10 აპრილი 2019 - 18:49

რა ინფორმაციას გაწვდით ადამიანის პროფილის ფოტო?

პროფილის ფოტო

ფოტო: shutterstock.com

ადამიანებს შორის კომუნიკაციის დიდწილად ონლაინ-სივრცეში გადანაცვლებამ სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ამა თუ იმ პროფილზე ატვირთულ კოლაჟებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ, თუმცა, როგორც ამბობენ, ეს შეფასებები არც ისე ზუსტია. პირველი შთაბეჭდილების მეცნიერება საკმაოდ რთულია. აქ არის ფაქტორები, რომელთა კონტროლი თქვენ არ შეგიძლიათ: იქნება ეს ნევროლოგიური პროცესები თუ გარკვეული სტერეოტიპები. ახალი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის საუკუნეში პირველი შთაბეჭდილებები ხშირად ფოტოებით იქმნება, პირადი ურთიერთობებიც ონლაინ-დიალოგებით იწყება. ჰყვებიან თუ არა თქვენი ფოტოები თქვენს რეალურ ამბებს, ამას მეცნიერები ფრთხილი სკეპტიციზმით ეკიდებიან. მათი აზრით, არანაკლებ საფრთხილოა პირადი ურთიერთობის ვირტუალურ ნაცნობობაზე აგება.

რა ინფორმაციას მაწვდის პროფილის ფოტო?

ამა თუ იმ ადამიანის სახის გამომეტყველების შესაფასებლად თქვენ სულ რამდენიმე წამი გჭირდებათ. სწორედ ეს პირველი შთაბეჭდილება გკარნახობთ ამ ადამიანის ძირითად თვისებებს. ეს შემთხვევითი არ არის, თუმცა არის ალბათობა, რომ არც ისე ზუსტია. პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ პირველმა შთაბეჭდილებამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ. როგორც წესი, ასეთი დასკვნები უცნობებზე კეთდება და ის, რა თქმა უნდა, ზედაპირულია. ფოტოს მიხედვით ადამიანები დასკვნას სამი მიმართულებით აკეთებენ: რამდენად მიმზიდველია, არის თუ არა საიმედო ადამიანი და რა დოზით არის მიდრეკილი დომინანტობისკენ.

ფიზიკური მონაცემები ურთიერთობის დაწყების ერთ-ერთი პირველი ბიძგია. საიმედოობაში იგულისხმება სოციალური თავისებურება, რაც ოჯახზე მზრუნველობასა და სხვა მსგავს თვისებებს გულისხმობს. დომინირების შეფასება კი სასარგებლოა მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად. ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, ფოტოს მიხედვით შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ზედაპირულია, საერთო და არაზუსტი.

თუ თქვენ ონლაინ-ნაცნობობის რეალურ სივრცეში გადატანაზე ფიქრობთ, უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ როგორ კეთდება და მუშავდება ფოტო. მაგრამ ამ მეთოდების პარალელურად, არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მინიშნებას მაინც გაძლევს. კამერის მდებარეობა თქვენს სელფიზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაგალითისთვის, პორტრეტები, რომლებიც ქვედა კუთხიდან (low angle) არის გადაღებული, ადამიანის დომინანტურობას უსვამს ხაზს, რაც, ფსიქოლოგების დაკვირვებით, კაცისთვის დადებითი შედეგის მომტანია, ხოლო ქალისთვის - ნაკლებად. ზედა კუთხიდან (high angle) გადაღებული ფოტოები კი პირიქით აღიქმება.

ნებისმიერ შემთხვევაში, პროფილის ფოტოები გულდასმით შეირჩევა, რათა ესა თუ ის ადამიანი საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ეს კოლაჟები მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ მიმზიდველობას არ უსვამს ხაზს, ისინი ინდივიდუალიზმისა და სოციალური მდგომარეობის ნიშნებსაც ასახავს. მაგალითისთვის, სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად იყენებენ ფოტოებს, რომლებზეც ქველმოქმედებით არიან დაკავებულნი. მნიშვნელოვანია ასევე თუ ვინ არის თქვენთან ერთად გამოსახული ფოტოზე. თუმცა ადამიანის პიროვნების უკეთ გასაგებად, რა თქმა უნდა, აუცილებელია მასთან საუბარი და გარკვეული ინფორმაციის სწორედ მისგან მიღება. სწორი პროგნოზის გაკეთება დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია.

როგორ დავიწყო ჩემი პირველი დიალოგი?

ფსიქოლოგები ონლაინ-საუბრის დაწყების დაახლოებით 18 შესაძლო ვერსიას განიხილავენ. თუმცა, მეცნიერთა დასკვნით, ხშირ შემთხვევაში დიალოგები მისალმების ფამილარული ფორმით იწყება. დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევართა განმარტებით, გაცნობის ტრადიციული სცენარი ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტში პირველად კაცები მიმართავენ ქალებს ან კაცები - კაცებს. ურთიერთობის სტრატეგიის მიმართულებით კი გენდერული სხვაობა არ არის, რადგან ფსიქოლოგთა შეფასებით, კაცები და ქალები უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე განსახვავდებიან. არსებული მცირე განსხვავება კი შესაბამისი გენდერული მოლოდინებით აიხსნება და არა ამა თუ იმ სტრატეგიის ეფექტიანობით.

