08 მაისი 2019 - 17:57

როგორ ვისწავლო ჩინური ენა? გზამკვლევი

ჩინური ენა

ფოტო: Shutterstock.com

ჩინური ენის სირთულეზე ბევრს საუბრობენ, თუმცა მისი შესწავლის მსურველთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება. ზოგს იეროგლიფები იმდენად აბნევს, რომ ჩინურის შესწავლას შეუძლებლად მიიჩნევს. ევროპული ენებისგან განსხვავებით, სწავლის პროცესი თავდაპირველად უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, რადგან ჩინურ ენაში არის ტონები, იეროგლიფები და აბსოლუტურად განსხვავებული გრამატიკა. ამიტომაც საჭიროა მეტი დრო და შრომისმოყვარეობა, სასურველია პედაგოგის დახმარებაც, რათა ძირითადი ბაზა სწორად აითვისოთ. ამის შემდეგ კი, როგორც სხვა ენების შემთხვევაში, ისწავლით ახალ სიტყვებს, განავითარებთ ჩინურად საუბრისა და ნათქვამის სწორად გაგების უნარს.

რა ფუნქციას ასრულებს ჩინურ ენაში ტონი?

ტონი არის ხმის სიმაღლის ცვალებადობა, როდესაც თქვენ ამა თუ იმ მარცვალს წარმოთქვამთ. სხვადასხვა ტონი სხვადასხვა მარცვალს ნიშნავს. ტონების ცოდნის გარეშე კი ვერაფერს გახდებით. მაგალითისთვის, თუკი Fàngdú- გაგზავნას ნიშნავს, fángdú არის ზედსართავი სახელი და ანტივირუსულს აღნიშნავს. თუ ჩინეთში შეხვალთ კაფეში, მოითხოვთ tang-ს და ტონი შეგეშლებათ, მზად იყავით, რომ სუპის (tāng) ნაცვლად ტკბილეულს (táng) მოგართმევენ.

ჩინურში ტონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანხმოვანი ბგერები. ამის დასტურია ის, რომ ზოგიერთ დიალექტში ერთმანეთისგან არც კი არჩევენ s-სა და sh-ს, z-სა და zh-ს ან n-სა და l-ს. მაგალითისთვის, თუ თქვენ ბაზარში გეუბნებიან, რომ ესა თუ ის ნივთი ღირს სი იუანი, უნდა დააკვირდეთ ტონს და არა - თანხმოვანს, რადგან sì არის ოთხი, shí კი - ათი.

როგორ განვასხვავო ტონები, თუკი სმენა საერთოდ არ მაქვს?

ჩინური რომ ისწავლოთ, მუსიკალური სმენა სრულიადაც არ გჭირდებათ. თუ თქვენ ერთმანეთისგან არჩევთ ფრაზას „შენი სკამი“ კითხვისგან „შენი სკამი?“, ეს უკვე საკმარისია.

როგორ გავითავისო ტონები?

წარმოთქვით ფრაზა შენელებულად. თავიდან ვერ გაიგებთ, თქვენი ხმა მაღალ ტონალობაშია, თუ დაბალში, ერთ დონეზეა თუ სადღაც გაქრა. ამიტომ უტრირება დაიწყეთ: თუ თქვენი ხმა ხმამაღლად გეჩვენებათ, შეანელეთ და გაწელეთ სიტყვები. ოპერის სოლისტის საფინალო არიასავით წარმოთქვით მარცვალი: ფააააააააააააა. ნუ შეგეშინდებათ, რომ გადაამლაშებთ. ეს სწავლის პროცესია და თქვენთვის შედეგია ყველაზე მნიშვნელოვანი. თანდათანობით თქვენი საუბარი ჩაწყნარდება და ბუნებრივ ფორმას მიიღებს. იმეორეთ სიტყვასიტყვით ინტონაციები, თითქოს საყვარელ ფილმს, რეკლამას ან ანეკდოტს ციტირებთ. სიტყვა თავიდანვე ტონთან ერთად ისწავლეთ, ასე უფრო მარტივი იქნება, ვიდრე შემდეგ მისი ხელახლა დაზეპირება.

