29 აპრილი 2019 - 01:00

რამდენი რესტავრაცია ჩაუტარდა ნოტრ-დამს და როგორ გადაარჩინა ის ვიქტორ ჰიუგოს წიგნმა

ნოტრ-დამი

ნოტრ დამი. 1699, 1841, 1968

Wikimedia Commons, Vincent Chevalier, Roger W / Flickr

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრიდან რამდენიმე საათში მსხვილმა ბიზნესმენებმა პირობა დადეს, რომ ტაძრის აღსადგენად 600 მილიონ ევროს გამოყოფდნენ. ამავდროულად, ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ, ნოტრ-დამს მასშტაბური რეკონსტრუქცია სჭირდებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე დაფინანსების პრობლემები იქმნებოდა. ერთადერთი სრულყოფილი რესტავრაცია ტაძარს XIX საუკუნის შუა წლებში ჩაუტარდა და მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ ამით ნოტრ-დამის ისტორიული იერსახე მხოლოდ დაზიანდა.

ლუი XIV-ის დროს ნოტრ-დამი ფაქტობრივად ხელახლა ააშენეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ყოველთვის არ მიიჩნეოდა უპირობო არქიტექტურულ და ისტორიულ ფასეულობად. ის სერიოზულად დაზიანდა XVI საუკუნის ბოლოს რელიგიური ომებისას, პირველ რიგში კი პროტესტანტების თავდასხმებისაგან, რომლებსაც ტაძრების მდიდრული გაფორმება კათოლიკური ეკლესიის დაცემის ერთ-ერთ დასტურად მიაჩნდათ.

მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ფრანგმა მეფეებმა არაერთხელ „გაათანამედროვეს“ ტაძარი, გაანადგურეს რა შუა საუკუნეების ინტერიერის ბევრი ელემენტი. თავად სიტყვა „გოთიკურსაც“ კი, რომელიც XVI საუკუნეში გაჩნდა, იმ დროს მხოლოდ ნეგატიური მნიშვნელობა ჰქონდა და „ბარბაროსულის“ სინონიმი იყო.

ტაძრის ინტერიერში ყველაზე რადიკალური ცვლილებები მეფე ლუი XIV-ის მმართველობის დროს განხორციელდა. მის დროს ტაძარში ბევრი თავდაპირველი ვიტრაჟი გამჭვირვალე მინით შეცვალეს იმისთვის, რომ ინტერიერში სინათლეს მეტად შეეღწია; დიდი სამეფო ცერემონიებისთვის შესასვლელი გააფართოვეს; განადგურდა ხის ამბიონი საკურთხეველთან, საიდანაც სახარებას კითხულობდნენ; ტაძრის ძირითადი ნაწილის და საკურთხევლის გამყოფი ფრაგმენტი მარმარილოთი შეიცვალა; ააგეს ახალი მარმარილოს საკურთხეველი თავად მეფის და მამამისის, ლუი XIII-ის ფიგურებით; სასულიერო პირებისთვის დამზადდა და საკურთხევლის ორივე მხარეს განთავსდა ხის 78 სკამი.

ბევრს მიაჩნია, რომ ამ პირველმა დიდმა „რეკონსტრუქციამ“ ტაძარი ყველაზე მეტად დააზიანა. თუმცა, შუა საუკუნეებშიც ნოტრ-დამში სამშენებლო სამუშაოები არაერთხელ ჩატარდა, ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ რა შეიძლება მის „თავდაპირველ იერსახედ“ ჩაითვალოს.

XVIII საუკუნის ბოლოს ეკლესიის მარჯვენა შესასვლელთან მოხსნეს წმინდა ქრისტოფორეს უზარმაზარი ქანდაკება, რაც ერთ-ერთ უდიდეს დანაკარგად მიიჩნევა. დაახლოებით იმავე დროს, ძლიერმა ქარმა დააზიანა ტაძრის ისტორიული შპილი, რომელიც 1786 და 1791 წლებს შორის შუალედში საბოლოოდ აიღეს, ახალი კი მომდევნო საუკუნეში დააყენეს. სწორედ ეს უკანასკნელი განადგურდა 15 აპრილის ხანძრის დროს.

