04 ოქტომბერი 2017 - 22:23

რატომ ისვრიან ამერიკაში გამუდმებით? ისტორია

ლას-ვეგასი, აშშ

ლას-ვეგასი, აშშ

ფოტო: David Becker / Getty Images / AFP / Scanpix / LETA

1 ოქტომბერს, აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მასობრივი მკვლელობა მოხდა. 64 წლის სტივენ პედოკმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლა 60-მდე ადამიანი, დაშავებულია 500-ზე მეტი. აშშ-ში, როგორც ეს ასეთ დროს ხდება ხოლმე, იარაღზე მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად - იარაღის მწარმოებელთა აქციების ფასიც. მაგრამ მოვლენა, სავარაუდოდ, დროებითია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატებმა ტრადიციულად მოითხოვეს ახალი შეზღუდვები, რესპუბლიკელი პრეზიდენტის და კონგრესში ამ პარტიის დომინირების პირობებში, ამერიკელებს არ ეშინიათ, რომ მათ იარაღზე წვდომას ვინმე შეუზღუდავს.

ამერიკაში მართლაც ამდენს ისვრიან?

ვებგვერდ Shooting Tracker-ის სტატისტიკის თანახმად, 2013-2015 წლებში აშშ-ში მასობრივი სროლის შემთხვევებმა ათასს გადააჭარბა. მასობრივ სროლად (Mass shooting) ვებგვერდი და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI) ისეთ ინციდენტს მიიჩნევს, რომლის დროსაც იარაღის გამოყენებით, სულ ცოტა, 4 ადამიანი შავდება. შედეგად, მარტო 2013-2015 წლებში ასეთ ინციდენტებს 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და თითქმის 4 000 - დაშავდა. 2016 წლის დასაწყისში ასამდე ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ დამნაშავეებმა 60-ზე მეტჯერ გახსნეს ცეცხლი ხალხმრავალ ადგილებში. ინფოგრაფიკას Guardian-ი აქვეყნებს.

ვინ ვის ესვრის?

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კვლევის თანახმად, მკვლელებს არანაირი კონკრეტული დემოგრაფიული პარამეტრები არ აქვთ; რასობრივი და ასაკობრივი მახასიათებლები არანაირ სპეციფიკაზე არ მიუთითებს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: უმრავლეს შემთხვევაში, კაცები ისვრიან. ზოგიერთი ამას გენდერული პრობლემებით ხსნის, კერძოდ იმით, რომ კულტურაში აგრესიული მასკულინურობის შესახებ არსებული სტერეოტიპი პერიოდულად რეალურ ძალადობად გარდაიქმნება; თუმცა აქედან რაიმე სამართლებრივი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ სპეციალისტები კიდევ ერთ კანონზომიერებაზე მიუთითებენ - ხშირად მსხვერპლი დამნაშავეების ოჯახის წევრია. ახალი ამბების თანახმად, შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ყველაზე მეტად სკოლებში ისვრიან, მაგრამ, სინამდვილეში, კლავენ, სადაც უნდათ და ვისაც უნდათ. მაგალითად, 2016 წელს მიჩიგანში, Uber-ის მძღოლი ქუჩებში მანქანით გადაადგილდებოდა და ფანჯრიდან გამვლელებს ესროდა, შიგადაშიგ კი მგზავრები გადაჰყავდა.

ხშირად სკოლებში, კამპუსებსა და ფედერალურ დაწესებულებებში, თანამშრომლებისთვის იარაღის ტარება ოფიციალურად აკრძალულია. ამიტომ ასეთ ადგილებში მასობრივ მკვლელებს წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვთ, რადგან მათ განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ამის შედეგია ის, რომ სკოლებში იარაღი გაჩნდა. მაგალითად, აიდაჰოს შტატში, მშობლებმა და კოლექტივმა ხმა მისცა მოსწავლეების იარაღზე წვდომას, რომელსაც შენობის ტერიტორიაზე საიდუმლო სეიფებში მალავენ.

