17 ოქტომბერი 2019 - 23:00

თურქეთი სირიაში შეიჭრა, მაგრამ უშედეგოდ. რა შეცდომები დაუშვა ერდოღანმა?

ომი სირიაში

ფოტო: Shutterstock.com

17 ოქტომბერს მაიკ პენსის ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-მა განაცხადა, რომ ანკარა დროებით შეწყვეტს ცეცხლს სირიის ჩრდილოეთით. მაგრამ თურქეთის შეტევა ქურთულ რაზმებზე უკვე მანამდე შევიდა ჩიხში. 9 ოქტომბრიდან, ოპერაციის დღიდან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თითქოს ყველაფერი გააკეთა „ჰიბრიდული ომების“ წარმოების თანამედროვე წესების დაცვით: თავისი არმიის წინ დაძრა სირიული „პროქსი“ (არარეგულარული სამხედრო ფორმირებები) - ისლამისტური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაზმები - და მოელაპარაკა ქურთების მოკავშირე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ის გაიყვანდა რეგიონიდან თავის ძალებს და არ შეეწინააღმდეგებოდა ინტერვენციას. თუმცა რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ ერდოღანი დამარცხდა. აშშ-ის ნაცვლად ქურთების დაცვა დაიწყეს სირიის და რუსეთის არმიებმა. აშშ-ი და დასავლეთის სხვა ქვეყნები ინტერვენციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდნენ და თურქეთს სანქციები დაუწესეს. ქურთული რაზმები არ განადგურდა და (ჯერჯერობით) სირიის ხელისუფლებას ისინი არ გააუუქმებია - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქულმა ოპერაციამ ვერცერთ მიზანს მიაღწია. სპეციალისტები ასახელებენ 4 მთავარ შეცდომას, რომელიც ერდოღანმა „ჰიბრიდული ომების“ თეორიის და პრაქტიკის თვალსაზრისით დაუშვა.

#1 არ გაითვალისწინა აშშ-ის და რუსეთის რეალური ინტერესები

თანამედროვე „ჰიბრიდულ ომებში“ მუდმივი მოკავშირეები არ არსებობენ.

2015 წლის შემოდგომაზე რუსეთი და თურქეთი მტრებად იქცნენ. მაშინ სირიის არმია რუსული ავიაციის დახმარებით თურქეთის საზღვართან, ლატაკიის მთებში უტევდა პროთურქულ მებრძოლებს, რომელთა აღჭურვასა და წვრთნაზე ანკარამ დიდი რესურსი დახარჯა. 2015 წლის 24 ნოემბერს, თურქულმა გამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. პასუხად მოსკოვმა სანქციები აამოქმედა და თურქეთისგან ოფიციალურად ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მტკივნეული სანქციები თურქულ ეკონომიკაში მძიმე კრიზისს დაემთხვა.

საბოლოოდ, 2016 წლის ივნისში ერდოღანმა პუტინს ბოდიში მოუხადა, რუსეთმა სანქციები გააუქმა და ქვეყნები მეგობრულ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ, რათა სირიისა და მთელი რეგიონის ბედი გადაეწყვიტათ. წინააღმდეგობების თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოები ვაჭრობდნენ: თურქეთი ზოგჯერ თანხმდებოდა მის დაქვემდებარებაში მყოფი სირიული ოპოზიციური ძალების დროებით გაყვანაზე რაიონებიდან, სადაც დამასკო და მოსკოვი მორიგ იერიშს გეგმავდნენ; სანაცვლოდ, თურქეთს სირიაში ოპერაციის ჩატარების უფლება ჰქონდა. ამგვარად, თურქულმა არმიამ, სირიელ ისლამისტებთან ერთად 2016-17 წლებში გააძევა სასაზღვრო რაიონებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, შემდეგ კი ქურთული კანტონი აფრინი დაიპყრო.

და მაინც, რეალურად, მათი პოზიციები არ შეცვლილა. რუსეთი ითხოვდა სირიის მთელ ტერიტორიაზე დამასკოს ძალაუფლების აღდგენას, თურქეთი კი ბაშარ ასადს არალეგიტიმურ მმართველად მიიჩნევდა და მოითხოვდა სირიის საქმეებში ჩარევის უფლებას.  

