27 აგვისტო 2019 - 15:44

რატომ წვეთავს წყალი? და ჰაერს აშრობს? რა უნდა ვიცოდეთ კონდიციონერის შესახებ

კონდიციონერი

ფოტო: Shutterstock.com

კონდიციონერის შესახებ ბევრი კითხვა, მითი თუ მოსაზრება არსებობს. ამბობენ, რომ კონდიციონერი მიკრობებს ავრცელებს. ამბობენ იმასაც, რომ ეს მოწყობილობა ჰაერს აშრობს. არსებობს მოსაზრება, რომ კონდიციონერის ხშირი მოხმარება ადამიანს აციებს. რამდენად სწორია ეს შეხედულებები და ზოგადად, რა უნდა ვიცოდეთ კონდიციონერი მუშაობის შესახებ?

როგორ მუშაობს კონდიციონერი?

კონდიციონერების უმრავლესობა ჰაერს არც ქუჩიდან იღებს და არც გარეთ უშვებს. ეს მხოლოდ ვენტილაციის საშუალებით არის შესაძლებელი. კონდიციონერი სულ სხვაგვარად არის მოწყობილი: მას შენობიდან გააქვს არა ჰაერი, არამედ სითბო. სწორედ ამისთვის სჭირდება მას ორი ბლოკი: ერთი შენობის შიგნით და მეორე - ქუჩაში დამონტაჟებული. მათ შორის ცირკულირებს განსაკუთრებული ნივთიერება - მაცივებელი აგენტი, იგივე მაგრილებელი სითხე. შიდა ბლოკში მოხვედრის შემდეგ ეს ნივთიერება აირადიდან თხევად მდგომარეობაში გადადის. ამის შემდეგ ის გრილდება და გამოყოფს სითბოს, რომელიც ვენტილატორის საშუალებით გარეთ გამოდის. 

შენობაში განთავსებულ ბლოკში საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს - მაცივებელი აგენტი თხევადიდან აირად მდგომარეობაში გადადის, ამავდროულად, შთანთქავს სითბოს და ვენტილატორის საშუალებით სიცივეს განდევნის. შიდა ბლოკში ასევე მდებარეობს მართვის პლატა და ინდიკატორის პანელი. სწორედ ისინი მიუთითებენ მოწყობილობის მუშაობის რეჟიმზე და მოსალოდნელი გაუმართაობის შესახებ სიგნალს გამოსცემენ.

ყველა კონდიციონერი ერთნაირია თუ არის განსხვავებაც?

არსებობს სხვადასხვა ტიპის კონდიციონერი. მათგან ყველაზე პოპულარულია სპლიტ სისტემა, რომელიც ორი ბლოკისგან შედგება. ისინი კარგად აგრილებენ შენობას და ხმაური არ ახასიათებთ, რადგან ხმაურიანი ბლოკი ქუჩაშია გატანილი.

არსებობს ფანჯრის კონდიციონერი, რომელსაც პირდაპირ ფანჯარაში ამონტაჟებენ. როგორც წესი, ის უფრო იაფი ღირს და დამონტაჟებაც გაცილებით იოლია. თუმცა ასეთი მოწყობილობა ხმაურობს და ამავდროულად, ფანჯრის ნაწილს ფარავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობაში დღის სინათლესთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება.

არსებობს მობილური კონდიციონერებიც. მათ დამონტაჟება არ სჭირდება. ისინი, შესაძლოა, პატარა ურიკაზე დამაგრდეს და ოთახიდან ოთახში გადაიტანოთ. თუმცა ამ ტიპის კონდიციონერები უფრო ძვირი ღირს და რაც მთავარია, ძალიან ხმაურიანია.  

კონდიციონერები ერთმანეთისგან სიმძლავრითაც განსხვავდებიან. მოწყობილობის შერჩევისას 10 კვადრატულ მეტრზე 1 კილოვატი უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითისთვის, ერთოთახიანი ბინის სრულად გასაგრილებლად სამი-ოთხი კილოვატი საკმარისია. 