რატომ ისვრიან?

იარაღზე წვდომა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეს მიზეზი არ არის. მაგალითად, შვეიცარიაში მოსახლეობა კბილებამდე შეიარაღებულია, მაგრამ ერთმანეთს ბევრად იშვიათად კლავენ. ამ სამწუხარო ანომალიას ბევრი ახსნა აქვს, მაგრამ საბოლოო არცერთი არ არის.

ერთ-ერთი ვერსია მოზარდებს ეხება, რომლებიც სკოლებში სასაკლაოებს აწყობენ. ამ ვერსიის ავტორი, მალკოლმ გლედუელი, სკოლებში მასობრივ მკვლელობებს ქუჩის არეულობების დროს ადამიანთა ქცევას ადარებს. მისი თქმით, თავდაპირველად ქვას ხელში იღებენ ყველაზე რადიკალურები, შემდეგ მასობრიობის ეფექტი ნებადართულობის ისეთ განცდას აჩენს, რომ ნგრევაში შეიძლება კანონმორჩილი მოქალაქეებიც ჩაებან. მოზარდებიც ასე არიან: მასობრივი მკვლელობა კოლუმბაინის სკოლაში აჯანყების დასაწყისი იყო, მისი მომწყობი მოზარდები კი ერთგვარი როლური მოდელები მომავალი დამნაშავეებისთვის. 

რაც უფრო მეტი მოსწავლე ერთვებოდა “აჯანყებაში”, მით უფრო უიოლდებოდათ მსგავსი აქციის მოწყობა სხვებს. მკვლელობები ერთგვარ რიტუალად იქცა, თვითდამკვიდრების აქტად. ლაპარაკია “კოლუმბაინის ეფექტზეც": Mother Jones-ის გამოძიებამ ცხადყო, რომ 74 განხორციელებული და არშემდგარი მასობრივი სროლის დროს სკოლებში, დამნაშავეები შთაგონებულნი იყვნენ ერიკ ჰარისონით და დილან კლებოლდით (მათ გახსნეს ცეცხლი კოლუმბაინში). ინტერნეტის და სოციალური მედიის ეპოქაში კი მათზე ინფორმაციის მოძიება ძალიან იოლია.

არის სხვა მოსაზრებებიც, რომლებსაც ის ადამიანები იზიარებენ, ვისაც მიაჩნია, რომ იარაღის გაყიდვას და ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არ არის. ერთ-ერთის თანახმად, პრობლემა ამერიკული ფსიქიატრიის მდგომარეობაშია: რეიგანის ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგად, რომელმაც ბევრ შტატში სოციალური ხარჯები შეამცირა, ძალიან ბევრი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, ფაქტობრივად, ქუჩაში აღმოჩნდა. მაგრამ ეს თეზისიც სადავოა: ბევრ მკვლელს ფსიქიკური პრობლემები მართლაც აქვს, მაგრამ პირდაპირი კავშირი აქ არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზეზები - სამსახურიდან გათავისუფლება, წარუმატებლობები პირად ცხოვრებაში, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ასე შემდეგ.

ამერიკაში იარაღის ყიდვა მართლაც ასე იოლია?

ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია რაც ერთ სულ მოსახლეზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობით აბსოლუტური ლიდერია. ბევრ შტატში იარაღის არამხოლოდ ყიდვა, არამედ გამოყენებაც იოლია. მაგალითად, ალასკის შტატში არანაირი სპეციალური ნებართვა არ სჭირდება იარაღის ყიდვას ან ქუჩაში ტარებას. იგივეა ფლორიდაშიც. ბევრ შტატში არის კანონი, რომლითაც იარაღის გამოყენება ნებადართულია, თუ ვინმე პატრონის ნების წინააღმდეგ მის პირად ტერიტორიაზე შეიჭრება. ხშირად იარაღის ყიდვა პირდაპირ ჰიპერმარკეტში შეიძლება - ჩიპსებთან და მტვერსასრუტთან ერთად.

