02 სექტემბერი 2017 - 02:10

მრავალმილიონიანი ტრანსფერები - რა ფული ტრიალებს ფეხბურთის სამყაროში?

ყოველ ზაფხულს, ფეხბურთის სამყაროში ხელიდან ხელში უზარმაზარი თანხა გადადის. საუკეთესო კლუბები ცდილობენ საუკეთესო მოთამაშეების ხელში ჩაგდებას; საუკეთესო მოთამაშეები და მათი აგენტები ეძებენ ყველაზე ხელსაყრელ წინადადებებს; კლუბები, რომლებიც იძულებულნი არიან გაყიდონ საუკეთესო ფეხბურთელები, ცდილობენ ფასები არ დააგდონ. ეს ისტორია ყოველ წელს მეორდება, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებთან 5-წლიანზე ხანგრძლივი კონტრაქტი არ ფორმდება.   

თანხა მართლაც ასეთი წარმოუდგენელია?

დიახ. ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი “ბარსელონადან” ფრანგულ პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ (265 მილიონი დოლარი) გადავიდა. ეს წინა სატრანსფერო რეკორდზე ორჯერ მეტია. შარშან “მანჩესტერ იუნაითედმა” ფრანგ პოლ პოგბაში 105 მილიონი ევრო გადაიხადა და გაჩნდა განცდა, რომ გულშემატკივრებს ვერაფრით ვეღარ გააკვირვებდნენ. მაგრამ საფეხბურთო კლუბების ხარჯებს არანაირი ზედა ზღვარი არ ზღუდავს, ამიტომ ახალი რეკორდი შეიძლება ნებისმიერ დროს დამყარდეს.

ამხელა თანხას რატომ იხდიან?

ფეხბურთი - გლობალური ბიზნესია და საუკეთესო მოთამაშეები მუდმივად იცვლიან სამუშაო ადგილს. მაგალითად, დევიდ ბექჰემი თავისი კარერის განმავლობაში თამაშობდა ბრიტანეთის, ესპანეთის, აშშ-ის, იტალიის და საფრანგეთის კლუბებისთვის. პროფესიონალი ფეხბურთელები რამდენიმეწლიან კონტრაქტებს აწერენ ხელს. ამ კონტრაქტების ვადა ხუთ წელს არ აჭარბებს. თუ მოთამაშეს კონტრაქტის ვადის გასვლამდე ყიდულობენ, ახალი კლუბი ძველს კომპენსაციას უხდის. 

ტრანსფერი როდის ხდება?

FIFA-ს წესების თანახმად, წელიწადში ორი პერიოდია, როდესაც კლუბებს უცხოელი ფეხბურთელების ყიდვა შეუძლიათ. ამ პერიოდებს სატრანსფერო ფანჯრებს უწოდებენ. უფრო გრძელი ფანჯარა სეზონებს შორისაა, უფრო მოკლე - შუა სეზონში, ზამთარში. 

ზუსტ თარიღებს კონკრეტული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციები ადგენენ. ევროპის ბევრ ქვეყანაში, ტრანსფერების საზაფხულო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. აშშ-ში ის 9 აგვისტოს დაიხურა.

ფეხბურთელს ყიდულობენ და მორჩა?

არა. ფეხბურთელი, მისი აგენტი, კლუბი და იურისტები თანაშემწეებთან ერთად იწყებენ ახალ კონტრაქტზე მუშაობას, რომელშიც გაწერილია ხელფასი და ყველანაირი ბონუსი. ფეხბურთელებს სამედიცინო შემოწმებას და ფიზიკურ მდგომარეობაზე ტესტებს უტარებენ. 

თუ ამ შემოწმებების დროს ფეხბურთელს მანადე უცნობი ტრავმა აღმოაჩნდა, ეს კომპენსაციის მოცულობაზე აისახება. მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსფერი შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს. 

ვის რამდენს უხდიან?

