29 აპრილი 2017 - 11:18

აშშ-ის პრეზიდენტის 100 დღე - შედეგები

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

29 აპრილს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღე იწურება

რატომ 100 დღე?

ეს არის ვადა, რომლითაც, ტრადიციულად, მედია და ანალიტიკოსები ახალი ადმინისტრაციების წარმატებას აფასებენ. ამ ვადის გამოყენებას პოლიტიკოსებიც ცდილობენ მმართველობის პირველ თვეებში მთავარი წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზების დასაწყებად, რადგან მომდევნო პერიოდში საზოგადოების და თანამებრძოლების პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც წესი, იკლებს.

რა დაპირებებს გასცემდა ტრამპი საგარეო პოლიტიკაში არჩევნებამდე და რას აცხადებს დღეს?

რუსეთი
    
წინასაარჩევო კამპანიის დროს მას ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელს ეძახდნენ და დღემდე რუსეთთან არაფორმალურ კავშირებში ადანაშაულებენ. ის აცხადებდა, რომ მოსკოვთან ურთიერთობა გაფუჭდა იმიტომ, რომ ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი პატივს არ სცემდნენ პუტინს, მან კი იცის, როგორ გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა, რომლის ლიდერიც, მისი აზრით, “ძალიან გონიერია”.

2017 წლის აპრილში, ტრამპიც და პუტინიც აცხადებენ, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა. სირიაზე თავდასხმის შემდეგ ვაშინგტონმა მოსკოვი ასადის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. 12 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ტილერსონის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთთან საერთო ენას ვერ პოულობს და რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.        

სირია

წინასაარჩევნოდ ტრამპი ამბობდა, რომ ბაშარ ასადის დამხობით, არსებობს საფრთხე, რომ აშშ სირიაში მასზე უარეს ლიდერს მიიღებს.

დღეს მისი პოზიციაა, რომ ასადი ცხოველი და ყასაბია.

ჩინეთი

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩინეთი დონალდ ტრამპის მუდმივი თავდასხმის ობიექტი იყო. ის პეკინს სავალუტო ბაზრის მანიპულატორს უწოდებდა, სამეწარმეო ჯაშუშობაში და ამერიკელებისთვის შემოსავლების და სამუშაო ადგილების წართმევაში ადანაშაულებდა.

გაზაფხულზე სი ძინპინი იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელსაც ტრამპმა ფლორიდაში თავის რეზიდენციაში უმასპინძლა, რის შემდეგაც თქვა, რომ ჩინეთის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რომ პეკინი მანიპულატორი არ არის და აშშ-ს ის ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად სჭირდება.   

ნატო

კამპანიის დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობის მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და მას მოძველებულ ორგანიზაციას ეძახდა.

12 აპრილს განაცხადა, რომ ალიანსს აღარ მიიჩნევს მოძველებულ და ფუჭ ორგანიზაციად, რომ ამას ის ადრე ამბობდა, დღეს კი ნატო ტერორიზმთან ბრძოლისთვის არის საჭირო.

რა დაპირებებს გასცემდა საშინაო პოლიტიკაში და ვერ შეასრულა დღემდე?

ჯანდაცვის რეფორმა

პირველივე კვირას ხელი მოაწერა ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმის (obamacare) გაუქმებას, თუმცა მომდევნო თვეებში რესპუბლიკელებმა, რომლებიც კონგრესში უმრავლესობას წარმოადგენენ, ვერ შეძლეს ჯანდაცვის ახალი რეფორმის კანონპრექტის დაცვა. ამან ტრამპის სხვა პროექტების რელიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რადგან obamacare-ის გაუქმებით გამოთავისუფლებული ფულის გამოყენებას ის წინასაარჩევნო პროგრამის სხვა პუნქტების შესასრულებლად გეგმავდა.

საიმიგრაციო პოლიტიკა

მიგრაციული კანონდებლობის გამკაცრების მიზნით, 2017 წლის იანვრიდან ტრამპმა 3 საიმიგრაციო განკარგულება გამოსცა. სამივე - აშშ-ის სასამართლოებმა დაბლოკეს.

საგადასახადო რეფორმა

26 აპრილს ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესში საგადასახადო რეფორმის პროექტი შეიტანა. პროექტის შეტანის თარიღმა ამერიკულ პრესას აფიქრებინა, რომ ტრამპი ცდილობს პრეზიდენტობის 100 დღის ამოწურვამდე მასშტაბური პოლიტიკური პროექტის ჩაშვებას და იმედი აქვს, რომ კონგრესის მხარდაჭერას მიიღებს იმ ფონზე, როცა სირიაზე მიტანილი ავიაიერიშების გამო ქვეყნის შიგნით მისი პოზიციები გამყარდა.  

მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დაპირება იყო მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა, როგორც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ნაწილი.

25 აპრილს, სამთავრობო ხარჯების პროექტიდან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის ხარჯები ამოიღეს.

ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) დატოვება

NAFTA-ს დატოვებაც ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაა. შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის ეკონომიკურ ალიანსს წარმოადგენს, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

27 აპრილს თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომ ტრამპმა უარი თქვა ხელშეკრულებიდან გასვლაზე, მას შემდეგ რაც კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან და მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოსთან ვაჭრობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.

რას მიიჩნევს თავად წარმატებად?

ყოველკვირეულ მიმართვაში დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მუშაობას პრეზიდენტობის 100 დღის თავზე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწოდა.

მიღწევებს შორის დაასახელა:

ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; აშშ-ის გასვლა ტრანსწყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობიდან, შესაბამისად - ამერიკელი მშრომელების ინტერესებს დაცვა; ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კონსერვატორი ნილ გორსაჩის დანიშვნა; 700 მილიონი დოლარის ეკონომია, რომელსაც მან კომპანია Lockheed Martin-თან უახლეს გამანადგურებლებზე F-35-ზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებით მიაღწია; პრეზიდენტის 30 განკარგულების გამოცემა, როდესაც ბარაკ ობამამ დროის იგივე მონაკვეთში ასეთი სულ 19 ბრძანება გამოსცა, ხოლო უმცროსმა ჯორჯ ბუშმა 11.

როგორი გავლენა ჰქონდა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პირველ 100 დღეს ჩვენზე?

ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში, მოსკოვის მიმართ გაკეთებული სიტყვიერი რევერანსების კვალდაკვალ, საქართველოში მკაფიოდ გამოითქმებოდა ვარაუდები იმის შესახებ რომ აშშ-ის პოლიტიკა ჩვენ მიმართ შეიძლებოდა შეცვლილიყო და ვაშინგტონის მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა. ამჟამად, ამ მიმართულებით შფოთის გრადუსი საგრძნობლად დაწეულია.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მსოფლიოს ქვეყნების მეოთხე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ვისაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ვაშინგტონში შეხვდა და საქართველოს მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკის გაგრძელებას დაჰპირდა.

სხვა თემები