სიმძლავრის პარალელურად ყურადღება უნდა გაამახვილოთ ენერგოეფექტიანობის ხარისხზე. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ოდენობა. როგორც წესი ამ პარამეტრის გაგება შეიძლება EER და COP კოეფიციენტებით ან ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა А, B, C და სხვ. რაც უფრო ახლოს არის ესა თუ ის პარამეტრი ასო A-სთან და რაც მეტია ციფრი, მით უფრო ეკონომიურია მოწყობილობა და შესაბამისად, ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

კონდიციონერს რეგულარულად თუ არ გავწმენდ, ის მიკრობებს გაავრცელებს? 

კონდიციონერის შიდა ბლოკში არის ფილტრი, რომელიც სხვადასხვა სახეობის მტვრითა და ნამწვით შეიძლება დანაგვიანდეს. აქვე შესაძლებელია დაგროვდეს ალერგენები და მიკროორგანიზმები, რომელთა გამოც უსიამოვნო სიმპტომები  ჩნდება. 

ეს რომ თავიდან აირიდოთ, დააკვირდით კონდიციონერში ფილტრის მუშაობას. გარკვეულ მოდელებზე არის სპეციალური ინდიკატორი, რომელიც კონკრეტული რაოდენობის საათების დატვირთვის შემდეგ იწვება. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ფილტრი გაწმინდოთ ან შეცვალოთ. 

ზოგადად, რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს ფილტრი, დამოკიდებულია ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე, კონდიციონერის მოხმარების ინტენსივობასა და მწარმოებლის რეკომენდაციაზე. გარკვეული კომპანიები ყოველი 100-საათიანი ექსპლუატაციის შემდეგ ფილტრის გაწმენდა გვირჩევენ.

რატომ წვეთავს კონდიციონერიდან წყალი?

მუშაობისას სპლიტ სისტემა გამოყოფს წყალს - კონდენსატს, რომელიც ქუჩაში ან კანალიზაციაში იღვრება. ის წარმოიქმნება ტემპერატურის მკვეთრი სხვაობის გამო, რომელიც კონდიციონერის ამაორთქლებელ მოწყობილობასა და მასში გამავალ ჰაერს შორის ფიქსირდება. ისევე როგორც ჭიქის ზედაპირზე ცივი სასმელის ჩასხმისას ტენიანობის შედეგად წვეთები ჩნდება, კონდიციონერიც აგროვებს წყალს, რომელიც სადრენაჟე სისტემაში მიედინება. სიმძლავრის მიხედვით, მოწყობილობას შეუძლია ერთსაათიანი მუშაობის შედეგად რამდენიმე ლიტრი კონდენსატი გამოყოს. შენობის გარეთ ამ რაოდენობის მხოლოდ ნაწილი იღვრება, დანარჩენი კი ბუნებრივი გზით ორთქლდება.

ამბობენ, რომ კონდიციონერი ჰაერს აშრობს. ეს მართალია? 

დიახ. ეს ხდება ჰაერიდან ტენიანობის კონდენსაციის გამო. ამის მიზეზი კი კონდიციონერის მუშაობაა. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა, ტუჩების დასკდომა და თვალების ქავილი. არასაკმარისი ტენიანობის კომპენსაციისთვის შეგიძლიათ ოთახში წყლით სავსე კონტეინერი დადგათ, სველი პირსახოცი ჩამოკიდოთ, შხაპის მიღების შემდეგ ოთახის კარი ღია დატოვოთ ან სულაც ჰაერის დამატენიანებელი დააყენოთ.

თუ ოთახში კონდიციონერი სისტემატურად არის ჩართული, გავცივდები? 

