25 ოქტომბერი 2022 - 16:20

CNN: რიში სუნაკი - ძალიან მდიდარი ყოფილი ბანკირი და პირველი ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერი გახდება

რიში სუნაკი

რიში სუნაკი

ფოტო: Facebook

სულ რაღაც შვიდი კვირის წინ ჩანდა, თითქოს რიში სუნაკისთვის ყველაფერი დასრულდა. სახელმწიფო ხაზინის ყოფილმა კანცლერმა (გაერთიანებულ სამეფოში ეს არის მთავარი ფინანსთა მინისტრის ტიტული) მაღალ ფსონებზე ითამაშა. მან წამოიწყო შეტევა, რამაც ბორის ჯონსონის პრემიერობის დასრულებას ხელი შეუწყო. შესაბამისად, სუნაკმა ჯონსონის შემცვლელად საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა, საბოლოოდ ლიზ ტრასთან წააგო. მან დამარცხება აღიარა და პარლამენტის უკანა რიგებში გადაინაცვლა. 

იმის ნიშნად, თუ რამდენად არაპროგნოზირებადი გახდა ბრიტანეთის პოლიტიკა, სუნაკი პოლიტიკური უდაბნოდან ტრიუმფალურად დაბრუნდა, რათა შეცვალოს ლიზ ტრასი, რომლის პრემიერობაც გასულ კვირას ჩამოიშალა. სუნაკი იყო ერთადერთი, ვისაც ქვეყნის პარლამენტის 100 კონსერვატორი წევრის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. პარტიის ხელმძღვანელობამ სწორედ ეს მინიმალური ზღვარი დააწესა აუცილებელ ბარიერად, რომელიც პოტენციურმა კანდიდატმა უნდა გადალახოს. სუნაკი  იქნება პირველი ფერადკანიანი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდება. ამასთანავე, ის არის ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის, ვისაც გაერთიანებულ სამეფოში 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პრემიერმინისტრის კაბინეტი დაუკავებია. 

ვინ არის რიში სუნაკი?

რიში სუნაკი აღმოჩნდა ბოლო ადამიანი, რომელმაც  მისი კონკურენტების - ბორის ჯონსონისა და თემთა პალატის ლიდერის, პენი მორდაუნტის დაცემის შემდეგ, პოლიტიკურ გზაზე სვლა განაგრძო. კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად გამოცხადების შემდეგ, მან თქვა, რომ "აქვს პატივი და გრძნობს თავმდაბლობას", გახდეს შემდეგი პრემიერმინისტრი. „ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგიაა, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვემსახურო იმ პარტიას, რომელიც მიყვარს და გადავუხადო ამაგი ქვეყანას, რომლისაც ძალიან ბევრი მმართებს“, - განაცხადა სუნაკმა.

„გაერთიანებული სამეფო შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ღრმა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ... ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ერთიანობა, შესაბამისად, ჩემს უმთავრეს პრიორიტეტად ვისახავ ჩვენი პარტიისა და ქვეყნის გაერთიანებას“, - აღნიშნა სუნაკმა.

მან კვირა დილით საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ საპრემიერო მარათონში ჩაერთვებოდა. ამ ჯერზე ის მხოლოდ ამ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა. 

ზაფხულში გამართულ საპრემიერო მარათონში სუნაკს, დანარჩენ ორ კანდიდატთან შედარებით, გაცილებით ზომიერად მიიჩნევდნენ. ტრასთან შედარებით, ის ნაკლებად იდეოლოგიურ პოზიციას იცავდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - Brexit-ი და ეკონომიკა. თუმცა ტრასისგან განსხვავებით, რომელიც Brexit-ის მკაცრი ხაზის მომხრე იყო, სუნაკმა 2016 წლის რეფერენდუმზე გაერთიანებული სამეფოს  მიერ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი. ამასთანავე, იმავე ტრასის მსგავსად, სუნაკი არალეგალური იმიგრაციის მიმართ მკაცრ მიდგომაზე საუბრობს და მან პირობა დადო, რომ დღემდე საკამათო, რუანდის საიმიგრაციო პოლიტიკას გააფართოვებს. 

