18 სექტემბერი 2019 - 21:36

თითის ანაბეჭდის გაყალბება შესაძლებელია?

თითის ანაბეჭდი

ფოტო: Shutterstock.com

თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაცია ბიომეტრული ტექნოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას შემდეგ რაც ანატომებმა თითის ანაბეჭდის უნიკალურობა დაამტკიცეს, ადამიანები მას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ: ტელეფონების განსაბლოკად, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისათვის, საპასპორტო კონტროლის გავლისათვის.

იცვლება თუ არა თითის ანაბეჭდი? 

თითისა და ხელისგულის ზედაპირი ზედა და ქვედა ფენისგან შედგება. ორივე მათგანი ჯერ კიდევ ადამიანის ემბრიონის განვითარების მე-10 და მე-16 კვირის შუალედში ყალიბდება. ამ დროს გლუვი ქსოვილისგან შემთხვევითობის პრინციპით ნაკეცები ჩნდება. 6 თვისთვის კი თითების ზედაპირის ზედა ნაწილში ამობურცული ადგილები ერთ რიგად ყალიბდება. ეს არის სწორედ ეგრეთ წოდებული პაპილარული ხაზები, რომლებიც უნიკალურ და განუმეორებელ სურათს ქმნიან. ამ გამოსახულების ერთი ნაწილის (თაღები, მარყუჟები, სპირალები) დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, თუმცა მას აქვს ისეთი კომპონენტები (ნაკეცების დაბოლოებები), რომლებიც უხილავია.

გარდა ამისა, იდენტური დნმ-ის მქონე ტყუპებს თითის ანაბეჭდები ყოველთვის განსახვავებული აქვთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თითის ანაბეჭდის დამთხვევის შანსი 64 მილიარდ შემთხვევაში 1-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ერთი და იმავე ანაბეჭდის მქონე ორი ადამიანის არსებობის ალბათობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. 

თითის ბალიშების ანაბეჭდი დროთა განმავლობაში შეიძლება ოდნავ შეიცვალოს. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს დამწვრობა ან სხვა სახის ტრავმა. ცნობილია შემთხვევები, როდესაც უხეშ მასალებთან მომუშავე კალატოზებს ან ქაღალდთან მუდმივი კონტაქტის მქონე მდივნებს თითის ანაბეჭდის სიმკვეთრე ეცვლებათ. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი საერთო ნაკეცები და ძირითადი თავისებურებები ნარჩუნდება. მათგან სრულად გათავისუფლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქიმიური დამწვრობის შემდეგაც კი თითის ანაბეჭდი რამდენიმე კვირაში აღდგება, დარჩენილმა ნაწიბურებმა კი, შესაძლოა, მას დამატებითი უნიკალურობა შესძინოს.

თითის ანაბეჭდით კარის გაღება და ტელეფონის განბლოკვა შემიძლია. კიდევ? 

მას შემდეგ, რაც თითის ანაბეჭდის სკანერები საკმაოდ კომპაქტური გახდა, მათ ყველგან ამონტაჟებენ: ნოუთბუქებში, კლავიატურაში და სხვ. თითის ანაბეჭდით დღეს უკვე ბევრი ოპერაციის შესრულება შეიძლება. მაგალითად, ინდოეთში აქვთ ბიომეტრული მონაცემების ყველაზე დიდი ბაზა (სისტემაში ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტია დარეგისტრირებული) და ბიომეტრული მონაცემები ყველა სფეროში გამოიყენება - ფინასებითა და განათლებით დაწყებული, სახელმწიფო მოსახურებით დამთავრებული.  

თითის ანაბეჭდს მხოლოდ ადამიანის პიროვნების დასადგენად არ იყენებენ, არამედ უსაფრთხოების მიზნითაც. საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საკუთარ ღონისძიებებზე სისტემური წვდომისა და კონტროლის სკანერს იყენებენ. დღეისათვის, საქართველოში მოქმედ ბევრ ორგანიზაციაში თანამშრომელს შეუძლია თითის ანაბეჭდის დაფიქსირებით შევიდეს. ამ მეთოდს კომპლექსური დავალებების შესასრულებლად იყენებენ: დისციპლინის კონტროლისა და სამუშაო დროის გათვალისწინებისათვის. სისტემა აფიქსირებს მოსვლისა და წასვლის დროს, დაგვიანებას, გაცდენას, გადაჭარბებული სამუშაო საათების რაოდენობას და სხვ.

