05 ოქტომბერი 2019 - 22:55

სისხლის გადასხმა დონორის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა?

სისხლის გადასხმა

ფოტო: Shutterstock.com

სისხლის დონაციასთან ბევრი მცდარი შეხედულებაა დაკავშირებული. შესაძლოა, სწორედ მსგავსი მოსაზრებები უშლის ხელს ბევრ ადამიანს ამ პროცესში ჩაერთოს. არადა, დონორი ძალიან ბევრ პაციენტს (ტრავმის, ონკოლოგიური თუ ჰემატოლოგიური ან სხვა სახის დაავადების შემთხვევაში) სჭირდება. სისხლის გადასხმის სრულყოფილი ალტერნატივა კი მედიცინაში ჯერჯერობით არ არსებობს.

შეიძლება სისხლი კონკრეტული ადამიანისთვის ჩავაბარო? 

კი, მაგრამ ყოველთვის არა. სისხლი შეგიძლიათ ჩააბაროთ როგორც კონკრეტული პაციენტისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ის სჭირდება.  სისხლის გადასხმის ცენტრებში, როგორც წესი, სისხლს კონკრეტული ადრესატის გარეშე აბარებენ. სწორედ აქედან მიდის ის სხვადასხვა საავადმყოფოში ან გარკვეული პრეპარატის (მაგალითად, ჰემოფილიის მქონე ადამიანების სამკურნალო წამალი) დასამზადებლად. კონკრეტული ადამიანისთვის კი სისხლს, როგორც წესი, იმ სამედიცინო დაწესებულებაში აბარებენ, სადაც პაციენტი იმყოფება.

კონკრეტული ადამიანისთვის სისხლს მაშინ აბარებენ, როცა საქმე ეხება სისხლის ისეთ კომპონენტს, როგორიცაა გრანულოციტები. ის ლეიკოციტების ნაირსახეობაა. ეს არის სისხლის უჯრედი, რომელიც ორგანიზმს ინფექციისგან იცავს. დონორის გრანულოციტებს ძალიან იშვიათად იბარებენ. მაგალითად, ეს ხდება ქიმიოთერაპიის კურსის ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ. ამ შემთხვევაში პაციენტებს სისხლის უჯრედების გამომუშავება ეზღუდებათ, ორგანიზმის იმუნური სისტემა ვერ მუშაობს, წამალი კი ინფექციას ვერ უმკლავდება. სწორედ ასეთ დროს დონორის გრანულოციტები ძალიან გამოსადეგია. ყველაზე მთავარი გრანულოციტების შემთხვევაში არის სისტემატურობა. გრანულოციტების წინასწარ ჩაბარება შეუძლებელია, რადგან ისინი მხოლოდ რამდენიმე საათს ცოცხლობენ: პაციენტს ის ჩაბარებიდან მალევე უნდა გადაუსხან.

 ინფექცია თუ მაქვს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი, ვინმეს დავაზიანებ? 

ეს შესაძლებელია, მაგრამ ექიმები ასეთი რისკის ნულამდე დაყვანას ცდილობენ.

- დონორის სისხლს იკვლევენ სიფილისის პათოგენებზე, აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე;

- ექიმები სხვა ანალიზების შედეგებსაც აკვირდებიან. მაგალითად, სისხლი შეიძლება არ ჩაიბარონ, თუ მის ბიოქიმიურ ანალიზში ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების ეჭვი გაჩნდა;

- სისხლის ჩაბარებამდე დონორი ავსებს ანკეტას, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, ჰქონდა თუ არა მას ბოლო თვეებში ამა თუ იმ დაავადების რისკი, რომელიც შეიძლება პაციენტისთვის საშიში იყოს. ამ რისკფაქტორებს განეკუთვნება ბოლო პერიოდში გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია ან სვირინგი (ტატუ), დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტი და სხვ;

- ექიმები დონორის პლაზმას ნახევარი წლით კარანტინზე გზავნიან. აივ ინფექციის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, შეიძლება რამდენიმე თვე გავიდეს მანამ, სანამ ტესტი სისხლში ამ ვირუსის ანტისხეულებს დააფიქსირებს. ამ მომენტამდე სტანდარტული ანალიზი აივ ინფექციის ანტისხეულებზე უარყოფით შედეგს (ეგრეთ წოდებული სერონეგატიური ფანჯარა) იძლევა. ანალოგიური სიტუაცია ვირუსული ჰეპატიტების შემთხვევაშიც. ამის შემდეგ დონორს ინფექციებზე ისევ ამოწმებენ. თუ ისინი არ დაფიქსირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ჩაბარების მომენტში ადამიანი ეგრეთ წოდებულ სერონეგატიურ ფანჯარაში არ იმყოფებოდა. ამიტომ ძველ პლაზმას იყენებენ;

- სისტემატურად ინერგება საიმედო მეთოდები, რომლებიც დონორის სისხლის კომპონენტებში ვირუსის განადგურებისკენ არის მიმართული. 

ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი 100%-იან გარანტიას მაინც არ იძლევა. გარდა ამისა, კარანტინში შენახვა მორიგი გადამოწმებისთვის ხანგრძლივი პერიოდით, მხოლოდ პლაზმის შემთხვევაში არის შესაძლებელი. ეს არ ეხება სისხლის სხვა კომპონენტებს. სწორედ ამიტომ ექიმები ცდილობენ, დონორის სისხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიბარონ, როდესაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ტერაქტებისა თუ კატასტროფების შემდეგ სისხლის ჩაბარებას აზრი მართლაც არ აქვს?

აზრი ნამდვილად აქვს, თუ სისხლის ჩაბარების მსურველები ადგილობრივი სისხლის ცენტრების ინფორმაციას დაეყრდნობიან. ისინი აწვდიან მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, კონკრეტული დროისთვის რამდენი დონორია საჭირო. პრობლემას ის ქმნის, რომ სისხლის მიღება უფრო მოსახერხებელია მაშინ, თუ ყველა დონორი ერთდროულად არ მივა. უმჯობესია, სისხლი რეგულარულად ჩააბაროთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ეს ქმედება ერთჯერადი იქნება, 3 წლის შემდეგ კარანტინში მყოფ თქვენს პლაზმას გადააგდებენ. და ბოლოს, ტერაქტების ან კატასტროფების დროს შეიძლება სამედიცინო პერსონალი სისხლის ჩაბარების მსურველთა ნაკადს შექმნილი აჟიოტაჟის გამო ვერ გაუმკლავდეს.

მე უნივერსალური დონორი ვარ. სისხლი აუცილებლად უნდა ჩავაბარო? 

არა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ოდესღაც უნივერსალურ დონორს უწოდებდნენ ადამიანს, რომელსაც პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი ან რეზუს-უარყოფითი ჰქონდა. ასეთი პაციენტის ერითროციტები (სიხლის წითელი უჯრედები) მართლა შეიძლება ნებისმიერ რეციპიენტს გადაუსხან და მაშინ, როდესაც დონორის სისხლი დეფიციტი იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. 

დღეს უკვე უნივერსალური დონორის გაგება ბევრი თვალსაზრისით მოძველდა. პირველ რიგში, დღეისათვის სისხლის კომპონენტების გადასხმა პრაქტიკულად ჯგუფების მიხედვით ხდება, ასევე ანალიზი ტარდება დამატებით შეთავსებაზე. მეორე მხრივ, დონორის უნივერსალურობა სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით განსხვავებულია. თუ საჭიროა არა ერითროციტების, არამედ პლაზმის გადასხმა, მაშინ სისხლის პირველი ჯგუფის მქონე დონორი მხოლოდ ამავე ჯგუფის სისხლის მქონე რეციპიენტისთვის არის გამოსადეგი, ამ შემთხვევაში სისხლის მეოთხე ჯგუფის მქონე დონორები იქნებიან უნივერსალურები. 

არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები (მაგალითად, ექსტრემალური მოცემულობა, რომლის დროსაც ყველაფრის სწორად კეთების შესაძლებლობა არ არსებობს), როდესაც საჭიროა კონკერტულად პირველი ჯგუფის ან რეზუს უარყოფითის მქონე დონორი. საბოლოოდ კი, ეს დონორები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა დანარჩენი.

რომელი ჯგუფის სისხლია ყველაზე დეფიციტური? 

ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. თუ სისხლის ჯგუფი ძალიან გავრცელებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პაციენტებიც საკმაოდ ბევრნი არიან და მათ, რა თქმა უნდა, დონორები სჭირდებათ. თუ სისხლის ჯგუფი იშვიათია, პაციენტი ცოტაა, მაგრამ არც დონორია ბევრი და მათი პოვნა არც ისე ადვილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისხლის ნებისმიერი ჯგუფის მქონე დონორი ძალიან მნიშვნელოვანია.

სისხლის ჩაბარება დონორის ჯანმრთელობაზე როგორ აისახება? 

