06 მაისი 2019 - 19:44

რას განიცდის ადამიანი სიკვდილის მოახლოებისას?

ფოტო: shutterstock.com

სიკვდილი ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრულია. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი აღმოჩნდება. არის თუ არა შესაძლებელი სიკვდილის ფენომენის ობიექტურად და მეცნიერულად ახსნა? როდის იწყება ეს პროცესი და როგორ გრძელდება ის? 

რატომ არის ბიოლოგიური სიკვდილი გარდაუვალი?

ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მილიარდობით უჯრედს, რომლებიც ყოველდღიურად იყოფიან და თავის მხრივ, ზრდას უზრუნველყოფენ. ცოცხალ ორგანიზმებს ზედმეტი და პოტენციურად სახიფათო უჯრედების განადგურების ეფექტიანი მეთოდიც აქვთ. ძველი უჯრედები ახალი, იდენტური უჯრედებით იცვლება. თუმცა დაყოფის პროცესი რაღაც მომენტში ნელდება და ჩერდება კიდეც. ამაზე პასუხიმგებელია ტელომერები, რომლებიც ქრომოსომების ბოლოებშია განთავსებული. ისინი ერთგვარ დამცავ ხუფს ჰგვანან. ტელომერები უჯრედების დაყოფის შესაბამისად სიგრძეში მცირდებიან, საბოლოოდ კი იმ ზომამდე მიდიან, რომ უჯრედების დაყოფა წყდება და ადამიანი კვდება.

ბიოლოგიურ ორგანიზმს მაქსიმუმ 120 წელს შეუძლია ფუნქციონირება. თუმცა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და ჰიგიენის ნორმების დახვეწის ფონზე გაიზარდა. მაგალითისთვის, გერმანიაში სიცოცხლის ხანგრძლივობამ 1 წელიწადზე დაახლოებით 3 თვით მოიმატა.

როგორ განმარტავენ სიკვდილს?

ფიზიკური დაბერების პროცესი ხშირად გარკვეული ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტით სრულდება: გულ-სისხლძარღვთა სისტემა ირღვევა, ფილტვები და ტვინი მწყობრიდან გამოდის. ამ დროს სიკვდილი დგება.

სამედიცინო თვალსაზრისით, სიკვდილის განსხვავებული ტიპები არსებობს. ერთ-ერთი მათგანია „კლინიკური სიკვდილი“, როდესაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა იშლება, პულსი და სუნთქვა ჩერდება, ორგანოებს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები აღარ მიეწოდება. თუმცა კლინიკური სიკვდილის დროს ჯერ კიდევ შესაძლებელია კარდიოპულმონარული რეანიმაცია, რომელიც ხშირად წარმატებით სრულდება.

ეს მეთოდი აღარ არის ეფექტიანი „ტვინის სიკვდილის“ შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ტვინის გარკვეული უჯრედები შედარებით ღრმა შრეებში, შესაძლოა, ჯერ კიდევ აქტიური იყოს, „ცნობიერება“ უკვე დაკარგულია. ასე თუ ისე, „მკვდარი ტვინის“ ხელოვნურად ცოცხლად შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი. მაგალითისთვის, ფეხმძიმე ქალს „მკვდარი ტვინით“ შეუძლია ნაყოფი მის დაბადებამდე შეინარჩუნოს. ზოგიერთი პაციენტი, რომელსაც ტვინის სიკვდილი აღენიშნა, ოპერაციის მიმდინარეობისას გარე სტიმულატორებზე რეაგირებს. თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით, ეს მხოლოდ ზურგის ტვინის რეფლექსია და არა ტკივილის შეგრძნება. მიუხედავად მკაცრი სამედიცინო წესებისა, ტვინის სიკვდილის ფენომენი დღემდე სადავო თემაა.

რა ემართება ჩვენს სხეულს, როდესაც ვკვდებით?

