30 ივლისი 2019 - 11:05

მინერალური წყალი მართლაც სასარგებლოა, თუ ყოველთვის - არა?

მინერალური წყალი

ფოტო: Shutterstock.com

მინერალურ წყალს ორ კატეგორიად ყოფენ: „სამკურნალო“ და „ყოველდღიური“. სამკურნალო წყლის მინერალიზაცია 10-დან 15 გრ/ლ-მდეა, შესაბამისად, მისი გემო გამოკვეთილია. სამაგიდო მინერალური წყლის მინერალიზაცია კი 1გრ/ლ. სამკურნალო შეიძლება ეწოდოს ასევე ნაკლები მინერალიზაციის წყალს, თუ მასში ისეთი ნივთიერებებია, როგორებიცაა იოდი, ბორი, სილიციუმი ან ბრომი. შუალედური ვარიანტია - სამაგიდო-სამკურნალო წყალი. თუმცა, საქმე ის არის, რომ სიტყვა „სამკურნალო“ არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი წყალი აუცილებლად რაღაცას კურნავს. ეს დამკვიდრებული ტერმინია.

რა არის სასარგებლო მინერალურ წყალში?

როგორც სახელი ცხადყოფს, მინერალური წყალი მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. ბევრი მათგანი, ჯანმრთელ რაციონში უნდა შედიოდეს, თუმცა, ჩვეულებრივ, ადამიანები მათ სხვა წყაროებიდან იღებენ. სხვადასხვა ქვეყნის კვებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ რეკონედაციებში კი არ არსებობს სპეციალური პუნქტი იმის შესახებ, რომ მინერალური წყალი - ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების აუცილებელი წყაროა. სამეცნიერო მედიცინაში მინერალურ წყლებს მკურნალობის მეთოდად არ იყენებენ, რადგან რაიმე დაავადების შემთხვევაში მათი ეფექტიანობა დღემდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, და შემდეგ ბევრ სხვა ქვეყანაში (დიდწილად, ევროპაში), მინერალური წყლები - გაჯანსაღების და სპეციალურ დაწესებულებებში მკურნალობის ნაწილია (ერთგან ეს არის სპა, სხვაგან - სანატორიუმი). ამასთან მიჩნეულია, რომ მინერალური წყლები სასარგებლოა არამხოლოდ მაშინ თუ მათ სვამ, არამედ მათში ბანაობის შემთხვევაშიც. კავკასიის რეგიონი მინერალური წყლებით ძალიან მდიდარია. არსებული ინფორმაციით, მარტო საქართველოში 730-ზე მეტი მინერალური წყალი მოიპოვება, რომლებსაც როგორც ბალნეოლოგიური, ასევე სამრეწველო ჩამოსხმისთვის იყენებენ.  

მინერალურ წყალს ზიანის მიყენება შეუძლია?

დიახ. მინერალურ წყალში შეიძლება იყოს ბევრი ნატრიუმი. ეს განსაკუთრებით ეხება სამკურნალო წყლებს. ასეთ წყლებში ნატრიუმის და კალიუმის კონცენტრაცია შეიძლება ერთ ლიტრზე 4 გრამს აღწევდეს, სხვა წყლებში შეიძლება უფრო მაღალი კონცენტრაციაც იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციაა, დღეში 2 გრამ ნატრიუმზე ნაკლების მოხმარება (ეს ეკვივალენტურია 5 გრამი მარილისა, რომლის შემადგენლობაშიც ის შედის). ის, ვინც მეტ მარილს ჭამს, ხშირად აქვს ინსულტი, ინფარქტი, ასევე მაღალი წნევა. ჯანმოს მონაცემებით, ადამიანები მინერალური წყლების გარეშეც აჭარბებენ რეკომენდებულ ნორმას. მინერალურმა წყალმა თეორიულად სიტუაცია შეიძლება გააუარესოს.   

გარდა ამისა, წამლის მიღება მინერალურ წყალთან ერთად, შეიძლება სერიოზულად აისახოს პრეპარატის მოქმედებაზე. მაგალითად, არ არის რეკომენდებული ოსტეოპოროზის დროს აუცილებელი ბიფოსფონატების მიღება მინერალური წყლით. ეს ჩვეულებრივ ინსტრუქციაშიც პირდაპირაა მითითებული. 

თირკმლის უკმარისობით დაავადებული ადამიანები ნებისმიერი მინერალური წყლის მიღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოუდგნენ.

„ხელოვნური“ მინერალური წყალი არსებობს?

ბუნებრივ მინერალურ წყლად მიწისქვეშა წყალი მიიჩნევა, რომელიც თავისთავად შეიცავს სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებებს. წყლის შემადგენლობა სხვადასხვა წყაროებიდან, ისევე როგორც მისი გემო, შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. სხვა წარმოშობის წყალში მინერალური ნივთიერებების დამატება შესაძლებელია, მაგრამ მაშინ მას ბუნებრივ მინერალურს ვეღარ უწოდებ. მიუხედავად ამისა, ის სასმელი წყლის სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო იქნება.

არტეზიანული წყალი რა არის?

არტეზიანული წყალიც მინერალური მიწისქვეშა წყალია, მაგრამ იმისთვის რომ მას ასე ვუწოდოთ, ის გარკვეული ადგილიდან უნდა მიიღონ. ეს ადგილი, სხვა ადგილებისგან სადაც მიწისქვეშა წყალია, იმით განსხვავდება, რომ ფენების მოწყობის გამო, რომლებიც მას გარს აკრავს, წყალი თავად ამოდის მიწიდან წნევის წყალობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, შადრევანივითაც. სიტყვა „არტეზიანული“ არ გულისხმობს ასეთი წყლის რაიმე სამედიცინო თვისებებს ან განსხვავებულ გემოს.

ნაბახუსევს მინერალური წყალი მართლაც შველის?

უცნობია. ნაბახუსევის მოხსნის უტყუარი საშუალება დღემდე არ გამოუგონიათ. თუმცა, ექიმები ხშირად ურჩევენ პაციენტებს ალკჰოლური სასმელის და წყლის მონაცვლეობით სმას - ნელი დათრობისა და გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად (ეთილის სპირტი - ცნობილი შარდმდენია). ამასთან, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ელექტროლიტების კონცენტრაციით მდიდარი სასმელები ნაბახუსევს ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს.

მინერალური წყალი წყურვილს ჩვეულებრივ წყალზე უკეთ კლავს?

შესაძლებელია. ერთ-ერთ მცირე კვლევაში სასმელები, რომლებშიც ელექტროლიტების დიდი კონცენტრაცია იყო, უკეთ უკლავდა წყურვილს ადამიანებს, ვიდრე, მაგალითად, ჩვეულებრივი წყალი. ადამიანებმა სერიოზული გაუწყლოვნებით, ყველა შემთხვევაში უნდა სვან მინერალური ნივთიერებებით მდიდარი წყალი (უარეს შემთხვევაში სპეციალური ხსნარი ორგანიზმში ვენიდან შეჰყავთ).

წყარო: Meduza

სხვა თემები