ზოგადად, სისხლის ჩაბარება უსაფრთხოა. პირველ რიგში, სისხლის ის რაოდენობა, რომელსაც დონაციის დროს აბარებთ, ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის კრიტიკული არ არის და ის შედარებით სწრაფად აღდგება (პლაზმა 24 საათის განმავლობაში, ერითროციტები კი - 4-6 კვირაში). მეორე მხრივ, სისხლის ჩაბარებამდე დონორს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. თუ ექიმმა მიიჩნია, რომ სისხლის გადასხმა დონორისთვის ზიანის მომტანია, მაშინ მას სისხლს აღარ ჩააბარებინებენ. თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება რკინადეფიციტური ანემია განვითარდეს

არსებობს გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ დონორებს ზოგიერთი დაავადება იშვიათად უვითარდებათ. მაგალითად, ასეთია გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ზოგი ამას იმით ხსნის, რომ დონორობა სასარგებლოა. თუმცა მეცნიერები ამაში დარწმუნებულები ნამდვილად არ არიან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დონორად ისედაც ჯანმრთელ ადამიანებს იყვანენ.

სვირინგი მაქვს. შემიძლია სისხლი ჩავაბარო?

სვირინგი, ისევე როგორც პირსინგი, არ არის სისხლის დონორობაზე სამუდამოდ უარის თქმის მიზეზი. თუმცა 1 წელი ლოდინი ნამდვილად მოგიწევთ, რადგან არავის აქვს გარანტია, რომ თქვენ სვირინგის გაკეთებისას არ დაინფიცირდით და ამ ინფექციას რეციპიენტს არ გადასდებთ. ეს შეზღუდვა დასავლეთის ქვეყნებშიც მოქმედებს, თუმცა ვადები განსხვავებულია. ზოგ ქვეყანაში დონაციაზე უარი შეიძლება 1 წლით გითხრან, სხვაგან კი - ნაკლები დროით. 

დონაციაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზია მენსტრუაცია - ეს თავად დონორის დაცვის მიზნით კეთდება. ამ დროს ჰემოგლობინის დონე ისედაც იკლებს, ზოგიერთი ქალის შემთხვევაში კი - საკმაოდ მკვეთრად. თუმცა ბევრ ქვეყანაში ეს უკუჩვენებების ჩამონათვალში შეტანილი არც არის. ჰემოგლობინის დონეს ნებისმიერ შემთხვევაში ზომავენ და თუ ის ნორმაზე დაბალია, ექიმი სისხლის ჩაბარების უფლებას მაინც არ იძლევა. ასევე სისხლის გადასხმამდე აუცილებელია ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს და არ არის სასურველი, რომ ახლო საათებში ტკივილგამაყუჩებელი ჰქონდეს მიღებული.

არსებობს მოსაზრება, რომ ახლომხედველობის შემთხვევაში სისხლის ჩაბარება თვალის ბადურის ჩამოშლის რისკს ზრდის. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს საფრთხე გაზვიადებული იყოს. ყოველ შემთხვევაში არ არსებობს სამეცნიერო დასკვნა, რომელიც ასეთი რისკის არსებობას დაადასტურებდა.

რატომ უნდა გადაწყვიტო „მშვიდობიან“ დროს სისხლის ჩაბარება? 

ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება, იქნება ეს მარტივი თუ რთული რამ, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. დონორების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სისხლის ჩაბარება ძალიან კარგად გადააქვს. ის არ არის დაკავშირებული არც ინფიცირების საფრთხესთან, არც რაიმე გრძელვადიან შედეგთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და არც ტკივილის სერიოზულ შეგრძნებებთან. 

თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ და გინდათ სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, უმჯობესია სისხლის გადასხმის ცენტრში მიხვიდეთ მეგობართან ერთად, რომელსაც ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს. შეგიძლიათ თქვენს თანამშრომლებთან ან კურსელებთან ერთად დონაციის გასვლით აქციაში მიიღოთ მონაწილეობა. 
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დონორობა ფსიქოლოგიური მიზეზის გამო არ შეუძლიათ: ზოგს სისხლის დანახვაზე გული მისდის, ვიღაც ვენაში ნემსის გაკეთებას ვერ იტანს და სხვ. თუმცა ასეთი ადამიანი არც ისე ბევრია. გარდა ამისა, თქვენ გიჩნდებათ კარგ საქმეში თანამონაწილეობის განცდა.

სისხლის ჩაბარება ფასიანია?

