07 ივლისი 2020 - 09:51

რას ნიშნავს COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღა და არის თუ არა ის გარდაუვალი? 

ფოტო: Shutterstock.com

ახალი კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს აშშ იკავებს. 27 ივნისს ქვეყანაში დღის განმავლობაში 45 ათასი ადამიანი დაავადდა, რაც რეკორდული ციფრია. გერმანიაში ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში COVID-19-ის მასობრივი გავრცელების გამო, შეზღუდვები 600 ათას ადამიანზე დაწესდა, 7 ათასი კი კარანტინში გადაიყვანეს. ისრაელში, სადაც ივნისამდე პროცესი შედარებით მშვიდი იყო, სამედიცინო ნიღბების ტარების წესები გამკაცრდა. როგორც ჩანს, ეს პანდემიის მეორე ტალღის ნიშანია, რაზეც ამდენს საუბრობდნენ. სინამდვილეში კი სიტუაცია უფრო რთულად არის: ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ პანდემიის მეორე ტალღა არ ჩანს, სხვაგან კი არა მხოლოდ მეორე, არამედ მესამე ტალღაც კი შეინიშნება. 


არ არსებობს უნივერსალური მიზეზები, რის გამოც ეს ხდება. როგორც ჩანს, სიტუაცია ყველგან განსხვავებულია და ბევრი რამ არის დამოკიდებული არა მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ მიღებულ ოფიციალურ ზომებზე, არამედ - თავად მოქალაქეების ქცევაზე.

რა არის პანდემიის მეორე ტალღა?

პანდემიის მეორე ტალღა არის კონცეფცია, რომელიც ეპიდემიოლოგიური მოდელირების შედეგად გაჩნდა. არსებული სიტუაციის გაანალიზების შედეგად პროცესის განვითარების ამა თუ იმ მოდელის სტრუქტურაში ცვლილება შედის. მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს კარანტინის დაწესების ან მოხსნის შემდეგ? ამის შედეგად კი იკვეთება მოსალოდნელი სცენარები, რომელთა რაოდენობრივი გათვლაც შესაძლებელია. 


თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რეალური ეპიდემიის პირობებში რეალურ სტატისტიკაზე მეცნიერებს მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლიათ. ამ შემთხვევაში უცნობია, ნამდვილ მეორე ტალღად კონკრეტულად რა უნდა ჩაითვალოს. დაავადების რეგისტრირებული შემთხვევების ყოველდღიური და თუნდაც ყოველკვირეული სტატისტიკა ძალიან "ხმაურიანი" პარამეტრია და თუ მხოლოდ ამით ვიხელმძღვანელებთ, ათობით სხვადასხვა "მიკროტალღის" დაფიქსირებაა შესაძლებელი. ამიტომაც სპეციალისტები მეორე ტალღაზე სერიოზული საუბრის დაწყებამდე, პირველ რიგში, მონაცემების საშუალო მაჩვენებლის შედგენის პრინციპებზე თანხმდებიან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომელი პერიოდებია  საკმარისად დატვირთული (მაგრამ არც ისე ძალიან) და დაავადების რეგისტრირებული მაჩვენებლების ზრდა როდის შეიძლება მეორე ტალღად ჩაითვალოს? 


პანდემიის მეორე პიკზე საუბრისას ზოგადი ტერმინების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისრაელსა და სამხრეთ კორეაში არსებულ ვითარებას დავაკვირდებით, უმრავლესობა ალბათ თანხმდება, რომ აქ აშკარად ახალი ტალღა შეინიშნება. თუმცა დაავადების შემთხვევების ზრდა აშშ-ში პანდემიის მეორე პიკად უნდა ჩაითვალოს თუ არა, ეს ძალიან საკამათო საკითხია. ხშირია დისკუსია იმაზეც, თუ მერამდენე ტალღაა ამ ეტაპზე ირანში - მესამე, მეოთხე თუ მეხუთე?

 
საშუალოსტატისტიკური მაჩვენებლის გამოსაყვანად არსებობს მარტივი კონსერვატიული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შეგიძლიათ ყოველი 2 კვირის მონაცემებით იხელმძღვანელოთ. ეს მოსახერხებელია, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში დაავადების შემთხვევების უმეტესობა ან იკურნება, ან ლეტალურად სრულდება.


საშუალო მაჩვენებლის დასადგენად თუ ამ მიდგომით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ თითოეულ ქვეყანაში პირველ ნაპერწკლად შეიძლება ჩაითვალოს ის ორკვირიანი პერიოდი, რომლის შემდეგაც დაავადების რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობის შემცირება დაიწყო. ეპიდემიის ყველაზე დაბალი წერტილი, იგივე "ფსკერი" კი არის მომენტი, რომლის შემდეგაც შემთხვევების რაოდენობა კვლავ იმატებს. საბედნიეროდ, ქვეყნების უმრავლესობაში დაავადების შემთხვევების კლების პროცესი გრძელდება, ასე რომ მათ „ფსკერს“ ჯერ ვერ მიაღწიეს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისი მაინც არსებობს.

