13 დეკემბერი 2019 - 17:10

რა უნდა იცოდეთ თუ ფრილანსერობა გადაწყვიტეთ. რჩევები

ფრილანსერი

ფოტო: Shutterstock.com

ყოველ ჩვენგანს ჰყავს მეგობარი, რომელსაც დილაადრიან ადგომა არ უწევს და არც სამსახურში დროზე ყოფნის ვალდებულება აქვს. ასეთი ადამიანები თავად ირჩევენ კომფორტულ სამუშაო გარემოს და მათ ინტერესებზე მორგებულ დღის წესრიგსაც თავად ადგენენ. მათ ფრილანსერებს უწოდებენ. თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარე. ვინ არის ფრილანსერი? დასაქმების ამ ფორმას რა უპირატესობა აქვს და რა პრობლემი ახლავს?

ვინ არის ფრილანსერი? 

ფრილანსერობა კომპანიის შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობას ნიშნავს. თქვენ პოულობთ კლიენტებს, ასრულებთ დაკისრებულ სამუშაოს და ამის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას იღებთ. ფრილანსერობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საკუთარი ბიზნესის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი. 

მაგალითად, თუ თქვენ ტექსტზე მუშაობა (წერა, რედაქტირება და სხვ.) შეგიძლიათ, ინტერნეტში იპოვით სხვადასხვა სამუშაოს, რაშიც ფულს გადაგიხდიან. ამ მიმართულებით მოთხოვნა ბევრ პროფესიაზეა. ეს შეიძლება იყოს როგორც პროგრამისტი ან დიზაინერი, ასევე ინჟინერი ან მეცნიერ-თანამშრომელი.

ფრილანსერებს შორის არიან სხვადასხვა შემოქმედებითი პროფესიის, აიტი სფეროსა და სარეკლამო ბიზნესის წარმომადგენლები. ბოლო დროს ამ მიმართულებით ხშირად საქმდებიან ინჟინრები, პედაგოგები, მენეჯერები და კონსულტანტები. ბევრი ფრილანსერი სამუშაოს სპეციალურ ბირჟებსა და ვებგვერდებზე პოულობს. ისინი ეფექტიანად იყენებენ სანაცნობო წრესაც.

რას აკეთებენ ფრილანსერები? 

როგორც წესი, ფრილანსერებს იწვევენ კონკრეტული პროექტისთვის, რისთვისაც ისინი ფულად ანაზღაურებას იღებენ. ეს შეიძლება იყოს:

- სარეკლამო ბუკლეტისთვის ტექსტის დაწერა;
- ამა თუ იმ ბრენდის სტილი შექმნა;
- ვებგვერდის შექმნა;
- ტექსტების თარგმნა;
- სტატიების წერა და სხვ. 

ამ მიმართულებით ათობით პროფესიაზეა მოთხოვნა. ბევრ მათგანს მინიმალური მომზადება სჭირდება. ამ შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე საკმარისი იყოს. ეს გულისხმობს როგორც ონლაინ კურსებს, ასევე - პროფესიული სტატიებისა და მასალების გაცნობას.

ფრილანსერები ბევრ ფულს გამოიმუშავებენ? 

ფრილანსერის შემოსავალი დამოკიდებულია მისი საქმიანობის სფეროზე, კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, მის პრეზენტაბელურობასა და დამკვეთზე. თუმცა სტატისტიკურად, მათი შემოსავალი არც თუ ისე მცირეა. საშუალოდ, გამოცდილი ფრილანსერები 1,5-2-ჯერ მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ანალოგიური კომპეტენციის მქონე ოფისის თანამშრომლები. თუ ფრილანსერი რეგიონში ცხოვრობს და დედაქალაქის ან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, განსხვავება შეიძლება უფრო დიდი იყოს.

რით განსხვავდება ფრილანსერობა დისტანციური მუშაობისგან?

დისტანციური მუშაობა გულისხმობს დამკვეთთან ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომლის დროსაც პირადი კონტაქტი არ დგება. ეს შეიძლება იყოს სატელეფონო საუბარი, კომუნიკაცია ინტერნეტით ან სხვა ფორმით. ამ დროს დამკვეთსა და შემსრულებელს ერთმანეთისგან მანძილი აშორებს. 

ფრილანსერს შეუძლია მისთვის მისაღები კონტრაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძიოს. მას ასევე შეუძლია იცხოვროს იქ, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯები უფრო დაბალია და იმუშაოს იმ კლიენტებზე, რომლებიც მეტს იხდიან.

თუ ფრილანსერი ერთ ქალაქში ცხოვრობს და კლიენტებს პირადად ხვდება, ეს დისტანციური მუშაობა აღარ არის. თუ ის სხვადასხვა ქალაქის დამკვეთებისთვის მუშაობს და მათთან პირადი კონტაქტი არ აქვს, ესე იგი დასაქმების ეს ფორმა დისტანციურია.

რა უპირატესობა აქვს ფრილანსერობას? 

