03 აგვისტო 2020 - 12:58

ჩამოყალიბდება თუ არა COVID-19-ის ვაქცინის შექმნამდე პოპულაციური იმუნიტეტი?  

ფოტო: Shutterstock.com

იმ ადამიანების რაოდენობის ზრდა, რომელთაც ახალი კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, პანდემიას ვერ შეაჩერებს. გერმანიასა და სამხრეთ კორეაში ანტისხეულებზე ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგად, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოპულარული კონცეფცია, ფაქტობრივად, ჩამოიშალა.  ”კოლექტიური იმუნიტეტის შესახებ კონცეფცია შეიძლება წარუმატებლად ჩაითვალოს”, ”საზოგადოებაში პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება დე ფაქტო შეუძლებელია”, -  ეს თითქმის იდენტური განცხადებები გერმანელმა და სამხრეთ კორეელმა პოლიტიკოსებმა ერთდროულად გააკეთეს. ამ შეფასებების კატეგორიული ხასიათი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე ქვეყანამ, რომლებიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სხვებზე წარმატებულნი არიან, პანდემიის კონტროლის მეთოდები და წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გადააფასეს. Deutsche Welle-მ გაარკვია როგორ და რატომ მივიდნენ სპეციალისტები ამ დასკვნამდე.

King's College-ის კვლევა: ორგანიზმის იმუნური პასუხი სწრაფად ქრება

ფაქტია, რომ ბერლინსა და სეულში COVID-19-ისადმი კოლექტიური იმუნიტეტის სწრაფ ჩამოყალიბებაზე თავიდანვე არც საუბრობდნენ. ამის მიზეზი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა იყო. ამ კონცეფციას რაღაც დროის განმავლობაში ლონდონსა და გარკვეულწილად სტოკჰოლმში ემხრობოდნენ. თუმცა ინფექციისადმი მასობრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას არც არავინ გამორიცხავდა. სწორედ ამ მიდგომის გამოძახილი იყო მარტის შუა რიცხვებში ანგელა მერკელის განცხადება. მაშინ გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ COVID-19-ით მოსახლეობის 70%-ი დაავადდებოდა. 


თუმცა მაშინ მეცნიერებამ ახალი კორონავირუსის თავისებურებების შესახებ ძალიან ცოტა რამ იცოდა. ამასთან, ეს ცოდნა თითქმის ყოველკვირეულად ღრმავდება. ბოლო დროს კი ჩნდება იმის ნიშნები, რომ SARS-CoV-2-ით ინფიცირებულებს ხანგრძლივი იმუნიტეტის გამომუშავება არ შეუძლიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი COVID-19-ით განმეორებით დაავადების საფრთხის წინაშე არიან. 


ლონდონის King's College-ის მეცნიერები მარტიდან ივნისამდე 90-ზე მეტ პაციენტს აკვირდებოდნენ. მათ დაადგინეს, რომ ინფიცირებულთა სისხლში ანტისხეულების კონცენტრაციამ მაქსიმუმს დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან სამი კვირის შემდეგ მიაღწია, შემდეგ კი სწრაფად დაეცა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ინფექციის პიკურ მომენტში ცდისპირთა  დაახლოებით 60%-მა ორგანიზმის ძლიერი იმუნური პასუხი დააფიქსირა, სამი თვის შემდეგ კი ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 17%-ს ჰქონდა.

კარლ ლაუტერბახი: ადამიანები, რომლებმაც COVID-19 ერთხელ უკვე გადაიტანეს, რისკჯგუფში არიან

სწორედ ამ კვლევამ აიძულა გერმანელი პოლიტიკოსი კარლ ლაუტერბახი, რომ 13 ივლისს Twitter-ის საკუთარ გვერდზე კოლექტიური იმუნიტეტის კონცეფციის ფაქტობრივი ჩამოშლის შესახებ განეცხადებინა. მის ამ შეფასებას ბევრი გერმანული მედიასაშუალება ციტირებდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ პროფესიით ექიმი კარლ ლაუტერბახი გერმანიის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ითვლება. ის ამავდროულად გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) (გერმანიაში მმართველი სამთავრობო კოალიციის ნაწილი) საპარლამენტო ფრაქციის სამედიცინო საკითხების წამყვანი ექსპერტია.


