17 სექტემბერი 2017 - 20:00

იოლია თუ არა ახალი აიფონების გატეხა?

Apple / Youtube

12 სექტემბერს, Apple-მა ახალი აიფონები, მათ შორის iPhone X წარადგინა. ტელეფონები აღჭურვილია FaceID ტექნოლოგიით, რითაც მფლობელს შეუძლია სახით განბლოკოს ტელეფონი. ჩინეთში iPhone X-ის არასასურველი განბლოკვისგან დასაცავად სპეციალური ნიღბები უკვე იყიდება. ახალი ტექნოლოგიის მოწყვლადობაზე წერს Wired-ი. გამოცემის აზრით, ამ ტექნოლოგიას, ისევე როგორც ყველა სხვას, რომელიც ბიომეტრიულ აუთენტიფიკაციაზეა აგებული, ოდესმე გატეხენ.

სპეციალისტებმა სახის ამოცნობის სისტემების გატეხა იციან

უსაფრთხოების სპეციალისტები ბოლო წლებში წარმატებით ტეხდნენ სახეების ამოცნობის სხვადასხვა სისტემებს. ერთ შემთხვევაში, საკმარისი იყო კამერასთან მსხვერპლის ამობეჭდილი ფოტოს მიტანა, სხვა შემთხვევაში - ტელეფონის ვიდეოსი, რომელზეც ადამიანი თვალს ხუჭავს. FaceID-ის გატეხა ასეთი იოლი არ არის: ახალი აიფონი იყენებს სპეციალურ ინფრაწითელ სისტემას TrueDepth: მომხმარებლის სახეზე პროეცირდება ბადე, რომელიც შედგება 30 ათასი უხილავი წერტილისგან და იქმნება მისი სამგანზომილებიანი მოდელი.

Apple ამტკიცებს, რომ სანერვიულო არაფერია

უსაფრთხოების მკვლევარი მარკ როჯერსი, რომელმაც პირველმა მოატყუა ხელის ანაბეჭდის სენსორი TouchID ტელეფონებში iPhone 5s და iPhone 6, დარწმუნებულია, რომ ის, ან სხვა ექსპერტები ადრე თუ გვიან შეძლებენ FaceID-ის გატეხას. ის ვარაუდობს, რომ წარმატებული შეტევისთვის, საკმარისი იქნება 3D-პრინტერზე მსხვერპლის სახის გამოსახულების ამობეჭდვა. სწორედ, ასე გატეხეს მანამდე Windows Hello-ს აუთენტიფიკაციის სისტემა, თუმცა მაშინ მკვლევრებს მოუწიათ არამხოლოდ სახის სამგანზომილებიანი ასლის შექმნა, არამედ კანზე არეკლილი შუქ-ჩრდილის იმიტირებაც. Apple-ში ამტკიცებენ, რომ როჯერი ტყუილად ნერვიულობს.

Wired-ი მომხმარებელს მაინც აფრთხილებს

მიუხედავად ამისა, Wired-ი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ თუ ვინმე ერთხელ მაინც შეძლებს მისი FaceID-ით დაცული ტელეფონის გატეხას, ის ამას მომავალშიც გაიმეორებს. განსხვავებით პაროლისგან, მომხმარებელი ვერ შეიცვლის სახეს და სწორედ ამაშია ბიომეტრიული აუთენტიფიკაციის ფუნდამენტური პრობლემა. გარდა ამისა, ჩვენ ჩვეულებრივ არ ვმალავთ საკუთარ სახეს და ვაქვეყნებთ ფოტოებს და ვიდეოს სოცქსელებში. შარშან, სპეცილისტებმა შეძლეს აუტენტიფიკაციის ხუთი სხვადასხვა სისტემის გატეხა იმით, რომ სახეების 3D-მოდელები შექმნეს მსხვერპლთა ფოტოების მიხედვით, რომელიც მათ Faceook-ში ჰქონდათ გამოქვეყნებული.

კიდევ ერთი პოტენციური საფრთხე სამართალდამცავი ორგანოებია

როდესაც არ გინდათ, რომ პოლიციამ თქვენს ტელეფონში შეაღწიოს, მას პაროლს არ აძლევთ და არგუმენტად მოგყავთ უფლება, რომლის თანახმად, შეგიძლიათ არ მისცეთ მათ მტკიცებულებები საკუთარი თავის წინააღმდეგ. ეს დაცვა სახეზე არ ვრცელდება. თუმცა, Apple-ის წარმომადგენლთა თქმით, FaceID-იანი ტელეფონების მფლობელებმა საკმარისია აიფონს სახე მოაშორონ და ის აღარ განიბლოკება.

Apple-ი აცნობიერებს FaceID-ის შეზღუდულ შესაძლებლობებს

ამის დასტურად გამოცემას iOS 11-ის ორი ახალი თავისებურება მოჰყავს. პირველი, არის ის, რომ ტელეფონის ახალ კომპიუტერთან მიერთების დროს, სისტემა მომხმარებელს პაროლის შეყვანას სთხოვს, რითაც ართულებს განბლოკილი ტელეფონის მონაცემებზე წვდომას. მეორეა რეჟიმი SOS, რომელიც ტელეფონის მფლობელს საშუალებას აძლევს გათიშოს TouchID ან FaceID, ღილაკზე Home ან კვების ღილაკზე ხელის ხუთჯერ დაჭერით, იმის მიხედვით, თუ რა მოდელის ტელეფონია.

წყარო: Meduza 

სხვა თემები