ბავშვები ხელიდან არ უშვებენ ტელეფონებს და პლანშეტებს. ეს ნორმალურია?

მშობლები ხშირად განიცდიან, რომ შვილები ბევრ დროს ატარებენ ეკრანთან. უფრო პატარები ტელეფონებში და პლანშეტებში მულტფილმებს უყურებენ ან თამაშებით ერთობიან, მოზარდები კი სოციალურ ქსელებში “ცხოვრობენ” და სერიალებს უყურებენ. არსებობს ასევე ტელევიზორი, სათამაშო კონსოლები და ელექტრონული წიგნები. როგორც უფროსების, ისე ბავშვების ცხოვრების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან. ამიტომ ხშირად რთულია იმის გაგება, თუ რა დრო შეიძლება ბავშვმა ეკრანთან გაატაროს, რა აყენებს ზიანს მის ჯანმრთელობას და განვითარებას და რა - პირიქით.
ყველა ბავშვი ბევრ დროს ატარებს ეკრანთან. ეს სახიფათოა?
თავისთავად, ტელეფონების, პლანშეტების, კომპიუტერების და სხვა მსგავსი მოწყობილობების გამოყენება სახიფათო არ არის. მაგრამ გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. სხვადასხვა ტიპის ზღვარგადასაულობამ შეიძლება სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს. მაგალითად, განვითარებაში შეფერხება, ჭარბწონიანობა, ძილის პრობლემები, დეპრესია, დამოკიდებულების გაჩენა და ასე შემდეგ.
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვმა, მაგალითად, ტელეფონი და პლანშეტი გამოიყენოს?
წლის და სამი თვის შემდეგ. თუ მშობლებს საჭიროდ მიაჩნიათ, ამ ასაკიდან უკვე შეიძლება ბავშვებმა ნელ-ნელა დაიწყონ ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო გადაცემების ფრაგმენტების ყურება, მაგრამ მშობლებთან ერთად. პატარებთან ურთიერთობა, ჩვეულებრივ, თამაშებს და შემოქმედებით სავარჯიშოებს უნდა ეფუძნებოდეს - ყოველგვარი ტელეფონებისა და პლანშეტების გარეშე. 15 თვემდე ბავშვებისთვის შეიძლება ზოგჯერ ნათესავებთან და ოჯახის მეგობრებთან სკაიპით ან სხვა ვიდეოჩატებით ურთიერთობა.
მაგრამ, ხომ არსებობს ბევრი კარგი საგანმანათლებლო აპლიკაცია პატარებისთვის!
დიახ, არსებობს. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყველაზე კარგი აპლიკაციაც კი ბავშვს ვერ შეუცვლის მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვთან ხშირი ურთიერთობა, როდესაც ის პატარაა. საჭიროა მისთვის ბევრი რაღაცის ახსნა, დახმარება სამყაროს შეცნობის პროცესში. კვლევები ადასტურებს, რომ საგანმანათლებლო აპლიკაციები მართლაც აძლევს ბავშვს ცოდნას, მაგრამ ცოცხალი ადამიანები პატარებს უფრო ეფექტიანად ასწავლიან. მოკლედ, სასწავლო აპლიკაციები კარგია, თუ ის ხარისხიანია და გამოიყენება, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი და არა როგორც მასწავლებლის შემცვლელი. და ასევე აუცილებელია თვალის მიდევნება იმაზე, რომ ბავშვმა ზედმეტად დიდხანს არ უყუროს ეკრანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აისახება მის ბევრ მნიშვნელოვან უნარსა და თვისებაზე. მაგალითად, საკუთარი თავის კონტროლზე და სხვა ადამიანის ემოციებისა და აზრების გაგებაზე. არ არის საჭირო, ბავშვებმა ისეთი საგანმანათლებლო აპლიკაციები გამოიყენონ, რომელშიც ბევრი ეფექტებია - ანიმაცია, ხმები, სურათები, რომელიც ხელის დაჭერით იმართება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პატარას შეიძლება ეკრანზე დანახულის აღქმის პრობლემები გაუჩნდეს.
2 წელზე უფროს ბავშვს ეკრანთან რა დროის გატარება შეუძლია?
მშობლები უნდა შეეცადონ, რომ 2-დან 5 წლამდე პატარებმა, ეკრანთან, დღეში ერთ საათზე მეტი არ დაჰყონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეიძლება უბრალოდ მივცეთ ტელეფონი ან პლანშეტი. ხარისხიან საბავშვო პროგრამებს მათ მშობლებთან ერთად უნდა უყურონ. ამ დროს უფროსი ბავშვს უნდა დაეხმაროს იმის გაგებაში, რაც ეკრანზე ხდება, რათა პატარამ გადაცემაში დანახული რეალობას დაუკავშიროს.