სად შემიძლია ამ ტონების მოსმენა?

ინტერნეტი ამ მასალებით საკმაოდ მდიდარია. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე წყარო შემოგთავაზოთ:

ამ ბმულზე არის ჩინური ენის ყველა მარცვლის ცხრილი, რომელსაც ახლავს თითოეული ტონის აუდიოვერსია.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ტონებისა და ტრანსკრიფციების გასავარჯიშებელი თამაშები.

აქ შეგიძლიათ მოისმინოთ, თუ როგორ წარმოთქვამს ჩინელი თქვენთვის საინტერესო სიტყვას.

აქ შეგიძლიათ მოკლე აუდიოშეტყობინებები გამოაქვეყნოთ. თქვენ რასაც ჩაწერთ, ამისთვის შექებასაც მიიღებთ და თუ შეცდომაა, შეგისწორებენ. ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე ჩინელ მეგობრებთან საუბარი.

გარდა ამისა, რა სირთულეა ჩინურ ენაში?

თქვენ ვერ შეძლებთ იეროგლიფი მისი გარეგნული იერსახის მიხედვით წაიკითხოთ. წარმოთქმა, დამწერლობა და მნიშვნელობა - მისი სამი სხვადასხვა ნაწილია. შესაბამისად, იეროგლიფთან ერთად უნდა ისწავლოთ როგორ იკითხება ის, რა მნიშვნელობა აქვს მას და როგორია მისი ჟღერადობა. მაგალითისთვის, ძაღლი = 狗 = gǒu.

ყველა სიტყვის შესაბამისი ნახატი უნდა დავიმახსოვრო? ეს ხომ არარეალურია?

პირველ რიგში, ჩვეულებისამებრ, სიტყვა ორი იეროგლიფისგან შედგება. შესაბამისად, ნიშნები ბევრად ცოტაა, ვიდრე თავად სიტყვა. მეორე მხრივ, იეროგლიფები ნახატები არ არის. მათ აქვთ სტრუქტურა და შემადგენელი ნაწილები, როგორც კონსტრუქტორს. იეროგლიფები შედგება სიმბოლოებისგან, რომლებიც, უხეშად რომ ვთქვათ, არის ის, რაც ქაღალდზე უნდა გამოიყვანოთ. სწორედ მათგან ყალიბდება გრაფემები, რომელთაც სიმბოლოებისგან განსხვავებით გარკვეული აზრობრივი მნიშვნელობა აქვთ. მაგალითად, 灬 — ცეცხლი, 石 — ქვა, 言 — მდინარე. გრაფემებისგან ყალიბდება იეროგლიფები.

გრაფემებისგან როგორ ყალიბდება იეროგლიფები?

იეროგლიფში შეიძლება იყოს ერთი გრაფემა, ან უფრო მეტიც.

ერთი: 又 — ხელისგული
ორი: 对 — სწორი
სამი: 树 — ხე
რამდენიმე: 赢 — გამარჯვება

გრაფემები არც ისე ბევრია. ისწავლეთ გრაფემები, რომლებიც თვალში ერთზე მეტჯერ მოგხვდათ. თუ თქვენ მათ გაითავისებთ, შეძლებთ გრაფემებისგან კუბიკების აწყობის პრინციპით იეროგლიფები გამოიყვანოთ და არ მოგიწევთ ათასობით ნახატის დაზეპირება. გრაფემები კვადრატს მიჰყვება ან ვერტიკალურად 李, ან ჰორიზონტალურად - 和, ან სულაც კვადრატშია მოქცეული - 国. შესაძლებელია სხვა კომბინაციაც. თუ გრაფემები გეცოდინებათ და სტრუქტურასაც გაითავისებთ, ყველაზე რთული იეროგლიფიც კი თქვენთვის, შესაძლოა, ნაცნობი არ იყოს, მაგრამ გასაგები ნამდვილად იქნება.

