23 აპრილი 2019 - 21:23

როგორ განვავითარო ჩემი ბიზნესი? 5 სცენარი

ბიზნესი

ფოტო: shutterstock.com

თქვენმა ბიზნესმა რომ იარსებოს, აუცილებელია მისი განახლება და ბაზრის სხვა წარმომადგენლებთან მუდმივი, ჯანსაღი კონკურენცია. ამისათვის შეგიძლიათ  ახალი პროდუქტის შექმნა, საორგანიზაციო პროცესის მოდერნიზება ან ინოვაციური ბიზნეს-მოდელის შემუშავება. თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. შესაძლებელია გახვიდეთ ახალ ბაზარზე ან თქვენს საქმიანობაში პრინციპულად ახალი მიმართულება შექმნათ. ბიზნესის განვითარების ბევრი შესაძლო სცენარი არსებობს, თუმცა სპეციალისტები ამ მიმართულებით საუკეთესო ხუთეულს გამოყოფენ.

სცენარი #1. გააფართოვეთ თქვენი ბიზნესის გეოგრაფიული არეალი!

თუ თქვენი ბიზნესი ვითარდება, მაგრამ გრძნობთ, რომ ადგილობრივი ბაზრის მასშტაბი საკმარისი არ არის, გეოგრაფიული არეალის გაფართოებაზე იფიქრეთ. შეგიძლიათ ახალ ქალაქში ან ქვეყანაში ფილიალი გახსნათ, ან გაყიდოთ ფრანშიზა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ თქვენი საქმიანობის მასშტაბების გაზრდა გადაწყვიტეთ, თავდაპირველად მოქმედი ბიზნესის მაჩვენებლები უნდა გააანალიზოთ, იპოვოთ სუსტი ადგილები და დაძლიოთ ისინი. ამის შემდეგ უნდა შეისწავლოთ იმ რეგიონის ან ქვეყნის თავისებურებები, სადაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ. უნდა გაიგოთ მოცემულ გეოგრაფიულ არეალში ფუნქციონირებს თუ არა მსგავსი ბიზნესი და არის თუ ამ სფეროზე მოთხოვნა. პარალელურად აუცილებლად  შექმენით პოტენციური მომხმარებლის პორტრეტი. ამის შემდეგ შეიმუშავეთ ფინანსური მოდელი, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, სავარაუდო ხარჯები და მოგება, ასევე ისიც, იქნება თუ არა თქვენი კომპანია ამ გეოგრაფიულ არეალში რენტაბელური.

სცენარი #2. შექმენით სრულიად ახალი პროდუქცია!

კომპანიის განახლება შესაძლებელია სრულიად ახალი მიმართულების ან ამა თუ იმ პროდუქციის ახალი სახეობის შექმნით. ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესის განვითარების ტემპი დაჩქარდეს და კონკურენტებს აჯობოთ. თუმცა აქაც 2 ვარიანტია.

პირველ შემთხვევაში შეგიძლიათ უკვე არსებული ბიზნესი განავითაროთ. მაგალითისთვის, თუ თქვენ წარმატებით კერავთ და ყიდით ქალის ტანსაცმელს, შეგიძლიათ ფეხსაცმლისა და ჩანთების წარმოება დაიწყოთ. მეორე მეთოდი პრინციპულად ახალი მიმართულების შექმნას ითვალისწინებს. მაგალითისთვის, კორეული კომპანია Posco დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა ფოლადს, შემდეგ კი სამშენებლო ბიზნესში ჩაერთო. დღეისათვის ეს ორგანიზაცია დაკავებულია როგორც თავისი თავდაპირველი საქმიანობით, ასევე აწარმოებს ტექნოლოგიებს ელექტრომობილებისთვის და ამუშავებს ინჟინრულ გადაწყვეტილებებს ეგრეთ წოდებული „ჭკვიანი ქალაქების“ განსავითარებლად.

თუ ამჟამინდელი ბიზნესის ფარგლებში ახალი მიმართულების დაწყება გსურთ, ამისათვის მოიძიეთ მეტ-ნაკლებად პერსპექტიული სეგმენტი, შეისწავლეთ და გააანალიზეთ, დაგეგმეთ და განახორციელეთ. 

