04 დეკემბერი 2019 - 18:02

ერთი და იგივე სიტუაცია ხშირად მესიზმრება. როგორ ხსნიან სიზმარს მეცნიერები? 

სიზმარი

ფოტო: Shutterstock.com

ადამიანების უმრავლესობა ყოველ ღამე ხედავს სიზმარს - ისტორიას, რომელსაც ტვინი თავად ქმნის, როდესაც ჩვენ ვისვენებთ. სიზმრები შეიძლება აბსურდული იყოს. ამ დროს ადამიანი რეალურ ცხოვრებაში არარსებულ უნარებს იძენს. მას სიზმარში შუძლია იფრინოს ან ილაპარაკოს ისეთ ენაზე, რომელიც არ არსებობს, შეხვდეს ადამიანებს, რომლებიც იქამდე არასდროს უნახავს. სიზმრის შესახებ განსხვავებული შეხედულებები არსებობს. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში სჯეროდათ, რომ სიზმარი მომავლის პროგნოზია. ამავე მოსაზრებას ემხრობოდნენ ძველი რომსა და ანტიკურ საბერძნეთშიც. რომაელები და ბერძნები ფიქრობდნენ, რომ სიზმარი ღვთიური მოვლენაა. არისტოტელე კი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანის სიზმარსა და მის ფიზიოლოგიას შორის მტკიცე კავშირი არსებობს და სიზმრის მეშვეობით დაავადების წინასწარ პროგნოზირებაც შესაძლებელია.

როგორია სიზმრის ფიზიოლოგია? 

სიზმრის მექანიზმი არც ისე მარტივია. ძილში ადამიანი 5 სხვადასხვა სტადიას გადის. პირველი არის თვლემა, მეორე - ზედაპირული ძილი, მესამე - ზომიერი ძილი, მეოთხე კი - ღრმა ძილი. სწორედ ეს ოთხეული  ასრულებს ადამიანის ძირითად აღმდგენ ფუნქციას.

ბოლო სტადიად ნელი ძილი ითვლება. ამ დროს ადამიანი თავისი სიზმრების მხოლოდ 20-25%-ს ნახულობს. ძილის ამ ეტაპს ბევრი თავისებურება ახასიათებს. ამ დროს ადამიანის სუნთქვა არარეგულარული ხდება, თვალის კაკლები ქაოტურად მოძრაობენ, გულის შეკუმშვის სიხშირე და არტერიული წნევა იზრდება. ძილის ამ ეტაპზე ადამიანის ტვინის აქტიურობა საკმაოდ მაღალია, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის იგივე, რაც გაღვიძების შემდეგ. 

ადამიანი ყველაზე მკვეთრ სიზმრებსა და კოშმარებს სწორედ ძილის ამ სტადიაზე ხედავს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ისეთი ინტენსიური იყოს, რომ პიროვნების თვითშეგრძნებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ემოციურად დატვირთულ სიზმარს გამოღვიძების შემდეგ შაკიკის გამოწვევაც შეუძლია. ეს ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს სექსუალური ან აგრესიული შინაარსის სანახაობა ესიზმრება. ამავე კატეგორიაშია სხვადასხვა წარუმატებლობისა და საფრთხის შემცველი სიზმრები.

ესე იგი, ძილის დროს ჩემი ტვინი მაინც არ ისვენებს? 

ნაწილობრივ, კი. კითხვაზე, თუ ტვინის რომელი კონკრეტული ნაწილი „მუშაობს“ სიზმარში,  პასუხი 2017 წელს გახდა ცნობილი. ვისკონსინის ძილისა და ცნობიერების ინსტიტუტში კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 46 ცდისპირს ძილის დროს აკვირდებოდნენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ დროს ძალიან აქტიურობდა ტვინის უკანა ნაწილი, რომელიც ადამიანს ვიზუალური და სენსორული ინფორმაციის დამუშავებაში ეხმარება. მკვლევრებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ ტვინში მიმდინარე პროცესი სიზმრის შინაარსთან პირდაპირ იყო დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც ცდისპირი სიზმარში სხვადასხვა ადამიანთან კონტაქტობდა, ტვინში აქტიურდებოდა ის ნაწილები, რომლებიც სახისა და მეტყველების ამოცნობაზეა პასუხისმგებელი - თავის ტვინის მარცხენა ნაწილი, რაც მეცნიერთა განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი სიზმარს ხედავს, აქტიურდებიან ტვინის ის ნაწილები, რომლებიც შესაბამის სიტუაციაში სიფხიზლის დროს გააქტიურდებოდნენ.

კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ადამიანი სიზმარს მუდმივად ნახულობს, მაგრამ ძილის ბოლო ფაზაში ნანახი სიზმარი უკეთ ამახსოვრდება.

რატომ ხედავს ადამიანი სიზმარს?

