14 დეკემბერი 2020 - 11:14

რა გავლენას ახდენს სოციალური იზოლაცია ადამიანის ფსიქიკაზე

ფოტო: shutterstock.com

2020 წელს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კვირებისა და თვეების განმავლობაშიც კი იძულებით იზოლაციაში აღმოჩნდა. თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიამდეც მარტო მცხოვრები ადამიანების რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა. მეცნიერებმაც დიდი ხანია უკვე იციან, რომ სოციალურმა იზოლაციამ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს. მკვლევრებმა ამ მიმართულებით მრავალი კვლევა ჩაატარეს ცხოველებზე, მათ შორის- თაგვებზე. 2020 წლის ნოემბერში კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნეირობიოლოგებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნაჩვენებია, მიღებული შედეგებიდან რომელთა განზოგადება შეიძლება ადამიანებზეც. საინტერესოა, რა დაასკვნეს მეცნიერებმა ამ მიმართულებით? რა იციან მათ მარტოობის პრობლემისა და მისი მოგვარების გზების შესახებ?

რა სახის კვლევები ჩაატარეს მეცნიერებმა და როგორია მათი დასკვნა? 

2018 წელს, სან დიეგოში გამართულ კონფერენციაზე, თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგმა რიჩარდ სმეინმა მის მიერ ჩატარებული კვლევის გასაოცარი შედეგები წარადგინა. მეცნიერის განცხადებით, ფილადელფიაში არსებულ ლაბორატორიაში თაგვები დაბადებიდანვე მოათავსეს საერთო ვოლიერში, სადაც ისინი ერთმანეთთან თავისუფლად ურთიერთობდნენ და პლასტმასის მილებისგან გაკეთებული ლაბირინთების შესწავლით ერთობოდნენ. მას შემდეგ, რაც მღრღნელები სამი თვის ხდებოდნენ, ისინი ინდივიდუალურ კონტეინერებში გადაჰყავდათ. გამჭვირვალე ყუთებში მოთავსებულ თაგვებს ერთმანეთის დანახვა და მოსმენა შეეძლოთ, მათ საკვებიც საკმარისად ჰქონდათ, მაგრამ ფიზიკური კონტაქტი დაკარგეს. ამით სმეინს სურდა შეესწავლა, თუ როგორ იმოქმდებდა მათ ტვინზე იზოლაცია. 


მიღებული შედეგები კი ასე გამოიყურებოდა: „განმარტოებიდან“ ერთის თვის შემდეგ, ცდისპირთა თავის ქალის ზოგიერთ უბანში ნერვული უჯრედების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, მოტორიკულ ზონაში კი ერთბაშად 20%-იანი კლება დაფიქსირდა. თუმცა ყველაზე რადიკალური ცვლილებები სმეინმა სამთვიანი იზოლაციის შემდეგ შეამჩნია. ამ დროისთვის უკვე თაგვებს დენდრიტები და აქსონები შეუმცირდათ, მათ ორგანიზში იკლო ცილა BDNF-ის სინთეზმაც, რაც ნერვების ზრდას ასტიმულირებს. ამავდროულად, მღრღნელებში "სტრესის ჰორმონის" - კორტიზოლის დონე გაიზარდა და მკვლევრებმა მათ ნეირონებში უფრო მეტი დაზიანებული დნმ აღმოაჩინეს, ვიდრე- ჯგუფურად მცხოვრებ თაგვებში. ეს ყველაფერი თავის ტვინს 90 დღეში დაემართა, იმის გათვალისწინებით, რომ ცდისპირებს კვებისა და ძილის კარგი რეჟიმი ჰქონდათ, ასევე არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. 


სმეინმა ტვინის უჯრედების რეაქციის უფრო ხანგრძლივ მონაკვეთზე (ვთქვათ, ექვსი თვის ან მეტი ხნის გნმავლობაში) შესწავლა ვეღარ შეძლო. შესაძლოა, ტვინს დროთა განმავლობაში ადაპტაცია გაევლო ან პირიქით, კიდევ უფრო ღრმა ცვლილებები განეცადა. თუმცა IACUC-ის კომიტეტმა, რომელიც ცხოველებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს არეგულირებს, სმეინს თაგვების სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლაცია აუკრძალა. 


მიუხედავად ამისა, დასკვნა თავისთავად ცხადყოფს, რომ ფიზიკური კონტაქტის არარსებობამ და ვიწრო სივრცემ უჯრედების სწრაფი დეგრადაცია და მათ შორის კავშირის შემცირება გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, თაგვების შემთხვევაში ასე მოხდა.


