19 თებერვალი 2020 - 20:11

რა არის ბიპოლარული აშლილობა და როგორ ამოვიცნოთ

ფოტო: shutterstock.com

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის განწყობაც იცვლება. იგივე სიმპტომი ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობას, რომელიც დეპრესიისა და მანიის ან ჰიპომანიის პერიოდებში ვლინდება. ამ მდგომარეობებს შორის კი ადამიანი ჯანმრთელია და ეს შეიძლება რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ ბიპოლარულ აშლილობას სპეციალისტები მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს უწოდებენ.


ბიპოლარული აშლილობა საკმაოდ ხშირად აქვთ ცნობილ ადამიანებს. მათ შორის არიან კეტრინ ზეტა ჯონსი, მერაია ქერი, მელ გიბსონი. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ერნესტ ჰემინგუეი, ვივიენ ლი, მერლინ მონრო და სხვ. ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც სამყაროს კრეატიული აღქმით გამოირჩევიან, ბიპოლარული აშლილობის ალბათობა გაცილებით მაღალია. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 1-3%-ს სწორედ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი აქვს.

რა არის ბიპოლარული აშლილობა?

ერთი შეხედვით, ამაში საშიში არაფერია. ამ დროს ადამიანს მხოლოდ განწყობის ხშირი ცვლა ახასიათებს. მაგალითად, თქვენ დილით გაიღვიძეთ ბედნიერმა, ცეკვისა და მხიარულების სურვილი არ გასვენებდათ. შუადღეს უკვე ჯავრს იყრით იმ კოლეგებზე, რომლებიც კონცენტრაციაში ხელს გიშლიან. საღამოს კი უკვე ისეთი დეპრესია გაქვთ, რომ ხელის აწევაც კი არ შეგიძლიათ. თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, საჭირო ზომები უნდა მიიღოთ. ზღვარი განწყობის ცვლილებასა და მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს შორის ძალიან სუსტია. თუმცა ის მაინც არსებობს.  


ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები სამყაროს ორ პოლუსს შორის მუდმივი მოძრაობით აღიქვამენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსტრემალური მაქსიმუმიდან („რა ბედნიერებაა, უბრალოდ იცხოვრო და არაფერი გააკეთო!“) ექსტრემალურ მინიმუმამდე („ბოლოს მაინც ყველანი დავიხოცებით. სიკვდილი მინდა!“). მაქსიმუმებს მანიებს შორის პერიოდებს უწოდებენ, მინიმუმები კი დეპრესიებს შორის პერიოდია. ამ დროს ადამიანი აცნობიერებს, რომ მის ნერვულ შეტევებს კონკრეტული მიზეზი არ აქვს, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. ბიპოლარული აშლილობა პაციენტსა და მის გარშემო მყოფებს შორის ურთიერთობას ართულებს, ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება და საბოლოოდ, ამ ყველაფერს სუიციდის გამოწვევა შეუძლია.

რა იწვევს ბიპოლარულ აშლილობას? 

განწყობის ხშირი ცვლილება ყოველთვის ბიპოლარულ აშლილობას არ ნიშნავს, ამიტომაც ამ დაავადების დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. ამის მიუხედავად, მეცნიერები ამ დავალებას უფრო და უფრო უკეთ ართმევენ თავს. ბიპოლარული აშლილობით მთელ მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანია დაავადებული. ის ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში, თუმცა ამის მიზეზი უცნობია. 

ამ მიმართულებით ბევრი სტატისტიკური მონაცემი არსებობს, თუმცა ბიპოლარული აშლილობის ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ: 

-    მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში წარმოიქმნას. თუმცა ყველაზე ხშირად ის გვიან მოზარდობისა და შუახნის ასაკში ფიქსირდება. 
-    ბიპოლარული აშლილობა შეიძლება გენეტიკური ფაქტორით იყოს გამოწვეული. თუ თქვენს წინაპრებში ეს დაავადება ვინმეს აღმოაჩნდა, რისკი თქვენს შემთხვევაშიც არსებობს. 
-    ბიპოლარული აშლილობა თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებების დისბალანსთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში საქმე ეხება სეროტონინს.
-    ბიპოლარული აშლილობის ერთ-ერთ მიზეზთაგანია მძიმე სტრესი ან ტრავმა.

როგორ უნდა მივხვდე, რომ ბიპოლარული აშლილობა მაქვს?

განწყობის არაჯანსაღი ცვლილების მიზეზი რომ გაიგოთ, თავიდან უნდა გაარკვიოთ, ხომ არ გაწუხებთ ემოციური ექსტრემუმი - მანია ან დეპრესია. 


