30 აგვისტო 2024 - 08:44

სამზადისი ახალი სასწავლო წლისთვის: ადაპტაცია სტრესის გარეშე

სულ რამდენიმე კვირა დარჩა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. მართალია, მშობლებს ყოველთვის უნდათ სჯეროდეთ, რომ ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ მათი შვილები სიხარულით შეუდგებიან სწავლას, მაგრამ ბავშვები იშვიათად იზიარებენ მშობლების ენთუზიაზმს. 

დაცულობის შეგრძნება

ახალი სასწავლო წელი - მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში განურჩევლად ასაკისა, თუმცა სიახლეს სტრესიც თან ახლავს და მნიშვნელობა არ აქვს პირველად მიდის პატარა სკოლაში, თუ მხოლოდ აგრძელებს სწავლას. სტრესს პირველ რიგში მშვიდ, უზრუნველ ცხოვრებასთან დამშვიდობება და ახალ რეალობასთან შეგუების აუცილებლობა იწვევს, რაც ხშირად შიშის, შფოთვისა და პანიკის მიზეზი ხდება.  

ფსიქოლოგების მტკიცებით, ყველაზე არასასიამოვნო ადამიანის და განსაკუთრებით მოზარდის ფსიქიკისთვის - გაურკვევლობაა, რადგან, არ იცის რა ელის და თითქოს საიმედო საყრდენს კარგავს, რაც ხშირად დაუცველობის განცდას ემსგავსება. ახალი სასწავლო წლისთვის მზადებისას, მშობელმა სწორედ დაცულობის, უსაფრთხოების შეგრძნება უნდა შეუქმნას ბავშვს და სირთულეებზე საუბრის ნაცვლად სასწავლო პროცესის იმ სასიამოვნო უპირატესობებზე გაამახვილოს ყურადღება, რაც მის ინტერესს და ცნობისმოყვარეობას გააღვიძებს.

დადებითი განწყობის შექმნა

პოზიტიური განწყობის შესაქმნელად შეახსენეთ ბავშვს, რომ სკოლაში დიდი ხნის მონატრებული მეგობრები ელიან, სასწავლო პროცესი კი, არა მხოლოდ გაკვეთილები და დავალებები, არამედ სახალისო ღონისძიებები, ზეიმები და დღესასწაულებია. ამასთანავე, არ ღირს ნიშნებზე პანიკის წინასწარ მოწყობა. მშობლების უმეტესობა სასწავლო წლის დაწყებამდე ცდილობს ბავშვის დაპროგრამებას „მხოლოდ უმაღლეს შეფასებაზე“, რაც ნებისმიერი ასაკის მოზარდისთვის ქრონიკული სტრესის და მუდმივი შფოთვის მიზეზი ხდება. ზეწოლის ნაცვლად, უსურვეთ შვილს წარმატება და ნურასდროს დასჯით ცუდი ნიშნისთვის.

სამუშაო ადგილის ორგანიზება

მოაწყვეთ სამუშაო ადგილი ბავშვთან ერთად და დარწმუნდით, რომ პატარა მოხერხებულად გრძნობს თავს მაგიდასთან. კომფორტული გარემოს შექმნაში განათება დაგეხმარებათ. იდეალური ვარიანტი - ბუნებრივი განათებაა, ამიტომ მოათავსეთ მაგიდა ფანჯარასთან ახლოს, ელექტროგანათების შემთხვევაში კი, მიაქციეთ ყურადღება, რომ სინათლე თანაბრად განაწილდეს მაგიდაზე. მოერიდეთ ზედმეტად მკვეთრ შუქს, რომელიც თვალების გადაღლასა და თავის ტკივილს იწვევს.  

მიეცით ბავშვს უფლება თვითონ შეარჩიოს სამოსი სკოლისთვის, ნუ დააძალებთ და ნუ ეცდებით საკუთარი აზრის თავსმოხვევას, უმჯობესია ურჩიოთ, მერე კი, მოიწონოთ მისი არჩევანი. შეიძინეთ ხარისხიანი საკანცელარიო ნივთები, რომლებიც მოეწონება და გაახალისებს თქვენს პატარას, რადგან ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ სწორედ ფერადი, მრავალფეროვანი სასკოლო „აღჭურვილობა“ ზრდის ბავშვის მოტივაციას და სწავლის სურვილს. 

