18 დეკემბერი 2023 - 11:38

პოლონეთ-უკრაინის საზღვარი სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ ბლოკირებულია. რამ განაპირობა ეს კონფლიქტი?

ფოტო: shutterstock.com

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე ერთ-ერთი მთავარი გამშვები პუნქტი გაიხსნა, სატრანსპორტო საშუალებების უსაშველოდ გრძელი რიგი კვლავ აქტუალურია. რატომ წარმოიშვა ეს ვითარება და ვის აწყობს სატვირთო მანქანების პოლონელი მძღოლების პროტესტი, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების რიგები კვლავ 50 კმ-ს აღწევს. თუმცა 11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესი სასაზღვრო გამშვები პუნქტი „იაგოდინი - დოროჰუსკი“  გაიხსნა. 16 ნოემბერს ტვირთის გადაზიდვაში ჩართულმა პოლონურმა კომპანიებმა სატვირთო მანქანების ოთხივე სასაზღვრო გამშვები პუნქტის ბლოკადა დაიწყეს. სწორედ ამის გამო, მძღოლებს თითქმის 3-კვირიან რიგში დგომა უწევთ. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მხოლოდ ჰუმანიტარული და სამხედრო ტრანსპორტის მოძრაობაა ნებადართული. ყველა სხვა სატვირთო მანქანა თავის რიგს უნდა დაელოდოს. შესაბამისად, ერთ საათში, მაქსიმუმ, 3 მანქანას შეუძლია საზღვრის გადაკვეთა.  

რით არიან პოლონელი მძღოლები უკმაყოფილო?

ბლოკადის ორგანიზატორებს პროტესტის გაგრძელება 2024 წლის თებერვლამდე სურდათ. თუმცა, მათი ქმედებები უკვე იწვევს უკმაყოფილებას პოლონეთში. პოლონური პორტალის -  onet.pl-ის ცნობით, 11 დეკემბერს სოფელ დოროჰუსკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბლოკადის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ საზღვარზე არსებული უზარმაზარი საცობების გამო ყველა ადგილობრივი ბიზნესი შეჩერდა და ეს სამუშაო ადგილებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პოლონური ტვირთგამზიდავები უკრაინულ კომპანიებს ადანაშაულებენ, რომ ისინი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ე.წ. ჰუმანიტარულ „სოლიდარობის დერეფნებს“ პირადი სარგებლობისთვის იყენებენ. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს დერეფნები შეიქმნა იმისათვის, რომ უკრაინის დამცველებისთვის ჰუმანიტარული და სამხედრო მარაგის მიწოდებას ხელი შეუწყოს. თუმცა ხშირად ჰუმანიტარული დერეფნები გამოიყენება კომერციული საქონლის გადასაზიდად, რომელიც რეგისტრირებულია როგორც ჰუმანიტარული ან სამხედრო ტვირთი, - განმარტავს ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი პაველ ოზიგალა DW-სთან საუბარში. ის ბლოკადის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ოზიგალა „ბინძურ თამაშსა“ და ჰუმანიტარული დერეფნების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე საუბრობს: „ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ გადაჰყავთ ძვირადღირებული მანქანები, რომლებიც თითქოს ფრონტზე უნდა გაეგზავნათ“.

„სოლიდარობის დერეფნების“ გახსნის შემდეგ გაუქმდა ნებართვები, რომლებიც უკრაინული ტვირთის ევროკავშირში შეტანაზე იყო დაწესებული. ახლა უკრაინიდან გადამზიდველებს შეუძლიათ თავიანთი მომსახურება ევროპულ ბაზარს ბევრად მარტივად შესთავაზონ. ”რამდენადაც უკრაინულ სატრანსპორტო კომპანიებს მნიშვნელოვნად დაბალი ხარჯები აქვთ და თავიანთი სერვისის შეთავაზება უფრო იაფად შეუძლიათ, მათ პოლონეთსა და უკრაინას შორის სატრანსპორტო ბაზრის დიდი ნაწილი დაიკავეს”, - ჩივის ოზიგალა. 

რამდენად დაზარალდნენ პოლონური ტვირთის გადამზიდავები?

პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის საქონლის ტრანსპორტირებაში ჩართული ადგილობრივი საწარმოების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 2021 წელს, ტვირთბრუნვის 38%-ი მათზე მოდიოდა, უკრაინელ კოლეგებზე კი – 62%-ი. 2023 წლის ბოლოსთვის, პოლონური კომპანიების წილი 8%-მდე შემცირდა, უკრაინულის კი 92%-მდე გაიზარდა და ეს მხოლოდ პოლონურ ბაზარს არ ეხება. "წელიწადზე მეტია, ბევრი უკრაინული სატრანსპორტო კომპანია უკვე არის წარმოდგენილი ევროპულ ბაზარზე. უკრაინიდან მომავალ სატვირთო მანქანებს საქონელი ევროპის სხვა ქვეყნებში პოლონეთიდანაც გააქვთ. პოლონური კომპანიები კი კოტრდებიან", - განმარტავს პაველ ოზიგალა DW-სთან.

