26 სექტემბერი 2021 - 10:15

მშვიდობით, რკინის ფრაუ! ვინ იყო ანგელა მერკელი გერმანიისა და ევროპისთვის

ფოტო: Twitter

ანგელა მერკელი თანამდებობას ტოვებს. ფორმალურად, ის კანცლერად რჩება მანამ, სანამ 26 სექტემბრის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. თუმცა მისი გადაწყვეტილება საბოლოოა. ვინ და როგორ შეძლებს მერკელის ჩანაცვლებას, ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია. გერმანიის კანცლერის 16-წლიანი მოღვაწეობა BBC-მ შეაფასა. 


წამყვანი საერთაშორისო გამოცემები მერკელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალს უწოდებდნენ, აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს კი "თავისუფალი მსოფლიოს ახალ ლიდერად“ მოიხსენიეს. ამ შეფასებების ყველა გასაგები სუბიექტურობისა და პირობითობის მიუხედავად, მათში ჭეშმარიტების მარცვალი აშკარაა. 
 

არც თუ ისე კაშკაშა ვარსკვლავი

მერკელი პირველი ქალია, რომელიც გერმანიის მთავრობას სათავეში ჩაუდგა. კანცლერობის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, მან დიდი ხანია კონრად ადენაუერი უკან მოიტოვა და თითქმის მიუახლოვდა ჰელმუტ კოლს - კანცლერებს, რომელთა სახელებთანაც ომის შემდგომი გერმანიის ისტორია იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი კანცლერი იყო ოტო ფონ ბისმარკი. გარდა ამისა, მერკელი, ადენაუერისა და კოლისგან განსხვავებით, თანამდებობას ნებაყოფლობით ტოვებს. 


"მუთი" (Mutti) - "დედა, დედიკო“ - როგორც გერმანული პრესა მერკელს უწოდებს, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება. ბევრ გერმანელს უბრალოდ ვერც კი წარმოუდგენია, როგორი იქნებოდა გერმანია მის გარეშე. მერკელი თავის თანამოქალაქეებს ხმამაღალი ლოზუნგებით არასოდეს იზიდავდა, ის არ ერგებოდა მასების მომენტალურ განწყობას და არ ატარებდა თამამ, რადიკალურ რეფორმებს. მერკელი თითქმის ყოველთვის მოსაწყენად მშვიდად ეძებდა კომპრომისებს, ცდილობდა საერთო ენის გამონახვას და არც თუ ისე იშვიათად, უკან იხევდა. ამით ის საშინლად აღიზიანებდა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის მხარდამჭერებს (მაგალითად, თავის ქვეყანაში რადიკალ მწვანეებს ან აღმოსავლეთ ევროპელებს, რომლებსაც რუსეთის პოზიციები აღიზიანებდათ). თუმცა ამის მიუხედავად, ის წამყვანი პოლიტიკოსებისა და გერმანელი ამომრჩევლის უმრავლესობის გადაბირებას მაინც ახერხებდა. 


მერკელმა მხოლოდ ორჯერ  გაიტანა იძულების წესით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც უმრავლესობას თავიდან არ სურდა. ეს მოხდა საბერძნეთის ეკონომიკისა და ევროზონის კრიზისისა და  მიგრაციული კრიზისის დროს. ისტორიის ამ ორი კრიზისიდან დარჩა ორი ფრაზა - მერკელის ორი ფრთხილი აფორიზმი. 

Wo ein Wille ist, da ist auch ein Weg

"სადაც სურვილია, იქ გამოსავალიც მოიძებნება", - ეს ფრაზა მერკელმა რამდენჯერმე გაიმეორა საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც საფრთხეს მთელ ევროზონას უქმნიდა. ის ამ მიმართულებით რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირთან, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად  მუშაობდა. მერკელის მონაწილებით დაწესებული მკაცრი ზომებით ბერძნები აღშფოთდნენ, ბევრ გერმანელ ფინანსისტსა და ბიზნესმენს კი ევროზონიდან საბერძნეთის გაძევება სურდა. მერკელმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ევროპული ვალუტის გადარჩენა იყო, მათი საპირისპიროში დარწმუნება შეძლო. 


