01 აგვისტო 2017 - 16:48

ვინ არის ენტონი სკარამუჩი, რომელმაც თეთრ სახლში ყველა ერთმანეთს გადაჰკიდა?

ენტონი სკარამუჩი

31 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ენტონი სკარამუჩი მოხსნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე მხოლოდ 10 დღის განმავლობაში იმუშავა. გადაწყვეტილება თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე, ტრამპის ადმინისტრაცია ორმა თანამშრომელმა დატოვა: პრესმდივანმა შონ სპაისერმა და თეთრი სახლის აპარატის უფროსმა რაინს პრიბასმა. ორივეს გადადგომა სკარამუჩის სახელს უკავშირდება. უოლ-სტრიტის ფინანსისტი ენტონი სკარამუჩი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპს ჯერ აკრიტიკებდა, შემდეგ კი მხარს უჭერდა იმ იმედით, რომ თეთრ სახლში თანამდებობას მიიღებდა.

ჟურნალისტები და მეგობრები მას მუჩის ეძახიან

ენტონი სკარამუჩი თეთრ სახლში კომუნიკაციების დირექტორად 2017 წლის 21 ივლისს დაინიშნა, თუმცა ტრამპთან მუშაობის დაწყებას ის უფრო ადრე იმედოვნებდა. მუჩი, როგორც მას მეგობრები და ჟურნალისტები ეძახიან, ხშირად ხმას დემოკრატებს აძლევდა: ის მხარს უჭერდა ბილ კლინტონსაც, ბარაკ ობამასაც და 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში ჰილარი კლინტონსაც. ტრამპს, პირიქით, აკრიტიკებდა. თუმცა, არცთუ დიდი ხნის წინ მილიარდერზე დაწერილი ძველი ნეგატიური პოსტები Twitter-იდან წაშალა.

2015 წლის აგვისტოში, Fox-ის ეთერში ის ტრამპს "ანტიამერიკელ პოლიტიკოსს" უწოდებდა. მაგრამ ჰილარიზე გული მალე აუცრუვდა და წინასარჩევნო კამპანიის პიკში ჯერ მხარი სკოტ უოლკერს დაუჭირა, შემდეგ კი ჯებ ბუშს. 2016 წლის მაისში მუჩი ტრამპის შტაბის წევრი გახდა და შემოწირულობების შეგროვებით დაკავდა.

მილიარდერის შტაბში ის კიდევ ერთ ფინანსისტთან, სტივ მნაჩინთან ერთად მივიდა, რომელიც არასდროს ერიდებოდა იმის თქმას, რომ ტრამპთან მუშაობას თეთრ სახლში თანამდებობის მიღების იმედით დათანხმდა. მნაჩინი ახლა ფინანსთა მინისტრია, სკარამუჩი კი თანამდებობის გარეშე დარჩა.  

სასტიკი და ხარბი ბიზნესმენი

თეთრ სახლში სკარამუჩის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი რაინს პრიბასი. ის რესპუბლიკური პარტიის ძველი და ერთგული ფუნქციონერია, რომელსაც, როგორც ვარაუდობდნენ, ტრამპის მთელი აპარატის მუშაობა უნდა აეწყო და მილიარდერისთვის რესპუბლიკელების ზომიერი ფრთის (რომელიც თავიდან ახალ პრეზიდენტს სიფრთხილით უყურებდა) მხარდაჭერა უზრუნველეყო. ვერც ერთი და ვერც მეორე პრიბასმა ვერ შეძლო. Vox-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი მას არ ენდობოდა და მუდმივად ახსენებდა, თუ როგორ ურჩევდა ის მილიარდერს მორიგი სკანდალის შემდეგ წინასაარჩევნო რბოლის დატოვებას.

პრიბასი აღნიშნავდა, რომ სკარამუჩის არ აქვს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება, სამაგიეროდ უოლ-სტრიტზე მას იცნობენ, როგორც სასტიკ და ხარბ ბიზნესმენს. პრიბასის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ სკარამუჩიმ თავისი საინვესტიციო ფონდი SkyBridge Capital-ი ჩინელებს ძალიან საეჭვო გარემოებებში მიჰყიდა. შედეგად, ყველასთვის უცნობმა ჩინელმა მეწარმემ ამერიკული საქველმოქმედო აქტივების პაკეტში 18 მილიარდი დოლარი სწორედ იმ ჩინური ფირმიდან ჩადო, რომელსაც სკარამუჩიმ ფონდი მიჰყიდა. ფინანსისტმა საინვესტიციო ფონდი ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე გაყიდა, როგორც ჩანს, თეთრ სახლში დანიშვნის იმედით, რაც არ მოხდა.