იმ 222 მილიონ ევროს ნეიმარს არ უხდიან. პსჟ ამ თანხას კლუბ "ბარსელონას" უხდის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის “ბარსელონადან” ნეიმარის გამოსასყიდი თანხა, რომელიც მის ძველ კონტრაქტში იყო გაწერილი. მთელი რიგი წყაროების ცნობით, ამ თანხის ნაწილს, კერძოდ, 38 მილიონ ევროს ტრანსფერში დახმარებისთვის მიიღებენ ფეხბურთელის მამა, აგენტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ამის შემდეგ ნეიმარს პსჟ ხელფასს - წელიწადში დაახლოებით 45 მილიონ ევროს გადაუხდის, თან იმის იმედით, რომ მისი სახელის და იმიჯის (გამოსახულების) გამოყენებაზე დამატებით შემოსავალს მიიღებს.

თუმცა ნეიმარის შემთხვევაში, ვითარება გართულდა. “ბარსელონამ” განაცხადა, რომ ნეიმარს კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო უჩივლებს, რადგან ფეხბურთელმა უკვე მიიღო ბონუსები იმისთვის, რომ შარშან თავისი საკონტრაქტო ვადის ხუთი წლით გაგრძელებას ხელი მოაწერა. ესპანური კლუბი ფეხბურთელს ზიანისთვის სთხოვს 8,5 მილიონ ევროს გადახდას და ბონუსის დაბრუნებას, რომლის მოცულობა არ საჯაროვდება, ასევე ამ გაუხმაურებელი თანხის კიდევ 10%-ის ანაზღაურებას.

ფეხბურთელის იმიჯის გამოყენებაზე უფლებაც მხოლოდ კლუბს აქვს?

ეს კონტრაქტის პირობების განხილვისას ერთ-ერთი ცენტრალური თემაა. როგორც წესი, კლუბები ცდილობენ, რომ სარეკლამო და პიარ-მასალებში ფეხბურთელის საიმიჯო მასალების გამოყენება თავად აკონტროლონ და ამის უფლება ექსკლუზიურად მოიპოვონ. მაგრამ ფეხბურთელებს არ სურთ ხოლმე რეკლამიდან დამატებით შემოსავალზე უარის თქმა, ამიტომ იწყება ვაჭრობა, რაც შეიძლება დასრულდეს იმით, რომ სარეკლამო თანხა ფეხბურთელმა და კლუბმა თანაბარად გაიყონ.

კლუბებს ამხელა ფული საიდან აქვთ?

ყველაზე დიდი შემოსავალი “მანჩესტერ იუნაითედს" აქვს. აუდიტორული კომპანია Deloitte-ის ცნობით, მსოფლიოს 20 ყველაზე მდიდარი კლუბის შემოსავალმა, რომელთაგან ყველა ევროპულია, 2015-2016 წლებში 7,4 მილიარდ ევროს მიაღწია. 

აქედან, ყველაზე დიდი შემოსავალი "მანჩესტერ იუნაითედს" აქვს - 689 მილიონი ევრო: ამ თანხის 43% კლუბმა მიიღო სპონსორული კონტრაქტებიდან და სუვენირების გაყიდვიდან (სავარაუდოდ, “პსჟ” ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს და “ნეიმარის” წარწერიან მაისურებს მასობრივად გამოუშვებს); 39% - ტელეტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან; დაახლოებით 18% - ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია. ამ თანხაში შედის სატრანსფერო გარიგებებიდან ანუ ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც რა თქმა უნდა კლუბებს აქვთ.

კლუბებს ყოველთვის ამხელა შემოსავალი ჰქონდათ?

არა. 1995 წლამდე ბევრ ევროპულ კლუბს უცხოელი ფეხბურთელების ყიდვაზე კვოტა ჰქონდა. 1995 წლის შემდეგ ამოქმედდა ეგრეთ წოდებული ბოსმანის წესი (ბელგიელი ფეხბურთელის ჟან-მარკ ბოსმანის მიერ წამოწყებული სასამართლო პროცესის შედეგი, რომელმაც მე-20 საუკუნის მიწურულს მსოფლიოს ფეხბურთში სატრანსფერო წესები შეცვალა), კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს და რომელმაც სხვა ცვლილებებთან ერთად ბლოკის სხვა ქვეყნებიდან ფეხბურთელების ტრანსფერის რაოდენობაზე ყველა შეზღუდვა გააუქმა. 

