06 სექტემბერი 2017 - 23:00

რემონტი მაქვს გასაკეთებელი. როგორ მოვიქცე?

სახლის რემონტი, რომელიც ყოველთვის აქტუალური თემაა, მნიშვნელოვან ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც რემონტის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

საიდან უნდა დავიწყო?

მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი რემონტი გჭირდებათ - კოსმეტიკური თუ კაპიტალური? ამის მიხედვით განსაზღვრავთ დაგეგმილი სამუშაოების ბიუჯეტს და ვადებს. თუ ბინას ან სახლს კაპიტალური რემონტი სჭირდება, ამისთვის 3 თვე მაინც უნდა გაითვალისწინოთ (ან უფრო მეტი). ეს ნიშნავს, რომ ხშირად მოგიწევთ სამშენებლო მაღაზიებსა და ბაზრობებზე სიარული.

სწრაფი რემონტი შესაძლებელია?

დიახ. ოღონდ იმისთვის, რომ რემონტი მალე დაასრულოთ, ორი ვარიანტი გაქვთ:

პირველი: კოსმეტიკური რემონტით უნდა შემოიფარგლოთ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში საფუძვლიანად ვერაფერს შეცვლით.

მეორე: დაიქირავეთ პროფესიონალები, რომლებიც სწრაფად და ხარისხიანად იმუშავებენ. პროექტის შექმნა დიზაინერის გემოვნებას მიანდეთ, ბრიგადირს - საჭირო მასალის შეძენა. თუმცა, ამ შემთხვევაში, მზად იყავით იმისთვის, რომ რემონტის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

არ ვიცი, როგორი რემონტი მინდა. რა ვქნა?

თუ ვერ გარკვეულხართ, როგორი რემონტი გჭირდებათ, ინტერიერის დიზაინერთა რჩევებს მიმართეთ. ისეთი სერვისები, როგორებიცაა Houzz ან Pinterest, დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი დიზაინერული ფოტოების შექმნაში, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად განიხილავთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული რემონტში, მით უფრო ძნელია მარტივი გადაწყვეტილებების მიღებაც კი. ეს ფოტოები დიზაინერის დაქირავების შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, რადგან პროფესიონალისთვის უფრო ადვილი იქნება თქვენი სურვილების და გემოვნების გამოცნობა.

დიზაინერი როგორ შევარჩიო?

დიზაინერი პროფესიონალიზმის და რეპუტაციის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. რაც უფრო კარგი რეპუტაციით სარგებლობს სპეციალისტი, მით უფრო მაღალანაზღაურებადია. დიზაინერის შერჩევამდე, მისი უკვე განხორციელებული პროექტები ნახეთ. ამით, თქვენთვის საჭირო სპეციალისტის დაქირავება გაგიადვილდებათ.

ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ სანაცვლოდ მიიღებთ სახლის პროექტს და დაზოგავთ ნერვებს.

ხარჯების წინასწარ განსაზღვრა შეიძლება?

რემონტის ბიუჯეტის დათვლისას აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯებს ვერ აცდებით. როგორც წესი, ასეთი ხარჯები მთელი თანხის 10-15%-ია.

გაუთვალისწინებელი ხარჯისგან თავის მაქსიმალურად დაცვისათვის, სასურველია აუცილებელი მასალის წინასწარ შეძენა. დაიზღვიეთ თავი, რომ აბაზანის რემონტის დროს უცებ ფილა არ დაგაკლდეთ, რადგან შეიძლება ისე მოხდეს, რომ მსგავსი ფილა ვეღარ იშოვნოთ და ვითარება გაგირთულდეთ.

ისიც უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება რემონტის დასასრულს აღმოაჩინოთ ხელოსნების მიერ დაშვებული შეცდომები და საქმის ხელახლა გაკეთება გახდეს საჭირო. ასეთ შემთხვევაში ხარჯები, რა თქმა უნდა, იზრდება.

კარგი ხელოსნები სად მოვძებნო?

