115 წელზე მეტს ვერ იცოცხლებთ. თუ იცოცხლებთ?
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა Nature შარშან ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალურ ზღვარზე ამერიკელი მეცნიერების კვლევა გამოაქვეყნა. სტატიას მსოფლიოს მედიასაშუალებებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სააგენტო Altmetric-ის ცნობით, სულ რაღაც რამდენიმე დღეში სტატია გაზეთების გვერდებზე და სოციალურ ქსელებში იმდენჯერ ახსენეს, რომ წლის ყველაზე პოპულარული სამეცნიერო პუბლიკაციების პირველ ოცეულში მოხვდა. რამდენიმე დღის წინ იმავე საკითხის შესწავლას კვლევა ჰოლანდიელმა მეცნიერებმაც მიუძღვნეს. ტილბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა ამერიკელებისას დაემთხვა.
რა არის ამ დასკვნაში მნიშვნელოვანი?
Nature-მა, ნიუ-იორკის ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების კვლევა გამოაქვეყნა, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ცნობილი დღეგრძელი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზღვარი 115 წელზე გაჩერდა. ამ ზღვრის გადალახვის ერთეული შემთხვევები არსებობს. მაგრამ, საშუალოდ, რეკორდსმენი-უხუცესები სწორედ 116 წლისთვის კვდებიან. ფაქტობრივად, იმავეს ადასტურებენ ჰოლანდიელი მკვლევრებიც.
როგორ დაადგინეს?
არსებობს გამორჩეული დღეგრძელობის შემთხვევათა დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემთა ბაზა - International Database on Longevity. ამ ბაზაში ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლები, რომლებმაც 110 წელს გადააბიჯეს. მთავარია, ასაკი დოკუმენტურად იყოს დადასტურებული. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სუპერდღეგრძელი ადამიანების გარდაცვალების საშუალო ასაკი, რაც ათობით წლის განმავლობაში უწყვეტად იზრდებოდა, 1995 წლიდან აღარ იზრდება და 115 წელზე გაიყინა.
ესე იგი 22-ე საუკუნეში ადამიანები 115 წელზე მეტს ვეღარ იცოცხლებენ?
სწორედ ასე ფიქრობენ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ არსებობს რაღაც ბიოლოგიური ზღვარი, რომელსაც ვეღარავინ გადალახავს. იმავდროულად, არსებობენ მეცნიერები, რომლებსაც სხვა მოსაზრება აქვთ. მაგალითად, ჯეიმს ვოპელი, იმავე ჟურნალში ხუთი წლით ადრე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, დემოგრაფების, ეპიდემიოლოგების და ბიოლოგების უამრავ კვლევას განაზოგადებს და ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად გაიზრდება ისეთი ადამიანების წილი, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრებენ. ასეთი ადამიანების რიცხვი რაც უფრო მეტი იქნება, მით მეტი იქნება უნიკუმების რაოდენობა, რომლებიც 115-წლიან ზღვარს გადალახავენ და გაჩნდებიან ერთეული დღეგრძელები, რომლებიც 120-ე დაბადების დღეს აღნიშნავენ.
მთლიანობაში, ბოლომდე მკაფიოდ არ ჩანს, შეიძლება თუ არა დღეს მომავალი თაობების სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა და ადამიანთა დღეგრძელობის რეკორდების პროგნოზირება. დღევანდელი რეკორდსმენები ხომ მე-19 და მე-20 საუკუნის ზღვარზე დაიბადნენ. მას შემდეგ ცხოვრების პირობები შეიცვალა, რაც, გარკვეული დოზით, ამ ადამიანებზეც აისახა. ასე რომ, მათი ცხოვრების დასაწყისში რთული გამოსაცნობი იყო, თუ რამდენ წელს იცოცხლებდნენ ისინი. არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ მედიცინის, ტექნოლოგიების განვითარების, ასევე საზოგადოების სოციალური ტრანსფორმაციის პოზიტიური ეფექტი მომავალ თაობებზე უფრო მძლავრად აისახება.
ანუ დასკვნა არასწორია?
არა. უბრალოდ არსებობს იმის ალბათობა, რომ მეცნიერების დასკვნები შეიძლება გადაიხედოს. შეიძლება ის ფაქტი, რომ ცალკეული უნიკალური დღეგრძელი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა შეჩერდა, დროებითი მოვლენა იყოს და დასკვნები ნაადრევი აღმოჩნდეს.
ზოგადად, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება თუ არა?
დიახ. ჯანმრთელობის შემთხვევაში, უფრო დიდხანს სიცოცხლის ალბათობა შეუქცევადად იზრდება. ჟაკ ვალენის და ფრანს მელეს კანონიკური კვლევა, რომელიც მონაცემთა უზარმაზარ ბაზას ეყრდნობა, ცხადყოფს, რომ განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა გლობალური მოდერნიზაციის პერიოდს ემთხვევა, მისი თანმდევი მოვლენაა და ეს ტენდენცია შეწყვეტას არ აპირებს.
სიცოცხლის ხანგრძლივობა საქართველოშიც გაიზრდება?
იმედია. საქმე ის არის, რომ ადამიანების დღეგრძელობა დიდწილად ქვეყნის განვითარების დონეზეა დამოკიდებული. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდას ადამიანისთვის ისეთი გარე ფაქტორები განაპირობებდა, როგორებიცაა ეპიდემია, ჰიგიენა, საბაზისო მედიცინა და ასე შემდეგ. 1960-იანი წლების შემდეგ მსოფლიო შევიდა ისეთ ფაზაში, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესება დამოკიდებული გახდა ცხოვრების წესზე ანუ ადამიანზე მოქმედ შიდა ფაქტორებზე.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ადამიანის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2007 წლის შემდეგ შემცირებულია. კერძოდ, 2007 წლის მონცემებით ეს იყო 75.1 წელი, ხოლო 2016 წელს არის 72.7 წელი. იმავდროულად, დროის ამ შუალედში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა - 75.2 წელი. 2017 წლის მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის. კლება შენარჩუნდება, თუ ტენდენცია მატებისკენ შეიცვლება - გაურკვეველია.


