01 სექტემბერი 2017 - 18:23

ცხვრის დაკვლა აუცილებელია? მთავარი კითხვები ყურბან-ბაირამის შესახებ

31 აგვისტოს, საღამოს, ყურბან-ბაირამის დღესასწაული დაიწყო. ეს მუსლიმების მთავარი, ხოლო ისლამში გაუცნობიერებელი ადამიანებისთვის, ყველაზე თვალსაჩინო დღესასწაულია. ყურბან-ბაირამის დროს ქუჩებში მოძრაობა იზღუდება და უამრავი მორწმუნე სპეციალურ რიტუალებს ატარებს, მათ შორის ერთ-ერთი - ცხოველების მსხვერპლშეწირვაა. 

ყურბან-ბაირამი მუსლიმებისთვის იგივეა, რაც ქრისტიანებისთვის აღდგომა?

დიახ. ეს მუსლიმების მთავარი დღესასწაულია. თურქულად ყურბან-ბაირამი, ხოლო არაბულად იდ ალ-ადჰა - მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია - რელიგიური წლის მთავარი მოვლენა, რომელიც ჰაჯის რიტუალს ასრულებს. ჰაჯი - მექაში მომლოცველობაა. ყოველმა მორწმუნემ, რომელსაც ცხონება სურს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოილოცოს მექა.  
ჰაჯის დროს მომლოცველები თითქოს წარსულში, წინასწარმეტყველ იბრაჰიმის დროში მოგზაურობენ, რომელმაც ჰაჯის წესები დაამკვიდრა. წარსულის და აწმყოს თემი - თემი, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული -ერთ მთლიანობად გადაიქცევა და არაფატის ხეობაში წარდგება ღვთის წინაშე, ისევე, როგორც განკითხვის დღეს.

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს ცნობილი ბიბლიური სიუჟეტიდან იღებს, რომელიც აბრაამის მიერ,მისი შვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე მოგვითხრობს. თუმცა აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს. მას სამსხვერპლოზე უფროსი შვილი, ისმაილი მიჰყავს და არა ისააკი – რომელიც, ყურანის მიხედვით, იბრაჰიმის მეორე შვილია. იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი - კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს - ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ყურბაინ-ბაირამობის მსხვერპლშეწირვა - რწმენისა და ღვთისადმი ერთგულების სიმბოლოა, თავგანწირვისა და მორჩილების ნიშანი ცოდვების მონანიების, განწმენდისა და გადარჩენისთვის, იმათთვისაც, რომელთაც ჰაჯიში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ყურბან-ბაირამის ფოტოებზე ხალხი მასობრივად რატომ არის მუხლმოყრილი? განსაკუთრებულ ლოცვას კითხულობენ?

დიახ. ეს სადღესასწაული ლოცვაა - თაქბირი, ალაჰის განდიდების ლოცვა, რომელსაც მეჩეთში წელიწადში ორჯერ კითხულობენ - ურაზა-ბაირამის და ყურბან-ბაირამის დღესასწაულებზე. ის სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის, ვინც ჰაჯიში ვერ მონაწილეობს. ეს ლოცვა ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ნამაზს, რომელიც დღეში ხუთჯერ უნდა შესრულდეს, მაგრამ თუ ყოველდღიური ნამაზის წაკითხვა ნებისმიერ ადგილას და განმარტოებით შეიძლება, სადღესასწაულო ლოცვა სრულდება მეჩეთში, მთელი თემის თანდასწრებით და მას ემატება განსაკუთრებული, დღესასწაულთან დაკავშირებული ელემენტები. ნამაზის აუცილებელი ნაწილია თავის მიწამდე დახრა, ისე, რომ შუბლი და ცხვირი ფარდაგს შეეხოს. ეს მორჩილების სიმბოლო და ლოცვის მთავარი ნაწილია. ფოტოგრაფების უმრავლესობას ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ ეს მომენტი მიაჩნია და ფოტოების უმეტესობაზე სწორედ ამიტომ არის ის აღბეჭდილი.

ყურბან-ბაირამის დროს ამდენი ხალხი რატომ არის ქუჩაში? მეჩეთში ლოცვა ხომ შეიძლება?

