14 ივნისი 2020 - 11:16

ვაქცინის რა ტიპები არსებობს? როდის, სად და როგორი იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა? გზამკვლევი 

ფოტო: Shutterstock.com

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 133 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან 10 კლინიკური გამოცდის ეტაპზეა, 123 კი - პრეკლინიკურ შეფასებას გადის. 

უკვე არსებული და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფი ვაქცინები ორგანიზმის იმუნური პასუხის (ამა თუ იმ დაავადებაზე ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია) გამოწვევის რამდენიმე პრინციპს ეფუძნება. ამასთანავე, თითოეულ მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. რომელი ტიპის ვაქცინა იქნება უფრო ეფექტიანი, ვიდრე მას ადამიანებზე კლინიკურად არ გამოცდიან, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. ამიტომაც ფარმაცევტულ კომპანიებს, ფაქტობრივად, ბრმად მოქმედება უწევთ და ამ პერიოდში ისინი სხვადასხვა მეთოდს ცდიან. შესაძლებელია, ეს უმჯობესიც იყოს: თუ ვაქცინის ერთი რომელიმე ტიპი არაეფექტიანი ან უსარგებლო აღმოჩნდება, ყოველთვის არსებობს შანსი, რომ სხვა სახეობა უკეთ იმუშავებს. რა ტიპის ვაქცინები არსებობს? COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი სახეობის ვაქცინაზე მუშაობენ?

ვაქცინა, რომელიც დასუსტებულ ვირუსულ მიკრობს შეიცავს

ამ ტიპის ვაქცინა 1950-იანი წლებიდან არის ცნობილი. წითელას, ყბაყურასა და წითურას აცრებს სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად


ამ ტიპის ვაქცინის შესაქმნელად ლაბორატორიის თანამშრომლები იყენებენ ძალიან დასუსტებულ ვირუსს, რომლითაც ცდისპირ ცხოველებს აინფიცირებენ. მიკრობი მასპინძელ ორგანიზმში თანდათან ადაპტირებდა. ყოველი ასეთი „გადასახლების“ შემდეგ კი ადამიანური ვირუსი ცხოველის უჯრედში მუტაციას იწყებს. ამრიგად, ინფექციის ყოველი ციკლის შემდეგ, ის ახალ მასპინძელს უკეთ მოერგება და ამავდროულად, ადამიანებისთვის ნაკლებ საშიში ხდება. ამასთანავე, გარდაქმნილი ვირუსი თავის წინამორბედის გარკვეულ თვისებებს ინარჩუნებს და ვაქცინირებულ ადამიანში სრულყოფილი იმუნური პასუხის გამოწვევა შეუძლია. თუ აცრილი პირი თავდაპირველი "ველური" ვირუსით ინფიცირდება, მისი იმუნური სისტემა მზად იქნება, რომ დაავადებას სწრაფად გაუმკლავდეს. 


ვაქცინის ამ სახეობას იმუნიტეტი ყველაზე ხანგრძლივად ინარჩუნებს. COVID-19-ის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი კორონავირუსული ინფექციისადმი მყარი იმუნიტეტი ყოველთვის ვერ ყალიბდება.

ვაქცინის ამ სახეობას თავისი ნაკლიც აქვს. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს „ცოცხალი“ ვირუსის“ შექმნის პროცესი, ამიტომაც ბევრი რამ არაპროგნოზირებადია. ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ დასუსტებული ვირუსი „ძალას აღიდგენს“ და დაავადების გამოწვევას ისევ „ისწავლის“. ამის თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მიღებულ ვაქცინას საგულდაგულოდ შეისწავლიან  და სკრუპულოზურ კლინიკურ კვლევებს ატარებენ, რასაც შეიძლება რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს. 


COVID-19-ის წინააღმდეგ მსგავსი ტიპის ვაქცინის შექმნაზე მუშაობის დაწყების შესახებ ამერიკულმა კომპანიამ Codagenix-მა 2020 წლის 13 თებერვალს განაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინა ამ ეტაპზე პრეკლინიკური გამოცდის ფაზაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ არ შეუქმნიათ ან ლაბორატორიულ ცხოველებზე ცდიან.

რას ნიშნავს ინაქტივირებული ვაქცინა? 

ეს არის ვაქცინა, რომელიც ინაქტივირებულ ვირუსებს (მიკრობი, რომელსაც უჯრედის დაავადების უნარი არ აქვს) შეიცავს. ვაქცინის აღნიშნული ტიპიც ძველი და გამოცდილია. პოლიომიელიტისა და ყივანახველის აცრებს საფუძვლად სწორედ ეს პრინციპი უდევს.