როგორ ვისწავლო იეროგლიფების წერა? ეს ხომ ძალიან რთულია?!

ამისთვის თქვენ ხელის გავარჯიშება და პრაქტიკა გჭირდებათ. დაადეთ კალკის ქაღალდი ფურცელს, რომელზეც იეროგლიფებია გამოწერილი და დაიწყეთ მათი გამოყვანა. ეს იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როდესაც გამოგყავთ იეროგლიფები, ცალკეული გრაფემები თუ სიმბოლოები, თქვენ ეჩვევით ახალ მოძრაობას, ზუსტ თანმიმდევრობასა და ხელის მოძრაობის სწორ ტრაექტორიას.

რამდენად ზუსტად უნდა დავწერო იეროგლიფი?

უნდა ემთხვეოდეს სიმბოლოების ტიპი, პროპორცია, კვეთები და რკალები. მარტივი სიმბოლოებია ვერტიკალი, ჰორიზონტალი, წერტილი. დავალება რთულდება, როცა ემატება რკალები. უფრო რთულია 2-3 სიმბოლოს ერთმანეთზე გადაბმა. ისინი ერთმანეთს ხან რბილად ერთვიან, ხან - უფრო მკვეთრად. ორი იეროგლიფი ერთმანეთისგან, შესაძლოა, მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს. შედარებისთვის, 贝 ნიშნავს ნიჟარას, 见 კი - ნახვას. ამიტომ უნდა დაიმახსოვროთ, რომელ სიმბოლოს წერთ ახლა და როგორ შეესაბამება ის სხვებს. სიმბოლოები ერთმანეთს ან ეხებიან, ან კვეთენ, არ საერთოდ ცალ-ცალკე არიან. თუ ისინი ერთმანეთს არ კვეთენ, უმჯობესია, მათ შორის სივრცე დატოვოთ, ვიდრე გადაკვეთოთ იქ, სადაც საჭირო არ არის. ერთი იეროგლიფი დაახლოებით ერთი კვადრატის პერიმეტრში თავსდება. მასში 1 ნიშანი იქნება თუ 100, ეს ყველაფერი აკურატულად თავსდება ცენტრში. ან ასე - 大 , ან ასე - 翻. იეროგლიფში განთავსებული გრაფემები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. მაგალითისთვის, 黎,爸,紧

არის თუ არა მნიშვნელოვანი, რა თანმიმდევრობით დავწერ სიმბოლოებს?

დიახ. პირველ რიგში, ჩინელებმა კარგად მოიფიქრეს, როგორი თანმიმდევრობა იქნებოდა ყველაზე მოსახერხებელი. მეორე მხრივ, როგორც კი თქვენ ოდნავ აჩქარდებით, სიმბოლოები ფორმას იცვლიან. თქვენ მიერ დაწერილი იეროგლიფის წაკითხვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ის ისევე იცვლება, როგორც ეს ყველა სხვა შემთხვევაში ხდება. თუ თქვენ თანმიმდევრობას შეცვლით, მიიღებთ არა იეროგლიფს, არამედ უბრალოდ ნახატს.

როგორ დავბეჭდო ჩინურად?

ამისათვის საჭიროა ჩინური განლაგების დაყენება. ყველაზე პოპულარული მეთოდია, ტექსტის აკრეფა მისი ჟღერადობის მიხედვით. იეროგლიფის ჟღერადობა ლათინურად უნდა აკრიფოთ pinyin-ის საყოველთაოდ მიღებული ტრანსკრიფციით. კომპიუტერი კი გთავაზობთ სხვადასხვა დამატებით სიმბოლოს და თქვენ ირჩევთ შესაბამისს.

მეორე მოსახერხებელი მეთოდია, ეკრანზე თითით ან კურსორით პირდაპირ იეროგლიფი დაწეროთ. ეს განსაკუთრებით ეფექტიანია, როდესაც გინდათ უცნობი იეროგლიფის წერის ტექნიკა ან მნიშვნელობა გაიგოთ.

სხვა თემები