საფრანგეთის დიდი რევოლუციის წლებში 28 სამეფო ქანდაკებას თავები მოაცალეს და ტაძრიდან გაიტანეს - მათი ნაწილი არქეოლოგიური გათხრების დროს 1977 წელს იპოვეს. ზარები (ყველაზე დიდი ზარის გარდა, რომელსაც ემანუილი ჰქვია და 13 ტონაა) გადაადნეს, რამდენიმე რევოლუციური წლის განმავლობაში ნოტრ-დამს საფანტის საცავად იყენებდნენ.

XIX საუკუნეში ტაძარი ვიქტორ ჰიუგოს წიგნმა გადაარჩინა

ტაძრის განადგურება XIX საუკუნეშიც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ 1804 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა, როგორც „ფრანგების იმპერატორმა“, ნოტრ-დამი თავისი კორონაციის ადგილად შეარჩია. მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტაძარი, ფაქტობრივად, ნახევრად დაინგრა. ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ წყალობით სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. 

1831 წელს გამოცემული წიგნი უმალ საკულტო ნაწარმოებად იქცა. მოქმედება XV საუკუნის ბოლოს ვითარდება. ეს არის კუზიანი მნათეს, კვაზიმოდოს სიყვარულის ისტორია ბოშა ქალის, ესმერალდას მიმართ. მაგრამ თავად მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოთიკური არქიტექტურის მიმართ ინტერესის გაჩენა იყო, რომელიც ჯერ კიდევ აღიქმებოდა, როგორც მოძველებული და არაფასეული. იმავე აზრის გაღვივებას ცდილობდა ის პუბლიცისტური სტატიებითაც, მაგრამ უშედეგოდ. 

სწორედ გოთიკას უწოდა ჰიუგომ ნამდვილი ფრანგული ხელოვნება და არა ანტიკურობის მიბაძვას კლასიციზმსა და ზოგიერთ სხვა მიმართულებებში. ეს იდეა დაემთხვა საზოგადოებრივ განწყობებს, რომლებიც საფრანგეთში, ისევე როგორც ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში, კონცენტრირებული იყო ნაციონალური იდენტობის ფორმირებაზე საერთო ისტორიის, კულტურის და ენის ირგვლივ.

რომანის ერთ-ერთ ვრცელ ფილოსოფიურ-პუბლიცისტურ ფრაგმენტში ჰიუგო შუა საუკუნეებში არქიტექტურული ხელოვნების თავისუფლებას ახალ დროში ბეჭდვის თავისუფლებას ადარებს. ეს მოსაზრება, თავის მხრივ, ფრანგ ლიბერალებს მოსწონდათ. 

წიგნის გამოქვეყნების შემდეგ პარიზში მას უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა, თანაც საზოგადოების სხვადასხვა ფენაში. კუზიანი კვაზიმოდოს გმირი გაიგივდა ნახევრად განადგურებულ ტაძართან, სადაც ის მსახურობდა. საზოგადოებრივი აზრის გავლენით 1844 წელს მეფე ლუი-ფილიპემ რესტავრაციის დაწყების ბრძანება გასცა.

თანამედროვე ნოტრ-დამი დიდწილად XIX საუკუნის რესტავრაციის შედეგად შეიქმნა

სარესტავრაციო სამუშაოები ორ არქიტექტორს ჩააბარეს - ცნობილ სპეციალისტ ჟან-ბატისტ ლასიუს და 37 წლის ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკს. ორივე იზიარებდა ჰიუგოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გოთიკა - არქიტექტურის ძირძველი ფრანგული სტილია.

ვიოლე-ლე-დიუკი დღეს სამეცნიერო რესტავრაციის ფუძემდებლად მიიჩნევა, მაგრამ მისი შეხედულებები თანამედროვე წარმოდგენებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა. სინამდვილეში, ის ორიენტირებული იყო შენობის არა არსებულ იერსახეზე და ხელმისაწვდომ ისტორიულ წყაროებზე, არამედ საკუთარ ხედვაზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ობიექტი.  

