26 აგვისტო 2020 - 12:16

შეიძლება თუ არა დღენაკლული ჩვილი ჯანმრთელი გაიზარდოს? რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას? 

ფოტო: Shutterstock.com

როგორც წესი, ორსულობა 40 კვირას გრძელდება. 37 კვირამდე დაბადებული ბავშვი კი დღენაკლულად ითვლება. უფრო კონკრეტულად, თუ მშობიარობამდე ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მხოლოდ 36 კვირა და 6 დღეა გასული.


დღენაკლულ ჩვილს დაბადებისას სიცოცხლის ოთხი სიმპტომი უნდა აღენიშნებოდეს: გულისცემა, დამოუკიდებელი სუნთქვა, ჭიპლარის პულსირება ან კიდურების ნებაყოფლობითი მოძრაობა. თუ ახალშობილს ამ ნიშნებიდან არც ერთი არ აღენიშნება, ის შეიძლება გარდაცვლილად ჩაითვალოს.

 
მაშინაც კი თუ დღენაკლული ჩვილი რეგისტრაციის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ექიმებს მისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან ინკუბატორში გადაყვანა, სითბოთი, საკვებით, ფილტვების მექანიკური ვენტილაციითა და სხვა დამხმარე თერაპიით უზრუნველყოფა მაინც შეუძლიათ. თუმცა სამწუხაროდ, ასეთი ჩვილები საკმაოდ იშვიათად გადარჩებიან, თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევები ნამდვილად არსებობს.

რა ელოდებათ დღენაკლულ ჩვილსა და მის მშობლებს ახალშობილის დაბადების შემდეგ?

მშობლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მშობიარობიდან ძალიან მალე და შემდეგ პერიოდშიც ძალიან ბევრი გაურკვევლობა იქნება. ახალშობილის გარეგნობაც შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს. 


დღენაკლულ ჩვილებს აქვთ ძალიან თხელი და ნაზი კანი, საიდანაც სისხლძარღვებიც ჩანს და ის თავის ბარიერულ დანიშნულებას ვერ ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანი საშიში ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ორგანიზმის დაცვის ფუნქციას ვეღარ უმკლავდება. დღენაკლულ ჩვილებს კანქვეშა ცხიმიც მცირე რაოდენობით აქვთ, ამიტომ ისინი ძალიან მყიფე და გამოფიტულია. ახალშობილს გარკვეული სასიცოცხლო რეფლექსები არ აქვს, ხოლო ფეხმძიმობის 35 კვირამდე პერიოდში დაბადებულ ჩვილებს წოვა და ყლაპვა უჭირთ. სპეციალისტების განმარტებით, დღენაკლულ ახალშობილებში ორგანოების ანატომიურ სისტემას საჭირო ფუნქციური შესაძლებლობები არ აქვს. ამიტომაც ჩვილი საშვილოსნოს გარეთა ცხოვრების პირობებს სრულყოფილად ვერ უმკლავდება. 


სპეციალისტების შეფასებით, დღენაკლული ჩვილებისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ზოგად რეკომენდაციებზე საუბარი უკვე შეცდომაა. ასეთი ახალშობილების შემთხვევაში რაიმეს წინასწარ განჭვრეტა ძალიან რთულია, რადგან სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს როგორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში. უფრო მეტიც, შედეგის გაანალიზება პოსტფაქტუმაც კი ძალიან რთულია.

შეიძლება თუ არა დღენაკლული ჩვილი ჯანმრთელი გაიზარდოს?

ეს შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, ახალშობილი ფეხმძიმობის რა პერიოდში დაიბადა, რამდენს იწონიდა, რა თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა და რა რესურსები გააჩნდა იმ სამედიცინო ორგანიზაციას, სადაც დღენაკლული ჩვილი იმყოფებოდა. 


