როგორ მიმდინარეობს ჩარლზ მესამის კორონაციისთვის მზადება? რატომ დაზიანდა დიდი ბრიტანეთის მონარქთა ისტორიული სამეფო ტახტი?
ფოტო: DUNCAN STONE
რესტავრატორები აქტიურად მუშაობენ წმინდა ედუარდის სამეფო ტახტის აღდგენაზე, რომელზეც ჩარლზ III კორონაციის დროს ავა. აღნიშნული ცერემონია 6 მაისს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ექსპერტების აზრით, სავარძელი, რომელიც 700 წელზე მეტს ითვლის, ამ დროისთვის უკიდურესად მყიფე გახდა. სწორედ ამიტომ საჭიროა მისი გამაგრება, გასუფთავება და აღდგენა. რესტავრატორ კრისტი ბლესლის განმარტებით, ეს ისტორიული სავარძელი ხელოვნების უნიკალური ნიმუშია, რომელიც კორონაციისთვის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. „ეს არის ყველაზე ძველი ავეჯი, რომელიც თავისი პირვანდელი დანიშნულებით ჯერ კიდევ გამოიყენება“, - ამბობს რესტავრატორი BBС-სთან ინტერვიუში.
რა ხდება?
ზემოთ ხსენებული სავარძელი შეიქმნა ედუარდ I-ის ბრძანებით, რომელიც ინგლისს 1272-დან 1307 წლამდე მართავდა და მას შემდეგ თითქმის არცერთი კორონაცია არ გამოუტოვებია. გასაკვირი არ არის, რომ სავარძელს სულაც არ ეპყრობოდნენ ისე, როგორც სამუზეუმო ექსპონატს, შესაბამისად, მან საკმაოდ ბევრი რამ „იწვნია“. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნეშიც კი, ტურისტები და სკოლის მოსწავლეები თავის მოვალეობად მიიჩნევდნენ, მასზე რაღაც დაეხატათ. „პ. ებოტს ამ სავარძელში 1800 წლის 5-დან 6 ივლისამდე ეძინა“, - ნათქვამია, მაგალითად, ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც უკვე თავისთავად ისტორიულ დოკუმენტად იქცა. სუფრაჟისტებმაც კი (ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობის წევრები, რომლებიც ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას მოითხოვდნენ) შეიტანეს ამაში თავიანთი წვლილი: 1914 წელს სამეფო ტახტი დაზიანდა ბომბით, რომელიც, როგორც ამბობენ, სწორედ ამ ემანსიპირებული ქალების ჩადებული იყო. ”სკამი მართლაც ძალიან მყიფეა. მას აქვს რთული მრავალშრიანი სტრუქტურა, მოოქროვილი მასალა ხშირად იშლება. ამიტომ ფრთხილად უნდა მოხდეს მისი რესტავრაცია, რათა მომავალ კორონაციას გაუძლოს”, - ამბობს ბლესლი.
„როგორც კი ტენიანობის დონე ოდნავ იცვლება, ხე მოძრაობას იწყებს, მთელი ფენის სტრუქტურა იცვლება და ახალი პრობლემები ვლინდება“, - ამბობს ბლესლი. „ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჩვენ ამ ნაწილის შეკეთება შეგვეძლო, ორი თვის შემდეგ კი მასზე ისევ მუშაობაა საჭირო", - დასძენს რესტავრატორი. ამავდროულად, ის ძალიან ამაყობს, რომ შუა საუკუნეების ხელოვნების ასეთ დიდებულ ნიმუშთან მუშაობა დაევალა და მან სავარძლის უკანა ფეხებზე აქამდე უცნობი გამოსახულების პოვნაც კი მოახერხა. აღსანიშნავია, რომ პირვანდელი სახით, ბრიტანელ მონარქთა ტახტი მოოქროვილი და მორთული იყო ფერადი მინებით, რომლებზეც ფრინველების, მცენარეების, ცხოველების, წმინდანებისა და თავად მეფის გამოსახულებები იყო. ის დაპროექტებული გახლდათ ისე, რომ ე.წ. ბედის ქვა, რომელიც დაახლოებით 100 კილოგრამს იწონიდა (მას ედუარდ I დაეუფლა) და შოტლანდიაში წმინდა რელიკვიად ითვლებოდა, მასში მოთავსებულიყო. ახლა ბედის ქვა ედინბურგშია, მაგრამ კორონაციისთვის ის დროებით ვესტმინსტერში გადაინაცვლებს.
ბოლო კორონაციების დროს გოთიკური სტილის ტახტს, ფაქტობრივად, ყოველგვარი საფარველის გარეშე ტოვებდნენ. თუმცა ლონდონის სამეფო კოლეჯის ისტორიკოსის, დოქტორ ჯორჯ გროსის თქმით, ტიუდორებისა და სტიუარტების დროს, მე-16 და მე-17 საუკუნეებში, ოქროთი უხვად მოქარგული გადასაფარებლის გამოყენება ამ სავარძლისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. კორონაციის ცერემონიის თანმდევი მნიშვნელოვანი რელიგიური კომპონენტის გათვალისწინებით, უძველესმა სამეფო ტახტმა, დოქტორ გროსის თქმით, სიწმინდის სტატუსი შეიძინა. ის გადაიქცა "ღრმად მისტიკურ რელიკვიად, რომელიც გარკვეულ სულიერ ტალღებს ასხივებს ".
რაც შეეხება თავად ცერემონიალს, უკვე ცნობილია, რომ ის 1953 წელს გამართული ელისაბედ II-ის კორონაციაზე ხანმოკლე იქნება და ნაკლები სტუმარიც დაესწრება - რვა ათასის ნაცვლად, ორი ათასი. ჩარლზთან ერთად კორონაციაში მონაწილეობას მიიღებს დედოფალი - კონსორტი კამილა. თუმცა მისი გვირგვინი არ შეიცავს ცნობილ და როგორც ამბობენ, დიდი უსიამოვნებების მიმზიდველ ალმასს - კოჰინურს. თავად სტუმრების შესახებ მხოლოდ ვარაუდები გამოითქმის და დღეს ყველას აინტერესებს, მიიწვევენ თუ არა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რა მუსიკას დაუკრავენ ცერემონიაზე - ეს იქნება 12 ახალი ნაწარმოები, რომლებიც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის დაიწერა და მათ შორის არის ცნობილი კომპოზიტორის, ენდრიუ ლოიდ უებერის მიერ შექმნილი ჰიმნი.


