08 აპრილი 2022 - 10:18

რას ნიშნავს თურქეთის „აქტიური ნეიტრალიტეტი“ და არის თუ არა ანკარა რეალური შუამავალი რუსეთ-უკრაინას შორის?

ფოტო: shutterstock.com

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თურქეთს სურს მჭიდრო კონტაქტი შეინარჩუნოს როგორც მოსკოვთან, ასევე - კიევთან. შეძლებს თუ არა ოფიციალური ანკარა შუამავლის როლის შესრულებას და რა მიზანი აქვს პრეზიდენტ ერდოღანს? -ამ კითხვაზე პასუხი Deutsche Welle-მ მოიძია.

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში

სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის თურქეთში, ოფიციალური ანკარას შუამავლობით გაიმართა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს კიევმა მოსკოვს შესთავაზა უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემა, რომელშიც თურქეთი ერთ-ერთი შესაძლო მთავარი გარანტორის სახით არის წარმოდგენილი. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა  განაცხადა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიჰივთან სამხედრო აქტივობას მკვეთრად შეამცირებდა. 

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას

აღნიშნული შეთანხმების საბოლოო შედეგების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული შეხვედრა თურქეთისთვის უკვე დიპლომატიური წარმატებაა - ბოლოს და ბოლოს, დაზავებისა და კონფლიქტის მოგვარების იმედი გაჩნდა. იქამდე კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ არის ოფიციალური შუამავალი, მაგრამ მზად არის შექმნას პირობები, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს მხარი დაუჭიროს. ამავდროულად, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში შუამავლის როლში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. თუმცა მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა. 

რუსეთის საკითხებში თურქი ექსპერტის, აიდინ სეზერისთვის ეს გასაკვირი არ არის. მისი აზრით, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების მიუხედავად, ანკარა კიევის მხარეს იყო. „თურქეთის მთავრობამ უკრაინასთან იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დადო და ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,“ - განუცხადა სეზერმა DW-ს. ბოლო წლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი უკრაინას მხარს უჭერს და მან ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არ ცნო. გარდა ამისა, ერდოღანი ყირიმელი თათრების დამცველის ამპლუაშიც გამოდის. პუტინის თქმით, ანკარა კიევის მხარეს დადგა და ის დამოუკიდებელი არ იყო, სწორედ ამიტომ მან ერდოღანის წინადადება უარყო. 

„ორი კურდღლის მდევარი“ თუ  „აქტიური ნეიტრალიტეტი“?

ომის დაწყებიდან ანკარა უფრო ფრთხილ კურსს მიჰყვება, ვიდრე - ადრე. „აქტიური ნეიტრალიტეტი“ - ასე უწოდებს პრეზიდენტი ერდოღანი ამ პოზიციას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ორივე მხარესთან კონტაქტის შენარჩუნებას, მათთან დიალოგის რეჟიმში ყოფნასა და შეცდომების არ დაშვებას. 

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სტამბოლის ფილიალის წარმომადგენელი ბეატე აპელტი მიიჩნევს, რომ ერდოღანი იძულების წესით მოქმედებს. აპელტი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროექტებს დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თვლის, რომ ანკარამ კარგი ურთიერთობა დაამყარა როგორც კიევთან, ასევე - მოსკოვთან. ნატო-რუსეთის ურთიერთობებშიც თურქეთმა განსაკუთრებული პოზიცია დაიკავა. აპელტის შეფასებით, თუ ომის გამო ანკარას თავისი პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება მოუწევს, მაშინ ერდოღანი დილემის წინაშე აღმოჩნდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ერთი მხრივ, თურქეთი ნატოს წევრია, მეორე მხრივ კი, ბევრი რამით რუსეთზეა დამოკიდებული.

უპირველეს ყოვლისა, თურქეთი რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ოფიციალური მონაცემებით, თურქეთი მისთვის საჭირო გაზის მესამედს სწორედ რუსეთიდან იღებს. პირველი თურქული ატომური ელექტროსადგური საპორტო ქალაქ მერსინში „როსატომმა“ ააგო. თურქეთში წარმოებული სამშენებლო მასალების მთავარი მყიდველი სწორედ რუსეთია. ამავდროულად, ის ანატოლიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითად ბაზარს წარმოადგენს. გარდა ამისა, გასულ წელს თურქეთიდან იმპორტირებული მარცვლეულის 70%-ი რუსეთზე მოდიოდა, თურქეთში ჩასული ტურისტების დაახლოებით 20%-ი კი რუსი იყო. 

მჭიდრო ეკონომიკური კავშირი უკრაინასთან

ამ ყველაფრის პარალელურად, უკრაინა ბოლო დროს თურქეთისთვის სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შარშან თურქეთი, 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციით,  უკრაინაში ყველაზე დიდი უცხოელი ინვესტორი იყო. თურქ და უკრაინელ მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბურაკ ფეჰლივანის თქმით, ომის დაწყებამდე უკრაინაში 700-მდე თურქული კომპანია იყო წარმოდგენილი. 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 7,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 3 თებერვალს კი ერდოღანმა და ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც ვაჭრობის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იყო. 

გარდა ამისა, ანკარა აწვდის კიევს იარაღს, კერძოდ კი, თურქულ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებს - ბაირაქტარებს.  ამასთანავე, კიევსა და ანკარას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც სამხედრო გემებისა და თვითმფრინავებისთვის ძრავებისა და სხვა ნაწილების მიწოდებას ითვალისწინებს. 

აიდინ სეზერს მიაჩნია, რომ თურქეთი "აქტიური ნეიტრალიტეტის" კურსს გააგრძელებს. მისი თქმით, ეს არის ის, რითიც ამ მომენტში ევროპაც კმაყოფილია. ვენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჰუსეინ ჩიჩეკი ასეთ კურსს სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ ანკარის მხარდაჭერა უკრაინისადმი მთელ რეგიონში რუსეთის პოლიტიკური ამბიციების შეზღუდვას გულისხმობს. გარდა ამისა, ეს დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობებს დაალაგებს. 

სხვა თემები