17 ივლისი 2019 - 22:12

საშიშია თუ არა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი გარეშემომყოფთათვის?

შიზოფრენია

ფოტო: Shutterstock.com

მსოფლიოში შიზოფრენიის დიაგნოზით 21 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიზოფრენია - მწვავე ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც არღვევს როგორც გარესამყაროს აღქმას, ისე თვითშეფასებას. კვლევების თანახმად, ადამიანების 70%-ს შიზოფრენიის სიმპტომებზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს, 20%-ს კი - მსგავსი აშლილობით ნათესავი ან ნაცნობი მაინც ჰყავს. მიუხედავად ამისა, შიზოფრენიაზე ბევრი მითი არსებობს. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანები გარშემომყოფთათვის საშიშები არიან. რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას? იკურნება თუ არა ის და როგორ უნდა მოვიქცეთ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებთან?

შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს პიროვნების გაორება მართლაც აქვთ?

არა, მაგრამ ასე ბევრი ფიქრობს. გამოკითხული რესპონდენტების 27%-ს სჯერა, რომ შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისება სწორედ პიროვნების გაორებაა. სინამდვილეში ამას შიზოფრენიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პიროვნების გაორება დისსოციალურ აშლილობას მიეკუთვნება.

რა სიმპტომები აქვს შიზოფრენიას?

სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული სიმპტომები აქვს. ზოგადად პრობლემა გააზრებულ ქმედებასა და ემოციების გამოხატვაში ვლინდება. ხშირად პაციენტებს ჰალუცინაცია აწუხებთ - ხედავენ ისეთ საგნებს ან ესმით ისეთი ხმები, რომლებიც არ არსებობს. შიზოფრენიის მქონე ადამიანებს აქვთ აბსურდული იდეები - დარწმუნებულნი არიან მსოფლიო კატასტროფის გარდაუვალობაში ან საკუთარ პოპულარობაში. მათი აზრები იმდენად ქაოსური ხდება, რომ იწვევს არეულ საუბარს და სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია უჭირთ. გარდა ამისა, შიზოფრენიას ახასიათებს არაადეკვატური ემოციები, უმიზეზო აპათია და პირადი ჰიგიენის დაუცველობა. მთლიანობაში, ადამიანს ნორმალურად ფუნქციონირების უნარი უქვეითდება.

ასეთ ადამიანს მართლაც ჩაესმის ხმები, რომლებიც მას დანაშაულისკენ უბიძგებენ?

არა. სინამდვილეში ხმები, რომლებიც შიზოფრენიის მქონე ადამიანს ჩაესმის, ყველაზე ხშირად მას საკუთარი თავის დაზიანებისკენ „უბიძგებს“, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის პაციენტების უმრავლესობას ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული არასდროს ჩაუდენია.

შიზოფრენია ბავშვობის ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებულია? 

ზუსტად არავინ იცის, რატომ ვითარდება ფსიქიკური აშლილობის ეს ფორმა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი უფრო კომპლექსურია და მოიცავს გარესამყაროს, გენეტიკურ და ორგანიზმში მიმდინარე ფაქტორებს. მიჩნეულია, რომ შიზოფრენია მემკვიდრეობით გადადის, მაგრამ ცალკე „შიზოფრენიის გენი“ არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს გენების სხვადასხვა კომბინაცია, რომელიც ადამიანს ამ დაავადებისადმი უფრო მოწყვლადს ხდის, მაგრამ ეს მის გარდაუვალობას სულაც არ ნიშნავს.

არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს კავშირს შიზოფრენიასა და ორგანიზმში სეროტონინისა თუ დოფამინის დონეს შორის. ფსიქოლოგიური ტრავმა ან უფრო ზუსტად, ძლიერი სტრესი შეიძლება გახდეს შიზოფრენიის მაპროვოცირებელი, მაგრამ აშლილობის ამ ფორმის მიზეზად მაინც არ სახელდება.

შიზოფრენიის განკურნება შესაძლებელია?

არა, მაგრამ არის მკურნალობის მეთოდები, რომლებიც პაციენტს სიმპტომებთან გამკლავებაში ეხმარება და ამის შესახებ ბევრმა არ იცის. გამოკითხულთა 63%-ი მიიჩნევს, რომ შიზოფენიით დაავადებულებს საკუთარი ავადმყოფობის მართვა თავად შეუძლიათ, მაგრამ ექიმის ჩარევა აუცილებელია. მკურნალობის საჭირო სქემის დანიშვნა მხოლოდ მას შეუძლია.

შესაძლოა, ექიმმა წამლებთან ერთად დანიშნოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოთერაპიის კონკრეტული სახეობები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საოჯახო თერაპია. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება და ექიმის დანიშნულებებიც პერიოდულად შეიცვლება, რაც სასურველი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული.

როგორ მოვიქცე შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანთან? 

ექსპერტები პაციენტის გრძნობებსა და მდგომარეობაზე ორიენტირებას გვირჩევენ. ცხადია, რთულია შესაბამისი სიტყვის პოვნა, როდესაც ადამიანი ხედავს იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ ან სჯერა ისეთი რამის, რის დაჯერებაც შეუძლებელია. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მისთვის ეს ყველაფერი რეალურია. ამიტომ უმჯობესია ილაპარაკოთ იმაზე, რას გრძნობს პაციენტი და არ შეაფასოთ, სად არის სიმართლე და სად - არა.

იყავით მომთმენი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ეს პაციენტს თქვენთან გულწრფელ საუბარში დაეხმარება. აგრძნობინეთ მას, რომ მარტო არ არის და თქვენ ყოველთვის მზად ხართ, მოუსმინოთ. აუცილებელია სოციალური კონტაქტის შენარჩუნება - ერთად ეწვიეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და განიხილეთ ერთობლივი გეგმები.

თუ პაციენტი მკურნალობაზე უარს ამბობს, რა ვქნა? 

ეცადეთ, გაიგოთ, რატომ აკეთებს ამას. ხანდახან დროა საჭირო იმისთვის, რომ მან ღიად ლაპარაკის საჭიროება იგრძნოს. არაფერი დააძალოთ და მოითმინეთ. შეეცადეთ, მკურნალობის ეტაპები მასთან განიხილოთ - ერთად მოიფიქრეთ, რა კითხვები უნდა დაუსვათ ექიმს. მასთან ღიად ისაუბრეთ ყველაფერზე, მათ შორის ამა თუ იმ მედიკამენტის გვერდით ეფექტებზე. მთავარია, იცოდეს რომ თქვენ მას უსმენთ და მისი განცდების გაგებას ცდილობთ. 

სხვა თემები