იარაღის მაღაზიაში ყიდვის შემთხვევაში, მოქალაქე სავალდებულო ფედერალურ შემოწმებას გადის: ავსებს ანკეტას, რომელშიც უნდა მიუთითოს დაურღვევია თუ არა კანონი წარსულში და ჰქონდა თუ არა ფსიქოლოგიური აშლილობები; შემდეგ ამ ინფორმაციას მაღაზიის ადმინისტრაცია მონაცემთა ბაზაში ამოწმებს, რასაც რამდენიმე წუთი სჭირდება. მყიდველებს უარს იშვიათად ეუბნებიან - ასეთი შემთხვევათა სულ 1%-ია, და სავარაუდოდ, პროცედურასაც საკმაოდ ზედაპირულად უდგებიან. მაგალითად, 2015 წელს სამხრეთ კაროლინაში დილან რუფმა ლეგალურად იყიდა იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ ადრე დაკავებული იყო ნარკოტიკის შენახვისთვის და საბოლოო ჯამში, ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიაში 9 ამერიკელი მოკლა. იარაღის ხელზე ყიდვის დროს კი (ასეთი შემთხვევათა 20%-ია), არანაირი შემოწმება საჭირო არ არის.

ბოლო დრომდე, შემოწმება არ სჭირდებოდა, იარაღის ყიდვას გამოფენა-ბაზრობაზე (ამერიკაში ბევრი ასეთი ღონისძიებაა). იარაღის შესაძენად, მხოლოდ საკრედიტო ბარათი იყო საჭირო ან ცოცხალი ფული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სახლში იარაღი აქვთ, ამერიკაში მცირდება: ახლა ისინი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 31%-ს შეადგენენ; 40 წლის წინ, მათი რიცხვი ერთნახევარჯერ მეტი იყო.

იარაღის რაოდენობასა და მასზე ხელმისაწვდომობას შორის კავშირი ნამდვილად არის?

დიახ. ამ კავშირს უამრავი კვლევა ადასტურებს. მაგალითად, 2007 წელს მისურის შტატში იარაღის ტარების უფლება და მასთან დაკავშირებული სავალდებულო შემოწმება გააუქმეს. გადაწყვეტილების მიღებიდან პირველივე წელს, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობების რიცხვი 34%-ით გაიზარდა, ისევე როგორც იარაღით ჩადენილი თვითმკვლელობების რაოდენობა. ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევის დროს სხვა პოტენციურ ფაქტორებსაც ითვალისწინებდნენ და მკაფიოდ აჩვენეს კავშირი საკანონმდებლო ცვლილებებს და დანაშაულის ზრდას შორის. იმავდროულად, მას შემდეგ, რაც 1995 წელს კონექტიკუტის შტატში ნებართვა და შემოწმებები შემოიღეს, მსგავსი დანაშაულის რიცხვი 43%-ით შემცირდა.  

კიდევ ერთი არაამერიკული მაგალითი ავსტრალიაშია. მას შემდეგ, რაც 1996 წელს შეიარაღებულმა კაცმა პორტ-არტურში კაფეს 35 სტუმარი მოკლა, ჩატარდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ტიპის იარაღი აიკრძალა; გარდა ამისა, მთავრობამ გამოისყიდა 650 ათასი თოფის ლულა მოსახლეობისგან, რითაც იმავდროულად მასობრივი კონფისკაცია განახორციელა; შედეგად, რეფორმის ჩატარებიდან 7 წლის განმავლობაში მკვლელობების რიცხვი 42%-ით შემცირდა, სუიციდების კი 57%-ით.

ხელისუფლება რას აკეთებს?