ჯერ კიდევ იმ დროს ვიოლე-ლე-დიუკს ბევრი აკრტიკებდა. მის მეთოდებს „მკვდრების გაცოცხლების“ მცდელობას ადარებდნენ და მიაჩნდათ, რომ ასეთი რესტავრაცია შენობას ყველაზე მეტად ანგრევდა. არქიტექტორები მიიჩნევდნენ, რომ ის უგულებელყოფდა წარსულის მთელ პლასტებს, რომლებიც უკვე იქცა ტაძრის ისტორიის ნაწილად, მაგრამ მას ფასეულად არ მიაჩნდა. ასე მაგალითად, ლუი XIV-ის საკურთხეველი მან სერიოზულად შეცვალა გოთიკურ სტილში, მიუხედავად იმისა, რომ ის ფასეული იყო უკვე მხოლოდ იმით, რომ იქ ნაპოლეონის კორონაცია გაიმართა.   

თანამედროვე მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ბევრი სიახლე, რომლითაც ვიოლე-ლე-დიუკმა ტაძარი გააფორმა, იმდენად ავთენტიკურია, რომ ისინი მოგვიანებით შექმნილს არ ჰგავს. ცნობილი გორგულიები და ქიმერები ტაძრის კედლებზე, ასევე ვიოლე-ლე-დიუკის შექმნილია. შუასაუკუნეების უკანასკნელი ურჩხული ტაძრიდან 1813 წელს ჩამოვარდა, ახლები კი არქიტექტორმა იმ ურჩხულების მსგავსად შექმნა, რომლებიც სხვა ფრანგულ ტაძრებს აფორმებდნენ. მეტიც, ერთ-ერთი ვერსიით, ისინი იმ დროის პოლიტიკური და სოციალური კარიკატურების ავტორის, ონორე დომიეს ნახელავია.    

ტაძრის თითქმის ყველა ვიტრაჟი ასევე მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და მათ ჩაანაცვლეს მინის სარკმელები, რომლებიც თავის მხრივ, XVIII საუკუნეში, შუა საუკუნეების პერიოდის ძველი ვიტრაჟების ნაცვლად დააყენეს. ვიოლე-ლე-დიუკმა აღმართა ასევე ტაძრის შპილი, რომელიც ბოლო ხანძრის დროს განადგურდა.   

დღეს არქიტექტორის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ის არის, რომ მასალებს, რომლებიც მან გამოიყენა, შუა საუკენეებში ყოველთვის არ იყენებდნენ. ამასთან, მის მიერ შერჩეული მასალების ხარისხი საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა ეს ნაკლებად იყო მისი ბრალი, რადგან იმ დროს საფრანგეთში აუცილებელი ნედლი მასალის დეფიციტი იყო. გარდა ამისა, ვიოლე-ლე-დიუკი ცუდად იცნობდა ტექნოლოგიებს, რომლებსაც შუა საუკუნეების პერიოდის მშენებლობებში იყენებდნენ. 

რესტავრაცია 25 წელს გაგრძელდა და 1879 წელს დასრულდა. ვიოლე-ლე-დიუკის ნამუშევარი თავად იქცა არქიტექტურის ისტორიის ნაწილად და კრიტიკოსების აზრით, შენარჩუნების და ყურადღების ღირსია.

ტაძარს რესტავრაცია 1990-იანი წლებიდან სჭირდებოდა. საფრანგეთის მთავრობას დაფინანსება არ სურდა

1871 წელს ნოტრ-დამის დაწვა ამბოხებულმა სოციალისტებმა სცადეს, მაგრამ ცეცხლი აალებამდე ჩააქრეს. ამის შემდეგ, 2019 წლის 15 აპრილამდე ტაძარს არანაირი საფრთხე არ შექმნია - მეორე მსოფლო ომსაც კი არ მიუყენებია მისთვის დიდი ზიანი. 1963 წელს, 800 წლის იუბილეზე, ტაძრის ფასადი გაწმინდეს და მას თავდაპირველი, მოყვითალო თეთრი ფერი დაუბრუნეს.

