02 სექტემბერი 2020 - 18:38

არის თუ არა ცერებრალური დამბლა მშობიარობის დროს დაშვებული შეცდომის შედეგი

ფოტო: Shutterstock.com

ცერებრალური დამბლა დარღვევების მთლიანი ჯგუფის ზოგადი სახელია. ამ დროს ადამიანს საკუთარი მოძრაობების კონტროლი და ამა თუ იმ პოზის შენარჩუნება უჭირს. ეს გამოწვეულია ტვინის დაზიანებით, რომელიც ვერსად გაქრება, თუმცა ამავდროულად პროცესი აღარ პროგრესირებს. არის შემთხვევები, როდესაც ცერებრალური დამბლის დროს მგრძნობელობა და კომუნიკაციის უნარი დარღვეულია, ადამიანს კრუნჩხვითი შეტევები აღენიშნება და ძვალ-კუნთოვანი პრობლემები წარმოიქმნება.

მართალია თუ არა, რომ არასწორად წარმართულმა მშობიარობამ შეიძლება ცერებრალური დამბლა გამოიწვიოს?

ეს იმაზე უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ამბობენ. ყველაზე ხშირად, დარღვევები ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში წარმოიქმნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს როგორც მშობიარობის დროს, ასევე - ადამიანის ადრეულ ასაკში. არსებობს პოპულარული მოსაზრება, რომ ცერებრალური დამბლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის ჟანგბადის უკმარისობაა, რაც ზოგჯერ მშობიარობის დროსაც წარმოიქმნება. სინამდვილეში კი მსგავს შემთხვევას ცერებრალური დამბლის მთლიანი მაჩვენებლის მხოლოდ 1%-ი უკავშირდება. 


როგორც წესი, ცერებრალურ დამბლას არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე მიზეზი იწვევს. ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვების უმრავლესობა არიან ჩვილები, რომლებიც ფეხმძიმობის 36 კვირამდე დაიბადნენ და/ან წონით 2500 გრამზე ნაკლები არიან. მათ აქვთ უფრო მაღალი რისკი, რომ განვითარდეს ისეთი მდგომარეობა, რომელიც თავის ტვინს აზიანებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სისხლჩაქცევა. 


ორსულობის დროს შეიძლება საშვილოსნოს შიდა ინფექცია განვითარდეს, ნაყოფის ზრდა შეფერხდეს ან პლაცენტის ფუნქციონირებაში ესა თუ ის სერიოზული დარღვევა მოხდეს. სწორედ ამ ყველაფერმა ერთად ან ცალ-ცალკე შეიძლება ცერებრალური დამბლა გამოიწვიოს. მშობიარობის შემდეგ მისი განვითარება, შესაძლოა, აპროვოციროს მენინგიტმა, სიმაღლიდან ჩამოვარდნამ ან როდესაც ბავშვი ტირილისგან ჩაბჟირდა და ჟანგბადის გარეშე დიდხანს იყო. შესაბამისად, არსებობს მრავალი მიზეზი და რისკფაქტორი, რამაც შეიძლება ცერებრალური დამბლა გამოიწვიოს.

განსხვავდებიან თუ არა სხვებისგან ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები თავიანთი გონებრივი შესაძლებლობებით?

დიახ, თუმცა შემთხვევების 50%-ი კოგნიტური დარღვევების ხარისხით შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ სხვებისთვის ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების გაგება ძნელი შესაფასებელია. ის შეიძლება თავის სხეულს ძალიან ცუდად აკონტროლებდეს, ვერ ან გაუგებრად საუბრობდეს, ამიტომაც მის გონებრივ შესაძლებლობებზე სხვებმა, შესაძლოა, ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანონ. 


ამ ბარიერის გადასალახად ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანს კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალება სჭირდება. ამისთვის სხვადასხვა მოწყობილობას იყენებენ. ეს შეიძლება იყოს კომპიუტერი, რომელიც მეტყველების სინთეზირებას ახდენს (ყველასთვის კარგად ცნობილია სტივენ ჰოკინგის შემთხვევა) ან ქაღალდზე დაბეჭდილი და ლამინირებული დასურათებული ბარათები. სპეციალისტების შეფასებით, ცერებრალური დამბლის ტიპისა და სიმძიმის მიუხედავად, ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა და განვითარება, რაშიც მათ უფროსები უნდა დაეხმარონ.

რა ასაკშია შესაძლებელი იმის გაგება, რომ ბავშვს ცერებრალური დამბლა აქვს? 

ჩვილის დაბადების პირველივე დღეებში შესაძლებელია ტვინის დაზიანების დიაგნოსტიკა, თუმცა ცერებრალურ დამბლასა და მის კონკრეტულ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. საქმე იმაშია, რომ ცერებრალური დამბლა ტვინის განვითარებადი პათოლოგიაა. ამიტომაც დრო უნდა გავიდეს, რომ გაირკვეს, ექნება დაზიანებული ტვინის მქონე ჩვილს ცერებრალური დამბლა თუ ტვინმა მასთან გამკლავება შეძლო. 


