16 აპრილი 2019 - 20:32

რატომ არის ხანძრის ჩაქრობა რთული ისტორიულ შენობებში

ფოტო: Twitter

ფოტო: Twitter

ხანძარი ნოტრ-დამში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. 400-ზე მეტი მეხანძრე ვერ გაუმკლავდა ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში. ხანძრის ლიკვიდაცია მხოლოდ დილისკენ გახდა შესაძლებელი, შენობაში ჩაინგრა ჭერი და შპილი. გთავაზობთ სპეციალისტების განმარტებებს იმის შესახებ, თუ რა სირთულეები ახლავს ხანძრის ჩაქრობას ისტორიულ შენობებში და რატომ არ შეიძლება ნოტრ-დამის ნაწილობრივ ჩამონგრევაში მეხანძრეების დადანაშაულება.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ხანძრის სწორად ჩაქრობის შესახებ ლაპარაკი შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ეს უშუალოდ გააკეთა, ასევე ექსპერტებს, რომლებიც შემთხვევას გამოიძიებენ. თითოეული ხანძარი უნიკალურია, ყველა მათგანს ბევრი თავისებურება აქვს - დაწყებული იმით, თუ როდის შეატყობინეს მეხანძრეებს აალების შესახებ, დამთავრებული - საცობებით, ამინდით, თავად შენობის და მიმდებარე ქუჩების სპეციფიკით. მსჯელობა მხოლოდ ყველა ამ ნიუანსის გათვალისწინებით შეიძლება. 

ისტორიულ შენობებში ხანძრების ჩაქრობა უკიდურესად რთულია. ამის მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, ასეთი შენობები ხშირად ძალიან რთულად არის დაპროექტებული. მეორეც, თითქმის ყოველთვის ისინი ქალაქის გადატვირთულ ცენტრებში მდებარეობს. მესამეც, ცეცხლის კერამდე მიღწევა ძალიან რთულია. მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ უზარმაზარ ისტორიულ შენობაში ცეცხლი გაუჩნდა სახურავს, მაგრამ მასთან მიღწევა მხოლოდ ორი ვიწრო კიბით შეიძლება. შედეგად, შენობასთან შეიძლება მილიონი მეხანძრე მიიყვანო, მაგრამ ცეცხლს ისინი მაინც ამ ორი კიბით თუ მიუახლოვდებიან.    

ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტზე მეხანძრეების მიერ სამუშაოს დაწყების დრო. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ცეცხლის გაჩენიდან მეხანძრეების ადგილზე მისვლამდე დაახლოებით ათი წუთის ინტერვალია, ეს უკვე სერიოზულად გაართულებს სიტუაციას. არსებული ინფორმაციით, ნოტრ-დამში მეხანძრეები აალებიდან „რამდენიმე წუთში“ მივიდნენ, მაგრამ ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

კიდევ უფრო რთულია ხანძრის ჩაქრობა ხის კონსტრუქციის ძველ შენობებში, სადაც ჟანგბადთან კიდევ უფრო კარგი წვდომაა. სწორი რჩევების მისაცემად, საჭიროა ასევე იმ კონკრეტული ადგილის ცოდნა, სადაც ხანძარი ჩნდება: არსებობდა თუ არა ცეცხლისთვის რაიმე დაბრკოლებები და სხვ. ნოტრ-დამის შემთხვევაში, როგორც ცნობილია, ცეცხლი სახურავის მიდამოებში გაჩნდა ანუ დიდ სიმაღლეზე - რაც ასევე უშლის ხელს ცეცხლის ეფექტიანად ჩაქრობას, რადგან წყლის წნევა სიმაღლეზე იკლებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ტაძართან მეხანძრეების მისვლის მომენტისთვის, მათ ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლოთ, რადგან ცეცხლს უკვე ყველაფერი გააჩნდა და ის ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა.

ასევე მნიშვნელოვანია მეხანძრეების მუშაობის ტაქტიკის გათვალისწინება. ადამიანებს აქვთ წარმოდგენა, რომ მეხანძრეები ადგილზე მისვლისას უმალ ცეცხლისკენ უნდა გაიქცნენ. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს ადამიანების საფრთხისგან გარიდებაა. თუ ადამიანებს რამე ემუქრება, ნებისმიერი მეხანძრე ამ ადამიანებზე იზრუნებს და არა აალებულ ისტორიულ შენობაზე. გარდა ამისა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო შენობიდან ყველა რელიკვიის გატანა, რადგან ტაძრის აღდგენა ხანძრის შემდეგ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მაცხოვრის ეკლის გვირგვინის - არა.

14 საათი ტაძარში ასეთი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის საკმაოდ ნორმალური დროა, თანაც შენობის თავისებურებების გათვალისწინებით. მეხანძრეები ხომ ვერ იტყვიან რომ ხანძარი ჩააქრეს, თუ სულ მცირე კერები მაინც რჩება. რა თქმა უნდა, ხანძრის ჩაქრობის დროსთან დაკავშირებული საერთო სტატისტიკური მონაცემების ფონზე, 14 საათი შეიძლება ვინმეს შეიძლება დიდ ციფრად მოეჩვენოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ასე არ არის.

ხანძრის ჩაქრობის დროს ისმოდა საყვედური თუ რატომ არ აქრობდნენ ცეცხლს წყლით ვერტმფრენებიდან. მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. წყალი საკმაოდ მძიმეა და მისი სიმარლიდან გადასხმით შენობისთვის შეიძლება იმაზე მეტი ზიანი მიეყენებინათ, ვიდრე ის ცეცხლით მიიღებდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: რამდენიმე ტონა წყლის ვერტმფრენიდან გადასხმით, თვენ შეიძლება უბრალოდ დამარხოთ ყველა, ვინც ამ დროს შენობის შიგნით მუშაობს. მაგალითად გააქვს იქიდან რელიკვიები. ასევე შეიძლება დაშავებულიყვნენ ადამიანები ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ შენობას ცეცხლის გაძლების თავისი ზღვარი აქვს. ეს არის დრო, რომლის გასვლის შემდეგაც შენობა დაკარგავს მდგრადობას ან მთლიანობას. უხეშად რომ ვთქვათ, წყლის სიმაღლიდან გადასხმით შენობა შეიძლება დაიშალოს. გარდა ამისა, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ვერტმფრენებმა ვერ შეძლეს ცეცხლთან საკმარის მანძილზე დაახლოება, რომ წყლის ასეთი გადასხმა ოდნავ მაინც ეფექტიანი ყოფილიყო.

მთლიანობაში, ამ ვითარებაში მეხანძრეებს არანაირი ბრალი არ მიუძღვით. ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ახლა ცეცხლის ჩაქრობის თემას განიხილავენ, არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და არ ესმით რის შესახებ ლაპარაკობენ. არავინ იცის სრულად ის ფაქტორები, რომლებიც ხანძრის ქრობაზე აისახებოდა, ხოლო ცეცხლის ჩაქრობის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. ხანძრის ჩქრობაზე გადაწყვეტილებას იღებდა კონკრეტული ადამიანი, კონკრეტულ გარემოებებში და ეს გარემოებები იყო ძალიან რთული.

სხვა თემები