აშშ-ში, პრეზიდენტის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია და ბევრი რამ კონგრესის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. სამწუხარო სტატისტიკა, რომელიც დღეისთვის არსებობს, დიდწილად ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდს ემთხვევა. ის მუდმივად გამოხატავდა შეშფოთებას ამ სტატისტიკით და ხშირად ძალიან ემოციურადაც. მაგრამ კონგრესში, რომელიც მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მოექცა, უმრავლესობა იარაღის ტარებაზე ნებისმიერ შეზღუდვას ძალიან სკეპტიკურად უყურებს. დღეს რესპუბლიკელები არახმოლოდ კონგრესის უმრავლესობაში არიან, არამედ პრეზიდენტიც მათი თანაპარტიელია.

გარდა ამისა, არსებობს მსროლელთა ნაციონალური ასოციაცია (NRA) მისი მძლავრი ლობისტური შესაძლებლობებით: მასში გაწევრიანებულია მილიონობით ამერიკელი, რომელიც ძალიან აქტიურად და რეგულარულად სთხოვს პასუხს პოლიტიკოსებს იარაღთან დაკავშირებულ პოზიციებზე. ამ ორგანიზაციას ადანაშაულებენ იმაში, რომ 2013 წელს სენატში დაიბლოკა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიღების შემთხვევაში იარაღის ბაზრობების და ინტერნეტ-გარიგებების კონტროლს სავალდებულოს გახდიდა.
 
იმავდროულად, საქმე ის არის, რომ იარაღის გაყიდვაზე დამატებითი კონტროლის დაწესებას ამერიკელების უმრავლესობა არ ემხრობა.

და რა არგუმენტი აქვთ იარაღის თავისუფლად ტარების მომხრეებს?

ისინი ამბობენ, რომ მთავარი მთლიანი კონტექსტია: რომ მასობრივი მკვლელობები მხოლოდ ამერიკაში არ ხდება (თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ამერიკაში ხდება. მაგალითად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ასეთი 20 ყველაზე მასშტაბური შემთხვევიდან 11 აშშ-ში მოხდა); იმის განცდას, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა, ქმნის მედია: ძალადობაზე მოთხოვნაა, ამიტომ ნებისმიერ მსგავს მოვლენას ტელევიზიები, რადიოები და გაზეთები ენთუზიაზმით აშუქებენ; ცნობილი ფაქტია: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკა შეუქცევადად მცირდება, ადამიანები ფიქრობენ, რომ ის იზრდება - მხოლოდ იმიტომ რომ კრიმინალი ახალი ამბების სათაურებში ხვდება. შესაბამისად, საქმე არა უშაუალოდ იარაღშია, არამედ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობაში და დამატებითი რეგულაცია არაფერს შეცვლის: მოსახლეობას ასობით მილიონი იარაღი აქვს სახლში და ვისაც დასჭირდება ის ყოველთვის იშოვის. და რაც მთავარია: არსებობს კონსტიტუციის მეორე შესწორება - რაც წმინდათაწმინდაა.

ეს მეორე შესწორება ასეთი მნიშვნელოვანი რატომ არის?

იმიტომ რომ კონსტიტუციის შესწორებაა, თან უფლებებს ეხება. აშშ-ში კონსტიტუციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მასთან გალაშქრებად და დანაშაულის ტოლფას ქმედებად აღიქმება. სხვათა შორის, მეორე შესწორებაში სიტყვასიტყვით ნათქვამია, რომ იარაღის შენახვის და ტარების უფლება აქვს “კარგად ორგანიზებულ ლაშქარს”, მაგრამ თავიდანვე დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ეს ჩანაწერი გარანტიას უქმნიდა მოქალაქეებს თავად დაეცვათ საკუთარი უფლებები და საჭიროების შემთხვევაში, ტირანიის წინააღმდეგ შიშველი ხელებით არ ებრძოლათ.

დროსთან ერთად, კონსერვატორმა პოლიტიკოსებმა და მოსამართლეებმა შესწორების ტექსტი, სადაც ასევეა ნახსენები სიტყვა “ხალხი”, განაზოგადეს იმგვარად, რომ სახლში ცეცხლსასროლი იარაღის ქონა თითოეული ამერიკელის წმინდათაწმინდა უფლებაა.