სუნაკი, რომლის მშობლებიც დიდ ბრიტანეთში აღმოსავლეთ აფრიკიდან 1960-იან წლებში ჩავიდნენ, ინდური წარმომავლობის არის. მამამისი ადგილობრივი ექიმი იყო, დედას კი სამხრეთ ინგლისში აფთიაქი ჰქონდა. სუნაკის თქმით, სწორედ ამან შთააგონა მას, რომ საზოგადოებას უნდა ემსახუროს. ”ბრიტანელი ინდოელი არის ის, რასაც მე მიმოწერის დროს ვუთითებ და ჩვენ საამისო კატეგორია გვაქვს. მე სრულად ბრიტანელი ვარ, ეს არის ჩემი სახლი და ჩემი ქვეყანა, მაგრამ ჩემი რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობა ინდურია, ჩემი ცოლი ინდოელია. მე ღია ვარ იმისთვის, რომ ვიყო ინდუიზმის წარმომადგენელი“, - განაცხადა სუნაკმა 2015 წელს, Business Standard-თან ინტერვიუში

ის იქნება პირველი ინდუისტი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდება. სუნაკი იცავს დივალის ტრადიციას,  რომელიც ინდუისტური კალენდრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს წარმოადგენს. მან 2020 წელს, ფაქტობრივად, ისტორია შექმნა, როდესაც დივალის სანთლები დაუნინგ სტრიტის #11- ში, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის კანცლერის ოფიციალურ რეზიდენციაში აანთო. ის დადგა გამოწვევების წინაშე თავისი ელიტური გამოცდილების გამო, რადგან სწავლობდა ექსკლუზიურ ვინჩესტერის კოლეჯში, ოქსფორდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. ის ცნობილია მოდის მიმართულებით თავისი ძვირადღირებული გემოვნებით, მუშაობდა ბანკებსა და ჰეჯ-ფონდებში, მათ შორის - Goldman Sachs-ში. 

სუნაკისადმი ინტერესი მისი მეუღლის, ინდოელი მილიარდერის ქალიშვილის, აკშატა მურტის საგადასახადო შეთანხმებების სიღრმისეულ შემოწმებაშიც გამოიხატა. მიმდინარე წლის დასაწყისში, სუნაკი და მურტი Sunday Times-ის მიერ გამოქვეყნებულ, დიდი ბრიტანეთის 250 უმდიდრესი ადამიანის ჩამონათვალში მოხვდნენ. გაზეთმა მათი ერთობლივი ქონება 730 მილიონ ფუნტ სტერლინგად (826 მილიონი აშშ დოლარი) შეაფასა. 

სუნაკის არჩევა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად არის ნიშანი იმისა, თუ რას ნიშნავს ხელისუფლებისკენ აღმასვლა. ის დეპუტატად 2015 წელს აირჩიეს და ორი წელი საკანონმდებლო ორგანოს უკანა რიგებში გაატარა მანამ, სანამ ტერეზა მეის მთავრობაში უმცროსი მინისტრი გახდებოდა. პირველი მთავარი როლი მთავრობაში სუნაკს ბორის ჯონსონმა მისცა. ამ უკანასკნელმა ის 2019 წელს სახელმწიფო ხაზინის მთავარ მდივნად დანიშნა და 2020 წელს კანცლერად დააწინაურა. 

სუნაკს ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გამოცდილება აქვს. ის გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ მთავარ პოზიციაზე იყო  Covid-19 პანდემიის დროს და პოზიციონირებდა როგორც "საიმედო ფინანსების" კანდიდატი. პანდემიის დროს, სუნაკმა ეკონომიკის გასამყარებლად 400 მილიარდი ფუნტის (452 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების თანხა გამოჰყო. ეს გულისხმობდა სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში გულუხვ სქემას, ბიზნეს სესხებსა და სარესტორნო კვებაზე ფასდაკლებას. თუმცა სტიმულის ეს ფორმა ძვირი სიამოვნება გამოდგა და მთავრობა აიძულა, მთელი ძალისხმევა დანაზოგის ძიებისკენ მიემართა. სუნაკი ტრასის ეკონომიკურ გეგმას თავიდანვე აკრიტიკებდა. ამ სტრატეგიას მხარს უჭერდნენ ინვესტორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები. მართალია, სუნაკი მხარს უჭერდა უფრო დაბალ გადასახადებს, მაგრამ ის ამბობდა, რომ გადასახადები შეიძლება შემცირდეს მხოლოდ ინფლაციის გაკონტროლების შემდეგ, რასაც შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს. 