შეიძლება, მაგრამ რადგან ამ დღეს ლოცვაზე მიდის ყველა, ვისაც შეუძლია, ადამიანები მეჩეთებში ვერ ეტევიან და ქუჩებში ლოცულობენ. ისლამში ლოცვა ნებისმიერ სუფთა ადგილას ნებადართულია, ამიტომ ქუჩაში ლოცვის პრაქტიკა, როდესაც მეჩეთი ყველა მსურველს ვერ იტევს, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

ცხვრის დაკვლა აუცილებელია? არ შეიძლება ცხვრის ხორცის ბაზარში ყიდვა?

არა. უკვე დაკლული ცხოველის ყიდვა, მსხვერპლშეწირვად აღარ ითვლება. ზოგიერთები ცხვრის ხორცს ყიდულობენ, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ჟესტია, რელიგიური თვალსაზრისით, მას აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია სწორედ დაკვლის რიტუალი, რასაც მორწმუნე შეგნებულად, ცოდვების მონანიების მიზნით, სულიერი და ფიზიკური განწმენდისთვის აკეთებს. ადამიანმა უნდა შეარჩიოს, იყიდოს ცხოველი (ცხვარი, თხა, ძროხა, ხარი ან აქლემი) და მიიტანოს სასაკლაოზე. თუ მან არ იცის ცხოველის დაკვლა, ამას ყასაბი გააკეთებს, რომელიც აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოს და ყველაფერი რიტუალის თანახმად უნდა ქნას. ხორცის მხოლოდ მესამედს მიირთმევს იმ ადამიანის ოჯახი, რომელიც მსხვერპლს სწირავს, დანარჩენი ურიგდება ახლობლებს, მეგობრებს და უცნობ ადამიანებსაც. ამ ხორცით შეიძლება არამუსლიმსაც გაუმასპინძლდნენ. ცხოველებს მეჩეთებში არ კლავენ. მუსლიმების უმრავლესობა ქუჩაში მათ დაკვლას აფასებს როგორც ველურ ტრადიციას, თუმცა გარშემომყოფთა შოკირების მსურველები ყველგან და ყოველთვის არიან. ჩვეულებრივ, დიდ ქალაქებში არსებობს სასაკლაოების ოფიციალური სია, სადაც დღესასწაულების დროს ცხოველების რიტუალის თანახმად კლავენ. მუსლიმურ სოფლებში ცხოველების დაკვლა სახლის ეზოში ან მინდორში შეიძლება.

ცხვრის დაკვლის გარდა, კიდევ რა მნიშვნელოვანი რიტუალებია?

რადგან, ყურბან-ბაირამი დაკავშირებულია ჰაჯისთან, ის, ვინც ჰაჯიში მიემგზავრება, მთელი კვირის განმავლობაში უამრავ რიტუალს ატარებს. ხოლო მან, ვინც, ჰაჯიში არ მონაწილეობს, სასურველია, დღესასწაულის წინა ღამე ან ღამის ნაწილი ლოცვაში გაატაროს. სადღესასწაულო ლოცვამდე მუსლიმმა უნდა განიბანოს, ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი და მეჩეთში დილის ღვთისმსახურებაზე წავიდეს. შემდეგი სამი დღის განმავლობაში ადამიანებს შეუძლიათ მსხვერპლის შეწირვა. ამ დღეებში, მუსლიმები არ მუშაობენ, ისინი დადიან სტუმრად, სასაფლაოზე, ულოცავენ ერთმანეთს და მოწყალებას არიგებენ.

ყურბან-ბაირამამდე მარხულობენ?

ისლამში აუცილებელი მარხვა - რამადანის თვის მარხვაა, რომელიც ურაზა-ბაირამის დღესასწაულის გახსნილებისას მთავრდება. რელიგიურ კალენდარში ყურბან-ბაირამი სწორედ ამ მარხვაზეა მიბმული და ურაზ-ბაირამის დღესასწაულიდან 70-ე დღეს ემთხვევა. ყველა სხვა მარხვა, მათ შორის ერთდღიანი ან ათდღიანი, დამატებითია და მას სურვილის მიხედვით იცავენ. მართლმორწმუნე ადამიანები ყველა მარხვას იცავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის სულის განწმენდის და ცოდვების პატიების საწინდარია.

კომენტარები ()

სხვა თემები