სანამ ურთიერთობის ონლაინ-ფაზიდან შემდეგ ეტაპზე გადახვალთ, აქტუალური ხდება საუბრის ყველაზე მიზანშეწონილი თემები. ფსიქოლოგების რჩევით, სასურველია აქცენტი გააკეთოთ იმაზე, თუ რა თვისებებს ანიჭებთ პარტნიორში უპირატესობას. უმჯობესია, გულახდილად ისაუბროთ სწორედ ამ თემაზე, ვიდრე - თქვენს ქონებაზე, სტატუსზე ან იმაზე, რომ სიყვარულს ეძებთ. ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, ონლაინ-ნაცნობობის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ გაქვთ მეტი დრო იმაზე საფიქრელად, პირადი შეხვედრა თქვენს მოლოდინს გაამართლებს თუ არა. სწორედ ეს გიბიძგებთ იქითკენ, რომ საკმარისი ინფორმაცია დაგიგროვდეთ და რეალობას თვალი გაუსწოროთ, რადგან ადამიანის გაიდეალებას ხომ მაშინ იწყებთ, როცა მის შესახებ ბევრი არაფერი იცით.

როდის წავიდე პირველ პაემანზე?

თქვენ შეაფასეთ უკვე თქვენი ონლაინ-მოსაუბრის მიმზიდველობა, საკმაოდ დიდხანს ისაუბრეთ კიდეც. ამის შემდეგ უკვე რამდენიმე რთული კომპონენტია გასათვალისწინებელი. ფსიქოლოგთა შეფასებით, ადამიანი არის მიდრეკილი შეარჩიოს პარტნიორი ან პოტენციური პარტნიორი, რომელსაც თავის შესაფერისად მიიჩნევს როგორც ვიზუალურად, ასევე თვითშეფასებისა და პოპულარობის დოზით. ეს ქალებისა და კაცების საერთო სტრატეგიაა. თავდაჯერებული ადამიანები მეტი ალბათობით მაღალი თვითშეფასების მქონე პარტნიორს ეძებენ. აქ პრობლემას ისიც ქმნის, რომ პრიორიტეტების დასახელებისას ადამიანები არც ისე გულწრფელები და ზუსტები არიან. მაგალითისთვის, კაცები ხშირად ამბობენ, რომ მათ მოსწონთ ჭკვიანი ქალები, მაგრამ რეალობაში ეს ნაკლებად ხიბლავთ. ფსიქოლოგთა განმარტებით, შესაძლოა, ამის მიზეზი არის ის, რომ ამ კატეგორიის კაცები საკუთარ ინტელექტში არც თუ ისე თავდაჯერებულები არიან.

ამავდროულად, ადამიანები თავიანთ მიზნებზე საუბრისას ცდილობენ იყვნენ რაციონალურები, მაგრამ როდესაც უშუალოდ აღმოჩნდებიან ამ სიტუაციაში, მათ გადაწყვეტილებებზე ემოციები ზემოქმედებენ. სინამდვილეში თქვენ შეიძლება მიგიზიდოთ პიროვნებამ, რომელიც თქვენს კრიტერიუმებს საერთოდ არ შეესაბამება. აქ ირთვება კონტრასტის ეფექტი, რაც გულისხმობს საპირისპირო რეაქციას იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს. ამიტომაც მნიშვნელობა აქვს თქვენს საერთო განწყობას. „ზოგადად, რაც უფრო პოზიტიურად არის ადამიანი განწყობილი, მით უფრო გახსნილია ის და ფიქრობს, რომ მის განწყობას სხვებიც შეეფერებიან,“ - ფიქრობენ მეცნიერები. შესაბამისად, ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანები უფრო კრიტიკულები არიან. ამიტომ თუ თქვენ პოზიტიურად განეწყობით, გექნებათ მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება. თუმცა არც აქ არის მარტივად საქმე. ბელგიელ მეცნიერთა მტკიცებით, კაცები ზოგადად უფრო ნეგატიური განწყობისკენ არიან მიდრეკილნი. ფსიქოლოგები ამას კაცებისა და ქალების მხრიდან ემოციების აღქმისა თუ გააზრების განსხვავებული მეთოდებით ხსნიან. კაცები თავიანთ ნეგატიურ განწყობას ღიად ავლენენ, ქალები კი ხშირად ამ ემოციებს თავად ითვისებენ. თუ კაცები თავს ცუდად გრძნობენ, ამას თავიანთ თანამოსაუბრეს მიაწერენ.

სხვადასხვა კულტურაში ამა თუ იმ თვისებას სხვადასხვაგვარად აფასებენ?

ის, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ხასიათის ამა თუ იმ თვისებას, ეს სწორედ კულტურასა და მენტალიტეტზეა დამოკიდებული. ამერიკელი მეცნიერების შეფასებით, დასავლეთში ადამიანებს ნარცისები იზიდავთ. ისინი თავს უკეთ უვლიან, კარგადაც გამოიყურებიან და თავდაჯერებულობა მათ კონკურენტუნარიან კანდიდატად აქცევს. მკვეთრი ინდივიდუალიზმი დასავლურ სამყაროში მიღებულია, თუმცა აზიური პრიორიტეტები უფრო სხვა მიმართულებით იხრება.

აშშ-ში არსებულ აზიურ-ამერიკულ გაერთიანებებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოლექტიური კულტურები უფრო მიდრეკილია საკუთარი ინტერესების ნაკლებ შეფასებისკენ, დასავლეთში კი ჯგუფურ ინტერესებზე მაღლა ინდივიდუალური დგას. კოლექტიური კულტურები მეტ მნიშვნელობას თავაზიანობას ანიჭებენ, რადგან ისინი არა ინდივიდუალურ, არამედ ჯგუფურ სარგებელს ელიან. ფსიქოლოგთა შეფასებით, აზიური წარმოშობის ამერიკელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას სიკეთეს ანიჭებენ, თუმცა საბოლოო ჯამში, როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის ფიზიკური მომხიბვლელობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: BBC 

სხვა თემები