16 სექტემბერი 2019 - 17:50

რა არის ხელოვნური განაყოფიერება? და სუროგაცია?

სუროგაცია

ბევრ წყვილს განაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო არ შეუძლია, მშობელი გახდეს. თანამედროვე მედიცინა საკუთარ ამოცანად ამ ადამიანების დახმარებას მიიჩნევს. დასახული მიზნის მისაღწევად კი ხელოვნური განაყოფიერების განსხვავებული მეთოდები გამოიყენება. რა არის ხელოვნური განაყოფიერება? რა მეთოდებს იყენებენ ამ დროს ექიმები და რომელი მათგანია უფრო ეფექტიანი? ვინ არის სუროგატი დედა?

ხელოვნური განაყოფიერების რა მეთოდები არსებობს?

ხელოვნურ განაყოფიერებაზე საუბრისას სპეციალისტები ორ პროცედურას გულისხმობენ. ერთი არის ინსემინაცია, მეორე - ექსტრაკორპორული განაყოფიერება იგივე ინ ვიტრო. პირველი გულისხმობს კვერცხუჯრედის ბუნებრივ პირობებში (ქალის ორგანიზმში) განაყოფიერებას, მეორე კი - ქალის ორგანიზმის გარეთ. ორივე რეპროდუქციული მეთოდი ბავშვის ჩასახვისკენ არის მიმართული, თუმცა თითოეულ მათგანი თავისებური და განსაკუთრებულია.

ინსემინაცია განაყოფიერების ყველაზე მარტივი მეთოდია? 

ხელოვნური განაყოფიერების ამ მეთოდის გამოყენებისას, სპერმა კათეტერით საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ. მაშასადამე, ყველაფერი ხდება დაახლოებით ისე, როგორც ბუნებრივი განაყოფიერებისას. ხელოვნური ინსემინაციისთვის იყენებენ როგორც პარტნიორის, ასევე დონორის სპერმას. ეს მეთოდი უფრო ხშირად მაშინ გამოიყენება, როდესაც ქალს სტაბილური პარტნიორი არ ჰყავს და შვილის გაჩენა სურს. თუმცა არც წყვილები ამბობენ ამ მეთოდზე უარს, როდესაც ბუნებრივი განაყოფიერება სხვადასხვა მიზეზით შეუძლებელია. 

მიზეზი შეიძლება იყოს:

ვაგინიზმი (საშოს კედლის სპაზმი, რომელიც სქესობრივ აქტს ართულებს ან სულაც შეუძლებელს ხდის);
- პოტენციასთან დაკავშირებული დარღვევები ან ეაკულაცია
- სპერმოგრამაში არსებული დარღვევები;
ცერვიციტი, რომლისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია;
- იმუნური შეუთავსებლობა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვან გარსში (ყველაზე ხშირად ყელში, უფრო იშვიათად კი - ენდომეტრიუმსა და მილებში) არის პარტნიორის სპერმის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულები;

თუ წყვილმა გადაწყვიტა, ხელოვნური ინსემინაციის მეთოდს მიმართოს, ორივე პარტნიორს უკვე უნდა ჰქონდეს გაკეთებული გარკვეული ანალიზები და ჩატარებული გამოკვლევები, რომლებითაც უშვილობის მიზეზი დადგენილია. თუმცა უშუალოდ პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია შემდეგი ეტაპების გავლა: 

- თერაპევტისა და გინეკოლოგის გამოკვლევა (ქალის შემთხვევაში);
- ნაცხის ანალიზი;
- სისხლის ანალიზი აივ ინფექციასა და ვირუსულ ჰეპატიტებზე, ასევე სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის დადგენა; 
- ოვულაციის დროის განსაზღვრა;
- სპერმოგრამა;
- ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს გამოკვლევა; 

თუ ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევების შედეგად პათოლოგია არ დაფიქსირდა, ამ დროს ხდება ინსემინაცია, რომელიც თავისთავად საკმაოდ მარტივი პროცედურაა. ამ მეთოდის დასაწყებად, პირველ რიგში, ელოდებიან ოვულაციას, რომელსაც ხანდახან, მედიკამენტების საშუალებით, ხელოვნურად ასტიმულირებენ. უშუალოდ პროცედურის დაწყებამდე, სულ ცოტა, 2-3 საათით ადრე პარტნიორმა სპერმა უნდა ჩააბაროს, დონორის სპერმის შემთხვევაში კი გაყინული მასალა გამოიყენება. სპერმა შესაბამისი პროცედურით მუშავდება და მიღებული პრეპარატი კათეტერის საშუალებით საშვილოსნოში შეჰყავთ. ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. ის სავსებით უმტკივნეულოა და არც დისკომფორტს ქმნის.

ინსემინაციის გაკეთება ყველას შეუძლია? 

