16 ოქტომბერი 2019 - 18:00

ალტერნატიული მედიცინა სანდოა? ვინ არიან ოსტეოპათები და ქიროპრაქტიკოსები?

ალტერნატიული მედიცინა

ფოტო: Shutterstock.com

ოსტეოპათია და ქიროპრაქტიკა ალტერნატიული მედიცინის მიმართულებებია. ოსტეოპათები და ქიროპრაქტიკოსები მანიპულაციებს ხელებით ატარებენ, რაც სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას ისახავს მიზნად. ოსტეოპათიის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაავადებების უმრავლესობა საერთო სისუსტით, კუნთებისა და სახსრების ძლიერი დაძაბულობითა და დაჭიმულობით არის გამოწვეული. გარკვეული მანიპულაციებით კი ამის გამოსწორება შესაძლებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ამა თუ იმ დაავადებას დამოუკიდებლად, მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე გაუმკლავდეს.

განსხვავდება თუ არა ოსტეოპათია და ქიროპრაქტიკა მანუალური თერაპიისგან? 

ქიროპრაქტიკის მთავარი იდეა ის არის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად ხერხემლის მალების ამოვარდნით არის გამოწვეული. თუ მკვეთრი მოძრაობით მათ კუთვნილ ადგილზე დავაბრუნებთ, ადამიანი სხვა ექიმის დახმარების გარეშე განიკურნება. ოსტეოპათებსა და ქიროპრაქტიკოსებს არა მხოლოდ ამ ტექნიკის გამოყენება შეუძლიათ, არამედ ისინი დიეტის მეთოდს ან ელექტროსტიმულაციის კურსსაც მიმართავენ.

მანუალური თერაპია გაცილებით ფართო ცნებაა. ეს არის ხელების დახმარებით ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რომლის მიზანიც არის მისი გამოჯანმრთელება ან უბრალოდ ტკივილის შემსუბუქება. თუმცა მანუალურ თერაპევტებს უწოდებენ საკუთარ თავს ის ადამიანებიც, რომლებიც დიაგნოზს არ სვამენ. ისინი ზურგის ან კისრის არეში ტკივილების მოსახსნელად მასაჟს აკეთებენ და საამისოდ თავიანთი ხრიკები აქვთ. ამასთან, მანუალური თერაპევტები სულაც არ მიიჩნევენ, რომ ამით ოსტეოპათიურ დისფუნქციას მკურნალობენ.

აქვს თუ არა ოსტეოპათიას შედეგი?

შესაძლოა ჰქონდეს. ჯერჯერობით მხოლოდ იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ოსტეოპათიას წელის არეში ტკივილების (ეს ტკივილები 3 თვეზე მეტხანს უნდა გრძელდებოდეს) შემსუბუქება შეუძლია. ოსტეოპათიის მთავარ თეორიას არანაირი საფუძველი არ აქვს. ის 1874 წელს ენდრიუ სტილმა საკუთარი მსოფლხედველობის საფუძველზე შექმნა. იმ დროს სიფილისს ვერცხლისწყლით მკურნალობდნენ, ამიტომაც ოსტეოპათია პოპულარული მალევე გახდა. სწორედ ამავე მიზეზით გავრცელდა ჰომეოპათიაც. 

დღეისათვის ოსტეოპათიაში ბევრი სხვადასხვა მიმართულება არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ისინი უჯრედების ცნობიერებასთან აწარმოებენ დიალოგს. პოპულარული კრანიოსეკრალური თერაპიაც (როდესაც თერაპევტი „თავის ქალის ძვლების რიტმს ათანაბრებს“) ოსტეოპათიას მიეკუთვნება.

ოსტეოპათების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაფერს თავისი მტკიცებულება აქვს და ამიტომაც ისინი მუშაობენ ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პრობლემები აქვთ. თუ ადამიანს აღენიშნება ასთმა, მიოპია, ალერგია ან სხვა დაავადება, რომელიც ძვლებსა და კუნთებთან არ არის დაკავშირებული, მას შესაბამის სპეციალისტთან უშვებენ.

ქიროპრაქტიკა რაღაა?

ქიროპრაქტიკის შინაარსობრვი დატვირთვაც დაახლოებით ანალოგიურია. ეს მეთოდი დენიელ პალმერმა 1895 წელს გამოიგონა. მისი ფუძემდებლური თეორია დადასტურებული არ არის. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქიროპრაქტიკის ეფექტიანობა წელის არეში მხოლოდ სამი ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში დასტურდება. სწორედ ამიტომ ქიროპრაქტიკოსები ჯგუფებად დაიყვნენ. ერთი ნაწილი ერექტილური დისფუნქციისა და დემენციის მკურნალობას ხერხემლის დამუშავებით (მათ პირდაპირ ქიროპრაქტიკოსებს უწოდებენ) განაგრძობს, სხვები კი თავიანთ საქმიანობაში ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის დაავადებებით შემოიფარგლებიან (მათ შერეულ ქიროპრაქტიკოსებს უწოდებენ). თუმცა ქიროპრაქტიკის მთავარი პრობლემა ეს დიფერენციაცია კი არ არის, არამედ ის, რომ მას ადამიანსთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

რა ზიანის მიყენება შეუძლია ქიროპრაქტიკას?  