 რომელ ქვეყნებში იყო უკვე პანდემიის მეორე ტალღა? 

თუ ცალკეულ ქვეყნებს გადავხედავთ, შეგვიძლია განვასხვავოთ რამდენიმე მათგანი, სადაც დაავადებების შემთხვევების კლების შემდეგ პანდემიის მეორე ტალღა ისევ დაიწყო. 


ამის ნათელი მაგალითია ისრაელი. ქვეყანაში მაისის შუა რიცხვებში ყოველდღიურად საშუალოდ 17 ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა, ივნისის ბოლოსკენ კი ეს მაჩვენებელი 20-ჯერ გაიზარდა და აღნიშნული ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. ისრაელის ხელისუფლებას ასეთ მოულოდნელ ზრდაზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა. 22 ივნისს პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე ყოფნის შესახებ 500 შეკელის (დაახლოებით 145 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმის შესახებ განაცხადა.


სიტუაცია თითქმის ანალოგიური სცენარით განვითარდა მაროკოში. იქ აპრილში დაავადების აფეთქება შეინიშნებოდა, ივნისის დასაწყისში კი ვითარება დასტაბილურდა. თუმცა უკვე ორი კვირის წინ მაროკოში დღეში დაახლოებით 300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში ტესტირება სულ უფრო მეტ ადამიანს უტარდება, დადებითი პასუხების მაჩვენებელი კი იკლებს. 


ჩინეთთან შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ დინამიკა აშკარაა ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. ორივე ქვეყანაში ამ ეტაპზე დაავადებულთა რიცხვს პირველი პიკის მონაცემებს ვერც შევადარებთ. თუმცა ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიხედვით „მოწინავეთა რიგებში“ ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის მოხვედრა შიდა გადაცემის სიხშირით არის განპირობებული. 

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა პანამაში, ფილიპინებსა და შვედეთში. აქ მეორე ტალღა აშკარად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე - პირველი. არა მხოლოდ დინამიკა, არამედ დაავადებულთა რაოდენობა ამ ქვეყნებში ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. აქვს თუ არა ამ ყველაფერს ერთი ზოგადი ახსნა, უცნობია. პანამა, ფილიპინები და შვედეთი ძალიან განსხვავებულები არიან. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ჩატარებული ტესტების მიხედვით დადებითი პასუხების მაღალი მაჩვენებელია. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ ქვეყნებში ტესტირება საკმარისი მოცულობით არ ტარდება. ამიტომაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, გამოქვეყნებული სტატისტიკა რეალურ ვითარებას ასახავს თუ არა და საერთოდ, რამდენად სამართლიანია მეორე ტალღაზე საუბარი.

რატომ წარმოიქმნება პანდემიის მეორე ტალღა?

ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ მეორე ტალღის წარმოქმნა განპირობებულია იმით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ის ფიქსირდება, ხელისუფლებამ საკარანტინო ზომები დროზე ადრე მოხსნა. ამ ვერსიას ისრაელის მაგალითი ადასტურებს. მაისის შუა რიცხვებში აქ საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს, გაიხსნა პლაჟები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. 


თუმცა ამ ჰიპოთეზის დადასტურება სხვადასხვა ქვეყნის ობიექტური მონაცემების საფუძველზე ვერ ხერხდება. ამის მიზეზია ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები განსხვავებულად იქცევიან.

რატომ არ წარმოიქმნება პანდემიის მეორე ტალღა ყველგან? 

პანდემიის რამდენიმე ტალღაზე საუბარი ეპიდემიოლოგებმა წამოიწყეს. ახლა კი მათ უწევთ ახსნა, თუ რატომ დაიწყო ინფიცირების მეორე პიკი ზოგიერთ ქვეყანაში და სხვაგან - არა. ეს ხდება იმ ფონზე, რომ შეზღუდვების წესები თითქმის ყველგან იდენტური იყო. 


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომელიც პანდემიის მეორე ტალღას ეხებოდა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერის, ნილ ფერგიუსონის ჯგუფის მოხსენებას წარმოადგენდა. ეს ნაშრომი დიდ ბრიტანეთში ინფექციის უკონტროლო გავრცელების შედეგებს ეხებოდა. ანალოგიური პროგნოზები სხვა, უფრო პრიმიტიული მოდელებითაც კეთდებოდა. თუმცა ყველა ეს შემთხვევა ერთ მარტივ ფაქტს ეფუძნებოდა: კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების გარეშე, საკარანტინო ზომების მოხსნის შემდეგ, დაავადების შემთხვევების ზრდა გარდაუვალია.

სხვა თემები