოშენკო და მედვედჩუკი რევანშის მოლოდინში

სპეციალისტების აზრით, იულია ტიმოშენკოს დამარცხება პირველ ტურში სულაც არ ნიშნავს მისი პოლიტიკური კარიერის დასრულებას, არამედ პირიქით, მას ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ტიმოშენკომ ცენტრალური უკრაინა და კიევი თავის საბაზო რეგიონად ვერ აქცია, მაგრამ მისთვის მიცემული ხმები მთლიანობაში (რაც ფაქტობრივად პოროშენკოს წინააღმდეგ მიცემული ხმებია) ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის კარგ პოზიციებს უქმნის. ამ მოლაპარაკებებში კი შუა რგოლი იგორ კოლომოისკი იქნება.

ტიმოშენკოს მნიშვნელოვანი მოკავშირე ჰყავს მთავრობაში - შინაგან საქმეთა მინისტრი ავაკოვი, რომელსაც თავის მხრივ ძალოვნები უჭერენ მხარს, მათ შორის „აზოვის“ ნახევრადგასამხედროებული სტრუქტურები. დახურულ მოლაპარაკებებში მისი პოზიცია მნიშვნელოვანი კოზირი იქნება. ამ ლოგიკის ფარგლებში 2019 წლის ორი კამპანიის შედეგი (საპრეზიდენტო და საპარლამენტო) უნდა გახდეს ძლიერი პრემიერიის დამტკიცება, რომელიც „ფართო კოალიციას“ დაეყრდნობა სუსტი პრეზიდენტის, ზელენსკის პირობებში.   

იმავდროულად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარცხი შესაძლოა ტიმოშენკოს დემორალიზებას ახდენდეს. ეს უკვე მესამე კამპანიაა, სადაც მას ერთი ნაიჯი დააკლდა ქვეყანაში სრული ძალაუფლების მოპოვებამდე. მორიგმა მარცხმა ის შეიძლება ტოქსიკურ პერსონად აქციოს და ოლიგაქრქიული კლანები მოქმედების სარეზერვო ვარიანტებზე გადავლენ - მაგალითად შეეცდებიან ზელენსკის დათანხმებას პოროშენკოსთან კომპრომისზე. ან პირიქით, ფსონს დადებენ ზელენსკის თვითკმარობაზე, რომელიც იმისთვის, რომ რაიმე გონივრული პოლიტიკა აწარმოოს, იძულებული იქნება გავლენიან ძალებში მხარდაჭერის მოპოვებას.    

შემოდგომის რადის არჩევნებში რევანშის იმედი შეიძლება ჰქონდეთ „რეგიონების პარტიის“ მემკვიდრეებსაც. ოპოზიციური პლატფორმის ლიდერი იური ბოიკო, რომელსაც მეორე ტურში გადასვლის შანსი არ ჰქონდა, ვიქტორ მედვედჩუკის ხელმძღვანელობით ფაქტობრივად საპარლამენტო კამპანიას მართავდა. ბოიკოს პირადი ამბიციები ნავთობისა და გაზის სექტორში დაბრუნებას არ სცდება, და ამას ადასტურებს ის კეთილგანწყობილი დახვედრა, რომელიც მას მოსკოვში მოუწყვეს. მედვედჩუკის გეგმები კი გაცილებით ფართოა - მას აქვს „ფართო კოალიციის“ შემოქმედის ამბიცია, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის ფარგლებში უნდა მოხდეს, ასევე მედვედჩუკს შესაძლოა მომავალი უმაღლესი რადის სპიკერობა უნდა.   

რამდენიმე მარცხის შემდეგ, მედვედჩუკი დიდ პოლიტიკაში კარგ ფორმაში დაბრუნდა: მან შეძლო ჭრელ ოპოზიციურ ბლოკში განხეთქილების შეტანა, კომპრომისებზე წამსვლელი ახმეტოვის მომხრეთა ჯგუფის იზოლირება და მოსკოვში კავშირების გამოყენებით, თავისი პროტეჟეს ოფიციალურ პრორუსულ კანდიდატად წარდგენა. იური ბოიკომ გაიმარჯვა დონბასში და მთელ აღმოსავლეთ უკრაინაში მეორე ადგილი დაიკავა. 

იმავდროულად, მედვედჩუკი დარჩა კრემლს და პოროშენკოს შორის არაოფიციალურ შუამავლად და პრორუსი რევანშისტის იმიჯით ამ უკანასკნელს ხელიც შეუწყო. ის შეეცდება მომგებიანად გაყიდოს თავისი პოლიტიკური კაპიტალი მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში - ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტ ზელენსკის შესაძლოა პუტინის ახლობლის დამხარება დასჭირდეს.

ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის მოვლენების მიმართ ერთგვარი პაუზა აიღო და არჩევნების შედეგს ელოდება იმ იმედით, რომ ქვეყანაში ქაოსი გამძაფრდება. 2019 წელი უკრაინული დემოკრატიის მდგრადობის და მისი ელიტების კეთილგონიერების გამოცდის წელი ხდება, - ამბობენ ექსპერტები.

სხვა თემები