სკარამუჩის ფონდის გაყიდვის კანონიერებას დღეს აშშ-ის ხელისუფლება ამოწმებს.

გავლენიანი მეგობრების ძიებაში

ფონდის გარდა, სკარამუჩი მასშტაბური კონფერენციის, SALT-ის ორგანიზებით იყო დაკავებული, სადაც ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები მიიზიდა, მათ შორის ჯო ბაიდენი და Alphabet-ის ხელმძღვანელი ერიკ შმიდტი. ამ კონფერენციის წყალობით, სკარამუჩიმ ბევრი გავლენიანი მეგობარი შეიძინა და როგორც ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების სპეციალისტი, სატელევიზიო ეთერების ხშირი სტუმარი გახდა.

კომუნიკაციისთვის არაკომპეტენტური

სკარამუჩის პრესასთან მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. მას ცხოვრებაში არაფერი უკეთებია, გარდა ფინანსური ოპერაციებისა მსხვილ ბანკებში, Lehman Brothers-სა და Goldman Sachs-ში. მიუხედავად ამისა, ტრამპმა ის კომუნიკაციების დირექტორად დანიშნა, თანაც სამუშაოზე ანგარიში პირადად პრეზიდენტისთვის უნდა ჩაებარებინა და არა ადმინისტრაციის უფროსის, პრიბასისთვის.

თეთრი სახლის პრესსპიკერი შონ სპაისერი იმ დღესვე გადადგა. ამერიკული პრესა წერდა, რომ სკარამუჩის დანიშვნას სპაისერიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და მის დაქვემდებარებაში მუშაობას არ აპირებდა. მანამდე სპაისერმა ბევრი შეცდომა დაუშვა, ეჩხუბა თეთრ სახლში აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ხშირად ცრუ განცხადებებსაც აკეთებდა, მაგრამ პოზიციის დატოვება მხოლოდ სკარამუჩის დანიშვნის შემდეგ გადაწყვიტა.

დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, სკარამუჩიმ ტრამპის და მისი მეუღლის, მელანიას გარემოცვაში ივახშმა. ვახშამს ესწრებოდნენ ასევე Fox-ის წამყვანი შონ ჰანიტი და ამავე ტელეკომპანიის ყოფილი ტოპმენეჯერი ბილ შაინი. შეხვედრის შესახებ "თვითი" The New Yorker-ის ჟურნალისტმა რაიან ლიზამ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა. მეორე დღეს, განრისხებულმა სკარამუჩიმ ჟურნალისტს დაურეკა და მისგან წყაროს გამხელას დაჟინებით ითხოვდა, დარწმუნებული იყო რა, რომ ჟურნალისტს ინფორმაცია თეთრ სახლში მისმა მთავარმა ოპონენტმა რაინს პრიბასმა მიაწოდა; ცოტა ხნით ადრე, სკარამუჩი პრიბასს ჟურნალისტებისთვის ისეთი ცნობების მიწოდებაში ადანაშაულებდა, რომელიც სინამდვილეში საჯარო იყო.     

ჟურნალისტთან ლაპარაკის დროს ის თავს ვერ აკონტროლებდა, ლანძღავდა პრიბასს და თეთრ სახლში თანამშრომლების მოხსნითა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით იმუქრებოდა. ბოლოს კი მან ძალიან ნეგატიურად მოიხსენია ტრამპის მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი. სკარამუჩის და ჟურნალისტის საუბარი, რომელიც ამ უკანასკნელმა The New Yorker-ის ვებგვერდზე გამოაქვეყნა, ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა. ტექსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს პრიბასი გადადგა და მის ადგილზე უსაფრთხოების მინისტრი, გენერალი ჯონ კელი დაინიშნა.

ახალგანქორწინებული

დანიშვნამდე ორი კვირით ადრე, სკარამუჩი ცოლმა, 38 წლის დეიდრა ბელმა მიატოვა. ტაბლოიდების ცნობით, ბელი დაიღალა იმით, რომ მისი ქმარი პოლიტიკის გარდა არაფერზე ფიქრობდა, მას კი ვაშინგტონი და დიდი პოლიტიკა არ აინტერესებდა. სკარამუჩის პრესმდივანი რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ წყვილი ნახევარი წლის წინ დაშორდა ერთმანეთს და ფინანსიტს ახლა რომანი "მხოლოდ თეთრ სახლთან აქვს".

წყარო: Meduza 

კომენტარები ()

სხვა თემები