ბოლო წლებში, დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარებას ერდოღანი პირადად დონალდ ტრამპთან დიალოგით ცდილობდა. ის დიდხანს ცდილობდა იმის მიღწევას, რომ ტრამპს შეეწყვიტა ქურთებთან მოკავშირეული ურთიერთობები. 2019 წლის ზამთრამდე ეს შეუძლებელი იყო: აშშ-ი ქურთებთან ერთად მდინარე ევფრატის დაბლობში „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებს ებრძოდა. თებერვალში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო კერა განადგურდა, ამერიკელებს და ქურთებს ტყვედ ჩაუვარდათ ასობით მებრძოლი. ამის შემდეგ ამერიკელების მიზანი სირიაში იყო ასადის, რუსეთისა და ირანისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომლებსაც სირიის აღმოსავლეთზე კონტროლის მოპოვება სურდათ. ამ მიზანს იზიარებდნენ ტრამპის მრჩევლები და სამხედროები, მაგრამ თავად პრეზიდენტი - არა: მას „ჯარისკაცების სახლში დაბრუნება“ და ამერიკის „სხვისი ომებიდან“ გაყვანა სურდა.

ამერიკელი დიპლომატები და სამხედროები ერდოღანს კომპრომისს სთავაზობდნენ: ერთობლივ პატრულირებას სირია-თურქეთის საზღვარზე „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლების შესაძლო თავდასხმების წინააღმდეგ. თუმცა იდეა ჩავარდა. ერდოღანი უკმაყოფილო იყო, რომ აშშ თავის „პროქსებად“ ქურთებს იყენებდა, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში „ქურთების მუშათა პარტიის“ ლიდერის, აბდულა ოჯალანის პორტრეტებს კიდებდნენ. თურქეთის პრეზიდენტი ქურთული რაზმების სრულ ლიკვიდაციას მოითხოვდა.      

2019 წლის ოქტომბერში, ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, დაეთანხმა ერდოღანს და ჯარების გაყვანის პირობა მისცა. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ დასავლელი პოლიტიკოსების და საზოგადოების უმრავლესობა აღაშფოთა, მათ შორის ტრამპის უახლოესი მრჩევლებიც. მათ სირიელი ქურთების ტერორისტებად გამოცხადებაზე უარი თქვეს. 15 ოქტომბერს სირიელი ქურთების ლიდერ მაზლუმ აბდისთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა თქვა, რომ „ახლა ჩემ გარშემო დგანან ადამიანები, რომლებსაც თქვენ [ქურთები] უფრო უყვარხართ, ვიდრე საკუთარი სამშობლო“. 

საბოლოო ჯამში, თურქეთი დამარცხდა „ჰიბრიდული ომის“ დიპლომატიურ და მედიურ ფრონტებზე და იზოლაციაში აღმოჩნდა. მეტიც, მან მტრის წისქვილზე დაასხა წყალი: ამერიკული არმიის გაყვანა ასადისა და პუტინისთვის საჩუქარი აღმოჩნდა, რომლებსაც ეს ჯარები ხელს უშლიდნენ „სირიის სუვერენიტეტის აღდგენაში“. დამასკოს და მოსკოვს შეუძლიათ, დიდი ძალისხმევის გარეშე ქვეყნის ტერიტორიის კიდევ დაახლოებით მესამედის დაკავება, ანუ თითქმის მთელი სირიის.

#2 თურქეთმა ვერ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ სირიაში ოპერაციის უფლება აქვს

ანკარა ინტერვენციის უფლებას 1998 წლის ადანის შეთანხმებით ამართლებს. ამ თურქულ-სირიული შეთანხმების მიხედვით, დამასკო ვალდებულია თავის ტერიტორიაზე ებრძოლოს ქურთ ტერორისტებს. თუ სირია ამას არ გააკეთებდა, თურქეთი იძენდა უფლებას დამოუკიდებლად მიეტანა იერიში მებრძოლებზე საზღვრის მეორე მხარეს.

ბოლო დრომდე მოსკოვი ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი - სირიას და თურქეთს შორის ურთიერთობების საფუძველია. თუმცა ახლა ეს შეთანხმება ანკარასთვის შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს. დამასკოს, მოსკოვს და ქურთებს შორის შეთანხმების დეტალები ნამდვილად უცნობია, თუმცა გავრცელებული ხმების თანახმად, ქურთები შეინარჩუნებენ ავტონომიას, მაგრამ მათი სამხედრო ფორმირებები დაკარგავენ დამოუკიდებლობას და შევლენ რუსეთის მიერ შექმნილ სირიული არმიის მე-5 კორპუსში. ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთი დაკარგავს ინტერვენციისთვის ფორმალურ საბაბს, მაგრამ პრინციპულად ვერ გადაწყვეტს „ქურთულ თემას“.

დასავლეთისთვის ადანის შეთანხმება არგუმენტი არ არის. ამერიკასა და ევროპაში იზიარებენ იმ აზრს, რომ ქურთები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დასავლეთის მოკავშირეები და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხია. ერდოღანის არგუმენტის, რომ თურქული არმია ებრძვის არმხოლოდ ქურთებს, არამედ „ისლამურ სახელმწიფოსაც“, არავის სჯერა. მეტიც, აშშ-ი პირდაპირ ადანაშაულებს თურქეთს იმაში, ის მხარს უჭერდა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, როდესაც ისინი თავს ესხმოდნენ ქურთებს.