არსებობს ისეთი მულტფილმები და აპლიკაციები, რომლებსაც ბავშვი უნდა მოვარიდო?
დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია, რას უყურებს ბავშვი და რომელ თამაშს თამაშობს. არ მისცეთ მას უფლება უყუროს სასტიკ ვიდეოებს და ითამაშოს სასტიკი თამაშები - ეს მის ფსიქიკაზე ცუდად აისახება. გარდა ამისა, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მავნეა გადაცემები, რომლებშიც კადრები ძალიან სწარაფად იცვლება.
როდესაც ბავშვი ვერ წყნარდება, ტელეფონს ვაძლევ. არასწორად ვიქცევი?
დიახ. ამ ჩვევის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ბავშვს გაუჭირდება ისწავლოს საკუთარი ემოციების დამოუკიდებლად მართვა.
5 წელზე უფროსმა ბავშვმა რამდენ ხანს შეიძლება ეკრანს უყუროს?
აქ დროში მკაცრი შეზღუდვა არ არის. ლიმიტის საკითხი ოჯახში გარემოებათა მიხედვით უნდა გადაწყდეს. მთავარია ბალანსის დაცვა, რომ ტელეფონმა, პლანშეტმა, სათამაშო კონსოლმა და კომპიუტერმა ხელი არ შეუშალოს ბავშვის ცოცხალ ურთიერთობას ნათესავებთან და მეგობრებთან, ასევე სწავლას, ძილს და იმას, რასაც "დროის აქტიურად გამოყენებას" უწოდებენ. ასეთ დროს, ამერიკელი პედიატრები მშობლებს ინტერნეტის და ელექტრომოწყობილობების გამოყენების ერთგვარი წესების კოდექსის შექმნას და მის დაცვას ურჩევენ.
რა წესების?
წესები სხვადასხვაა. უნდა არსებობდეს საერთო წესები ოჯახისთვის და წესების ცალკეული კრებული თითოეული ბავშვისთვის, ამ უკანასკნელის ასაკის და თავისებურებების მიხედვით. პედიატრების რჩევაა, სახლში გაჯეტებისგან თავისუფალი ზონების შექმნა (მაგალითად, სამზარეულო ან სასტუმრო ოთახი), და შეთანხმება, რომ დაძინებამდე ერთი საათით ადრე ბავშვები არაფერს უყურებენ, არაფერს თამაშობენ და არ მიაქვთ ტელფონები და პლანშეტები ლოგინში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება ძილის პრობლემები შეექმნათ. ხშირი რჩევაა ასევე ბავშვებისთვის ტელეფონების და პლნშეტების გამოყენების აკრძალვა ჭამის დროს.
რაც შეეხება მოზარდებს, მნიშვნელოვანია მათთვის სოციალურ ქსელებში ქცევის წესების ახსნა, მათთან პრივატულობაზე, კიბერბულინგზე და სხვა რთულ თემებზე ლაპარაკი. მიაქციეთ ყურადღება რომელ ვებგვერდებს სტუმრობენ ბავშვები და რა აპლიკაციებს იყენებენ.
ინგლისური ენა თუ იცით, ასეთი კოდექსის მაგალითს ნახავთ (მას ოჯახის ყველა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი) და მზა მაკეტის მიხედვით საკუთარ კრებულს შექმნით. აქ განსაზღვრავთ, რა დრო უნდა გამოუყოთ თითოეულ ბავშვს ეკრანთან ყოფნისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა დროს ხარჯავს ის სკოლაზე, სპორტზე, საშინაო დავალებების მომზადებაზე და ა.შ.
მთავარი წესი თუ არსებობს?
დიახ, თან არაერთი. იყავით მოსიყვარულე მშობელი და შეეცადეთ ბავშვს რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ; არ არის საჭირო იმის ფიქრი, რომ ყველაფერი, რაც ინტერნეტთან და ელექტრომოწყობილობებთან არის დაკავშირებული - ბოროტებაა; უბრალოდ, უნდა გამოიყენოთ ტექნოლოგიები ისე, რომ ეს იყოს სასარგებლო და არა საზიანო; იყავით ბავშვისთვის მაგალითი - სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა.
თანამედროვე ბავშვები, საშუალოდ, რამდენ დროს ატარებენ ეკრანთან?
დღეში, 7 საათს. ბოლო კვლევების თანამხად, ორი წლის ბავშვების უმრავლესობა ამერიკაში ყოველდღე იყენებს მობილურ მოწყობილობებს. ერთი წლის ბავშვების 90%-ზე მეტს ერთხელ მაინც უცდია ტელეფონზე ან პლანშეტზე თამაში. 16 წლამდე მოზარდების თითქმის მეოთხედი აცხადებს, რომ მუდმივად აქვს წვდომა ინტერნეტზე, ხოლო მათი ნახევარი ამბობს, რომ ტელეფონზე დამოკიდებულია.
წყარო: Meduza