კონდიციონერს, ისევე როგორც ორპირ ქარს, არ შეუძლია თავისთავად გაციების პროვოცირება - ამას ვირუსი იწვევს. თუმცა ინფექციასა და სიცივეს შორის კავშირი ნამდვილად არსებობს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ტემპერატურა 5 გრადუსზე დაბალია, კონდიციონერს კი ოთახის ამ დონემდე გაგრილება არ შეუძლია. არსებობს ჰიპოთეზა, რომ კონდიციონერი ჰაერს აშრობს და ეს შეიძლება ხელს უშლიდეს ლორწოვან გარსს, ვირუსისგან თავი დაიცვას. გარდა ამისა, როდესაც კონდიციონერია ჩართული, ოთახი ნაკლებად ნიავდება და საბოლოო ჯამში იზრდება ინფექციის ალბათობა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

სად არის უმჯობესი კონდიციონერის დამონტაჟება?

ამისთვის მკაცრი წესი არა, მაგრამ რეკომენდაციები ნამდვილად არსებობს. კონდიციონერის წინ თავისუფალი სივრცე უნდა დატოვოთ, რათა ჰაერის ცირკულაციისთვის ხელისშემშლელი პირობები არ არსებობდეს. კონდიციონერი ჰაერს გამოყოფს არა ქვედა მიმართულებით, არამედ დიაგონალურად, ამიტომ არ არის რეკომენდებული მოწყობილობა საწოლის, სამუშაო ან სასადილო მაგიდის წინ დაამონტაჟოთ. უმჯობესია მოწყობილობა მათ თავზე იყოს განთავსებული. 

ასევე არ არის რეკომენდებული, კონდიციონერი ჭერთან ძალიან ახლოს იყოს, რადგან მცირე დაშორებამ (10 სმ-ზე ნაკლები) შეიძლება ჰაერის ცირკულაცია შეაფერხოს. კონდიციონერის შიდა ბლოკი არ დაამონტაჟოთ რადიატორის თავზე, რადგან ძლიერმა სიცხემ შეიძლება პლასტმასის კორპუსის დეფორმაცია გამოიწვიოს, რის შედეგადაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვა. 

სახლის გარეთა ფასადზე კი კონდიციონერის დამონტაჟებას სპეციალური თანხმობა არ სჭირდება, თუ ეს არ გულისხმობს რეკონსტრუქციას ან ხელახალ დაგეგმარებას.

კონდიციონერი დავამონტაჟე. რა ტემპერატურაზე დავაყენო? 

ცალსახად იმის თქმა, რომელია ჰაერის სწორი ტემპერატურა, რთულია. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ცალკეული ორგანიზაციების რეკომენდაციით, ოთახში ჰაერის ტემპერატურა 22-დან 25°C-მდე უნდა მერყეობდეს. სხვა მოსაზრებით კი ოპტიმალური ვარიანტია 20–24 °C.

კონდიციონერი გამიფუჭდა. რა ვქნა? 

სწორი შერჩევის, მონტაჟისა და მოხმარების პირობებში კონდიციონერი ათწლეულების განმავლობაში მუშაობს. როგორც წესი, მწარმოებლების რეკომენდაციაა, ტექნიკურ პასპორტში მითითებული პარამეტრები და კონდიციონერის დატვირთვა პირდაპირპროპორციული იყოს. 

არასწორმა მონტაჟმა შეიძლება სისტემიდან ფრეონის გამოყოფა გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში კოროზიას უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დაიხშოს მილი, რომელიც ჰაერს ატარებს, რადგან ამ შემთხვევაში კონდიციონერის სიმძლავრე დაეცემა. გარდა ამისა, მოწყობილობა რეგულარულად უნდა გაწმინდოთ (იქამდე კი უნდა გამორთოთ). თუ ის მაინც გაფუჭდა, უმჯობესია თავად არ ეცადოთ კონდიციონერის შეკეთებას, მიმართეთ სერვისცენტრს.

სხვა თემები