08 სექტემბერი 2019 - 00:18

აკნე მაქვს. რა ვქნა?

აკნე

ფოტო: Shutterstock.com

აკნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ადამიანების უმრავლესობას ეს პრობლემა მხოლოდ გარდატეხის ასაკში აქვს, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად, ცხიმოვანი ჯირკვლების ეს პათოლოგია ზრდასრულებშიც გვხდება. პრობლემა იმის გამო წარმოიქმნება, რადგან თმის ფოლიკულები ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით იხშობა. ეს პროცესი Propionibacterium acnes ბაქტერიისთვის ძალიან ხელსაყრელ პირობას ქმნის და ხშირად ანთებითი პროცესის პროვოცირებას ახდენს.

რატომ ჩნდება აკნე?

ამ პროცესის დაწყების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი გენეტიკური ფაქტორია. აკნეს მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ასევე ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის მომატება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხოლმე სქესობრივი მომწიფების ასაკში. ზოგიერთ ქალს კი აკნე ფეხმძიმობის დროს უჩნდება.

აკნესთან დამოუკიდებლად გამკლავებას შევძლებ?

უმრავლეს შემთხვევაში აკნეს რაიმე კომპლექსური დიაგნოსტიკა არ სჭირდება. ასევე აზრი არ აქვს სადღაც სიღრმეებში „ნამდვილი მიზეზის“ ძიებას. აკნეს დიაგნოსტირება პაციენტსაც შეუძლია და ამ მხრივ, ცდომილების ძალიან დაბალი ალბათობა არსებობს. მაგალითად, აკნე შეიძლება კანის სხვა დაავადებაში აგერიოთ. სწორედ ამიტომ, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ტიპის ანთება არ ფიქსირდება, ექიმი პაციენტს საკუთარი ძალებით მკურნალობის ნებას რთავს. თუმცა ამის გაგრძელება 3 თვეზე მეტხანს არ შეიძლება. თუ ამ დროის განმავლობაში შედეგს ვერ ამჩნევთ, ექიმს უნდა მიმართოთ. სწორი თვითმკურნალობა 2 კომპონენტისგან შედგება: კანის სწორი მოვლა და პრეპარატები, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

როგორ მოვუარო სახის კანს სწორად? 

- სახე უნდა დაიბანოთ დღეში მქსიმუმ ორჯერ, თბილი წყლით და უსაპნოდ. თუ ხშირად დაიბანთ და აგრესიულ საშუალებებს გამოიყენებთ, ეს კანს გააღიზიანებს. საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ასეთი მოვლის შედეგად კანი უფრო ცხიმიანი არ გახდება.

- სკრაბი არ გამოიყენოთ. ისევ და ისევ იმიტომ, რომ კანი არ გაგიღიზიანდეთ.

- ეგრეთ წოდებულ ფერიმჭამელებს ხელს ნუ ახლებთ. მსგავსი ქმედებები ანთებით პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

- გამოიყენეთ დამატენიანებელი, რომელზეც მითითებულია „წყალზე დაფუძნებული“ ან „არაკომედოგენური“, რადგან  ფორებს სწორედ ამ კატეგორიის კრემები არ ახშობს. 

არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომელთა გამოყენებაც აკნეს სამკურნალოდ ექიმის დანიშნულების გარეშე შეგიძლიათ. პირველ რიგში, სცადეთ ბენზოილ პეროქსიდი (2,5-10 %-იანი), მაგალითად, ეფეზელი ან ბაზირონი. უმჯობესია თავიდან დაბალი კონცენტრაციით დაიწყოთ, რათა კანი ძალიან არ გამოგიშრეთ.  

სხვა ეფექტიანი საშუალებებია სალიცილის მჟავა (0,5- 2%-იანი), ადაპალენი, აზელას მჟავა და გოგირდი. იშვიათ შემთხვევაში მათ ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ, ამიტომაც პირველი სამი დღე უმჯობესია ეს პრეპარატები კანის მხოლოდ მცირე მონაკვეთზე წაისვათ. ნებადართულიაამ პრეპარატების კომბინაციაც (ერთი დილით, მეორე ღამით). ხანდახან ეს მეთოდი უფრო ეფექტიანია.

დიეტაც უნდა დავიცვა?

იმის მყარი მტკიცებულება, რომ შოკოლადი, ხორცი, ყველი და სხვა პროდუქტები აკნეს უწყობს ხელს, არ არსებობს. სწორედ ამიტომ აშშ-ს დერმატოლოგიის აკადემია აკნეს მკურნალობის დროს კვების რაციონის შეცვლას რეკომენდაციას არ უწევს.

თუმცა არსებობს არც თუ ისე სარწმუნო მონაცემები, რომლებიც აკნესა და უცხიმო რძეს, აკნესა და მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ მატებას იწვევს (თეთრი პური, მოხარშული კარტოფილი, სიმინდის ფანტელები და სხვ.).

როგორ ვიპოვო კარგი ექიმი?