სპეციალისტები ვაქცინის შესაქმნელად ვირუსს ინაქტივაციას უკეთებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აცხელებენ, იონიზებული გამოსხივებით ან დეზინფექტანტებით ამუშავებენ. მართალია, „მოკლული“ ვირუსის ცილები ფორმას იცვლიან, მაგრამ მათი ქიმიური შემადგენლობა იგივე რჩება, თავად ვირუსული ნაწილაკები კი პირვანდელ სტრუქტურას ნაწილობრივ ინარჩუნებენ. იმუნური პასუხის გამოწვევა „მკვდარ“ ვირუსებსაც შეუძლიათ. 


აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ინაქტივირებული ვაქცინა „ცოცხალზე“ უფრო უსაფრთხოა, რადგან მასში არ არის დასუსტებული ვირუსი, რომელმაც შეიძლება მუტაცია განიცადოს. თუმცა ნაკლი ამ მეთოდსაც აქვს. SARS-CoV-2-ის ინაქტივირებულ ვაქცინას სუსტი იმუნური პასუხის გამოწვევა შეუძლია. ამ ეფექტის გასაუმჯობესებლად კი მეტი დრო და ძალისხმევაა საჭირო. 


ჯანმოს მონაცემებით, ინაქტივირებული ვაქცინის შექმნის მიმართულებით გარკვეულ წარმატებას ორმა ჩინურმა კომპანიამ მიაღწია. Sinopharm-ი ერთდროულად ორ ვაქცინას ამზადებს. პირველი პრეპარატი, რომელიც უჰანის ბიოპრეპარატების ინსტიტუტთან თანამშრომლობით შეიქმნა, კლინიკური კვლევების პირველ ფაზაშია. ვაქცინას უკვე ჯანმრთელ ადამიანებზე ცდიან. მეორე პრეპარატი კი, რომელიც პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიქმნა, დამუშავების საწყის ეტაპზეა, რაც ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცებას გულისხმობს.


ინაქტივირებულ ვაქცინასთან დაკავშირებით ყველაზე მეტ ინფორმაციას კომპანია Sinovac-ი ავრცელებს. კლინიკური კვლევები აქაც პირველ ეტაპზეა. Sinovac-ი  ამერიკულ კომპანია Dynavax-თან თანამშრომლობს.


Sinovac-მა 19 აპრილს გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატიის პრეპრინტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ვაქცინა მუშაობს. გამოცემული ნაშრომის მიხედვით, მიღებული პრეპარატი თაგვებში, ვირთხებსა და მაკაკებში SARS-CoV-2-ის 10 შტამის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნას ასტიმულირებს. ეპიდემიოლოგების განმარტებით, სიხარული ჯერ ნაადრევია, რადგან როგორ აისახება ვაქცინა ადამიანებზე, ამ ეტაპზე უცნობია.

რა არის ვექტორული ვაქცინა? 

ეს არის ვაქცინა, რომელიც სრულიად სხვა ვირუსის (მაგალითად, ადენოვირუსი) საფუძველზეა შექმნილი და მასში ჩადებულია SARS-CoV-2-ის გენომის ნაწილაკი. ამის შედეგად უწყინარ ვირუსში ახალი კორონავირუსის ცილა-ანტიგენი წარმოიქმნება.


გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი ვაქცინასთან ერთად ხვდება ორგანიზმში და  SARS-CoV-2-ის ცილებზე ორგანიზმის იმუნურ პასუხს აპროვოცირებს. ის "ცოცხალი" ვირუსული ვაქცინის მსგავსად ზემოქმედებს, თუმცა მუტაციის უნარი არ აქვს. 


დასუსტებული ადენოვირუსების საფუძველზე შექმნილი ვექტორული ვაქცინა საკმარისად შესწავლილი არ არის. ამის მცდელობები კიბოსთან, აივ ინფექციასთან, გრიპსა და ებოლასთან მიმართებით იყო, მაგრამ ადამიანებზე არცერთი მათგანი არ დაუშვეს.


ჯანმოს მონაცემებით, ამ ეტაპზე ვექტორული ვაქცინის შექმნაზე ორი ძლიერი მოთამაშე მუშაობს. 