არა. ინსემინაციის შესაძლო უკუჩვენებები ფიქსირდება მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება: 

- საშვილოსნოს პათოლოგია, რომელიც ფეხმძიმობას შეუძლებელს ხდის;
- საკვერცხეების სიმსივნე; 
- ნებისმიერი ავთვისებიანი ნეოპლაზმა;
- მწვავე ანთებითი პროცესი;
- გარკვეული ფსიქიკური დაავადება; 

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მეთოდის ეფექტიანობა არც ისე მაღალია. საშუალოდ, ხელოვნური ინსემინაციის პირველი მცდელობის შემდეგ ქალების 12%-ი ორსულდება. თუმცა ამ პროცედურას თავისი უპირატესობა აქვს. ის არის მარტივი და არც თუ ისე ძვირი სიამოვნება.

რამდენად ეფექტიანია ექსტრაკორპორული განაყოფიერება იგივე ინ ვიტრო?

დღეისათვის ექსტრაკორპორალური განაყოფიერება იგივე ინ ვიტრო ყველაზე საიმედო მეთოდად მიიჩნევა. ინსემინაციისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ქალის ორგანიზმის გარეთ, პარტნიორის ან დონორის სპერმით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოში შეჰყავთ, რის შემდეგაც ფეხმძიმობა ჩვეულებრივი ტემპით მიმდინარეობს.

ეს მეთოდი მაღალეფექტიანია, მაგრამ საკმაოდ რთულია. თავდაპირველად, პრეპარატების მეშვეობით, ქალის ორგანიზმის ჰორმონალურ აქტივობას ახშობენ. ეს იმიტომ ხდება, რომ კვერცხუჯრედის მომწიფება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდეს. ამის შემდეგ ჰორმონალური პრეპარატებით საკვერცხეების მუშაობის სტიმულაცია იწყება, რათა ერთდროულად მომწიფდეს რამდენიმე კვერცხუჯრედი, რომელთა განვითარებასაც ექიმი ულტრაბგერითი გამოკვლევებით ადევნებს თვალყურს. 

საჭირო მომენტში საკვერცხიდან კვერცხუჯრედი გამოაქვთ, მას უერთებენ პარტნიორის ან დონორის სპერმას და ინკუბატორ-თერმოსტატში ათავსებენ. სწორედ აქ ხდება განაყოფიერება. ეს ეტაპი რამდენიმე დღეს გრძელდება. როგორც წესი, რამდენიმე კვერცხუჯრედს იღებენ, რაც პროცედურის წარმატების შანსს ზრდის. 

რამდენიმე დღის შემდეგ ექიმს სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი დედის საშვილოსნოს ღრუში გადააქვს. იქამდე კი მისი დეტალური დიაგნოსტირება ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობა მაშინაც კი განისაზღვრება, როდესაც ის სულ რაღაც 4-8 უჯრედისგან შედგება. 

ამ ეტაპზე აუცილებელია ჰორმონალური თერაპიაც და ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ქალს ორსულობის შენარჩუნებაში ეხმარება. თუ ერთდროულად რამდენიმე ემბრიონი ჩამოყალიბდა, მათ ნაწილს იშორებენ. ეს კი უკვე ქალის სურვილზეა დამოკიდებული. გამოუყენებელ ემბრიონებს კრიოკონსერვაცია უტარდება. თუ პირველი მცდელობა წარმატებული არ იქნება, მათ გაალღობენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების მორიგი მცდელობისას გამოიყენებენ.

ამ მეთოდით დაბადებული ბავშვები თანატოლებისგან რამით განსხვავდებიან? 

არაფრით. არსებობს მოსაზრება (რამდენიმე სტატისტიკური მონაცემითაც გამყარებული), რომ ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვები თანატოლებზე უფრო განვითარებულები არიან, მაგრამ ხშირად ავადმყოფობენ. სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის. ეს ბავშები სხვებისგან არაფრით განსხვავდებიან. თუმცა ხშირად, ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვები მშობლების ჰიპერმზრუნველობის ობიექტები არიან, რადგან ისინი ხანგრძლივი მოლოდინისა და ძალისხმევის შედეგად დაიბადნენ. ასევე ექსტრაკორპორული განაყოფიერება არის საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურა და მას, როგორც წესი, მაღალი სოციალური მდგომარეობის მქონე წყვილები მიმართავენ. შესაბამისად, მათ აქვთ საშუალება შვილს კარგი პირობები შეუქმნან და მაღალი ხარისხის განათლება მისცენ.

როდის არ შეიძლება ექსტრაკორპორალური განაყოფიერება?

ექსტრაკორპორული იგივე ინ ვიტრო  განაყოფიერება უშვილობის ნებისმიერი ფორმის დროს გამოიყენება. თუმცა ეს პროცედურა დაუშვებელია, როდესაც პაციენტს აღენიშნება:

- გარკვეული ფსიქიკური დაავადებები; 
- საშვილოსნოს დეფორმაცია, რაც ფეხმძიმობას შეუძლებელს ხდის;
- საკვერცხეების სიმსივნე;
- საშვილოსნოს კეთილთვისებიანი ნეოპლაზმა, რომელიც ოპერაციას საჭიროებს;
- ნებისმიერი ტიპის ავთვისებიანი ნეოპლაზმა, მისი მდებარეობის მიუხედავად; 
- ნებისმიერი ტიპის მწვავე ანთება.

ინსემინაცია უფრო ეფექტიანია თუ ექსტრაკორპორული განაყოფიერება?