ფრილანსერობას ბევრი უპირატესობები აქვს:

- თავისუფალი გრაფიკი. ეს მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გყავთ მცირეწლოვანი შვილები, რომელთაც თავად უნდა მიხედოთ ან დილით ადრე სამსახურში წასასვლელად მომზადება თქვენთვის რთული დავალებაა. არიან ფრილანსერები, რომლებიც  მუშაობას დღის 12-13 საათზე იწყებენ და ეს პროცესი გვიან ღამემდე გრძელდება. 

- დროისა და ფულის ეკონომია. ამ დროს თქვენ სამსახურში წასასვლელ-წამოსასვლელად დროს არ კარგავთ. არ გიწევთ ფულის დახარჯვა ტრანსპორტსა და საოფისე ტანსაცმელზე. 

- მაღალი ანაზღაურება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრილანსერის შემოსავალი ოფისის თანამშრომლის ხელფასს, სულ ცოტა, 1.5-ჯერ აღემატება. თუ თქვენს ქალაქში შესაფერისი სამსახური ვერ იპოვეთ, დასაქმებაში ინტერნეტი დაგეხმარებათ. 

- მეტი სტაბილურობა. როდესაც თქვენ ოფისში მუშაობთ, ერთი დამსაქმებელი გყავთ. თუ ამ კომპანიას რამე დაემართება, შემოსავლის გარეშე დარჩებით. ფრილანსერს კი რამდენიმე დამკვეთი ჰყავს და ერთი მათგანის დაკარგვა მისთვის არც ისე კრიტიკულია.

- თავისუფლების შეგრძნება. არ გყავთ უფროსი, არც ეგრეთ წოდებული დრეს-კოდი გაწუხებთ და არც კორპორაციულ სტანდარტებს გახვევენ თავს. ზოგიერთი ადამიანი ფრილანსერობას იმიტომ იწყებს, რომ ოფისში მუშაობა მისთვის კომფორტული არ არის. 

- ფრილანსერების ნაწილი აღნიშნავს, რომ მუშაობის ეს ფორმა მათთვის უფრო კომფორტულია, რადგან სხვა ადამიანების ზედმეტი რეპლიკების გარეშე თავს ბევრად მშვიდად გრძნობენ. 

- შესაძლებელია მოგზაურობა და პარალელურად მუშაობა. დამკვეთისთვის ხომ სულერთია თქვენ სად ხართ. მთავარია, დათქმულ ვადებში სასურველი შედეგის მიღება. 

- ბევრ შემთხვევაში ფრილანსერობა არის საკუთარი ბიზნესის დაწყებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

რა უარყოფითი მხარეები აქვს დასაქმების ამ ფორმას? 

დასაქმების ამ ფორმას გარკვეული დისკომფორტი ნამდვილად ახლავს:

- ყველაფერი თქვენს ხარჯზეა. ახალი კომპიუტერი, სამუშაო მაგიდის ორგანიზება, კვალიფიკაციის ამაღლება - ამ ყველაფრის დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ.
- საკუთარი მომსახურების გაყიდვის აუცილებლობა. ყველას არ უყვარს გაყიდვა, თუმცა ფრინალსერობა მაღალ კონკურენციას ნიშნავს. თუ მომსახურების გაყიდვა თქვენი ძლიერი მხარე არ არის, აიყვანეთ მენეჯერი, რომელიც საინტერესო პროექტებით მოგამარაგებთ.
- სოციალური მხარდაჭერის არარსებობა. თუ ავად გახდით, ამას არავინ დაგიფინანსებთ. არც ფასიანი შვებულება გექნებათ. ეს საოფისე სარგებელი წარსულში დარჩება. 
- სამუშაო ადგილი. ხშირად სახლში რთულია ისეთი სამუშაო ადგილის პოვნა, სადაც თქვენ არავინ შეგაწუხებთ. თუმცა მაღალი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, საცხოვრებელი ფართი გაზარდოთ. 
- ოჯახის წევრები. ადამიანებმა შეიძლება ვერ გაიაზრონ, რომ თქვენი სამუშაო ადგილი სახლია. ამის გამო მათ შესაძლებელია თქვენი საქმიანობა არასერიოზულად აღიქვან.

ფრილანსერები დამკვეთებს როგორ პოულობენ?

ყველაზე ხშირად სამსახურის საპოვნელად ფრილანსერები სპეციალურ ვებგვერდებს სტუმრობენ. საინტერესო პროექტების პოვნის სხვა საშუალებებია ფორუმები, სოციალურ ქსელებში შექმნილი პროფესიული ჯგუფები. შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ კომპანიას, რომლისთვისაც თქვენი მომსახურება საინტერესო იქნება.

ინტერნეტში სამუშაოს ძებნის დროს თაღლითებსა და მატყუარებსაც შეიძლება გადააწყდეთ. ამიტომ თქვენი პოტენციური დამკვეთის რესპექტაბელურობის გადამოწმება აუცილებელია.

სხვა თემები