ჩინური კომპანია  CanSino Bio პეკინის ბიოტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად მუშაობს Ad5-nCoV ვაქცინაზე. ეს უკანასკნელი მეხუთე ტიპის მოდიფიცირებულ ადენოვირუსზეა დაფუძნებული. ვაქცინა კლინიკური გამოცდის მეორე ეტაპზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეპარატს რეალურ პაციენტებზე ცდიან. CanSino Bio "ვაქცინის მარათონის" ლიდერია, თუმცა ეს ჯერჯერობით არაფერს ამბობს, რადგან კლინიკური ცდის პირველი ეტაპის შედეგები მსოფლიო სამედიცინი საზოგადოებას აქამდე  არ უნახავს. არ არის გამორიცხული, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მთელი რიგი არგამხელილი პრობლემა არსებობდეს. 


მეორე ძლიერი მოთამაშე არის ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც ვექტორულ ვაქცინაზე შიმპანზეს მოდიფიცირებული ადენოვირუსის (ChAdOx1) საფუძველზე მუშაობს. ვაქცინა კლინიკური გამოცდის მეორე ფაზაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას რეალურ პაციენტებზე ცდიან. ChAdOx1-ზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა მეორე მხრივ, ამავე პრინციპზე დაფუძნებული ოქსფორდის უნივერსიტეტის სხვა პროდუქტი, რომელიც  MERS-CoV-ის (SARS-CoV-2-ის "ბიძაშვილი") საწინააღმდეგო ვაქცინაა, ეფექტიანად გამოიყენება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.

რატომ ამუშავებენ ვაქცინებს ასე დიდხანს? 

ვაქცინის შექმნა ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია. ეს მოითხოვს არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ პერსონალს, არამედ - დიდ ფინანსებსა და მასობრივ წარმოებას. ვაქცინა რომ ბაზარზე ხელმისაწვდომი იყოს, საჭიროა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკება, რათა მათ პრეპარატისთვის საჭირო კომპონენტები დიდ პარტიებად გამოუშვან. მეტი თვალსაჩინოებისთვის უნდა ითქვას, რომ წარმოების სირთულეების გამო ვაქცინების 95%-ი, რომლებმაც კლინიკური კვლევების სტადია წარმატებით გაიარეს, მომხმარებლამდე ვერ აღწევს.


ვაქცინის კლინიკურ გამოცდას დიდი დრო სჭირდება. წარმატებული ვაქცინა არის პრეპარატი, რომელიც ათობით ათასი და შესაძლოა, მილიონობით ადამიანის ასაცრელად გამოიყენონ. ამიტომაც ვაქცინის ყველა კანდიდატმა საფუძვლიანი შემოწმება უნდა გაიაროს არა მხოლოდ ეფექტიანობაზე, არამედ - უსაფრთხოებაზეც, რადგან ასეთი დიდი მოცულობის შემთხვევაში რამდენიმე იშვიათი გვერდითი მოვლენა სავსებით შესაძლებელია. 


კლინიკური კვლევები (დაჩქარებულიც კი) რამდენიმე თვეს გრძელდება. საჭიროა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რამდენიმე ათეული (სასურველია, რამდენიმე ასეული) მონაწილისგან ექსპერიმენტული ჯგუფის შექმნა. ისინი მიიღებენ ვაქცინას. საკონტროლო ჯგუფს კი პლაცებოს მისცემენ. ამ ადამიანებს, სულ ცოტა, 3-4 თვეს აკვირდებიან, რათა შესაძლო გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს.

როდისთვის უნდა ველოდოთ ვაქცინას? 

„კორონავირუსამდე პერიოდში“ ერთი ვაქცინის დამუშავებას საშუალოდ 10 წელზე მეტი სჭირდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა იყო. ამ პრეპარატის დამუშავებას კომპანია Merck-ი რეკორდულად სწრაფად, ხუთ წელიწადში გაუმკლავდა. COVID-19-ის პანდემიის პირობებში ამდენი დრო მსოფლიოს არ აქვს. შესაბამისად, მარეგულირებელი ორგანოები და ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინის კანდიდატების დამუშავებასა და ტესტირებას აჩქარებენ. მაგალითად, აშშ-ის მთავრობა იმედოვნებს, რომ მზა მედიკამენტის მიღება 2021 წლის დასაწყისისთვის შესაძლებელი იქნება. 


თუ ნამდვილად ასე მოხდება, ეს მთელი კაცობრიობისთვის უპრეცედენტოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა ასეთი რამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინას 12-18 თვის შემდეგ უნდა ველოდოთ.

 
სხვათა შორის, არსებობს სპეციალური ვებგვერდი, რომელიც ჯანმოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და სხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეიცავს. აქ შეგიძლიათ ვაქცინის დამუშავების პროცესს რეალურ დროში ადევნოთ თვალი.

სხვა თემები