ამერიკულ პოლიტიკაში იარაღის საკითხისადმი დამოკიდებულება დაპირისპირებული იდეოლოგიების ერთ-ერთ მთავარ საზომად გადაიქცა. დემოკრატები ამტკიცებენ, რომ რაღაც უნდა იღონონ, რესპუბლიკელები - იარაღი ხელშეუხებელია. ერთადერთი რაც პრეზიდენტს შეუძლია, ინდივიდუალური ბრძანების გამოცემაა, რომლის გაუქმებაც მომდევნო პრეზიდენტს და სასამართლოსაც იოლად შეუძლიათ.

შესწორების გაუქმება სხვა პოლიტიკოსების არჩევის შემთხვევაშიც არ შეიძლება?

არა. კონსტიტუცია საკრალურია და მასში ცვლილებების შეტანა უკიდურესად რთულია: აშშ-ის ისტორიაში შესწორების გაუქმების ერთადერთი შემთხვევა არსებობს, რომელიც მშრალ კანონს ეხებოდა და მის რატიფიცირებასაც 200 წელზე მეტი დასჭირდა. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, რეალური იმედი მხოლოდ უზენაესს სასამართლოზეა. თუმცა აქაც, ყველაფერი მოსამართლეების იდეოლოგიურ მრწამსზეა დამოკიდებული. როდესაც 2016 წლის დასაწყისში, ულტრაკონსერვატორი მოსამართლე ანტონინ სკალია გარდაიცვალა, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ოთხი ლიბერალური და ოთხი კონსერვატიული შეხედულების მქონე მოსამართლე დარჩა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრამპის წარდგენით სენატმა მოსამართლედ ნილ გორსაჩი დაამტკიცა, უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსი ისევ კონსერვატორების სასარგებლოდ შეიცვალა.

პრობლემასთან ბრძოლის სხვა მეთოდები არ არსებობს?

არსებობს. ჯერ ერთი, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იყენებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც პოტენციურ დამნაშავეებთან (მათ არჩევენ მაგალითად, ასოციალურობის, დეპრესიისადმი მიდრეკილების მიხედვით) ფსიქოლოგები და სხვა სპეციალისტები მუშაობენ.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პროფილაქტიკის წარმატების შეფასება, ფაქტობრივად შეუძლებელია, ზოგჯერ კი მისი ეფექტი შეზღუდულია. მაგალითად, ცნობილია, რომ ერიკ ეიალა სკოლაში ნორმალურ ცხოვრებასთან დააბრუნეს და აიძულეს ტერაქტზე აღარ ეფიქრა, მაგრა შვიდი წლის შემდეგ მან მაინც მოკლა 9 ადამიანი პორტლენდში.  

კიდევ ერთი ასპექტი მედიაა. სპეციალისტების თქმით, "კოლუმბაინის ეფექტი” ძლიერია იმის გამოც, რომ გაზეთები და ტელევიზია მუდმივად აჩვენებენ მკვლელებს, რითაც ადასტურებენ მათ წარმატებას და ახალი დამნაშავეების გაჩენას უწყობენ ხელს. ამერიკულ ჟურნალისტიკაში არსებობს ამ ტენდენციასთან ბრძოლის კონკრეტული რეკომენდაციები. კერძოდ, მედიამ არ უნდა დაასახელოს დამნაშავის ვინაობა, არ უნდა გამოიყენოს მკვლელების მიმართ რომანტიკული ეპითეტები, თავი უნდა აარიდოს ისეთი ფოტოების ტირაჟირებას, რომლებშიც ისინი გმირულ პოზებში არიან და ასე შემდეგ. თუმცა, იმის ალბათობა, რომ ამ მოწოდებებს ვინმე მასობრივად გაიზარებს, ძალიან მცირეა. და ბოლოს, ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ პოტენციურ დამნაშავეებს მკვლელობის იარაღის შოვნა უნდა უჭირდეთ და ყველაფერი უმალ გაიოლდებოდა.

წყარო: Meduza, BBC

სხვა თემები