08 ოქტომბერი 2017 - 17:58

რა დათქმით მისცეს საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება? ისტორია

26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს ოფიციალურად ეკრძალებათ მანქანის ტარება. თუმცა მეფის გადაწყვეტილება სრულ ლიბერალიზაციას მაინც არ ნიშნავს. ავტომობილების გამოყენებაზე ქალებს ძველებურად კაცების თანხმობა სჭირდებათ.

საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის ტარება 1950 წელს აუკრძალეს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული საზოგადოება ვაჰაბიზმის (ისლამში შედარებით ახალი მოძრაობის) მიმდევარია, რომელიც რელიგიის ბევრ თანამედროვე განმარტებას არ აღიარებს და წინასწარმეტყველ მუჰამედის პირველი მიმდევრების რწმენას იზიარებს.

რელიგიური და კულტურული ტრადიციების თანახმად, საუდის არაბეთში ქალებს კაცებზე ბევრად ნაკლები უფლებები აქვთ - თანასწორობის საერთაშორისო რეიტინგებში სამეფო როგორც წესი, ბოლო პოზიციებზეა. ქალის ჩვენება სასამართლოში ნაკლებად წონადია, ვიდრე კაცის; ქალებს არ აქვთ კაცებთან ერთად მუშაობის უფლება, მეტიც მათთან ერთ სივრცეში ყოფნის უფლებაც კი; არ არის მიზანშეწონილი ქალის ქუჩაში მარტო გასვლა, მეგობრების ან ახლობელი კაცების (მეუღლის ან ძმების) გარეშე.

საუდელები მანქანის მართვის აკრძალვას ბევრი მიზეზით ხსნიან. ერთ-ერთის თანახმად, ის ნეგატიურად აისახება ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე; მეორე ვერსიით - ეს ადგილობრივი საზოგადოების ტრადიციაა. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ავტომანქანის მართვა ქალებს ზედმეტ თავისუფლებას ანიჭებს: ისინი სახლიდან უფრო ხშირად გადიან და ურთიერთობა უწევთ სხვა კაცებთან. ერთი ადგილობრივი რელიგიური მოღვაწე იმასაც ამბობდა, რომ ქალები არ არიან საკმარისად ჭკვიანები იმისთვის, რომ ავტომობილი მართონ, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ მას ღვთისმსახურება აუკრძალეს.

ბრძოლა ავტომობილის მართვის უფლებისთვის

აკრძალვის წინააღმდეგ პირველი გამოსვლები საუდის არაბეთში 1990 წელს დაიწყო. პროტესტის ნიშნად 47 ქალმა ერ-რიადის ქუჩებში ავტომანქანებით მსვლელობა მოაწყო. ყველამ იცოდა მაქნანის მართვა და სხვა ქვეყნებში მიღებული მართვის მოწმობებიც ჰქონდათ. ინციდენტს საუდის არაბეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა. ქალები დააკავეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათმა ქმრებმა და მამებმა პირობა დადეს, რომ ისინი არასდროს აღარ დასხდებოდნენ საჭესთან.

მსგავსი, მაგრამ არა ასეთი მასობრივი აქციები, მოგვიანებითაც ტარდებოდა, თუმცა დღემდე არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბოლოს ასეთი რამ 2014 წელს მოხდა, როდესაც უფლებადაცველმა ლოუჯან ხატლულიმ გადაიღო ვიდეო, რომელზეც ის ავტომობილს მართავს, რისთვისაც 73 დღით დააპატიმრეს.

სალმანის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ივნისიდან ქალები მიიღებენ მართვის მოწმობებს, შეძლებენ ავტომობილების მართვას და მათ ამისთვის აღარ დააპატიმრებენ. 2013 წლამდე ქალებს ველოსიპედის ტარებაც ეკრძალებოდათ.

ქალების მეურვეები

საუდის არაბეთში ქალების უფლებებს მხოლოდ კანონმდებლობა არ კრძალავს. საზოგადოებრივი ცხოვრების თანახმად, თითოეულ ქალს ჰყავს მეურვე - მამა, ძმა ან ქმარი, რომელიც მის ნაცვლად იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საუდის არაბეთში, ქალს ფაქტობრივად იმდენივე უფლება აქვს, რამდენიც ბავშვს; ბოლო დრომდე მათზე პირად დოკუმენტებსაც არ გასცემდნენ და მეურვის დოკუმენტში არეგისტრირებდნენ.

მაგალითად, ქორწინების მოწმობას ხელს აწერს არა ქალი, არამედ მისი მამა ან სხვა მეურვე; კაცის ნებართვის გარეშე ქალი ვერ მიიღებს უცხოეთის პასპორტს, ვერ გაემგზავრება საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სასწავლებლად, ვერ იქირავებს ბინას და ასე შემდეგ. ბოლო დროს, სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა: ახლა ქალებს, მაგალითად, ინსტიტუტში ჩაბარება და მუშაობის დაწყება საკუთარი ნებით შეუძლიათ. ბევრი ასეთი აკრძალვა ოფიციალურად გაწერილი არ არის.

მეურვეობის სისტემას დიდი ხანია საერთაშორისო უფლებადაცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ, მათ შორის Human Rights Watch-ი, ასევე საუდის არაბეთის მოქალაქე ქალები, რომლებმაც 2016 წელს ათობით ათასი ხელმოწერა შეაგროვეს პეტიციაზე, რომლითაც მეურვეობის აკრძალვას ითხოვდნენ. პეტიციის ერთ-ერთი ავტორი ხალა ალ-დოსარი, The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავდა, რომ ქალებს საუდის არაბეთში მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევენ.

მაგრამ ამ ქვეყანაში არიან ქალები, რომლებიც ტრადიციულ ცხოვრების წესს ემხრობიან. მაგალითად, აქტივისტი როუდა იუსეფი საპირისპირო პეტიციაზე აგროვდებდა ხელმოწერებს, რომლითაც მეურვეობის შენარჩუნებას ითხოვდა. ის ამტკიცებს, რომ ამ სისტემის მოწინააღმდეგეებს არაფერი ესმით საუდის საზოგადოების და ცდილობენ ადგილობრივებს ძალით მოახვიონ თავს დასვალური ფასეულობები. ის და მეურვეობის სისტემის სხვა მხარდამჭერი ქალები ამტკიცებენ, რომ მეურვეებმა უკეთ იციან რა არის მათთვის უკეთესი, და რომ ზოგჯერ კაცისთვის აზრის კითხვა, სულაც არ ზღუდავს მათ თავისუფლებას.

პირველი მსხვერპლი

მართალია კანონი ძალაში მომავალ წელს შევა, თუმცა არაბმა ქალებმა სასურველი ავტომობილების შერჩევა უკვე დაიწყეს. ბოლო ინფორმაციით, საუდის არაბეთში, ძვირადღირებულებული ლუქს კლასის ავტომანქანების გამოფენებზე ქალების სიმრავლეა. გავრცელდა ცნობა, პირველი მსხვერპლის შესახებაც. ერთ-ერთი ქალი, რომელმაც სიახლის გამო მანქანის მართვის სწავლა დაიწყო, ავარიაში დაიღუპა.

კომენტარები ()

სხვა თემები