შესაძლებელია თუ არა თითის ანაბეჭდის სკანერის მოტყუება? 

ადამიანის თითებზე რელიეფის შეცვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მის შესამოწმებლად ყველაზე ხშირად ოპტიკურ საშუალებას იყენებენ. ის სურათს ხილული სვეტის მეშვეობით აანალიზებს. არსებობს თერმული სკანერებიც (სითბოს საშუალებით აანალიზებს) და ტაქტილური (წნევის მეშვეობით აანალიზებს). როდესაც სისტემა გამოსახულებას იღებს, ის მიღებულ მასალას ბაზაში უკვე არსებულ მონაცემებს ადარებს. სისტემის ხარვეზის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება

ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანები ცდილობენ, თითების სილიკონის მულაჟი გამოიყენონ, მაგრამ ეს მცდელობა არც თუ ისე ხშირად მუშაობს. ბოლო თაობის სკანერები აფიქსირებენ კანში გამავალ შუქს, რომელიც თითში პულსს იჭერს და გამოსახულებაზე ოფლის წვეთებსაც კი აფიქსირებს.  

სისტემაში შეღწევის უფრო „დახვეწილი“ ტექნოლოგიაც არსებობს: ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიყენეს ნეირონების ქსელი თითის ხელოვნური ანაბეჭდის შესაქმნელად, რომელიც გასაღებივით მუშაობს. თუმცა 5 ანაბეჭდიდან მხოლოდ 1-ის გაყალბება მოახერხეს და ისიც ნაწილობრივ. სისტემის განვითარებას სპეციალისტები ცდილობენ არა მის გასატეხად, არამედ პირიქით, მისი დაცვისა და აუტენტიფიკაციის მექანიზმების სრულყოფისათვის.

თითის ანაბეჭდის მოპარვა შესაძლებელია?

პაროლისგან განსხვავებით, ბიომეტრული მონაცემების მოპარვა ძალიან რთულია. ჰაკერებმა თქვენს თითის ანაბეჭდზე წვდომა რომც მოიპოვონ, სხვა პერსონალური მონაცემებისგან განცალკევებით ისინი სრულიად გამოუსადეგარია. მაგალითად, თანამედროვე სმარტფონებში თითის სკანირებული ვერსია სპეციალურ ჩიპში ინახება და მასზე უცხო პირს წვდომა არ აქვს (მათი მიღება ტელეფონის მწარმოებელსაც კი არ შეუძლია). ეს მონაცემები არის დაშიფრული, მათი გაშიფრვა მხოლოდ ოპერატიულ მეხსიერებაში ხდება და ფიზიკურ მფლობელობაში არასდროს გადადის. 

უნდა გვახსოვდეს, რომ სკანერის მონაცემთა ბაზაში ინახება არა უშუალო თითის გამოსახულება, არამედ ციფრების რიგითობა, რომელიც შემდეგ შემოწმებისთვის გამოიყენება. ალგორითმი, რომლითაც კოდი იშიფრება, მხოლოდ სკანერის მწარმოებლისთვის არის ცნობილი.

ბიომეტრული მონაცემების კიდევ რა ფორმები არსებობს?

ბიომეტრული მონაცემების განსხვავებული ფორმები არსებობს. თითის ანაბეჭდის სისტემის პარალელურად, სახის ამომცნობი სისტემაც ძალიან პოპულარულია, ასევე- თვალის ბადურის სკანირება და ხმით ამოცნობა. ბევრ ქვეყანაში სახის ამომცნობი სისტემები აქტიურად მოქმედებს: ქუჩის სათვალთვალო კამერებით შესაძლებელია ეჭვიმიტანილის გადაადგილებისთვის თვალ-ყურის დევნება. ხმის ამომცნობი სისტემით კი ამა თუ იმ ბანკის ქოლცენტრის ოპერატორი მომხმარებლის იდენტიფიცირებას ახდენს.

სხვა თემები