21 თებერვალი 2020 - 23:53

არის თუ არა ევთანაზია მკვლელობა

ფოტო:shutterstock.com

თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და ურთიერთწინააღმდეგობრივი თემაა ევთანაზია. ეს პრობლემა სხვადასხვა დისციპლინის დიდ კომპლექსს მოიცავს. აქ არის მედიცინა, იურისპრუდენცია, რელიგია, ფილოსოფია. ამიტომაც ევთანაზიის სრულფასოვანი განხილვისთვის, აუცილებელია თითოეული ამ სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობა. 

ევთანაზია არის არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ამ გადაწყვეტილებას თავად პაციენტი ან მისი ახლო ნათესავი იღებს. პროცესში მონაწილეობს ექიმიც, რომელიც აქტიურად ან პასიურად ადამიანის უკანასკნელ ნებას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა: არის თუ არა ევთანაზია ჰუმანური ქმედება? რა არგუმენტები აქვთ მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს? რას ფიქრობენ ევთანაზიაზე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები? არის თუ არა ევთანაზია საქართველოში ლეგალური?

რა არის ევთანაზია?

„ევთანაზია“ ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება როგორც „ტკბილი/უშფოთველი სიკვდილი“. პირველად ეს ტერმინი ინგლისელმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა ფრენსის ბეკონმა გამოიყენა. ის ამტკიცებდა, რომ „ექიმის მოვალეობა არ არის მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა. მან ავადმყოფს უნდა შეუმსუბუქოს  ტანჯვა, რაც ამა თუ იმ დაავადებით არის გამოწვეული... როდესაც გადარჩენის არანაირი იმედი არ არსებობს, საჭიროა, ექიმმა პაციენტის სიკვდილი უფრო მსუბუქი და მშვიდი გახადოს, ამიტომაც ამას ჰქვია ევთანაზია... ეს კი არც თუ ისე მცირე ბედნიერებაა“. ბეკონის სიტყვების მიხედვით, ევთანაზია ჰუმანური მეთოდია, რადგან ის ადამიანს ფიზიკური ტანჯვისგან ათავისუფლებს. 

ევთანაზია არის უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის სიცოცხლის უმტკივნეულოდ შეწყვეტა. ეს დავალება შეიძლება შეასრულოს სამედიცინო პერსონალმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა. საამისოდ კი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მაგალითად, ნარკოტიკის მაღალი დოზის ინექცია, კვების წყაროდან ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვა და სხვ. ევთანაზიის ერთ-ერთი ფორმაა დაავადების მიმდინარეობის პროცესში ჩაურევლობა.

 რა განსხვავებაა ევთანაზიასა და თვითმკვლელობას შორის? 

ევთანაზიის მომხრეები თვითმკვლელობასა და სიკვდილის ამ ფორმას ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ ადამიანის ტანჯვა აუტანელია და გამოჯანმრთელების არანაირი შანსი არ არსებობს, აუცილებელია კანონიერი და მორალური ალტერნატივა, როდესაც ნებაყოფლობითი სიკვდილი აღიქმება, როგორც სამედიცინო დახმარების გაგრძელება. გარდა ამისა, ევთანაზიის მომხრეთა განმარტებით, ბევრ მძიმე ავადმყოფს თავადაც ენდომებოდა სიცოცხლის სუიციდით დასრულება, მაგრამ მათ ამის ძალა აღარ შესწევთ.

 რომელ ქვეყნებშია ევთანაზია ლეგალური? 

2002 წელს ნიდერლანდების სამეფო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ევთანაზია ლეგალური გახდა. უფრო მეტიც, აქ თვითმკვლელობის ჩადენაში დახმარებაც კი არ ისჯება კანონით. თუმცა ამ ყველაფრის წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ პაციენტს აქვს უკურნებელი სენი, აუტანელი ტკივილებისგან იტანჯება და მისი გამოჯანმრთელების ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხულია. ევთანაზია ლეგალურია ბელგიაში, შვეიცარიაში, აშშ-ის რამდენიმე შტატში (ორეგონი, ვერმონტი, ვაშინგტონი), ლუქსემბურგსა და კოლუმბიაში. 


გერმანიაში, შვედეთში, ინდოეთში, იაპონიაში, ისრაელში, კანადასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, გარკვეულ პირობებში, რეანიმაციულ მომსახურებაზე უარის თქმა დაშვებულია. საფრანგეთში კი ლეგალურია ტერმინალური სედაცია, რაც ბუნებრივი სიკვდილის დადგომამდე პაციენტის მედიკამენტოზურ ძილს გულისხმობს.

როგორ ტარდება ევთანაზია? 

იქ, სადაც ევთანაზია ლეგალურია, ეს პროცესი ძირითადად სასიკვდილო მედიკამენტის მიღებას გულისხმობს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ავადმყოფი არაერთხელ, მოწმეების თანდასწრებით, სიცოცხლის შეწყვეტის სურვილს გამოხატავს. ექიმების კომისიამ კი უნდა დაასკვნას, რომ დაავადება უკურნებელია და პაციენტი საკუთარ გადაწყვეტილებას აცნობიერებს.

არის თუ არა ევთანაზია დაშვებული ბავშვებში?

ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიაში, თუ ბავშვს უკურნებელი სენი აქვს, ევთანაზია დაშვებულია. ჰოლანდიური სამართლის მიხედვით, ეს 12 წლიდან არის შესაძლებელი, ბელგიურში კი ასაკობრივი ცენზი არ არსებობს.

