13 მარტი 2020 - 22:50

სიმსუქნის გამომწვევი 6 ძირითადი მიზეზი

ფოტო: shutterstock.com

არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ზედმეტ კილოგრამებს არა თუ იშორებს, პირიქით - იმატებს კიდეც. აღმოჩნდა, რომ ეს შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული. და მაინც, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი? ცხოვრების წესი თუ გარკვეული ჩვევები?

უპირატესობას უცხიმო და უშაქრო პროდუქტებს ანიჭებთ? 

მაღაზიების თაროები სავსეა ისეთი მიმზიდველი შეთავაზებებით, როგორიც არის 0%-იანი იოგურტი ან ზეფირი და ჯემი შაქრის გარეშე. რეალურად ეს პროდუქტები სულაც არ არის მიზანშეწონილი მათთვის, ვისაც წონის პრობლემა აქვს. 


საქმე ისაა, რომ უცხიმო პროდუქტებს, არც თუ ისე იშვიათად, შაქარსა და სახამებელს უმატებენ. სწორედ ამიტომ ბევრი მათგანი შეიცავს დაახლოებით იმავე რაოდენობის (ან უმნიშვნელოდ ნაკლებ) კალორიას, ვიდრე მათი თითქოსდა ნაკლებ სასარგებლო ალტერნატივა. 


წარწერა „შაქრის გარეშე“ კი შეგიძლიათ ნახოთ ისეთ პროდუქტებზე, რომელთა შემცველობაშიც არის ეს ნივთიერება, თუმცა - სხვა სახელწოდებით. „ხილის წვენის კონცენტრატი“, „თაფლი“, „ფრუქტოზა“ როცა არის შემადგენლობაში, ის „შაქარს“ არაფრით სჯობს. ამიტომაც ამ დროს ადამიანი ზედმეტ კალორიებსაც იღებს და შესაბამისად, სხეულის წონაც იმატებს.

თეფშს ბოლომდე ასუფთავებთ? 

ბოლო წლებში რესტორნების ულუფა საკმაოდ გაიზარდა. თუმცა ბევრი ჩვენგანი ბავშვობიდან იცავს წესს, რომ თეფში ბოლომდე უნდა მოვასუფთავოთ, თუნდაც ეს აღარ გვინდოდეს. ასეთი ქმედება კი ზედმეტი საკვების მიღების წინაპირობაა. ამიტომაც თავიდანვე უნდა გაითავისოთ, რომ ულუფის ბოლომდე მირთმევა აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს. უმჯობესია, თუ მეორე კერძის შეკვეთასაც არ იჩქარებთ, რადგან შიმშილის დასაკმაყოფილებლად, შესაძლოა, ერთიც გეყოთ. 


ულუფის გაკონტროლება გაცილებით მარტივია სახლში. ასევე შეგიძლიათ, თვალყური ადევნოთ, რომ თქვენი საკვები მრავალფეროვანი იყოს. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტების მოსაზრებით, უმჯობესია, რომ თეფში ვიზუალურად 3 ნაწილად დაჰყოთ: თეფშის ½ (მაგრამ მეტი არა) ხილსა და ბოსტნეულს უნდა ეკავოს,  ¼ - ცილებს (მაგალითად, თევზი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები), დანარჩენი ნაწილი კი - ნახშირწყლებს.

ეკრანის წინ საუზმობთ, სადილობთ და ვახშმობთ? 

დღეს უკვე ბევრი ადამიანი საუზმის დროს სოციალურ ქსელს ათვალიერებს, ვახშმობისას კი საყვარელ სერიალს უყურებს. ცხოვრების ასეთ წესს ძალიან სერიოზული ნაკლი აქვს. მსგავსი გონებისგამფანტავი ფაქტორები ხელს უშლის ადამიანს, დანაყრების შეგრძნება დროულად გააცნობიეროს. 

თუ მექანიკურად ჭამთ, თქვენ არც საჭმლის გემოს გრძნობთ და არც უკვე მიღებული ულუფის რაოდენობას აცნობიერებთ. ზედმეტი საკვების ქრონიკული მიღება კი ეტაპობრივ წონის მატებას იწვევს. ასეთ დროს იმაზე უფრო ეფექტიანი მეთოდი, ვიდრე ტელეფონისა და ლეპტოპის საკვებისგან მოშორებაა, მეცნიერებს ჯერჯერობით არ მოუფიქრებიათ.

იწვევს თუ არა მუდმივი სტრესი ჭარბ წონას?

დიახ. თუ თქვენ სამსახურში გვიანობამდე რჩებით, არ გაქვთ შვებულება და დასვენების დღეები - ეს იმას ნიშნავს, რომ სტრესის მუდმივი წყარო გაქვთ. რა თქმა უნდა, არსებობს მთელი რიგი სხვა ფაქტორი, რომელსაც ფსიქოლოგიური დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. ასეთ სიტუაციაში რთულია კვების დაბალანსება და ულუფების კონტროლი. 


თუ სტრესი დიდია, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს წონა ან პირიქით - მოიმატოს. საკვები, განსაკუთრებით კი ცხიმიანი და ტკბილი, ადამიანს ემოციური მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება. თუმცა ასეთი მიდგომა სტრესისგან არ გიცავთ, პირიქით, ამან შეიძლება კვებითი ქცევის დარღვევა გამოიწვიოს.

რა კავშირია უძილობასა და ჭარბ წონას შორის? 

სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ უძილობასა და ჭარბ წონას შორის მჭიდრო კავშირია. თუმცა ამ ფენომენის ახსნა მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. სავსებით შესაძლებელია, რომ  ძილის ხანგრძლივობა ზემოქმედებდეს ჰორმონებზე, რომლებიც შიმშილის გრძნობას არეგულირებს. შესაძლოა, ხანგრძლივი სიფხიზლის გამო ადამიანი უფრო ხშირად ჭამს, ძილის ნაკლებობა კი დაღლილობას იწვევს, შესაბამისად, ფიზიკური დატვირთვა მცირდება.

შესაძლოა თუ არა, წონაში მატება ამა თუ იმ პრეპარატმა გამოიწვიოს?

დიახ. ხანდახან წონაში მატების მიზეზი ამა თუ იმ მედიკამენტის გვერდითი ეფექტი შეიძლება გახდეს. პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ მადის მატება, ორგანიზმიდან სითხის გამოდევნა ან მეტაბოლიზმის შეფერხება. ყველაზე ხშირად ჭარბი წონა დაკავშირებულია ანტიფსიქოტიკებთან, ინსულინსა და სტეროიდულ ჰორმონებთან. მთავარია, რომ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის მიღება თვითნებურად არ შეწყვიტოთ და წონის მატება სპეციალისტთან განიხილოთ.

სხვა თემები