ძირითადი ნეგატიური შედეგები, რომლებიც დღენაკლულ ჩვილებში გვხვდება, არის ცერებრალური დამბლა, კოგნიტური დარღვევები, მხედველობისა და სმენის დაქვეითება. რაც უფრო ნაკლებია წონა და მშობიარობის ვადა, მით მეტია ასეთი სავარაუდო შედეგების ალბათობა. ამიტომაც როდესაც ნაადრევი მშობიარობის საფრთხე წარმოიქმნება, ექიმები სხვადასხვა მეთოდით ამ ვადის გახანგრძლივებას ცდილობენ, თუნდაც ეს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღეს ეხებოდეს. ეს თავისთავად აუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობის პროგნოზს, ასევე შესაძლებელს ხდის იმ მედიკამენტების გამოყენებას, რომლებიც ჩვილს ეხმარება, საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებას სწრაფად მოერგოს. თუმცა უკიდურესად დღენაკლულ ახალშობილებსაც კი (ფეხმძიმობის 28-ე კვირამდე პერიოდში დაბადებულები) აქვთ შანსი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი დარღვევა არ ჰქონდეთ.


არსებობს მოსაზრება, რომ ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს სკოლის პერიოდში ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების რისკი უფრო მაღალი აქვთ. ზრდასრულ ასაკში კი ინსულინრეზისტენტულობა, არტერიული წნევის მატება, გულის იშემიური დაავადება და სხვა დაავადებები აღენიშნებათ. სინამდვილეში კი ზუსტ პროგნოზზე საუბარი დღეს ძალიან რთულია.

დღენაკლული ჩვილი იმიტომ იბადება, რომ დედა ორსულობის პერიოდში ეწეოდა ან სვამდა?   

ნაადრევი მშობიარობა შეიძლება ბევრმა გარემოებამ გამოიწვიოს, მათ შორის ზოგიერთი მათგანი არის უკონტროლო, არაპროგნოზირებადი და უცნობი. სწორედ დაუდგენელი მიზეზებია ნაადრევი მშობიარობის უმრავლესობაზე პასუხისმგებელი. ზოგ შემთხვევაში  კი დღენაკლული ჩვილის დაბადება ცნობილი რისკფაქტორების გარკვეული კომბინაციით არის განპირობებული. 


დღეისათვის ითვლება, რომ ნაადრევ მშობიარობას შემდეგი ფაქტორები აპროვოცირებენ:  


-    მოწევა;
-    ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღწეული ორსულობა. ეს მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევებში ხშირია ტყუპი ნაყოფი, რომელიც ნაადრევად იბადება. ამიტომაც თანამედროვე რეკომენდაციები იცვლება და ახლა უკვე  უმეტეს შემთხვევაში, საშვილოსნოში ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ემბრიონის შეყვანაა მიზანშეწონილი.
-    ორსულობა წინა მშობიარობიდან 18 თვის განმავლობაში;
-    რისკი მაღალია, თუ დედის ასაკი 17 წლისაც არ არის ან 35 წელს გადაცილებულია; 
-    შაქრიანი დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები; 
-    პრეეკლამფსია; ამ მდგომარეობაში, ქალის არტერიული წნევა იმატებს. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს ფაქტორი პრეეკლამფსიის ნიშანი არ არის. საფრთხე ისაა, რომ მდგომარეობა შეიძლება გართულდეს შეშუპებით, ძლიერი თავის ტკივილით, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებით; ზოგიერთ ქალს კრუნჩხვითი შეტევები ეწყება, ინსულტი ან სხვა სერიოზული დაავადება უვითარდება; ამ შემთხვევაში ექიმებმა შეიძლება საკეისრო კვეთა ჩაატარონ ან მშობიარობის დაწყება ხელოვნურად აპროვოცირონ, მაშინაც კი თუ ორსულობა 37 კვირაზე ნაკლებია, რადგან ეს უფრო უსაფრთხოა როგორც დედის, ასევე - ბავშვისთვის. 