როგორც წესი, ეს ყველაფერი პირველ ორ წელიწადში ირკვევა. ამ დროს სხვა სიმპტომებთან ერთად აშკარა ხდება მოძრაობის განვითარების შეფერხება: ბავშვი ვერ ტრიალდება, ვერ ჯდება, ვერ დადის ან ამას დიდი შეფერხებით აკეთებს. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დანიშნოს. როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს ორი წელი შეუსრულდა. თუმცა ზოგჯერ დიაგნოზის დასმა ხუთ წლამდეც ვერ ხერხდება.

შესაძლებელია თუ არა ცერებრალური დამბლის პროფილაქტიკა? 

ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის კომპეტენტური მონიტორინგი. თუ მშობიარობა ნაადრევია, ერთადერთი საშუალება, რომელიც ცერებრალური დამბლის განვითარების რისკის შესამცირებლად ეფექტიანია, არის მაგნიუმის სულფატი. თუ მშობიარობის დროს ნაყოფს ჟანგბადის უკმარისობა აღენიშნება, ექიმები ახალშობილის სხეულის ტემპერატურას  პირველი 72 საათის განმავლობაში 33–35℃-მდე ამცირებენ. ეს ძალიან ფრთხილად და სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით კეთდება.

იკურნება თუ არა ცერებრალური დამბლა? 

პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ტვინისთვის მიყენებული შეუქცევადი ზიანი, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაციას აღარაფერი ეშველება. სპეციალისტების განმარტებით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანი იყოს დამოუკიდებელი იმ დონეზე, რამდენადაც ეს მას შეუძლია. ამას ჰაბილიტაცია ეწოდება და ხშირად „რეაბილიტაციადაც“ მოიხსენიებენ.


დასაწყისისთვის სპეციალისტი გარკვეული სკალის მიხედვით ბავშვის მდგომარეობას განსაზღვრავს. მოკლედ რომ ვთქვათ, სწორედ ამ დროს ირკვევა თუ რამდენად აკონტროლებს ადამიანი თავის სხეულს. I დონე გულისხმობს, რომ ბავშვს შეზღუდვების გარეშე მოძრაობა შეუძლია, V დონის მიხედვით კი, ის  ეტლით გადაადგილებას  შეძლებს, მაგრამ მის მართვას - ვერა. ბავშვის მდგომარეობის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდანვე იყოს გარკვეული, რა პროგრესია მოსალოდნელი, რა მიზნები უნდა დაისახოს სპეციალისტმა და რა ინსტრუმენტებია საჭირო მათ მისაღწევად. მშობელმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ თუ ბავშვს V ან თუნდაც III დონე აქვს, ის დახმარების გარეშე გადაადგილებას ვერ შეძლებს, ყოველდღე რამდენიმე საათიც რომ ივარჯიშოს.

არსებობს უამრავი მეთოდი და წამალი, რომლებიც ცერებრალური დამბლის სამკურნალოდ გამოიყენება. აქვს თუ არა მათ შედეგი? 

ცერებრალური დამბლით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ მოძრაობის კონტროლის პრობლემა, არამედ ეპილეფსია, სმენის დაქვეითება, ტკივილი და მრავალი სხვა დაავადება. ამ ყველაფერზე პროფილირებულმა სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ. რაც შეეხება საკუთარი სხეულის კონტროლს, აქ რამდენიმე პრინციპი უნდა იყოს დაცული.


ყველაზე ეფექტიანია მეთოდი, როდესაც ბავშვი რაღაცას თავად აკეთებს და ამას გარკვეული მიზანი აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უნდა იყოს არა პასიური მოძრაობა ან მოძრაობა მოძრაობისთვის. ამ პროცესში სპეციალისტების მთელი ჯგუფი უნდა იყოს ჩართული. 


ფიზიოთერაპევტი, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს მოძრობის უნარზე, წონასწორობაზე, კოორდინაციაზე, განვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ გადაადგილდება ბავშვი, როგორ დგას ან ზის. ერგოთერაპია კი გულისხმობს იმას, თუ როგორ ატარებს დროს პაციენტი. ბევრი ბავშვისთვის ეს არის თამაში, ტანსაცმლის ჩაცმა/გახდა, დამოუკიდებლად ჭამა. ხოლო რაც პირის ღრუში ხდება, ეს ლოგოპედის საქმეა. ამასთან, ერგოთერაპია საკმაოდ ფართო ცნებაა. მაგალითად, ის უნდა დაეხმაროს ბავშვს, ისწავლოს წერა, მოემზადოს სკოლისთვის, მიეჩვიოს სწავლის პროცესის დაგეგმვას. ფიზიოთერაპია კი უფრო სხეულსა და მის მოძრაობებს ეხება. ამავდროულად მიდგომა უნდა იყოს ოჯახსა და ბავშვის მოთხოვნილებებზე ორიენტირებული.

სხვა თემები