05 მაისი 2020 - 17:32

მართალია თუ არა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირება ზედიზედ რამდენჯერმეა შესაძლებელი?

ფოტო: Shutterstock.com

სამხრეთ კორეამ განაცხადა იმ 263 პაციენტის შესახებ, რომლებმაც ახალი კორონავირუსული ინფექცია გადაიტანეს, გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ კი განმეორებით ტესტზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდათ. თუმცა ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრალური კლინიკური კომიტეტის ხელმძღვანელი ო მიონ-დონი ფიქრობს, რომ ეს მაჩვენებელი განმეორებითი ინფექციით არ არის გამოწვეული. მისი განმარტებით, ეს უბრალოდ ცხადყოფს, რომ ადამიანის ორგანიზმში განადგურებული ვირუსული ნაწილაკების ნუკლეინის მჟავების ნარჩენები ჯერ კიდევ არსებობს.

რატომ შეიძლება იყოს განმეორებითი ტესტი დადებითი?

PCR ტესტები, რომლებსაც სპეციალისტები COVID-19-ის გამოსავლენად იყენებენ, აფიქსირებს ვირუსის რიბონუკლეინის მჟავას, რა ფორმითაც უნდა იყოს ის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, რამდენადაც ამის შესაძლებლობას ტესტის მგრძნობელობა იძლევა. ტესტ-სისტემისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტისგან აღებულ ნიმუშში ვირუსი „ცოცხალი“ ფორმით არსებობს თუ უკვე განადგურებულია. შესაბამისად, თუ ვირუსის გენეტიკურმა მასალამ პაციენტის ორგანიზმიდან სრულად გაქრობა ვერ მოასწრო, ტესტს შეუძლია დადებითი შედეგი აჩვენოს. ეს ხდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტის სხეულში ინფექციის გამოწვევის უნარის მქონე ვირუსის ნაწილაკები არ არსებობს. 


სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრალური კლინიკური კომიტეტის ხელმძღვანელის, ო მიონ-დონის განცხადებით, ადამიანის სასუნთქი გზების ეპითელური უჯრედები შეიძლება რამდენიმე თვეს ცოცხლობდეს. მისი განმარტებით, იმუნური სისტემის მიერ ვირუსის მატარებელი უჯრედის განადგურებიდან ერთი ან ორი თვის შემდეგაც კი პოტენციურად შესაძლებელია, ორგანიზმში ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა დაფიქსირდეს. 


უფრო ადრე, სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (Korea Centers for Disease Control and Prevention) სცადა, ასეთი „მეორადი“ პაციენტების მხრიდან სხვების დაინფიცირების ალბათობა დაედგინა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ კატეგორიის ადამიანები გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაციენტების თითქმის 44% -ს დაავადების ზოგიერთი სიმპტომი გამოუვლინდა. სპეციალისტების განმარტებით, ეს COVID-19-ის „ნარჩენი ზემოქმედება“ ან პოსტინფექციური გართულება  იყო. არც ერთ ამ ადამიანს სერიოზული სიმპტომი არ აღენიშნებოდა. ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მათ ორგანიზმში  სიცოცხლისუნარიანი ვირუსი ცალსახად არ არსებობდა. 


შესაძლო "მეორადი ინფექციის" შესახებ კვლევები უფრო ადრე ჩინეთში ჩატარდა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მათი შედეგებიც, რომელთა მიხედვითაც პაციენტების ცხვირ-ხახის ნაცხიდან ვირუსული რიბონუკლეინის მჟავის გაუჩინარების საშუალო დრო იყო 18,5 (13.25–22) დღე, ნახველში ის - 22 (18.5–27,5), განავალში კი –17 ( 11.5–32) დღეს რჩებოდა. ამრიგად, ნაწლავში COVID-19-ის რნმ-ის ნარჩენები შეიძლება გამოჯანმრთელებიდან (დაავადების სიმპტომები სრულად ქრება) თითქმის ხუთი კვირის შემდეგაც გამოვლინდეს.

როდის და რატომ დაიწყო ახალი კორონავირუსის განმეორების ალბათობაზე საუბარი?

COVID-19– ით ხელახლა დაინფიცირების ალბათობის  შესახებ პირველი ცნობები თებერვალში გავრცელდა.  ეს მოხდა მაშინ, როდესაც გამოჯანმრთელებულ იაპონელ პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, რომელმაც ჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა, შემდეგ კი კვლავ დადებითი გახდა. მსგავსი შემთხვევები იაპონიაში მოგვიანებითაც დაფიქსირდა, შემდეგ კი „ხელახალი ინფიცირების“ პრობლემა აქტუალური ჩინეთშიც გახდა. ამ სიტუაციის შესახებ განმარტებას მეცნიერებს სთხოვდნენ. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ  ხელახლა ინფიცირების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობდა. ისინი შექმნილ სიტუაციას ტესტების მაღალი ცდომილებით ხსნიდნენ. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიის საწყის ეტაპზე კორონავირუსის  ტესტები ძალიან ზუსტი არ იყო, რის შედეგადაც არაერთი შეცდომა დაფიქსირდა, მათ შორის - ცრუ დადებითი შედეგები. 