ბოსმანის საქმეზე მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ, მანამდე მოქმედი ევროპული სატრანსფერო სისტემა ზოგადად არალეგიტიმურად ცნო. ამის შემდეგ ევროპული ფეხბურთი ჩვეულებრივ საერთაშორისო ბაზრად გადაიქცა, სადაც კონკურენციის წესები მოქმედებს. წლების განმავლობაში, ფეხბურთელების ყიდვაში გადახდილი თანხა ისევე იზრდებოდა, როგორც, მაგალითად უცხოელი მოთამაშეების რაოდენობა ინგლისის პრემიერ-ლიგაში. 2016 წლისთვის ამ ლიგაში ფეხბურთელების დაახლოებით 70%-ს უცხოელები შეადგენდნენ.

დღეს ყველაზე მდიდარი კლუბების გამდიდრების ერთ-ერთი მიზეზი სატელევიზიო ტრანსლაციის გაყიდვის უფლებიდან მიღებული მზარდი შემოსავლებია. 2016 წელს, ინგლისური პრემიერლიგის 20-მა კლუბმა მაუწყებელ კომპანიებთან 10,4 მილიარდი ფუნტის (13,4 მილიარდი დოლარი) ღირებულების სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პროფესიულ ფეხბურთში ეს ყველაზე მომგებიანი მედია-გარიგება გახდა. დიდ ბრიტანეთში, კომპანიები BT და Sky პრემიერლიგას 10 მილიონ ფუნტზე (12,9 მილიონი დოლარი) მეტს უხდიან თითოეული მატჩის ტრანსლაციისთვის.

ასეთი შემოსავლები სატრანსფერო გარიგებებზე გარდაუვლად აისახება. მაგალითად, შარშან, FIFA-ს მონაცემებით, ინგლისურმა კლუბებმა უცხოელი მოთამაშეების ყიდვაზე რეკორდული თანხა - 4,79 მილიარდი დოლარი (ერთ ტრასნფერზე საშუალოდ 328 000 დოლარი) დახარჯეს.

ეს კარგია თუ ცუდი?

ბევრს მიაჩნია, რომ ძვირადღირებული ტრასფერები ფეხბურთისთვის ცუდია. პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ  (FIFPro) განაცხადა, რომ ნეიმარის ტრანსფერი და ზოგადად, უკონტროლოდ მზარდი სატრანსფერო თანხა, კონკურენციას ანადგურებს, რომ ფეხბურთი სულ უფრო ემსგავსება მდიდრების პატარა ჯგუფის, ძირითადად ევროპული კლუბების სამემკვიდრეო მამულს. ფედერაციის მტკიცებით, კონკურენციის განადგურების შედეგია, რომ მხოლოდ რამდენიმე უძლიერეს და უმდიდრეს კლუბს (“მანჩესტერ იუნაითედს”, მადრიდის “რეალს” და მიუნხენის “ბავარიას”) შეუძლია თავს ელიტური ფეხბურთელების ყიდვის უფლება მისცეს. ისინი დომინირებენ თავიანთ ლიგებში, ხოლო ღარიბ კლუბებს მათთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ.     

იმავდროულად, FIFA-ს მონაცემებით, ძვირადღირებული ტრანსფერები არცთუ გავრცელებული პრაქტიკაა. მსოფლიოში, ფაქტობრივად ყველა შარშანდელი ტრანსფერის მხოლოდ 14%-სთვის არის თანხა გადახდილი. სხვა ტრანსფერები უფასო იყო - მოთამაშეებს ძველი კონტრაქტი ეწურებოდათ და სხვა კლუბებში გადადიოდნენ.

ნეიმარის რეკორდს ვინმე მოხსნის?

ლიონელ მესის “ბარსელონასთან” გაფორმებულ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 300 მილიონი ევროა მითითებული. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია.

წყარო: BBC

კომენტარები ()

სხვა თემები