ამგვარად, თურქეთმა ოდნავადაც ვერ დაუსაბუთა მსოფლიოს თავისი ქმედებების სისწორე სირიაში.

#3 თურქეთმა მოკავშირეებად აირჩია „პროქსი“ ძალები, რომლებმაც მისი რეპუტაცია შელახეს

ბევრი სირიელი ისლამისტი, რომელიც თურქეთის მხარეს იბრძვის, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აშშ-ის მხარდაჭერით ასადის რეჟიმს ებრძოდა. ისინი იღებდნენ ამერიკულ იარაღს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW-2, რომლითაც არაერთხელ შეუჩერებიათ სირიის არმიის იერიშები. ახლა ამერიკელი ჩინოსნები მათ უწოდებენ „ბანდიტებს და მეკობრეებს, რომლებიც უნდა განადგურდნენ“. სხვა ისლამისტებს ისინი გამყიდველებად მიაჩნიათ, რომლებმაც ასადთან ბრძოლაზე უარი თქვეს და თურქულ ფულზე გაიყიდნენ.

სირიელ ისლამისტებს საკუთარი არმია ანკარამ შეუქმნა თურქეთის მოსაზღვრე ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიების დასაპყრობად. ზუსტად იმავე დროს იმავე ტერიტორიას ამერიკელების მხარდაჭერით ქურთული რაზმები უტევდნენ. 2016 წელს ქალაქ ალ-ბაბის შემოგარენში მსოფლიოს ისტორიაში უნიკალური„სამმხრივი“ ბრძოლა გაჩაღდა: ქურთული რაზმები, თურქული არმია და მისი „პროქსი“, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“  ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში ანადგურებდნენ ერთმანეთს. მაშინ დაახლოებით 2500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, არანაკლებ 400 მშვიდობიანი მცხოვრები.

თურქეთმა ალ-ბაბი დაიკავა, შემდეგ კი თავისი „პროქსი“ ქურთული კანტონის, აფრინის წინააღმდეგ 2018 წელს გამოიყენა. როდესაც კანტონი დაიკავეს, პროთურქი ისლამისტები ქურთების გენოციდში, ძალადობაში, მოროდიორობასა და ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულეს. ბევრი ქურთის სახლში, რომელმაც აფრინი მიატოვა, დღეს არაბები (სირიის სხვა რაიონებიდან დევნილები და „პროთურქული ოპოზიციის“ მებრძოლთა ნათესავები) ცხოვრობენ. დასავლეთში ქურთების მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ანალოგიური ბედი ელის სხვა ქურთულ კანტონებსაც, თუკი მათ პროთურქი ისლამისტები დაიპყრობენ. ეს მიმდინარე ოპერაციის დროსაც დადასტურდა: 12 ოქტომბერს ისლამისტებმა ხელში ჩაიგდეს რამდენიმე მანქანა, რომელშიც ქურთი ჩინოსნები ისხდნენ და უმალ დახვრტეს ისინი, ამასთან სიკვდილით დასჯის ვიდოც გადაიღეს.

„პროქსის“ მოქმედებების გამო რეპუტაციული ზიანი მიადგა „ჰიბრიდული ომების“ არაერთ თანამედროვე მონაწილეს, მაგალითად რუსეთს დონბასში და აშშ-ის სირიაში - ქურთებს ბრალს სდებდნენ არამხოლოდ ტერორიზმის წაქეზებაში, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში ევფრატის დაბლობის ქალაქებში, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ნათესავების განადგურებაში.

თუმცა პროთურქი ისლამისტები იმით გამოირჩევიან, რომ ისინი ანკარას ოპერაციებში თვიანთი მონაწილეობის დასაბუთებას არც ცდილობენ რაიმე იდოლოგიური მოტივებით: ისინი არ იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, არ იცავენ „თანამემამულეებს“ ამბოხებულ რეგიონებში, არ ეომებიან (2016 წლიდან) „ისლამურ სახელმწიფოს“. დასავლეთში დარწმუნებულები არიან, რომ ყველა მათგანს ამოძრავებს - ფული, სხვისი მიწის დაპყრობის სურვილი და სიძულვილი „ურწმუნოების“ მიმართ.