ამაზე გარკვეული და ზუსტი პასუხი მეცნიერებს დღემდე არ აქვთ. თუმცა ბევრი თეორია არსებობს. მაგალითად, ზიგმუნდ ფროიდს მიაჩნდა, რომ სიზმარი ადამიანის მიერ უგულებელყოფილ სურვილებს ასახავს. ეს სურვილი შეიძლება იყოს სექსუალური ხასიათის ან სიძულვილის შემცველი. ამ უკანასკნელს შეიძლება მიეკუთვნებოდეს მშობლებზე, ნათესავებზე, ცოლზე ან ქმარზე შურისძიების სურვილი. 

კარლ იუნგი კი თვლიდა, რომ სიზმარი არის „ჩამოყალიბებული ენერგია“. ის ასახავს ემოციებსა და აზრებს, რომლებიც ქვეცნობიერში წარმოიქმნება და ტვინის ზედა ნაწილებში გამოსახულებად ყალიბდება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სიზმრები მეხსიერების დამუშავების ერთ-ერთი კომპონენტია. ის ადამიანს ეხმარება, მოკლევადიანი მოგონება გრძელვადიანად აქციოს. 

არსებობს მოსაზრება, რომ სიზმარი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ცდილობს, რთულ, ჩახლართულ და უსიამოვნო ფიქრებში გაერკვეს, რათა ფსიქოლოგიური და ემოციური ბალანსი აღიდგინოს. 

შვედმა მეცნიერებმა კი მუქარის სტიმულაციის თეორია ჩამოაყალიბეს. ამ მოსაზრების თანხმად, სიზმარი არსებობს, რათა ადამიანი მოემზადოს იმ მოსალოდნელი საფრთხეების მიმართ, რომლებიც მას მომავალში ელის. 

არსებობს მოსაზრება, რომ სიზმარი აქტუალური პრობლემის გადაჭრის მცდელობაა. მაგალითად, 2010 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც 99 მონაწილეს მოდელირებული სამგანზომილებიანი ლაბირინთიდან გამოსვლა დაავალეს. საამისოდ კი ცდისპირებს 90-წუთიანი შესვენება მისცეს. ამ ხნის განმავლობაში მათ შეეძლოთ ეკეთებინათ ის, რაც უნდოდათ. იმ მონაწილეებმა, რომლებმაც შესვენების პერიოდი ძილისთვის გამოიყენეს, მიცემული დავალება 10-ჯერ უკეთ შეასრულეს, ვიდრე მათმა მოწინააღმდეგეებმა.

ერთი და იგივე სიტუაცია ხშირად მესიზმრება. რატომ?

მიუხედავად იმისა, რომ სიზმრები ინდივიდუალურია, არსებობს სიუჟეტები, რომლებიც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული და ხშირად მეორდება. ამას მეცნიერები საერთო საქმეებითა და ადამიანის აქტუალური ფსიქოლოგიური მდგომარეობით ხსნიან. 

ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიუჟეტია, როდესაც ადამიანი ვიღაცას ან რაღაცას გაურბის. ეს სიტუაცია კარგად გვამახსოვრდება, რადგან მას განგაშისა და შფოთვის შეგრძნება ახასიათებს. ფსიქოლოგების აზრით, ამ კატეგორიის სიზმარი ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რაღაც, რისგან გაქცევაც საჭირო არ არის, პირიქით - მასზე ყურადღების გამახვილებაა აუცილებელი. არც თუ ისე იშვიათად ადამიანს ესიზმრება ტესტი, რომლისთვისაც მომზადებული არ არის. მკვლევრების აზრით, ეს სამსახურით გამოწვეული სტრესის შედეგია. 

ფსიქოლოგების თქმით, თუ ადამიანს ესიზმრება, რომ პუბლიკის წინაშე შიშველი აღმოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაუცველია და ხშირად შფოთავს. ზოგიერთი მკვლვარის აზრით კი, ასეთ სიზმარს ნახულობენ ადამიანები, რომლებიც სამსახურში დააწინაურეს ან პოპულარობა მოიპოვეს და ამაზე ნერვიულობენ. 

ფსიქოლოგების თქმით, თუ ადამიანს ვინმეს სიკვდილი ესიზმრება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ფარული სურვილი თავის ცხოვრებაში რაღაც დაასრულოს (ურთიერთობა, კარიერა და სხვ.) და ახალი ეტაპი დაიწყოს. მუდმივი დაგვიანება სიზმარში კი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი დაკავებულია იმაზე ბევრად მეტი საქმით, ვიდრე შეუძლია. საგანგაშო ნიშანია სიზმარი, რომელშიც ადამიანი სიმაღლიდან ვარდება. ფსიქოლოგები მას სამსახურში ან პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს უკავშირებენ.

მიუხედავად სიზმრის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, მკვლევრები და ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ძილში ნანახი სიუჟეტის შინაარსი ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ასახავს.

სხვა თემები