31 ივლისი 2019 - 23:20

რა უნდა იცოდეთ საქართველოში პალიატიური მომსახურების შესახებ?

პალიატიური მზრუნველობა

ფოტო: Shutterstock.com

ყველა ადამიანს აქვს უფლება სიცოცხლის ბოლო დღეები გაატაროს ისე, რომ ტკივილებისგან არ იტანჯებოდეს და თავს მიტოვებულად არ გრძნობდეს. სწორედ ეს არის პალიატიური მედიცინის ზოგადი ფუნქცია. რას ნიშნავს პალიატიური მზრუნველობა? არსებობს თუ არა მსგავსი მომსახურება საქართველოში და როგორ მუშაობს ეს სისტემა?

კონკრეტულად რას გულისხმობს პალიატიური მზრუნველობა?

პალიატიური მედიცინა იგივე პალიატიური მზრუნველობა უკურნებელი და პროგრესირებადი სენით დაავადებული ადამიანების დახმარებას გულისხმობს. ეს არის მულტიდისციპლინური მიდგომა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების (გულისრევა, შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა და სხვ.) მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, პალიატიური მზრუნველობა ავადმყოფებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პალიატიური მკურნალობა არის სამედიცინო მომსახურება, რომლითაც რადიკალურად არ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა, არ იცვლება არაკეთილსაიმედო პროგნოზი და რომლის მიზანია ადამიანის მდგომარეობის დროებით შემსუბუქება.

არსებობს თუ არა საქართველოში პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკა?

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცდა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობას ითვალისწინებს. ინიციატივა პალიატიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, გორის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქე ინკურაბელურ პაციენტებს, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან მე-4 კლინიკური ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი, ტერმინალურ სტადიაში მყოფი შიდსით დაავადებულნი და არაონკოლოგიური ქრონიკული პროგრესირებადი სენით დაავადებულნი, რომლებიც ასევე ტერმინალურ სტადიაში იმყოფებიან.

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ-პალიატიური მზრუნველობისა და სიმპტომური მკურნალობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ შიდსით დაავადებულ ინკურაბელური პაციენტებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ტუბერკულოზით დაავადებული ინკურაბელური პაციენტების გარდა. ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს. ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა თბილისის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის და გორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პაციენტთა ბინაზე მისვლით ამბულატორიულ პალიატიურ მზრუნველობას ითვალისწინებს. ამ მოვალეობას ასრულებს მობილური ჯგუფი და მათი ვიზიტების რაოდენობა თითოეულ პაციენტთან თვეში რვას არ აღემატება. მომსახურების ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 6 თვე. პროგრამა ითვალისწინებს ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარულ-პალიატიურ მზრუნველობასა და სიმპტომური მკურნალობას, ასევე ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

ამ პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს?

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიულ პალიატიურ მზრუნველობას სახელმწიფო სრულად (100%-ით) აფინანსებს. სტაციონარული პალიატიური მზრუნველობით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე, რომლის მაქსიმალური ღირებულება 75 ლარია. აღნიშნული პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 70%-ი, დარჩენილ 30%-ს კი პაციენტი ან მისი ოჯახი იხდის.

0-დან 5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლისა და უფროსი ასაკის ქალების, 65 წლისა და უფროსი ასაკის კაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში პალიატიური მზრუნველობის მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%-ს სახელმწიფო აფინანსებს, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა კი 20%-ს შეადგენს.

ვის უნდა მივმართო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.

სხვა თემები