"ბერლინში რომ უფრო სუსტი ლიდერი ყოფილიყო, ის ალბათ თითქმის უგულებელყოფდა გეოპოლიტიკურ შედეგებს და ევროზონიდან საბერძნეთის გაძევების მოთხოვნებს დაემორჩილებოდა ", - აცხადებს ბერძნულენოვანი გამოცემა "ეკატიმერინის" რედაქტორი, ალექსის პაპაჩელასი. ამავდროულად, ბერძნული ეკონომიკისა და ევროზონის გადარჩენის მცდელობის პროცესში ანგელა მერკელი და მისი მთავრობის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე საძულველ ადამიანებად იქცნენ.


ამ ყველაფრის შედეგი: საბერძნეთი დღეს სტატისტიკურად უფრო ღარიბია, ვიდრე რამდენიმე სხვა ყოფილი სოციალისტური ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირში, ბერძნებთან შედარებით, ოცი წლის შემდეგ გაწევრიანდნენ. თუმცა ამის მიუხედავად, ევროზონა გადარჩა და საბოლოოდ, მერკელის ქმედებები გერმანელების უმრავლესობამ გაამართლა.

Wir schaffen das!

"ჩვენ ამას გავაკეთებთ" ან "ჩვენ შევძლებთ!" - ამ სლოგანს მერკელი ბარაკ ობამას დაესესხა.  სწორედ ასე ცდილობდა ის 2015 წელს თავისი თანამოქალაქეები დაერწმუნებინა, რომ გერმანიას სირიიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ასობით ათასი ლტოლვილის მიღება შეუძლია და ეს უნდა გააკეთოს. გერმანიის ბევრი მოქალაქე, რბილად რომ ვთქვათ, ამაში დარწმუნებული არ იყო. ამ პოლიტიკამ წარმოშვა ქსენოფობიური მოძრაობა PEGIDA (Patriotische Europäer gegen die Islamisierung des Abendlandes - "პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ") და გააძლიერა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოზიციები. 


”თუ ჩვენ საგანგებო სიტუაციაში სიკეთის გამოვლენისთვის ბოდიში უნდა მოვიხადოთ, მაშინ ეს ჩემი ქვეყანა არ არის ”, - ასე პასუხობდა ანგელა მერკელი 2015 წელს მისდამი გამოთქმულ ყველა პრეტენზიას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იმ მომენტში ევროპული პროექტის მთავარი დამცველი მერკელი წავიდა არა მხოლოდ თავისი მილიონობით თანამოქალაქის ნების, არამედ ევროკავშირის წესების საწინააღმდეგოდაც. 


რა თქმა უნდა, არ შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირში არალეგალური იმიგრაციის პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ მაინც ის მწვავე ფაზა მერკელმა და გერმანიამ შედარებით წარმატებით გაიარეს. მერკელმა წამყვანი პოლიტიკოსები დაარწმუნა, პარალელურად (ბრიუსელთან ერთად) თურქეთს თავის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკების დაფინანსებაზე შეუთანხმდა და უკანონო იმიგრანტთა ტალღაც შემცირდა. 

ვინ შეცვლის მერკელს? 

დღეს ყველას აინტერესებს, მოიძებნება თუ არა გერმანიასა და ევროპაში ადეკვატური შემცვლელი ისეთი ლიდერისთვის, როგორიც ანგელა მერკელია. ერთი მხრივ, გერმანიის ნებისმიერი კანცლერი, როგორც ევროკავშირის უდიდესი და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყნისა, გარკვეულწილად მთელი ევროპის ლიდერიც უნდა იყოს. 


მეორე მხრივ, ვინ შეძლებს დააკავშიროს ასეთი მიზანმიმართული არადამახასიათებლობა და არაქარიზმატულობა ასეთ ავტორიტეტთან ერთად მსგავს პოპულარობასა და შედეგების ანალოგიურ სტაბილურობასთან? მსოფლიოს ათობით წამყვანი გამოცემა და ანალიტიკოსი  მერკელის ეპოქის შედეგებს აჯამებს და ფაქტობრივად, ყველა ერთსა და იმავეს წერს. 

”გერმანიაში მას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის თითქოს და რამე დიდი მიზნის გარეშე მოქმედებდა..“,  - წერდა  ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაციის ავტორი. თუმცა გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ, არ დაივიწყებენ მის უნარს, მიაღწიო წარმატებას, გადალახო სირთულეები და ამ ყველაფრის პარალელურად შეინარჩუნო სტაბილურობა და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება.

სხვა თემები