მისი გაფრთხილება ზაფხულში, რომ ტრასის მიერ გადასახადების შემცირებამ შეიძლება ფინანსურ ბაზრებზე პანიკა გამოიწვიოს, გამართლდა. ბრიტანული ფუნტი აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, როდესაც ტრასმა და მისმა კანცლერმა კვასი კვარტენგმა თავიანთი გეგმა წარმოადგინეს. გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო ობლიგაციების ფასები რეკორდულად გაიზარდა, რამაც სესხის აღების ხარჯების ზრდა განაპირობა. 

ამასთანავე, სუნაკმა, წინამორბედებთან შედარებით, ბოლო არჩევნებზე დეპუტატებისგან ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. მან ახალი ბარიერი137 ხმით კომფორტულად გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ ტრასმა საბოლოოდ მოიპოვა გადამწყვეტი ხმების რაოდენობა, სუნაკი მას დიდად არ ჩამორჩა და ხმების 43%-ი მიიღო.

მეორე შანსი

ჯონსონი არ მალავს, რომ მისი მოსაზრებით, სუნაკმა უღალატა. მან ჯონსონის მთავრობის შემადგენლობა დატოვა მას შემდეგ, რაც სკანდალების სერიამ ამ უკანასკნელის პოზიცია ძალიან შეასუსტა. ჯონსონის დაცემა მოჰყვა დაუნინგ სტრიტის #10-ში გამართულ  წვეულებებს მაშინ, როდესაც ქვეყნის დანარჩენი ნაწილი კოვიდ-შეზღუდვების გამო ჩაკეტილი იყო. თავად ჯონსონი პოლიციამ დააჯარიმა. ამით ის გახდა ისტორიის განმავლობაში პირველი პრემიერმინისტრი, რომელმაც სამსახურში კანონი დაარღვია. 

სუნაკი ჯონსონის გვერდით დიდხანს იდგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ე.წ. Partygate-ის სკანდალის ფარგლებში ისიც დაჯარიმდა. თუმცა, სუნაკი ჯონსონის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი გუნდის წევრი კრის პინჩერი წვეულებაზე ორ მამაკაცზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით პინჩერმა თქვა, რომ „ძალიან ბევრი დალია“, თუმცა წარდგენილ ბრალდებებზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია. 

პინჩერის სკანდალის გამო, ჯონსონის კაბინეტიდან სუნაკის შოკისმომგვრელმა წასვლამ გამოიწვია გახმაურებული გადადგომების სერია, რამაც ჯონსონის დაცემა და საბოლოოდ, დაუნინგ სტრიტზე თავად სუნაკის აღზევება განაპირობა. დღეს სუნაკი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. დიდი ბრიტანეთი საყოფაცხოვრებო ხარჯების ღრმა კრიზისისა და მზარდი უთანასწორობის შუაგულში იმყოფება. ტრასის კატასტროფული ეკონომიკური პოლიტიკის შეცდომების შემდეგ, ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები კვლავ შეშფოთებული არიან. 

კონსერვატიული პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ უკვე პოპულარული აღარ არის, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში აბსოლუტურ ქაოსში აღმოჩნდა და ახლა ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას გამოკითხვებით საკმაოდ ჩამორჩება. სუნაკისთვის ერთადერთი კომფორტი არის ის, რომ არჩევნების დანიშვნა 2025 წლის იანვრამდე მას აღარ მოუწევს. 

სხვა თემები