მეცნიერები სოციალური იზოლაციის შედეგებს ათწლეულების განმავლობაში სწავლობენ, თუმცა ისინი ძირითადად ქცევასა და ფსიქიკის რეაქციას აკვირდებიან. კვლევები იმის შესაახებ, თუ რა ხდება ამ დროს ნერვულ ქსოვილებში, არც ისე ბევრია და ისიც, როგორც წესი, ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს უკავშირდება. რიჩარდ სმეინმა მაიკლ ზიგმონდთან ერთად (პიტსბურგის უნივერსიტეტი) იზოლაციის ნეირობიოლოგიურ ეფექტებზე შუალედური შედეგები შეაჯამა. როგორც წესი, ცხოველებს, რომლებიც იზოლირებული არიან, ჯგუფურად მცხოვრებთაგან განსხვავებით,  აქვთ უფრო თხელი თავის ტვინის ქერქი, ნაკლები ნეირონები და გაცილებით მცირე გლიალური უჯრედები იმ ზონებში, რომლებიც სენსომოტორულ ინტეგრაციასა და სოციალურ ქცევაზე არიან პასუხისმგებელი.  


ადამიანების მსგავსად, თაგვებიც სოციალურები არიან და მარტოობას კომპანიონებს ამჯობინებენ. თაგვისა და ადამიანის გენომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ნეიროანატომიაც  მსგავსია, ძირითადი განსხვავება კონკრეტული სტრუქტურების ფარდობითი ზომაშია. ადამიანისა და თაგვის ნეირონის პლასტიკურობის ძირითადი საკვანძო მოლეკულებიც თითქმის ერთნაირია. მიუხედავად ამისა, განსხვავებები მაინც ძალიან ბევრია და მღრნელების შემთხვევაში მიღებული შედეგები ადამიანებზე ავტომატურად არ ვრცელდება.

იწვევს თუ არა სოციალური იზოლაცია დეპრესიას?

როგორც მაკგილისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მეცნიერები თავიანთ ბოლოდროინდელ მიმოხილვაში წერენ, ”არასაკმარისი სოციალური სტიმულაცია გავლენას ახდენს აზროვნებასა და მეხსიერებაზე, ჰორმონალურ ჰომეოსტაზზე, ტვინის ნაცრისფერ და თეთრ ნივთიერებებს შორის კავშირსა და მათ ფუნქციაზე, ასევე ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მიმართ მდგრადობაზე”. ჯერ კიდევ 2018 წელს, English Longitudinal Study of Aging (ELSA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის  ანალიზში ნათქვამია, რომ ”ჯგუფების უმეტესობას, რომლებმაც იზოლაცია და/ან მარტოობა გადაიტანეს, უფრო გამოკვეთილი დეპრესიული სიმპტომები ჰქონდათ“. აღნიშნულ პროექტში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი მონაცემების შესწავლის შემდეგ კი, ამჯერად უკვე სხვა სტატიის ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ სწორედ სოციალურმა იზოლაციამ გამოიწვია მეხსიერების დაქვეითება. 


პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი საგრძნობლად შემცირდა. ამას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალი ტექნოლოგიების განვითარება.  შეხვედრის დროსაც კი, მეგობრები ხშირად სმარტფონებში იქექებიან. მაიმუნები სტრესს ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტით იხსნიან, ადამიანები კი იძულებული არიან მხოლოდ ციფრული „ლაიქებით“ შემოიფარგლონ. ჟურნალი Wired-ი  წერს, თუ რამდენად რთულია ზოგიერთი ადამიანისთვის სოციალურ იზოლაციასა და კოვიდშეზღუდვებით გამოწვეულ ტაქტილურ შიმშილთან გამკლავება. 

ნუთუ ასე რთულია მარტოობასთან გამკლავება?

ჰარვარდის კვლევა, რომელიც 1938 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, აჩვენებს, რომ მარტოობა კლავს ისევე, როგორც მოწევა ან ალკოჰოლდამოკიდებულება. ადამიანებთან ურთიერთობა კი ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უფრო მეტად ზემოქმედებს, ვიდრე- გენები, ინტელექტი, ფული ან სოციალური სტატუსი. ის ცდისპირები, ვინც 50 წლის ასაკში ადამიანებთან კონტაქტით ყველაზე მეტად კმაყოფილები იყვნენ, 80 წლის ასაკშიც ყველაზე ჯანმრთელებად დარჩნენ. ბევრისთვის, როგორც ჩანს, სოციალური კონტაქტების გრძელვადიანი შეზღუდვა ძალიან დამთრგუნველია.


თუ ადრე მეცნიერები, პირველ რიგში, ასეთ კორელაციებსა და კავშირებს ეძებდნენ, ახლა ისინი იმის გაგებას ცდილობენ, თუ როგორ მუშაობს ეს უჯრედებისა და ნეირონების მექანიზმების დონეზე. ეს ცოდნა საბოლოოდ დაეხმარება ადამიანებს უფრო დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ სამყაროში, რომლისთვისაც ევოლუციამ ისინი არ მოამზადა- სადაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბევრად მეტი ან გაცილებით ნაკლები სოციალური კონტაქტი, ვიდრე- მის წინაპრებს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს მისი პირადი სურვილით ან ეპიდემიოლოგიური აუცილებლობით. 

სხვა თემები