რემონტის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი კარგი ბრიგადაა. ამ საქმის პროფესიონალების პოვნა საქართველოში არც ისე იოლია. ხელოსნების შერჩევისას გაითვალისწინეთ იმ მეგობრების ან ნაცნობების რეკომენდაციები, რომლებმაც რემონტი ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

ბრიგადის არჩევისას, კარგი იქნება, თუ მათ გარემონტებულ სახლებს ნახავთ. ასეთ დროს ყურადღება მიაქციეთ ფილების დაგების, კედლების შეღებვის, კუთხეების გასწორების ხარისხს. ერთდღიანი ბრიგადა უფრო იაფად მუშაობს, მაგრამ მათგან ხარისხის გარანტიას ვერ მიიღებთ. ასეთი მუშების მიერ შესრულებული სამუშაოებიდან რამდენიმე თვეში თქვენს კედლებს, დიდი ალბათობით, ბზარები გაუჩნდება, თქვენ კი საკუთრი თავის გარდა ვეღარავის დაადანაშაულებთ.

რემონტის მიმდინარეობა როგორ დავგეგმო?

რემონტის დაგეგმვისას სამუშაოები შემდეგი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს: პირველ ეტაპია ძველის დემონტაჟი და ფანჯრების შეცვლა. ამის შემდეგ ხელოსნები ყველანაირ შავ სამუშაოს ასრულებენ, მათ შორის წყალგაყვანილობასაც. მაგალითად, აყენებენ გამათბობლებს და მილებს, სარეცხი მანქანის და სხვა ტექნიკის დასამონტაჟებლად. შემდეგი ნაბიჯი ელექტროობაა.

შავი სამუშაოების დასრულების შემდეგ მუშები ფილებს აგებენ და აყენებენ სანტექნიკას.

ფინალური ეტაპი გაფორმებაა. კერძოდ, სანათების და კარების მონტაჟი.

რემონტის დროს მე რა ვაკეთო?

სამუშაოების მიმდინარეობას უხელმძღვანელეთ და აკონტროლეთ. აუცილებლად შეადგინეთ ბრიგადირთან ერთად საჭირო მასალების ყიდვის გრაფიკი და ამ პროცესზე პასუხისმგებელი პირი. ყველაფერს ერთად ვერ იყიდით. თუკი სახლს სამშენებლო მასალებით აავსებთ, იქ მუშაობა შეუძლებელი იქნება. პარკეტის და საღებავის ცივ შენობაში შენახვა არ შეიძლება, გაფუჭდება.

ამბობენ, რომ რემონტს კარგი ნებისყოფა და მტკიცე ნერვები სჭირდება...

მართალია. ამიტომ, პროცესი მაქსიმალურად დაგეგმეთ, რომ ზედმეტი სტრესი თავიდან აიცილოთ.

პირველ რიგში, სამუშაოების გრაფიკის ეტაპებად გაწერის შემდეგ, რაც, როგორც უკვე გითხარით, თანმიმდევრობით მოიცავს დემონტაჟს, კედლების აშენებას, შავი სამუშაოს შესრულებას, ელექტროქსელის დაყენებას და ბოლოს გაფორმებას - ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ სამუშაოები ჩაიბარეთ და ხელოსნებს შესრულებული სამუშაოსთვის გადაუხადეთ.

მეორე: არ გააჭიანუროთ რემონტი. დროულად იყიდეთ მასალა და ყოველთვის აკონტროლეთ პროცესი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაზე კვალიფიციურ მუშახელთან გაქვთ საქმე, გადაწყვეტილებები ყოველთვის თქვენ მიიღეთ.

მესამე: არასდროს შეცვალოთ არსებითი დეტალები. შეეგუეთ იმ აზრს, რომ სადღაც ყოველთვის შეიძლება იშოვებოდეს უფრო იაფი პარკეტი ან უფრო ლამაზი ფილა. ნუ ეცდებით გადაკეთებას, რადგან ეს დამატებით დროს და თანხებს მოითხოვს.  

და რაც მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ, რემონტს მშვიდი ნერვები სჭირდება.

სხვა თემები