21 აგვისტო 2017 - 02:30

ხუთი მთავარი კითხვა მზის დაბნელების შესახებ. ტყუილი და მართალი

21 აგვისტოს, დღისით სიბნელეში აღმოჩნდება 12 მილიონი ადამიანი. მზის სრულ დაბნელებას დაინახავენ ამერიკის შტატების მცხოვრებლები დაწყებული ორეგონის შტატიდან სამხრეთ კაროლინით დამთავრებული. ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების მოწმე ილინოისის შტატის ქალაქ კარბონდეილის მოსახლეობა იქნება - იქ მზეს მთვარე 41 წამის განმავლობაში გადაეფარება. ნაწილობრივი დაბნელების ხილვას კიდევ 200 მილიონი ადამიანი შეძლებს. NASA მზის დაბნელების პირდაპირ ტრანსლიაციას გადასცემს რამდენიმე წერიტილიდან - კოსმოსიდან, ციდან და დედამიწიდან. საქართველოდან მზის არც სრული და არც ნაწილობრივი დაბნელება არ გამოჩნდება. 

მზის დაბნელება ადამიანზე ცუდად მოქმედებს?

სავარაუდოდ, კი. NASA-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მზის დაბნელების ცუდი გავლენა ადამიანებზე დადასტურებული არ არის. ფიზიოლოგები მათ არ ეთანხმებიან. კვლევების დროს დაფიქსირდა პულსის და არტერიული წნევის ცვლილება, ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ადამიანებში ხასიათის ცვლილება მზის დაბნელებამდე ცოტა ხნით ადრე, დაბნელების დროს და მზის დაბნელების შემდეგ. მაგრამ არსებობს კარგი ამბავიც: დაბნელების დროს ადამიანი წონაში იკლებს, ოღონდ ცოტა ხნით. გრავიტაციის გამო, მაგალითად, ადამიანი, რომელიც 80 კილოგრამს იწონის, ამ დროს 50 გრამით ნაკლები ხდება.     

მართალია, რომ ამ დროს ტექნიკა მწყობრიდან გამოდის?

როგორც ჩანს, კი. NASA ნავიგაციის და კომუნიკაციის სისტემებში შესაძლო პრობლემების შესახებ აცხადებს. ულტრაიისფერი გამოსხივების მოულოდნელი გაქრობა და შემდეგ მკვეთრი გამოჩენა სავარაუდოდ გავლენას ახდენს იონურ სფეროზე - ატმოსფეროს თხელ, ელექტროფიცირებულ ფენაზე. ასეთ "კოსმოსური გაუგებრობას" შეუძლია ხელი შეუშალოს თანამგზავრიდან მომავალ სიგნალებს.        

ცხოველები ამ დროს უცნაურად იქცევიან?

დიახ. მეცნიერები, ყველა დაბნელების დროს აკვირდებიან ცხოველების ქცევას. ბოსტონელი მეცნიერების დაკვირვებამ 1932 წელს აჩვენა, რომ ფუტკრები დაბრუნდნენ სკაში, წიწილები კი საქათმეში. 1991 წელს, მექსიკაში გაირკვა, რომ ობობებმა თავისი მოქსოვილი ქსელები დარღვიეს.

მზის დაბნელების გამო ბუნებრივი კატაკლიზმები მოსალოდნელია?

როგორც ჩანს, არა. ბევრ უძველეს ხალხს, სასტიკად ეშინოდა მზის დაბნელების. იმავდროულად, ნავახოს ინდიელებს ის კოსმიური წესრიგის და ბალანსის სიმბოლოდ მიაჩნდათ. გვალვების, შტორმების და წყალდიდობების კავშირი დაბნელებასთან დამტკიცებული არ არის. თუმცა დედამიწაზე მისი გავლენა მნიშვნელოვანია. NASA-ს ინფორმაციით, დედამიწის ქერქი ზმოთ იწევს და ადამიანი, რომელიც მას აკვირდება, მზეს 40 მილიმეტრით უახლოვდება. 

ამ დროს შეიძლება დაბრმავდე?

დიახ. მზის დაბნელების ყურება დაუცველი თვალით არ შეიძლება. უკეთესია, სპეციალური სათვალის გაკეთება. მაგრამ არის მომენტი, როდესაც სათვალის მოხსნა შეიძლება, კერძოდ იმ დროს, როდესაც მზის დისკოს მთვარე მთლიანად გადაეფარება.   

საქართველოდან მზის დაბნელება როდის გამოჩნდება?

საქართველოში შემდეგი მზის ნაწილობრივი დაბნელება 2020 წლის 21 ივნისს მოხდება, ხოლო მზე სრულად 2060 წლის 30 აპრილს დაბნელდება. მზის ნაწილობრივი დაბნელება საკმაოდ ხშირად და ბევრი ადგილიდან ჩანს (ხდება მაშინ, როდესაც მზე და მთვარე დედამიწის წრფეზე ზუსტად არ არიან განლაგებულნი და მთვარე მხოლოდ ნაწილობრივ აბნელებს მზეს), თუმცა სრული დაბნელება ძალიან იშვიათი მოვლენაა.

სხვა თემები