ექსტრაკორპორული განაყოფიერება გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ინსემინაცია. ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში პირველივე მცდელობაზე წარმატების შანსი 33%-ია. თუმცა ის გაცილებით რთული პროცედურაა და მას ხანგრძლივი ჰორმონალური თერაპია სჭირდება, რაც მის მაღალ ფასზეც აისახება.

ვინ არის სუროგატი დედა? 

სუროგატი დედა მუცლით ატარებს ბავშვს იმ მშობლებისთვის, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო შვილის ყოლა არ შეუძლიათ. როგორც წესი, აქ საუბარია წყვილებზე (ჰეტერო ან ჰომოსექსუალი), თუმცა ზოგ შემთხვევაში სუროგატი დედების მომსახურებით მარტოხელა მშობლებიც სარგებლობენ. 

სუროგატი დედის ორი ტიპი არსებობს:

1. დღეისათვის სუროგატი დედობის გავრცელებული ფორმაა, როდესაც ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონი სუროგატი დედის საშვილოსნოში შეჰყავთ. ამ შემთხვევაში არა სუროგატი დედის, არამედ მომავალი დედის ან დონორის კვერცხუჯრედს იყენებენ.

2. ტრადიციული სუროგატული დედობა ნიშნავს, როდესაც თავად სუროგატი დედის კვერცხუჯრედია გამოყენებული. ამ შემთხვევაში ნაყოფის მატარებელი ქალი ბავშვის გენეტიკური დედაც არის.

მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია სუროგაცია დაშვებული?

სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა კანონით აკრძალულია გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, დანიასა და ფინეთში. 

დიდ ბრიტანეთში სუროგაცია გაერთიანებული სამეფოს მოქალაქისთვის ნებადართულია, თუ ის ამის სანაცვლოდ საფასურს არ იღებს. ამ მეთოდით შვილის გაჩენის უფლება ჰეტეროსექსუალ წყვილებს პორტუგალიაშიც აქვთ, თუმცა საამისოდ მათ სამედიცინო დანიშნულება უნდა ჰქონდეთ და ამაში ფულს არ უნდა იხდიდნენ.

აშშ-ის რამდენიმე შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, ანაზღაურებადი სუროგაცია ნებადართულია. ამას კი იმით ხსნიან, რომ ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გახდება სუროგატი დედა თუ არა. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, კენიასა და ნიგერიაში, სუროგაცია კანონით არ რეგულირდება.

თუ რომელიმე ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია, შვილის ყოლის მსურველი წყვილები მიემგზავრებიან იქ, სადაც ეს კანონით დაშვებულია ან საერთოდ არ რეგულირდება. ბოლო დროს სამედიცინო ტურიზმის მხრივ განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, ტაილანდი, კამბოჯა და ნეპალი. სწორედ ამიტომ, ამ სახელმწიფოების ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, დახურონ შესაბამისი კლინიკები, რადგან ამაში თავიანთი მოქალაქეების ექსპლუატაციის საფრთხეებს ხედავენ.

საქართველოში სუროგაცია ნებადართულია?

უშვილობის პრობლემა, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. ამიტომაც ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებისა და ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, წყვილები ხელოვნური განაყოფიერების მათთვის შესაბამის ფორმას მიმართავენ. ქართული კანონმდებლობა არც სუროგაციას კრძალავს.

მაშასადამე, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ექსტრაკორპორული იგივე ინ ვიტრო განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია ნებადართულია. ამ პროცედურებს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს. 141-ე მუხლის თანახმად, განაყოფიერება დონორის სპერმით ნებადართულია უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას ან მარტოხელა ქალის განაყოფიერებისათვის, თუ საამისოდ უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა არსებობს. ბავშვის დაბადების შემთხვევაში, მის მშობლად უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი ითვლება. შესაბამისად, დონორს არა აქვს განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება.

ამავე კანონის 143-ე მუხლის თანახმად, ექსტრაკორპორული იგივე ინ ვიტრო განაყოფიერება ნებადართულია უშვილობის მკურნალობის მიზნით, ასევე ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას. მსგავს შემთხვევაში წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედები ან ემბრიონი გამოიყენება. რაც შეეხება სუროგაციას, ის დაშვებულია, თუ ქალს არ აქვს საშვილოსნო. რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციაში წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ პროცედურის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, დონორს ან სუროგატ დედას დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება არ აქვს.

სტატისტიკის შესახებ რა ვიცით?

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების (ინ ვიტრო) შემდეგ მშობიარობის პირველი შემთხვევა 1970-იანი წლების ბოლოს ფიქსირდება. მას შემდეგ ამ რეპროდუქტიული ტექნოლოგიისა და მისი ნაირსახეობების დახმარებით დაახლოებით 7 მილიონი ქალი დაფეხმძიმდა.

რაც შეეხება ადგილობრივ სტატისტიკას, ის თუ რამდენმა ადამიანმა ისარგებლა საქართველოში ამ ტექნოლოგიით დღემდე - ეს უცნობია. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მსგავსი სტატისტიკა არ აქვთ.

სხვა თემები