ადამიანის ორგანოებს გარკვეული დროის განმავლობაში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერების გარეშე ფუნქციონირება შეუძლიათ. ეტაპობრივად კი უჯრედების დაყოფა სრულად წყდება, ამის შემდეგ ისინი კვდება და ორგანოები რეგენერაციას ვერ ახერხებენ. ყველაზე სწრაფი რეაქცია აქვს ტვინს, სადაც უჯრედები 3-5 წუთში კვდებიან. გულისცემა კი, შესაძლოა, ნახევარ საათამდე გაგრძელდეს. თუმცა როგორც კი სისხლის მიმოქცევა შეწყდება, ის იძირება და „სიკვდილის ლაქა“ იკვეთება. სწორედ ეს აძლევს სასამართლო ექსპერტიზას სიკვდილის მიზეზისა და ადგილის დადგენის საშუალებას. ორი საათის შემდეგ დგება სასიკვდილო რიგიდულობა, რადგანაც ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს ადენოზინტრიფოსფორმჟავას, რომელიც უჯრედის ენერგიით უზრუნველყოფის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ კვდება. ადამიანის სხეულში არსებული პათოგენური ორგანიზმები კი დიდი ხნის განმავლობაშია საშიში. მაგალითად, ჰეპატიტის მიკრობები რამდენიმე დღეს ცოცხლობენ, ტუბერკულოზის ბაქტერიები კი - წლები. ადამიანის ორგანიზმის სრული დაშლის პროცესი დაახლოებით 30 წელს გრძელდება.

როგორია განცდები სიკვდილთან მიახლოებისას?

მეცნიერული თვალსაზრისით, სიკვდილთან მიახლოებული განცდები კლინიკურ სიკვდილსა და რეანიმაციას შორის არის. მეცნიერების გარდა რელიგია და ეზოთერიკა ინტენსიურად შეისწავლის აღწერილ შემთხვევებს, რომლებიც კულტურული და რეგიონული ინტერპრეტაციების მიხედვით განსხვავდებიან. კლინიკური სიკვდილის შემდეგ გონს მოსულთა უმრავლესობა ჰყვება, რომ სიკვდილთან სიახლოვე არ უგრძვნია. სხვები საკუთარ სხეულთან დაშორებაზე, ულამაზეს პეიზაჟებზე ან გვირაბის ბოლოს არსებულ კაშკაშა ფერზე საუბრობენ. ზოგიერთები ბედნიერების არაჩვეულებრივ შეგრძნებაზე ჰყვებიან, სხვებს კი შიშისა და პანიკის შეგრძნება ჰქონდათ.

სტატისტიკურად, კლინიკური სიკვდილის შემთხვევები უფრო ხშირად სიკვდილით სრულდება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც რეანიმაცია გრძელდება და თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების პროცესი დიდხანს არის დარღვეული. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა წინასასიკვდილო განცდები ტვინში. მეცნიერები სწავლობენ იმასაც, თუ როგორ არის დაკავშირებული კლინიკური სიკვდილის განცდები ცოცხალი ადამიანების შეგრძნებებთან. მაგალითისთვის, შაკიკით დაავადებული ზოგიერთი პაციენტიც ხედავს კაშკაშა შუქს, ეპილეფსიის მქონე ადამიანები კი ასევე ლაპარაკობენ საკუთარ სხეულთან განშორების შეგრძნებაზე.

რა კავშირი აქვს კვანტურ ფიზიკას სულთან?

სიკვდილს მიახლოებულ მისტერიულ განცდებს არა მხოლოდ თეოლოგები და ეზოთერიკოსები, არამედ ფიზიკოსებიც ინტენსიურად სწავლობენ. ალბერტ აინშტაინმა ეს უცნაური ეფექტი როცა აღმოაჩინა, უკუაგდო როგორც „მოჩვენებითი შორეული ეფექტი“. ამ შეხედულების თანახმად, ორი დაბნეული ნაწილაკი ისე იქცევა, როგორც ტყუპი წყვილი, რეალური მდებარეობისგან დამოუკიდებლად. ბევრი კვანტური ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ეფექტი ნამდვილად არსებობს. მათი აზრით, როგორც ნაწილაკების შემთხვევაში, სულსა და სხეულს შორისაც დუალისტური მიდგომაა დამყარებული. მაგრამ როდესაც ისმის კითხვა, შეუძლია თუ არა კვანტურ ფიზიკას „დაამტკიცოს“ ადამიანის სულის არსებობა, პასუხი ერთია: ეს დამოკიდებულია რწმენაზე, რომელიც ან რელიგიურად, ან მეცნიერულად არის მოტივირებული.

წყარო: DW

სხვა თემები