მაგრამ უკვე 1980-იანი წლების ბოლოს ცხადი გახდა, რომ ნოტრ-დამს მასშტაბური რეკონსტრუქცია სჭირდებოდა, მათ შორის, ვიოლე-ლე-დიუკის მიერ დაშვებული შეცდომების ნაწილის გასასწორებლადაც. ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ ტაძარი ყველაზე მეტად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ დააზიანა.

საჭირო გახდა ცემენტის და ტყვიის მოშორება, რასაც XIX საუკუნის მუშები ზოგჯერ იყენებდნენ. სამუშაოს სამშენებლო მასალის დეფიციტი ართულებდა. ბევრი ქვის სამტეხლო, სადაც XIX საუკუნის ბოლომდე ტაძრისთვის მასალას მოიპოვებდნენ, დღეს აღარ არის და მათ ადგილას საწარმოები ან საცხოვრებელი კვარტლებია.     

მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც დაფინანსების დეფიციტი იყო. 1990-იანი წლების დასაწყისის გათვლებით, სამუშაოებს 20 მილიონი დოლარი და სულ ცოტა, 10 წელი სჭირდებოდა. სამუშაოების დაწყების დროისთვის, 1993 წელს, მხოლოდ რამდენიმე ქვისმთლელისგან შემდგარი ჯგუფი შეგროვდა, რომლებმაც სამხრეთის კოშკის რესტავრაცია დაიწყეს. ფულის გარდა, არსებობდა სერიოზული დეფიციტი პროფესიონელებისა, რომლებიც შუა საუკუნეების სამშენებლო ტექნოლოგიებს იცნობდნენ.   

საბოლოოდ, მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა და უკვე 2010 წლისთვის ცხადი გახდა, რომ ნოტრ-დამს კვლავ სჭირდებოდა რეკონსტრუქცია. დაფინანსება ისევ მთავარ პრობლემად იქცა. ფორმალურად ტაძრის მფლობელი საფრანგეთის კულტურის სამინისტროა, მაგრამ ბოლო დრომდე ჩინოსნები მიანიშნებდნენ, რომ უწყება მას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ათასი სხვა ისტორიული ძეგლიდან ერთ-ერთად მიიჩნევდა, სხვები კი მასზე მძიმე მდგომარეობაში იყო.

2012 წელს ტაძრის მორიგი იუბილესთვის მთავრობამ ახალი ზარები დააფინანსა, ასევე ფული გამოყო დაზიანებული შპილის რემონტისთვის. ამასთან, ეკლესიის მსახურები ამბობდნენ, რომ ტაძრის ზოგიერთ ნაწილში მათ უბრალოდ არ უშვებდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც იქ მაინც აღმოჩნდნენ, ნგრევის მასშტაბებით „შოკირებულები“ იყვნენ.

2017 წელს პარიზის არქიეპისოკოპოსი უახლოესი 10 წლის განმავლობაში 100 მილიონი ევროს შეგროვებას გეგმავდა. ბიუჯეტიდან ნოტრ-დამისთვის ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს გამოყოფდნენ, მთავრობა დათანხმდა, დაფინანსება ორჯერ გაეზარდა. სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. როგორც ამტკიცებდნენ, ისინი სხვა სამუშაოებთან ერთად ახალი კომუნიკაციების გაყვანას და ახალი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ამოქმედებას მოიცავდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სიგნალიზაცია აალებიდან უმალ ამოქმედდა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მოქმედებები ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე მუშავდებოდა. 

ახალმა რესტავრაციამ, სავარაუდოდ, წინა კონცეპტუალური პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოიცვას. დაგეგმილია შპილის შექმნაზე საერთაშორისო კონკურსის გამოცხადება. ამ გზით გადაწყვეტენ არქიტექტორები ძველ შპილს აღადგენენ თუ შექმნიან ახალს, რომელიც ტექნოლოგიებით და სულისკვეთებით დღევანდელობის შესაფერისი იქნება.

წყარო: Meduza

სხვა თემები