აკნეს მკურნალობა დერმატოლოგთან უნდა დაიწყოთ. იშვიათ შემთხვევაში ეს გინეკოლოგსაც ეხება. მაგალითად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ქალს საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი აქვს. აკნე არ არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების ან „ცუდი იმუნიტეტის“ შედეგი. ის არ იკურნება ჰომეოპათიური პრეპარატებით, ბიორეზონანსული თერაპიით, იმუნოსტიმულატორებით, მულტივიტამინებითა და პრობიოტიკებით. თუ ექიმი რომელიმე მათგანს გთავაზობთ, უმჯობესია, სხვა სპეციალისტს მიმართოთ. 

ხშირად აკნე დამოუკიდებელი დაავადებაა, თუმცა ხანდახან ასე სულაც არ არის. მაგალითად, ხანდახან ფერიმჭამელები ამა თუ იმ პრეპარატის მიღების შედეგად ჩნდება. ეს შეიძლება იყოს გლუკოკორტიკოიდი, ფენიტოინი, იოდიდები, პროგესტინული კონტრაცეპტივები, ვიტამინ B12-ის ზედმეტი დოზა და სხვ. 

ქალს შეიძლება აკნე გაუჩნდეს საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის გამო. ამ დროს ორგანიზმში ძალიან ბევრი ტესტოსტერონია და საკვერცხეებში კისტა ფორმირდება. ეგრეთ წოდებული ფერიმჭამელების გარდა ამ შემთხვევაში სხვა სიმპტომებიც ფიქსირდება: სახეზე თმიანობა იწყება, მენსტრუალური ციკლი ირღვევა. საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდომი ქალების 6-8%-ს აქვს. სხვა დაავადებები, რომლებიც ტესტოსტერონის დონეს ზრდის, კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება და მათაც მკვეთრი სიმპტომები ახასიათებს.

მკურნალობის შედეგი როდის გამოჩნდება?

ხშირად აკნეს მკურნლობის კურსი არაეფექტიანია, რადგან პაციენტს არ ყოფნის ნებისყოფა, სიტუაციის გაუმჯობესებას დაელოდოს. ჩვეულებისამებრ, საჭიროა რამდენიმე კვირა და თვეც კი, სანამ პრეპარატები ზემოქმედებას დაიწყებენ. კრემი, მალამო ან გელი ყოველ დღე, დილასა და საღამოს უნდა წაისვათ. სიტუაციის სირთულის მიხედვით, ექიმს შეუძლია დანიშნოს მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა ან ამჯობინოს მათი კომბინაცია ადგილობრივი მოქმედების ანტიბიოტიკებთან. რთულ სიტუაციებში საჭიროა ანტიბიოტიკების აბების სახით მიღება. უკიდურეს შემთხვევაში იზოტრეტინოინი (მაგალითად, როაკუტანი) ინიშნება. ეს ძალიან ეფექტიანი პრეპარატია, მაგრამ არც თუ ისე უსაფრთხო. ის არ შეიძლება მიიღოს ფეხმძიმე ქალმა, რადგან მუცლის მოშლის რისკს ზრდის. მასთან არის დაკავშირებული სხვა საფრთხეებიც. ამიტომაც რეკომენდებულია ამ პრეპარატის მიღებისას გარკვეულ მაჩვენებლებზე (მაგალითად, ქოლესტერინის დონე) დაკვირვება და ზოგადად, თვალ-ყური უნდა ადევნოთ, რაიმე უჩვეულო სიმპტომმა ხომ არ იჩინა თავი. 

ზოგიერთ ქალს აკნესთან გამკლავების დამატებითი საშუალება აქვს - კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები. ეს არის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომლებიც ორ ჰორმონალურ კომპონენტს შეიცავს - ესტროგენსა და გესტაგენს. მათ დანიშვნამდე განსაკუთრებული ანალიზები საჭირო არ არის, მაგრამ ექიმმა დეტალურად უნდა გამოიკითხოს ქალისა და მისი ნათესავების დაავადებები, პაციენტის მავნე ჩვევები და სხვ. ასეთი პრეპარატის მიღება ყველას არ შეუძლია, რადგან რისკჯგუფის წარმომადგენლებში მას ინსულტის პროვოცირებაც კი შეუძლია.

ძალიან მოკლედ

აკნესგან რომ განიკურნოთ, კანის სწორად მოვლა უნდა ისწავლოთ და გამოიყენოთ პრეპარატები, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა. სამი თვის შემდეგ მკურნალობამ შედეგი თუ არ გამოიღო, მიმართეთ დერმატოლოგს. ის კომბინირებულ პრეპარატებს დაგინიშნავთ ან გამოგიწერთ მედიკამენტებს, რომლებსაც მხოლოდ რეცეპტით შეიძენთ. ქალებს ხშირად მსგავს სიტუაციაში გინეკოლოგი კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების შერჩევით ეხმარება.

სხვა თემები