რაც შეეხება სტრესს, ამან შეიძლება ნაადრევი მშობიარობის რისკი ცოტათი გაზარდოს. თუმცა ამის მტკიცება მართებული ნამდვილად არ არის. ამ მიმართულებით კვლევას ისიც ართულებს, რომ სტრესი, ფაქტობრივად, ყველა ადამიანს აქვს. ამიტომაც ორსულობის რა ეტაპზე შეუძლია მას თუნდაც თეორიულად უარყოფითი გავლენა იქონიოს, უცნობია.

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაადრევი მშობიარობა?

ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორების გარდა (მოწევა, იმპლანტირებული ემბრიონის რაოდენობა), ექიმებს მშობიარობის ვადის გადასაწევად სხვა საშუალებების შეთავაზებაც შეუძლიათ. ყველაზე მთავარია, რომ ქალი ფეხმძიმობისთვის მოემზადოს და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ეს მიდგომა განსაკუთრებით გავრცელებულია შვედეთში, სადაც ახალშობილთა სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალია. 


გარდა ამისა, შეგიძლიათ სხვა რამეც გააკეთოთ: 


-    ზოგჯერ შეგიძლიათ საშიში მდგომარეობა დროულად "დაიჭიროთ". ქალებს, რომლებსაც ნაადრევი მშობიარობის ისტორია აქვთ, ფეხმძიმობის მე-16-დან 24-ე კვირამდე საშვილოსნოს ყელის სიგრძის შემოწმებას ულტრაბგერითი გამოკვლევით ურჩევენ (ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ისედაც ყველამ უნდა გააკეთოს). თუ საშვილოსნოს ყელი საჭიროზე მოკლეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება. საფრთხის შესამცირებლად კი, პროგესტერონის მიღება ვაგინალური გელის სახით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში კი საშვილოსნოს ყელს ნაკერს ან პესარიას  ადებენ. თუმცა ამ უკანასკნელის ეფექტიანობა ყველაზე უარესია.  
-    პროფილაქტიკის მიზნით, ქალებს, რომლებსაც ნაადრევი მშობიარობა უკვე ჰქონდათ, ფეხმძიმობის 16-დან 20 კვირამდე შეიძლება პროგესტერონი დაუნიშნონ. თუ ექიმი ფიქრობს, რომ ნაადრევი მშობიარობის რისკი დიდია, მას შეუძლია კორტიკოსტეროიდების დანიშვნა. ეს არის პრეპარატები, რომლებიც ბავშვის ორგანოების განვითარებას (ჩვეულებრივ, 24-ე კვირის შემდეგ) აჩქარებს.
-    თუ ქალს ჭინთვები უკვე დაეწყო და საშვილოსნოს ყელიც გაიხსნა, პროცესის შესაჩერებლად ტოქოლიტიკურ თერაპიას (მაგალითად, ინდომეტაცინი ან ნიფედიპინი) მიმართავენ. ეს კი ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. ამასთან, ტოქოლიტიკური თერაპია პროფილაქტიკის მიზნით არ გამოიყენება. მის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას შორის ბალანსი მაშინ არის დაცული, როდესაც ქალს ჭინთვები უკვე დაწყებული აქვს.  იმ დროის განმავლობაში, რომელსაც ექიმები ამ მეთოდით იგებენ, შეჰყავთ კორტიკოსტეროიდები და მაგნიუმის სულფატი, რომელიც ამა თუ იმ დაზიანებისგან ტვინის დაცვას ხელს უწყობს და შესაბამისად, ცერებრალური დამბლის რისკს ამცირებს. ტოქოლიტიკურმა თერაპიამ მშობიარობა რამდენიმე საათითაც რომ გადაწიოს, ეს უკვე კარგია: მაგნიუმის სულფატსა და კორტიკოსტეროიდებს მოქმედებისთვის მეტი დრო აქვთ. 

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ  ასეთი შემთხვევების მესამედის დროს ქალებს ჭინთვები თავისით უჩერდებათ და ნაადრევი მშობიარობის საფრთხეც ქრება.

სხვა თემები