#4 თურქეთმა წამოიწყო ძალიან ხანგრძლივი ოპერაცია, ძალიან ამბიციური მიზნებით

ოფიციალურად, ოპერაციის საბოლოო მიზანი ერდოღანმა მხოლოდ 16 ოქტომბერს გამოაცხადა, და ის აშკარად ზედმეტად ამბიციურია: 400-კილომეტრიან საზღვარზე 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ზონის შექმნა, „ტერორისტების“ განადგურება და „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მილიონობით სირიელი დევნილის „დაბრუნება“. ამასთან, თურქეთმა ინტერვენცია რამდენიმე მოსაზღვრე ქალაქის (დაახლოებით 100 ათასიანი მოსახლეობით) დაპყრობის მცდელობით დაიწყო, რამაც ოპერაციის ტემპი უმალ შეანელა.

ეს შეცდომა ხშირად დაუშვია „ჰიბრიდული ომის" ბევრ მონაწილეს. 

2016 წელს სირიის არმიამ და რუსმა სამხედროებმა ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის, ალეპოს აღების ოპერაცია დაიწყეს. ქალაქის ნახევარში გამაგრებულები იყვნენ ისლამისტების კოლიცია და „ზომიერი“ ოპოზიციონერები. სირიის არმიის ზურგში დარჩენილმა „ისლამური სახლმწიფოს“ რაზმებმა ისარგებლეს იმით, რომ ალეპოსთვის ბრძოლა გაჭიანურდა, რამაც მოითხოვა სირიის თითქმის ყველა ბრძოლისუნარიანი ძალის კონცენტრაცია. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა დაიპყრეს ცოტა ხნით ადრე გათავისუფლებული პალმირა და წინ წაიწიეს დამასკოსკენ, გადაკეტეს რა სირიული არმიისთვის უმნიშვნელოვანესი გზები. პალმირას დაბრუნება მხოლოდ ალეპოს დაპყრობის შემდეგ, 2016 წლის დეკემბერში გახდა შესაძლებელი. მდინარე ევფრატის მიმართულებით შეტევის გადადებამ ქურთების და ამერიკელების სასარგებლოდ იმუშავა. მათ შეტევა ადრე წამოიწყეს და კონტროლი მოიპოვეს ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც ნავთობის და გაზის მდიდარი საბადოებია.    

მსგავსი პრობლემა ორჯერ შეექმნათ ამერიკელებს. 2016 წელს ერაყელ სამხედროებთან ერთად ისინი ცდილობდნენ სწრაფად დაეპყროთ მოსული - უმსხვილესი ქალაქი, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იყვნენ გამაგრებული. ბრძოლა თითქმის ერთ წელს გაგრძელდა, რის გამოც გადაიდო ქურთებთან ერთად დაგეგმილი შეტევა სირიაში. 2017 წლის ივნისში, როდესაც ეს შეტევა როგორც იქნა დაიწყო, ამერიკელებმა და ქურთებმა ალყაში მოაქციეს „ისლამური სახელმწიფოს“ „ხალიფატის“ დედაქალაქი - რაქა. ბრძოლა ივნისიდან ოქტომბრამდე გაგრძელდა, რამაც სირიის არმიას და მის რუს და ირანელ მოკავშირეებს საშუალება მისცა ამერიკელებისთვის გაესწროთ სტრატეგიული თვალსაზრისით საკვანძო „რბოლაში ერაყის საზღვართან“. 

2019 წელს თურქეთის არმიას რამდენიმე დღით გაუჭინურდა ბრძოლა ორ მსხვილ სასაზღვრო ქალაქზე შეტევისას, ესენია რას-ალ აინი და ტელ-აბიადი (ეს უკანასკნელი თურქებმა 12 ოქტომბერს აიღეს). ქურთული ტერიტორიის სიღრმეში იერიშს ახორციელებდნენ „პროქსის“ სუსტი რაზმები, რამაც სირიის არმიას საშუალება მისცა ქურთული ავტონომიის დიდ ნაწილზე კონტროლი მოეპოვებინა.   

2016-2017 წლის ანგარიშში, რომელიც პენტაგონის ექსპერტებმა მოსულისთვის ბრძოლის შედეგებთან დაკავშირებით მოამზადეს, ნათქვამია, რომ თანამედროვე „ჰიბრიდულ ომში“ რეკომენდებულია არ მოაქციო ალყაში მსხვილი ქალაქები: თანამედროვე ომში მსხვილი ქალაქების სრულად იზოლიაციაში მოქცევა შეუძლებელია. ეს იწვევს იმას, რომ ქალაქის შტურმი ჭიანურდება და შემტევი ძალებისგან ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. ქალაქში თავდამსხმელი კარგავს ინიციატივას, მისი ტექნოლოგიური უპირატესობა თავდამცველზე მცირდება. რაც ნაკლებია მოსახლეობის მხარდაჭერა, მით უფრო ხანგრძლივი და რთული იქნება ოპერაცია.

სხვა თემები