რატომ ეშინიათ მსახიობებსა და სცენარისტებს ხელოვნური ინტელექტის?
ფოტო: AP Photo
ჰოლივუდში მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვა გრძელდება. ერთ-ერთი მიზეზი გადასაღებ მოედანზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შიშებია. თუ რას ნიშნავს ეს, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
ჰოლივუდში სცენარისტების პროფკავშირის გაფიცვა უკვე სამი თვეა გრძელდება. ივლისის შუა რიცხვებიდან მათ აშშ-ის მსახიობთა გილდიაც შეუერთდა. ფილმებისა და სერიალების შეწყვეტილი გადაღებები, გაუქმებული პრემიერები და ინტერვიუები - გაფიცვის შედეგები უკვე მთელ მსოფლიოში იგრძნობა. ჰოლივუდის მსახიობები და სცენარისტები შეშფოთებულნი არიან არა მხოლოდ ახალი კონტრაქტების გაფორმებით, ისინი ხელოვნური ინტელექტისგან თავიანთი შემოქმედების დაცვას ითხოვენ.
ვის და რატომ ეშინია ხელოვნური ინტელექტის?
ფაქტობრივად, ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება კინოინდუსტრიაში ყველა კარტი ამოატრიალოს. მსახიობთა გაერთიანებებმა და საავტორო ასოციაციებმა განგაში ატეხეს. ისინი შიშობენ, რომ ისეთი ენობრივი მოდულები, როგორიცაა ChatGPT, მალე სრულ სცენარს თავად დაწერენ. თავის მხრივ, მსახიობები თავიანთი საავტორო უფლებებისთვის იბრძვიან. როგორც ცნობილია, თანამედროვე ალგორითმებს მსახიობების ციფრული გამოსახულების შექმნა შეუძლიათ. თეორიულად, ეს მასალა შეიძლება დამატებითი ჰონორარის გარეშე იყოს გამოყენებული. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ცნობილი მსახიობის ხმა.
„ციფრული ექსპლუატაციისადმი“ შიშის ახალი ფორმა იგრძნობა როგორც ჰოლივუდში, ასევე - ევროპულ გადასაღებ მოედანზე. მაგალითად, გერმანიის მსახიობთა კავშირის მონაცემებით, ქვეყნის მსახიობთა 70%-ის წლიური შემოსავალი 30 ათას ევროზე ნაკლებია. ამავე ინფორმაციით, 60%-ი 20 ათას ევროზე ნაკლებს იღებს და მხოლოდ 4%-ი გამოიმუშავებს წელიწადში 100 ათას ევროზე მეტს. სტრიმინგული პლატფორმების ბუმი, მაღალი ინფლაცია და კინოინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა შემოქმედებით ადამიანებს თავიანთ მომავალთან დაკავშირებით შეშფოთების მიზეზს აძლევს.
რას ნიშნავს "გადამწყვეტი მოქმედების აუცილებლობა"?
როგორც გერმანიაში, ისე - აშშ-ში, ბევრი კინორეჟისორი საკუთარი ფუნქციის გაქრობაზე ფიქრობს. „სტრუქტურისა და ბაზრის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ იგივე პრობლემები გვაქვს“, - ხაზს უსვამს ჰანს-ვერნერ მაიერი, მსახიობთა ფედერალური ასოციაციის (BFFS) გამგეობის წევრი ბერლინში. როგორც გერმანელი ექსპერტი აღნიშნავს, შეერთებულ შტატებში თავად სისტემის სტრუქტურა უფრო მარტივია. "ერთი მხრივ, ძალიან ძლიერი პროფკავშირი, მეორე მხრივ - ძლიერი დამსაქმებელი. ეს არის კლასიკური შრომითი დავა", - განმარტავს ჰანს-ვერნერ მაიერი DW-სთან ინტერვიუში.
თუმცა როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე - გერმანიაში, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის რეგულირების სერიოზული საჭიროება დგას. ასე ფიქრობს არა მხოლოდ მაიერი, არამედ - გერმანიის სცენარისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იან ჰერხენრიოდერი. „ჩვენ აქ გადამწყვეტი მოქმედების ძალიან ძლიერ საჭიროებას ვხედავთ“, - ხაზს უსვამს ის.
რა შეუძლია ChatGPT-ს ისეთი, რაც არ შეუძლია ნამდვილ სცენარისტსა და მწერალს? „თუ თქვენ სწორ პარამეტრებს დააყენებთ, ძალიან სწრაფად პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია მოკვლევა, წინადადებების შექმნა, შაბლონებისა თუ ტექსტების ჩამოყალიბება, სცენის ესკიზებისა და დიალოგის შეთავაზებაც კი“, - ამბობს ჰერხენრიოდერი.
რა არ შეუძლია მანქანას? „ის უფრო სიღრმისეულ შედეგს ვერ იძლევა. ეს ჯერ არ შეუძლია“,- განმარტავს ის. თუ ჩანაფიქრი გულისხმობს მხატვრული ფილმის ან ცალკეული ეპიზოდების სცენარის შემუშავებას, გმირებს შორის კონფლიქტის ან ემოციური სიტუაციის შექმნას, მაშინ ამ დავალებას კომპიუტერული პროგრამა ვერ უმკლავდება. "დრო, რომელიც სიუჟეტის განვითარებისთვის არის საჭირო, არსებითად მცირდება. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ნაკლებ დროს მოითხოვს, ნაკლები ღირს", - ამბობს გერმანელი ექსპერტი. მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, გადაუდებელი აუცილებლობა დგას, რომ დადგინდეს წესები, რომლებიც ფილმის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დაარეგულირებს.
მაგრამ ვინ უნდა შეიმუშაოს ახალი წესები კინოინდუსტრიისთვის? რა მოხდება, თუ ეს წესები დაგვიანებულია? ”პოლიტიკოსებმა საბოლოოდ გაიღვიძეს და აქტიურობენ”, - ამბობს ჰერხენრიოდერი და ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონის ევროპულ დონეზე მიღებას გულისხმობს. „ტექნოლოგია არსებობს, მის გამოსაყენებლად კი მკაფიო წესებია საჭირო“, - დარწმუნებულია ექსპერტი. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება ავტორებს უნდა დარჩეს. „ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მაყურებელი კვლავაც ცოცხალ ადამიანებს ანიჭებს უპირატესობას და არა - კომპიუტერულ პროგრამებს“, - იმედოვნებს გერმანიის სცენარისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.