სცენარი #3. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და შექმენით სტარტაპი!

ნებისმიერი ბიზნესის განვითარების მთავარი რესურსი არის ადამიანი. ზოგიერთი კომპანია იმისთვის, რომ თანამშრომლების მუშაობა უფრო ეფექტიანი გახადოს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ინკუბატორებს ქმნის. სწორედ ამ მეთოდს იყენებენ Microdoft-ი და IKEA. როგორც წესი, ამ ორგანიზაციების მუშაობა შემდეგნაირად არის აწყობილი: რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლები ბიზნესმენის ამპლუას ირგებენ. ისინი ახალი პროდუქციასთან დაკავშირებულ იდეებს იგონებენ, ექსპერტებთან ერთად მათ პერსპექტივასა და პროტოტიპებს განიხილავენ.

ექსპერიმეტის იდეალურ ფინალში მიიღება ახალი მზა პროდუქტი, რომელიც, შესაძლოა, სტარტაპების მხარდამჭერმა სოციალურმა ინსტიტუტმა იყიდოს. ასეთი პროექტები რამდენიმე მიმართულებით არის ეფექტიანი. ერთი მხრივ, ეს კორპორაციული ინოვაციების განვითარებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი თანამშრომლებს, თავიანთი პოტენციალის რეალიზებასა და სამეწარმეო კულტურის განვითარებაში ეხმარება. 

სცენარი #4. გამოყავით თქვენი სამიზნე აუდიტორია!

სავარაუდოდ, თქვენს ბიზნესს უკვე ჰყავს თავისი მომხმარებელი და ეს გაძლევთ შესაძლებლობას გაფართოების ახალი საშუალებები იპოვოთ. თქვენ შეგიძლიათ იმავე აუდიტორიის ფარგლებში გამოყოთ ცალკე სეგმენტი, რომლისთვისაც დამატებით პროდუქტს ან მომსახურებას შექმნით. გაანალიზეთ თქვენი მომხმარებლების მიმდინარე ხარჯები და დაფიქრდით, კიდევ რისი ყიდვა შეუძლიათ მათ. არ არის აუცილებელი, თქვენი პროდუქციის ხაზი რადიკალურად შეცვალოთ, საკმარისია, დამატებითი მომსახურების პაკეტის შემუშავებაც. მაგალითისთვის, თუ თქვენ აწარმოებთ და ყიდით ხის ავეჯს, შეგიძლიათ შექმნათ პრემიუმ ხაზი, რომლის ფარგლებშიც ძვირადღირებული მასალისგან მაგიდებსა და კარადებს დაამზადებთ.

სცენარი #5. სხვა ბრენდს მოელაპარაკეთ!

თქვენი ბიზნესი რომ განვითარდეს, მნიშვნელოვანია, ისწავლოთ პარტნიორთა ქსელის შექმნა. სწორედ ამ გზით შეძლებთ პროდუქციის ხაზის ან მომხმარებელთა ქსელის გაფართოებას და ხარჯების შემცირებას. დაფიქრდით, რომელ კომპანიებს შეუძლიათ თქვენი ბიზნესის შევსება და მათ საქმიანი ურთიერთობა შესთავაზეთ. მაგალითისთვის, თუ თქვენ ფლობთ „კოვორკინგს“ (კლუბური ტიპის ოფისი), მოელაპარაკეთ თანამშრომლობაზე რომელიმე კაფეს, რადგან ეს უზრუნველყოფს კლიენტების ნაკადს და თქვენს ერთობლივ მოგებას გაზრდის. სხვა ბრენდებთან კოლაბორაციის კიდევ ერთი მიზეზი არის სამუშაოს გადანაწილება. მაგალითად, თუ თქვენ გახსენით  პატარა სახელოსნო, სადაც საიუველირო სამკაულს ამზადებთ, არ არის აუცილებელი ინტერნეტ-მაღაზიის გახსნა. შეგიძლიათ თქვენი პროდუქტი რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე განათავსოთ.

სხვა თემები