05 ივნისი 2019 - 16:40

როგორ შევარჩიო სწორად სახის კრემი და რას ნიშნავს BB, CC და DD აბრევიატურა?

სახის კრემი

ფოტო: shutterstock.com

თავდაპირველად კოსმეტიკურ ბაზარზე BB კრემი გამოჩნდა. ის მალევე საკმაოდ პოპულარული გახდა. ამას მოჰყვა CC კრემის არანაკლებ ტრიუმფალური სვლა და ამასობაში არენაზე გამოჩნდა კოსმეტიკური პროდუქტი DD აბრევიატურით. რისთვის გვჭირდება და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეს კრემები? 

რა არის BB კრემი?

BB კრემის ფორმულა გერმანელმა დერმატოლოგმა ქრისტინე შრამმეკმა 1960-იან წლებში შეიმუშავა. ამ პროდუქტს ნაოპერაციევი პაციენტების კანი უნდა დაეცვა. 1985 წელს კი BB კრემი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გავრცელდა. იდეის ავტორების მიზანი იყო ღრმა პილინგისა და კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ კანის აღდგენა და გამოცოცხლება. BB კრემი იგივე Blemish Balm ან Beauty Balm („სილამაზის ბალზამი“) ევროპელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს, სამაგიეროდ მან თავისი მიზნობრივი აუდიტორია აზიაში იოლად იპოვა.

სამხრეთ კორეაში BB კრემის ფორმულას სასარგებლო ინგრედიენტები და გამაახალგაზრდავებელი კომპონენტები დაამატეს. BB კრემი სხვადასხვა სახის გამონაყარსა და ანთებით ელემენტებს აცხრობს, შეუძლია სახის ტონის კორექცია და ზედმეტ პიგმენტაციას შველის. ის მაკიაჟის ძალიან კარგი საფუძველია და კანს მზის სხივებისგანაც იცავს. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სახის მოვლის საშუალებებზე უარის თქმა BB კრემის ხარჯზე, რეკომენდებული არ არის. მას შეუძლია კანის დატენიანება, გაღიზიანების მოხსნა, მაგრამ სახის კანის მოვლის ძირითადი საშუალებების ჩანაცვლება BB კრემის ძალებს აღემატება.

რატომ უნდა ვიხმარო CC კრემი?

მეცნიერებს დიდხანს არ აძლევდა მოსვენებას ტონალური და სახის მოვლის კრემების შერწყმის იდეა. BB კრემის წარმატების შემდეგ გამოჩნდა CC კრემი, რომლესაც Color Control („ფერის კონტროლი“) ჰქვია. ტონალური პიგმენტების შემადგენლობა მასში უფრო ნაკლებია, ვიდრე BB კრემის შემთხვევაში, სამაგიეროდ CC კრემი სახის მოვლის მეტ კომპონენტს (ზღვის მინერალებს, ვიტამინებსა და ჰიალურონის მჟავას) შეიცავს. CC კრემი არ ნიღბავს გარკვეულ ხარვეზებს, მაგრამ ტონს ათანაბრებს, კანს კვებავს და ატენიანებს, რითიც მას ბუნებრივ ფერს სძენს. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ ეს არის იდეალური ვარიანტი ზაფხულისთვის.

სპეციალისტების განმარტებით, BB და CC კრემებს შორის ძალიან მკვეთრი სხვაობა არ არსებობს. ამიტომაც ისინი ორივე მათგანის გამოცდას გვირჩევენ, რათა ამა თუ იმ ტიპის კანისთვის უფრო შესაფერისი პროდუქტი ინდივიდუალურად, პირადი გამოცდილების საფუძველზე შეირჩეს. ზოგიერთი ვიზაჟისტი სახის კანის იდეალური ტონის მისაღებად CC კრემსა და ჩვეულებრივ ტონალურ კრემს ერთმანეთში ურევს და შედეგიც საკმაოდ ეფექტიანია.

DD კრემი რაღაა?

ამ მიმართულების კრემების გაგრძელებაა Daily Defence („ყოველდღიური დაცვა“) იგივე DD კრემი. ეს არის BB და CC კრემების ერთგვარი ჰიბრიდი. ის ჩაფიქრებული იყო სხეულის მშრალი ზონებისთვის (მუხლები, ფეხისგულები თუ იდაყვები), რადგან DD კრემში დამატენიანებელი კომპონენტები საკმაოდ ჭარბად არის. თუმცა ამ ზონებზე მომხმარებლები, როგორც წესი, ბევრ ფულს არ ხარჯავენ, ამიტომაც მწარმოებლებმა ერთგვარად გადაითამაშეს და სახის კრემი გამოუშვეს.

DD კრემი ყოველდღიური მოხმარებისთვის ნამდვილად უნივერსალური პროდუქტია. მასში მოცემულია SPF ფაქტორი (თუთიის ოქსიდი) და კრემი დაბერების პროცესს აფერხებს. რატომ უწოდებენ მას თავისი წინამორბედების ჰიბდრიდს, სპეციალისტებს ბოლომდე გარკვეული არ აქვთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ის მზისგან დამცავ „ჭკვიან“ პროდუქტებს განეკუთვნება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენი კანის არა მხოლოდ მზის მავნე სხივებისგან დაცვა, არამედ მისი გაახალგაზრდავება და გაჯანსაღება შეგიძლიათ.

EE კრემიც არსებობს?

დიახ. კანის პილინგს რეგულარულად თუ არ იკეთებთ, ეპიდერმისის ზედა ფენა გაუხეშდება, ფერი კი მონაცრისფრო გახდება. სწორედ ამ დროს დამხმარე ძალა Extra Exfoliation („დამატებითი აქერცვლა“) იგივე EE კრემია. ის აახლებს და წმენდს კანს, მზისგან იცავს, ატენიანებს, აძლევს მბზინვარებას და მსუბუქ ჩრდილს მატებს. EE კრემის ზოგიერთი სახეობა ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ფუნქციას ასრულებს და პოსტაკნეს პერიოდის ლაქებსაც შველის.

EE კრემი მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებული არ არის. ეს პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვისაც უფერული კანი და შავი წერტილები აქვს. EE კრემის ზოგიერთი სახეობა პიგმენტურ ლაქებსაც აქრობს და ის განსაკუთრებით რუჯის მოყვარულებს გამოადგებათ.

რას ნიშნავს აბრევიატურა PP?

Pink Perfect („ვარდისფერი სრულყოფილება“) იგივე PP კრემი არის მაკიაჟის ბაზა. კრემის შემადგენლობაში არსებული სილიკონის ნაწილაკები კანის მცირე ხარვეზსაც კი ფარავს, ასწორებს რელიეფს, ფარავს ნაოჭებსა და ნაწიბურებს, ამცირებს პორებს. ამ დროს კანი ხდება თანაბარი და გლუვი, თუმცა კრემი არის გამჭვირვალე და შეუმჩნეველი. PP კრემის წასმამდე კანი აუცილებლად უნდა დამუშავდეს მოვლის შესაბამისი საშუალებებით. PP კრემის შემდეგ უკვე ჩვეულებრივი ტონალურის ან BB/CC კრემების წასმა შეგიძლიათ (ამ ორიდან რომელს აირჩევთ, თქვენზეა დამოკიდებული).

სხვა თემები