ლაუტერბახის აზრით, ბრიტანელი მეცნიერების დასკვნები "არ ნიშნავს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ არანაირი იმუნიტეტი აღარ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ, ის საკმაოდ არასრულფასოვანი იქნება". ექსპერტის განმარტებით, განმეორებითი ინფექციის საშიშროება არსებობს. "პირველადი ინფიცირების შემდეგმა გართულებებმა კი შეიძლება მეორე პროცესის მიმდინარეობა გაართულოს. ასე რომ, ის, ვინც ერთხელ დაავადდა, რისკჯგუფში შედის“, - გვაფრთხილებს ექსპერტი. ეს მოსაზრება პოპულაციური იმუნიტეტის კონცეფციას სრულად გამორიცხავს. 


კარლ ლაუტერბახი ბრიტანელი მეცნიერების პუბლიკაციას კი გამოეხმაურა, თუმცა მან ასევე შეძლო მიუნხენის კლინიკა შვაბინგის ექიმების დაკვირვებებსაც დათანხმებოდა. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. ”სპეციალური ტესტის ფარგლებში, რომელიც უსაფრთხოების უმაღლესი ზომების  მქონე ლაბორატორიაში ჩატარდა, ეგრეთ წოდებული გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა ცხრიდან ოთხი პაციენტის შემთხვევაში დავაფიქსირეთ”, - განაცხადა კლინიკის ინეფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა კლემენს ვენდტნერმა.

სამხრეთ კორეის მცხოვრებთა სისხლში ანტისხეულები არ დაფიქსირდა 

თუ გერმანიაში კოლექტიური იმუნიტეტის კონცეფცია ჯერჯერობით საჯაროდ ავტორიტეტულმა, მაგრამ მაინც ცალკეულმა პოლიტიკოსმა უარყო, სამხრეთ კორეაში, სადაც განმეორებით ინფიცირების შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირდა, მსგავსი რამ ოფიციალური მთავრობის დონეზე გაკეთდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 12 ივლისს სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა პაკ ნინ ჰუმ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის საზოგადოებაში პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 


ის დაეყრდნო კვლევას, რომელშიც ქვეყნის 3 055 მკვიდრი მონაწილეობდა. მათ შორის ანტისხეულები მეცნიერებმა მხოლოდ ერთი მათგანის სისხლში აღმოაჩინეს. მინისტრმა აქედან დაასკვნა, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისას კოლექტიური იმუნიტეტის წარმოქმნის იმედად ყოფნას აზრი არ აქვს. მისი განცხადებით, ამის ნაცვლად უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ COVID-19-ის პანდემია კიდევ ერთ ან ორ წელს გაგრძელდება, სანამ ეფექტიანი ვაქცინა არ შეიქმნება. 


პაკ ნინ ჰუს თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში აუცილებელია ინფექციის გავრცელების მუდმივი კონტროლი. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, რომ ყველამ ერთად ყოველდღიურ ცხოვრებასა და ანტიეპიდემიურ ზომებს შორის ჰარმონიულ ბალანსს მიაღწიოს და აღიაროს, რომ ვირუსთან თანაცხოვრება საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი კულტურა და ფორმაა.

„პოპულაციური იმუნიტეტის სახიფათო კონცეფცია“ 

ეფექტიანი ვაქცინის შექმნას კარლ ლაუტერბახიც ელოდება, მაგრამ აღიარებს, რომ მისი ეფექტი ხანგრძლივი ვერ იქნება. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში რეგულარულად ვაქცინაცია მოგვიწევს. ამას არც King's College-ის კვლევის ერთ-ერთი ავტორი კეტი დურსი გამორიცხავს. თუმცა სანამ ვაქცინა არ არსებობს, კარლ ლაუტერბახი ინფექციის პროფილაქტიკური ზომების აუცილებლობაზე საუბრობს. განსაკუთრებით ეს ეხებათ ახალგაზრდებს, რომელთა ბედიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ვირუსოლოგ ჯონათან ჰინსაც აღელვებს. მკვლევარის აზრით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნაწილი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, თავიანთი ზედაპირული მიდგომის გამო დაინფიცირდნენ. ისინი სწორედ პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბების იმედად იყვნენ. „არ დავიღლები, გავიმეორო, რომ ამ ვირუსით ინფიცირებაში კარგი არაფერია", - განუცხადა Business Insider-ს მკვლევარმა. King's College-ის კვლევას კი ჯონათან ჰინი „პოპულაციური იმუნიტეტის სახიფათო კონცეფციის კუბოს კიდევ ერთ ლურსმნად“ მიიჩნევს.

სხვა თემები