რას ფიქრობენ ევთანაზიაზე სხვადასხვა კონფესიები?

ქრისტიანულ სამყაროში ამ თემაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. კათოლიკეები ევთანაზიას ეწინააღმდეგებიან, პროტესტანტები კი მიიჩნევენ, რომ თუ მკურნალობის კურსის წარმატების არანაირი იმედი არ არსებობს, სიცოცხლის ხელოვნური შეწყვეტა შესაძლებელია. მართლმადიდებლები ევთანაზიას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ თავის ტვინის სიკვდილის დაფიქსირების შემთხვევაში აპარატის გამორთვა დაშვებულია. ამავე პოზიციაზე არიან იუდეველები და მუსლიმები. 


ინდუისტები ტერმინალურ სტადიაში მყოფი ავადმყოფის თვითმკვლელობას უშვებენ და ასეთ სიკვდილს სულიერ განწმენდად მიიჩნევენ. ბუდისტებს კი ადამიანის სიცოცხლის უპირობო ღირებულებაზე მკვეთრი წარმოდგენა არ აქვთ. ამ რელიგიის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი სიკვდილს საღი გონებით შეხვდეს, ამიტომაც ისინი ტერმინალურ სედაციას არ უშვებენ.

რა არგუმენტები აქვთ ევთანაზიის მომხრეებს?

როგორც ყველა სხვა საკითხს, ევთანაზიასაც თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს. პირველი კატეგორიის წარმომადგენელთა არგუმენტები ასეთია:

1.    თუ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი ცხოვრება თავად განკარგოს, მას ასევე უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს, ამქვეყნიურ არსებობას გააგრძელებს თუ არა;
2.    თუ ავადმყოფი გონზეა და გაცნობიერებული აქვს, რომ ლეტალური შედეგი გარდაუვალია, მას აწუხებს გაუსაძლისი ტკივილები, მეტის ატანა აღარ შეუძლია, ექიმს სთხოვს, მისი ტანჯვა დაასრულოს და ეს უკანასკნელიც თანხმდება, მსგავსი ქმედება ბევრად ჰუმანურია, რადგან ამით პაციენტის ტანჯვა სრულდება;
3.    სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ევთანაზიას უჭერს მხარს. ეს ხდება იქაც, სადაც ევთანაზია აკრძალულია;
4.    ადამიანი უნდა იყოს დაცული არაადამიანური და მკაცრი მკურნალობისგან;
5.    ადამიანს აქვს უფლება იყოს ალტრუისტი. ეს იმას ნიშნავს, რომ „დაინდოს“ თავისი ახლობლები როგორც მორალურად, ისე ფინანსურად;
6.    პრობლემის ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს, რომ მძიმე ავადმყოფების შენახვა საზოგადოებისგან დიდ რესურსს მოითხოვს.

რა არგუმენტები აქვთ ევთანაზიის მოწინააღმდეგეებს? 

ევთანაზიის მოწინააღმდეგენი ფიქრობენ, რომ:

1.    აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ პრობლემის რელიგიური ასპექტი. აღნიშნულ კონტექსტში ევთანაზია აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალური მოვლენაა;
2.    ხანდახან შეუძლებელია პაციენტისთვის საბოლოო დიაგნოზის დასმა. სულაც არ არის გამორიცხული გარკვეული სამედიცინო შეცდომები დიაგნოსტირებისა და პროგნოზის მიმართულებით;
3.    ევთანაზიის ლეგალიზაციამ შეიძლება მედიცინის კრიმინალიზაცია და ჯანდაცვის სისტემისადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვა  გამოიწვიოს;
4.    ევთანაზია ექიმს თვითმკვლელობის მონაწილედ ხდის, რაც მის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, შესაძლოა, სულაც არ შეესაბამებოდეს;
5.    ევთანაზიის პრაქტიკის ლეგალიზაციამ, შესაძლოა, ექიმების ან დაინტერესებული მხარეების მხრიდან, ამ მეთოდის ბოროტად გამოყენების შემთხვევები გაზარდოს;
6.    რთულია გავითვალისწინოთ ის პროცედურები, რომლებიც ადამიანებს ევთანაზიაზე იძულებითი თანხმობისგან დაიცავენ. საიდუმლო სულაც არ არის, რომ ბევრ ადამიანს მოხუცი ან ავადმყოფი ნათესავის თავიდან მოცილება სურს და საამისოდ ზეწოლის ნებისმიერ მეთოდს იყენებს.

არის თუ არა საქართველოში ევთანაზია ლეგალური? 

ევთანაზიის ორ სახეს განასხვავებენ: პასიურსა და აქტიურს. პირველის შემთხვევაში ექიმი შემანარჩუნებელ თერაპიას მიზანმიმართულად წყვეტს. აქტიური ევთანაზიის დროს კი პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ისეთი სამედიცინო პრეპარატი, რომელიც სწრაფ და უმტკივნეულო სიკვდილს გამოიწვევს.

„პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, „ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული“. 

თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, „მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნითა და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება შინაპატიმრობით- ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით- ორიდან ხუთ წლამდე  ვადით“. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 151-ე მუხლის თანახმად კი, „სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება“. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ პასიური ევთანაზიაა ნებადართული, აქტიური კი კანონით ისჯება.

სხვა თემები