კვლევებით დადასტურებულია, რომ  ქიროპრაქტოსებთან ვიზიტის შემდეგ ადამიანებს ზოგჯერ ინსულტი ემართებათ. ეს იმიტომ ხდება, რომ მთავარი არტერია, რომელიც ტვინში მიდის, კისრის მკვეთრი მანიპულაციების (ასეთ მეთოდს ხშირად ოსტეოპათებიც მიმართავენ) შედეგად ზიანდება. ეს არც თუ ისე ხშირი მოვლენაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქიროპრაქტიკოსებთან მკურნალობის კურსი ხანგრძლივია, რაც რისკს საგრძნობლად ზრდის.  

გარდა ამისა, ქიროპრაქტიკოსებს ხშირად სჭირდებათ რენტგენოგრაფია, თანამედროვე მედიცინა კი შემდეგ პრინციპს მისდევს: რაც ნაკლებია დასხივება, მით უკეთესია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევა არ ჩატარდეს და ეს გამოჯანმრთელების პროცესზე უარყოფითად არ იმოქმედებს, მისი ჩატარება საჭირო არ არის.

აქვს თუ არა ალტერნატიულ მედიცინას პირდაპირი უკუჩვენება? 

დიახ. ქიროპრაქტიკოსთან ნამდვილად არ უნდა მიხვიდეთ, თუ თქვენ მძიმე ოსტეოპოროზი, ძვლების კიბო, მოტეხილობა, ცუდად ნამკურნალევი ართრიტი ან დიაბეტური ნეიროპათია გაქვთ. ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, თუ თქვენ ანტიკოაგულანტებს იღებთ. 

ოსტეოპათიით მკურნალობაც არ შეიძლება, თუ თქვენ ართრიტი, მოტეხილობა, ონკოლოგიური დაავადება, ინფექცია ან გაფანტული სკლეროზი გაქვთ. იგივე წესი ვრცელდება, თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, ანტიკოაგულანტებს იღებთ ან ქიმიოთერაპიის კურსს იტარებთ.

მაშ, როდის დავიწყო მკურნალობა? 

თუ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელიც კუნთებს ან სახსრებს ეხება, თერაპევტს ან შესაბამისი პროფილის სპეციალისტს უნდა მიმართოთ. თუ თქვენ ზურგის არეში ქრონიკული ტკივილი გაქვთ, უმჯობესია, თავდაპირველად ნევროლოგთან მიხვიდეთ, რათა რაიმე სერიოზული გამორიცხოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ოსტეოპათს, ქიროპრაქტიკოს ან მანუალურ თერაპევტს მიმართოთ. აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ თითოეულმა მათგანმა, სასურველია, საკუთარ მეთოდებზე დაწესებული შეზღუდვები კარგად იცოდეს. თუმცა პაციენტებისთვის მიცემულ რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ასეთ მანიპულაციებს გაცილებით იაფფასიანი ალტერნატივა აქვს. მაგალითად, უბრალო ტკივილგამაყუჩებლები.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ მკურნალობისას მხოლოდ ოსტეოპათიით ან ქიროპრაქტიკით დაკმაყოფილება სწორი არ არის. ამ ყველაფრის პარალელურად დამატებით უნდა აკეთოთ სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში, რასაც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ.

ოსტეოპათიის შედეგად ზურგის არეში ტკივილები მომეხსნა. ახლა მასზე უარი უნდა ვთქვა?

ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მეცნიერული თვალსაზრისით, ოსტეოპათებისა და ქიროპრაქტიკოსების ეფექტიანობა მხოლოდ წელის არეში რამდნიმე სახის ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში არის დადასტურებული. თუ თქვენ არატრადიციული მეთოდების გჯერათ და მზად ხართ, ამაში ფული დახარჯოთ, ოსტეოპათებსა და ქიროპრაქტიკოსებთან სიარულს ვერავინ აგიკრძალავთ. მხოლოდ ის გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში მკურნალობის საჭირო და შესაბამის კურსს თუ არ ჩაიტარებთ, ამან თქვენი მდგომარეობა შესაძლოა სერიოზულად გაართულოს.

სხვა თემები