ვის აწყობს ეს კონფლიქტი?

2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, პოლონეთში სატვირთო მანქანების მძღოლების საპროტესტო აქციები პერიოდულად იმართება. თუმცა, პოლიტიკოსების ყურადღება მხოლოდ უკრაინის საზღვრის ბლოკადამ მიიპყრო. ბრიუსელსა და კიევთან ვარშავის მოლაპარაკებას, რომელიც უკრაინული ტვირთის გადამზიდავებისთვის სანებართვო სისტემის შესაძლო აღდგენას ეხება (როგორც ეს ომამდე იყო), ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. იმ პოლიტიკური ვაკუუმით, რომელიც პოლონეთში 2023 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარმოიშვა, ისარგებლა მემარჯვენე რადიკალურმა პარტიამ, რომელიც კიევსა და ბრიუსელთან ურთიერთობაში პოლონეთის ინტერესების დამცველად პოზიციონირებს. ლუბლინის რეგიონში პარტიის ფრთის ხელმძღვანელი რაფალ მეკლერი თავად არის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელი და ბლოკადის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

„თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონფედერაციას“ (რადიკალური ოპოზიციური პარტია) ბევრი პრორუსულ პარტიად მიიჩნევს. მისი წარმომადგენლები მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არაერთხელ დაუპირისპირდნენ. პარტიის ლიდერები მხარს უჭერენ საზღვრის ბლოკადას და საპროტესტო აქციის მონაწილე სატვირთო მანქანების მძღოლები რამდენჯერმე მოინახულეს. ისინი პოლონეთის მთავრობისგან „პოლონური ტვირთგამზიდავების დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ მკაცრი ზომების გატარებას ითხოვენ. თუ უკრაინასა და ევროკავშირთან მოლაპარაკებებმა შედეგი არ მოიტანა, ოპოზიციური პარტია ითხოვს, პოლონეთმა უკრაინასთან სოლიდარობის დერეფნების შესახებ შეთანხმება ცალმხრივად შეწყვიტოს.

საპროტესტო აქციები საზღვრის ბლოკადის წინააღმდეგ

საზღვრის ბლოკადა აზარალებს იმ პოლონურ კომპანიებსაც, რომლებიც უკრაინასთან თანამშრომლობენ. ამიტომაც ახლა პოლონეთში ბლოკადის მოწინააღმდეგეთა ხმა სულ უფრო იმატებს. "პოლონელები და უკრაინელები! ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით და რუსეთი ამ კონფლიქტს სათავისოდ იყენებს", - ეს ლოზუნგი იყო წარმოდგენილი ერთ-ერთ ბანერზე, რომელიც გასულ კვირას, პოლონეთის სეიმის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოიტანეს. მიტინგს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოხალისეები და აქტივისტები ესწრებოდნენ. საზღვარზე ხანგრძლივი ლოდინი სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული მარაგის მიწოდებას ანელებს, თუმცა ეს აჭიანურებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ტრანსპორტირებასაც, რომელიც უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, - აღნიშნეს დემონსტრანტებმა. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართულ პეტიციაში მომიტინგეებმა მიუთითეს არა მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე, არამედ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონფლიქტი სწორედ რუსული პროპაგანდის მიერ არის პროვოცირებული და გამწვავებული.

4 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებმა უკრაინასთან საზღვრის ბლოკადის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. პოლონეთის გარდა, კონფლიქტი შეეხო ლოგისტიკურ კომპანიებს უნგრეთიდან და სლოვაკეთიდანაც. პოლონეთისა და სლოვაკეთის მოთხოვნა უკრაინული კომპანიებისთვის ომამდე არსებული ნებართვების შემოღების შესახებ, უარყო ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში - ადინა-იოჰანნა ვალეანმა. „ყველას მოვუწოდებ, იყოთ წინდახედული და რაც შეიძლება მალე გახსნათ საზღვრები“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პოლონეთთან საზღვრები ჩაკეტილია, თუმცა ქვეყანა უკრაინის  ევროპული დახმარების მხარდამჭერია. ამ სიტუაციიდან გამოსავალი დაუყოვნებლივ გადაწყვეტას რომ მოითხოვს, ყველა თანხმდება და ეს იქნება პირველი გამოცდა პოლონეთის ახალი მემარცხენე-ლიბერალური მთავრობისთვის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს.

სხვა თემები