სისხლის ჩაბარება შეგიძლიათ როგორც უანგაროდ, ასევე ანაზღაურებითაც. არაკომერციული ორგანიზაციები სწორედ პირველი ტიპის დონაციის განვითარებას ცდილობენ, რადგან ფასიან დონორებს სისხლის ხარისხის საშუალო მაჩვენებელი შედარებით დაბალი აქვთ, ვიდრე უანგარო დონორებს. ეს გასაგებიც არის, რადგან ანაზღაურებადი დონორები სისხლის გადასხმას ფულის გამომუშავების საშუალებად განიხილავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ საკითხს ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ხანდახან მუდმივ თუ დროებით უკუჩვენებებზე დუმილს ამჯობინებენ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ფასიან დონორებს აღმოუჩენენ ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის ჰეპატიტებსა და აივ ინფექციასაც კი.

როგორია სისხლის დონაციის მაჩვენებელი საქართველოში?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება. თითო პაციენტზე კი საშუალოდ 4 ერთეული სისხლი იხარჯება. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 85%-ს 75 წლამდე სისხლის გადასხმა ერთხელ მაინც უწევს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 და 2009 წლებში საქართველოში სისხლის სისტემა შეაფასა. 2005 წლის ანგარიშის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში დონაციის მაჩვენებელი 4,3 მილიონ მოსახლეზე 30 000-ს შეადგენდა. აქედან 70% ფასიანი დონორები იყვნენ, დანარჩენი 30% კი - ძირითადად, ნათესავი დონორები, მხოლოდ 1-2%-ს შეადგენდნენ უანგარო დონორები. ამავე ორგანიზაციის 2009 წლის მონაცემებით კი, დონაციის საშუალო მაჩვენებელი 40 000 იყო. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2005-2009 წლებში უანგარო დონორთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, 1%-დან 3 %-მდე გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2012 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნებოდა როგორც სისხლის კომპონენტების წარმოების (დოზა/ერთეული), ასევე სისხლის დონაციის რაოდენობის მკვეთრი ზრდა. დონაციათა საშუალო რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში 55 000-ს აღემატებოდა.

2018 წლისთვის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში 15 სისხლის ბანკი იყო ჩართული. ამ თანამშრომლობის საფუძველზე, 2011-2017 წლებში უანგარო დონაციის მაჩვენებელი 8.7 %-დან 28 %-მდე გაიზარდა.

ვის შეუძლია საქართველოში სისხლის ჩაბარება და ვის - არა?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, იმისათვის, რომ სისხლი ჩააბაროთ, უნდა იყოთ, სულ ცოტა, 18 წლის და 65 წელს არ აღემატებოდეთ. დონორის მინიმალური წონა 50 კილოგრამია. სისხლის ჩაბარებისას თავს კარგად უნდა გრძნობდეთ, იყოთ ნასაუზმევი და დონაციის აქციაში ჩართვამდე 0.5 ლიტრამდე უალკოჰოლო სითხე უნდა მიიღოთ.

სისხლს ვერ ჩააბარებთ, იმ შემთხვევაში თუ:

- ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ საინექციო ნარკოტიკული საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე;

- გადატანილი გაქვთ ჰეპატიტი B ან C, აივ ინფექცია/შიდსი ან სიფილისი;

ასევე ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

- გადატანილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
- გქონიათ სქესობრივი კავშირი ვინმესთან, ვისაც ჰქონდა B ან C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი;
- გაკეთებული გაქვთ ტატუ, პირსინგი, აკუპუნქტურა;
- გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
- გაკეთებული გაქვთ ნემსი ექიმის დანიშნულების გარეშე;
- გქონიათ კონტაქტი ვინმეს სისხლთან;
- გქონიათ სქესობრივი კავშირი ფულის ან ნარკოტიკის სანაცვლოდ.

ბოლო 3 თვის განმავლობაში:

- გაგიკეთებიათ მანიკური ან პედიკური სილამაზის სალონში (საერთო ინსტრუმენტებით);
- ჩაგიტარებიათ სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია (კბილის ამოღება);
- ხმარობთ საერთო ჰიგიენურ საშუალებებს (საპარსი, კბილის ჯაგრისი);

სისხლის გადასხმა არ შეუძლია ქალს, რომელსაც ბოლო 3 თვის განმავლობაში აბორტი აქვს გაკეთებული, ახლა არის ორსულად ან ბოლო 3 თვის განმავლობაში იყო.

სხვა თემები