რეინფექციის საკითხის უფრო დეტალურად შესასწავლად, ცოტა ხნის წინ ჩინელმა მეცნიერებმა სამოდელო ცხოველებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ მაკაკები COVID-19– ით დააინფიცირეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მათგან აღებულ სინჯებში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა. მოგვიანებით, ცდისპირი ცხოველების სისხლში ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულები აღმოაჩინეს. ინფიცირებიდან 28 დღის შემდეგ მეცნიერებმა სცადეს, ორი მაკაკა ხელახლა დაეინფიცირებინათ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. 


განმეორებითი ინფიცირების მცდელობიდან ხუთი დღის შემდეგ, მაიმუნებს ცხვირ-ხახიდან ნაცხი აუღეს. ანალიზის მიხედვით, მათ ვირუსის ნაწილაკები არ დაუფიქსირდათ. შემდგომმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ცდისპირ მაკაკებს დაავადების არანაირი სიმპტომი არ ჰქონდათ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხელმეორედ დაინფიცირების მცდელობის შემდეგ ერთ მაიმუნს სპეციფიკური ანტისხეულების კონცენტრაცია S- პროტეინზე სამჯერ გაეზარდა, მეორეს კი უცვლელი  დარჩა. 


ამრიგად, დღეისათვის არ არსებობს სანდო მონაცემები იმის შესახებ, რომ COVID-19-ით რეინფიცირება შესაძლებელია. ყველა ზემოთ აღწერილ შემთხვევას სპეციალისტები ძირითადი ინფექციის მიერ დატოვებულ სიმპტომებს ან ტესტების ცდომილებას უკავშირებენ. მკვლევართა განმარტებით, უფრო მეტიც, არსებობს სერიოზული საფუძველი იმ მოსაზრებისთვის, რომ ინფიცირებიდან პირველი თვეების განმავლობაში, ხელახლა დაავადება უბრალოდ შეუძლებელია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ ინფიცირების შემდეგ COVID-19-ს აღარ უნდა ვუფრთხოდე?

COVID-19-ის პანდემია სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ამიტომ როგორი იქნება ჩვენი იმუნიტეტი დაახლოებით 1 წლისთავზე,  ჯერ ძალიან რთული სათქმელია. დაავადების შემდეგ სისხლში ანტისხეულების არსებობა, სამწუხაროდ, ინფექციისადმი მუდმივი იმუნიტეტის გარანტიას არ იძლევა. ბევრი რამ  თავად ინფექციის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ადამიანები, რომლებმაც  წითელა ან წითურა გადაიტანეს, ამ ინფექციური დაავადებებისადმი იმუნიტეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ, მაშინ როდესაც გრიპი შეიძლება ბევრჯერ გადაიტანოთ, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი ყოველ ჯერზე სრულად იკურნება. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია გრიპის ვირუსის ცვალებადობით: მის სტრუქტურაში მუდმივი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმს საშუალებას არ აძლევს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოიმუშავოს ანტისხეულები, რომლებიც გრიპის ყველა ტიპის წინააღმდეგ ეფექტიანი იქნება. 


ჩვეულებრივი კოროვირუსული ინფექციების მიმართ, რომლებიც  „სეზონურ გაციებას“ იწვევს, ადამიანი იმუნიტეტს  მხოლოდ რამდენიმე თვეს ინარჩუნებს. თუმცა, COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი მათგან ბევრი თავისებურებით განსხვავდება. მაგალითად, გენომის სტრუქტურით დაწყებული და  დაავადების მიმდინარეობის პროცესით დამთავრებული. ამიტომაც აქ რამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. ამ თემაზე მეცნიერთა მოსაზრებებიც განსხვავებულია. ტეხასის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ვინიტ დ. მენაჩერი ვარაუდობს, რომ ახალი კოროვირუსის მიმართ იმუნიტეტი ადამიანს ერთიდან ორ წლამდე უნარჩუნდება. ნიუ-იორკის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგი ფლორიან კრამერი (მისი ნაშრომები სეროლოგიური ტესტების წარმოებაში აქტიურად გამოიყენება) თვლის, რომ COVID-19– ის ანტისხეულები, სავარაუდოდ, სისხლში ძალიან ცოტა ხანს რჩება, მაგრამ ზოგადად იმუნური სისტემა რეინფექციის შემთხვევაში უფრო ეფექტიან რეაგირებას შეძლებს.


ოპტიმისტური მაგალითის კონტექსტში აქ  შეიძლება „ატიპური პნევმონიის“, SARS-CoV-1-ის გამომწვევ პათოგენზე ვისაუბროთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც 2002 წელს გამოჩნდა და ადამიანებში გამოიწვია სიმპტომები, რომლებიც  COVID-19-ს ჰგავს. მთელი რიგი კვლევის თანახმად, ადამიანს SARS-1-ისადმი იმუნიტეტი ინფიცირებიდან, სულ ცოტა, 6 წლის განმავლობაში უნარჩუნდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რაც უფრო რთულად მიმდინარეობდა დაავადება, მით უფრო მაღალი იყო T– უჯრედების მეხსიერების დონე. სწორედ ეს უკანასკნელი „იმახსოვრებს“ უცხო ნაწილაკებს და ორგანიზმში მათი განმეორებით გამოჩენის შემთხევაში მომენტალურად რეაგირებს.

სხვა თემები