მანიის 7 ძირითადი სიმპტომი:
-    სულიერი ამაღლების პერიოდი და ბედნიერების შეგრძნება ხანგრძლივად (რამდენიმე საათს ან მეტს) გრძელდება.
-    გაწუხებთ უძილობა.
-    იმდენად სწრაფად საუბრობთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს ნათქვამს ყოველთვის ვერ იგებენ, თქვენ კი აზრების ჩამოყალიბებას ვერ ასწრებთ. ადამიანებთან კომუნიკაცია ონლაინრეჟიმში გაცილებით გეადვილებათ, ვიდრე პირისპირ დიალოგი. 
-    იმპულსური ადამიანი ხართ: ჯერ მოქმედებთ, შემდეგ კი ფიქრობთ. 
-    ადვილად გეფანტებათ ყურადღება. ერთი საქმიდან მეორეზე ხშირად ფოკუსირდებით, ამიტომაც საბოლოოდ თქვენი პროდუქტიულობა მცირდება. 
-    თქვენს შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ. გგონიათ, რომ სხვებზე უფრო სწრაფი და მოხერხებული ბრძანდებით. 
-    სარისკო მოქმედებები თქვენთვის არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. მაგალითად, უცხო ადამიანს სექსზე თანხმდებით, ყიდულობთ იმას, რისი ფინანსური შესაძლებლობაც არ გაქვთ, ქუჩის სპონტანურ რბოლებში მონაწილეობთ და სხვ.


დეპრესიის 7 ძირითადი სიმპტომი:
-    ხშირად გაქვთ უმიზეზო სევდისა და უიმედობის შეგრძნება, რომელიც რამდენიმე საათს ან მეტს გრძელდება.
-    იკეტებით საკუთარ თავში. საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა გიჭირთ, ამიტომაც თქვენს ახლობლებსა და მეგობრებთანაც კი მინიმალური კონტაქტი გაქვთ. 
-    დაკარგეთ ინტერესი იმ საგნებისადმი, რომლებიც იქამდე ძალიან გაინტერესებდათ და სამაგიეროდ ახალი საინტერესო საქმე არ გიპოვიათ. 
-    მადა შეგეცვალათ - ან ძალიან ცოტას ჭამთ, ან პირიქით - კვების რეჟიმს ვერ აკონტროლებთ. 
-    დაღლილობასა და ენერგიის უკმარისობას რეგულარულად გრძნობთ. ამასთანავე, ასეთი ეპიზოდები საკმაოდ დიდხანს გრძელდება. 
-    მეხსიერებასთან, კონცენტრაციასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები გაგიჩნდათ. 
-    ხანდახან თვითმკვლელობაზეც გეფიქრებათ. ხშირად გეჩვენებათ, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა. 


თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაქვთ, ეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის გამოვლინებაა. ცხოვრების რაღაც ეტაპზე პაციენტს მანიის ნიშნები აღენიშნება, იქამდე ან მერე კი - დეპრესიის. ხანდახან ორივე დაავადების სიმპტომი ერთად ვლინდება. ასეთ მდგომარეობას შერეული ეწოდება და ბიპოლარული აშლილობის გამოვლინებებიდან ერთ-ერთია.

როგორი შეიძლება იყოს ბიპოლარული აშლილობა? 

იმის მიხედვით, რომელი ეპიზოდია უფრო ხშირი (მანიაკალური თუ დეპრესიული) და რამდენად გამოკვეთილია სიმპტომები, ბიპოლარული აშლილობა რამდენიმე ტიპად იყოფა: 

-    პირველი ტიპის აშლილობა. ის მძიმეა. მანიისა და დეპრესიის ძლიერი და ხანგრძლივი პერიოდები ახასიათებს. 
-    მეორე ტიპის აშლილობა. მანია არც ისე მკვეთრად არის გამოხატული, სამაგიეროდ დეპრესიაა ისეთივე გლობალური, როგორიც პირველი ტიპის შემთხვევაში. კეტრინ ზეტა ჯონსს ბიპოლარული აშლილობის სწორედ ეს ფორმა დაუდგინდა. მსახიობის შემთხვევაში დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცა ყელის კიბო, რომელსაც მისი ქმარი - მაიკლ დუგლასი ებრძოდა. 


ბიპოლარული აშლილობის სხვა ტიპებიც არსებობს. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის რომელ სახეობაზეა საუბარი, მკურნალობა ყველა შემთხვევაში აუცილებელი და სასწრაფოა.

საკუთარ თავს ბიპოლარული აშლილობის ნიშნებს ვამჩნევ. როგორ მოვიქცე? 

თქვენი შეგრძნებები არ დააიგნოროთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან 10 მაინც გეცნობათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დრო და დრო სუიციდური აზრები გაწუხებთ. 
დასაწყისისთვის მიდით თერაპევტთან. ის რამდენიმე გამოკვლევას დაგინიშნავთ, მათ შორის - შარდისა და სისხლის ანალიზს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებოა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე. არც თუ ისე იშვიათად ჰორმონალური პრობლემები (კერძოდ, დიაბეტი, ჰიპო და ჰიპერთირეოზი) ბიპოლარულ აშლილობას ძლიან ჰგავს. ამიტომაც მათი გამორიცხვა მნიშვნელოვანია და თუ დადასტურდა, უნდა უმკურნალოთ. 

შემდეგი ნაბიჯია ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტი. მოგიწევთ თქვენი ცხოვრების წესის შესახებ კითხვებს უპასუხოთ, დააფიქსიროთ როგორ გეცვლებათ განწყობა, არის თუ არა ეს დაავადება თქვენს ოჯახში გენეტიკური და გქონიათ თუ არა რამე შეხება ნარკოტიკთან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალისტი მკურნალობას დაგინიშნავთ. ეს შეიძლება იყოს როგორც ქცევითი თერაპია, ასევე მედიკამენტოზური მკურნალობა.

სხვა თემები