ახალ გარემოსა და ვალდებულებებთან ადაპტირება

არდადეგები და ხანგრძლივი „ინტელექტუალური უსაქმურობა“ ნებისმიერ ბავშვს უქმნის პრობლემას სასწავლო წლის დასაწყისში, რადგან ლაღად ცხოვრებას შეჩვეულს ნაკლებად აქვს სამუშაო რეჟიმში ჩაბმის სურვილი. მართალია, უფროსებს პასუხისმგებლობა ავალდებულებს ნებისმიერ სიტუაციასთან სწრაფად მორგებას, მაგრამ ბავშვებს ძალიან უჭირთ ახალ ან თუნდაც კარგად დავიწყებულ გარემოსთან თავიდან შეჩვევა, ამიტომ უმჯობესია სკოლაში დაბრუნებისთვის მზადება სასწავლო წლის დაწყებამდე 1-2 კვირით ადრე დაიწყოთ.

ადაპტაციის პერიოდში აუცილებელია ბავშვის მობილიზება, თუმცა არ ღირს ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანა. გააღვიძეთ პატარა ყოველ დილას 5-10 წუთით ადრე და ივარჯიშეთ მასთან ერთად ფიზიკური ფორმისა და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით რთულია სასწავლო წლის პირველი კვირა, ამიტომ მიეცით დრო ეტაპობრივად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ნუ მოსთხოვთ პირველსავე კვირაში განსაკუთრებულ შედეგებს. თავი შეიკავეთ სხვადასხვა წრესა თუ სექციაში მისი ჩაწერისგანაც, რადგან ისედაც დეზორიენტირებულს ნამდვილად არ სჭირდება დამატებითი დატვირთვა. 

ჯანსაღი კვება

სასწავლო პროცესის შედეგიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია კვების რაციონის სწორად შერჩევა და ბავშვის მრავალფეროვანი, ვიტამინებითა და მინერალებით დაბალანსებული საკვებით უზრუნველყოფა. გაამდიდრეთ პატარას მენიუ ხილით, ბოსტნეულითა და მარცვლოვანი კულტურებით, რძის პროდუქტით და ცილით მდიდარი საკვებით. მოარიდეთ ბავშვი ზედმეტად ცხიმიან, მარილიან და ტკბილ პროდუქტს გაზიანი და გამაგრილებელი სასმელის ჩათვლით. 

სწორი კვება მოზარდის ტვინსა და ორგანიზმს ამარაგებს მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც გონებრივ აქტივობაში, კონცენტრირებასა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში ეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოყიერი, თუმცა ჯანსაღი საუზმის მირთმევა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმს ენერგიით. არ დაივიწყოთ არც სითხის დაბალანსება, რომელიც მინიმუმ 500 მილილიტრს უნდა შეადგენდეს. 

პირველკლასელის სამზადისი

მართალია, პირველკლასელები, რომელთაც სწავლა გართობა ჰგონიათ, სიხარულით ხვდებიან სასწავლო წლის დაწყებას და ხალისით გარბიან სკოლაში, მაგრამ უცხო გარემოში აღმოჩენილებს შიში და იმედგაცრუება ეუფლებათ, ამიტომ მათთვის ყველაზე რთულია ახალ გარემოსთან შეგუება, რაც სულ მცირე 6 თვე გრძელდება. ახალბედა მოსწავლეების მშობლებს ფსიქოლოგები, გაკვეთილების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მისვლას ურჩევენ, რათა პატარას არ მოუწიოს ლოდინი და დღის განმავლობაში მიღებული სტრესის შემდეგ მშვიდად და დაცულად იგრძნოს თავი მშობლის გვერდით. 

არ ღირს მცირეწლოვნების ზედმეტად გადატვირთვა, რადგან გონება, რომელიც მხოლოდ იწყებს განვითარებას, აუცილებლად „გააპროტესტებს“ ამგვარ ზეწოლას  და გამოფიტვით ან ნერვული შეტევით უპასუხებს. მეტიც, პატარამ შეიძლება საერთოდ აიცრუოს გული სწავლაზე და სამუდამოდ მოიძულოს სკოლა. 

მშობელმა, რომელიც თვლის, რომ ბავშვს კოლექტივში, სხვა ბავშვებთან გაუჭირდება ურთიერთობა, აუცილებლად უნდა აუხსნას და დაარწმუნოს, რომ საშიშია არაფერია. შეგიძლიათ სწავლის დაწყებამდე მოაწყოთ შეხვედრა კლასის ხელმძღვანელთან და თანაკლასელებთან, რათა ბავშვებმა ახლოს გაიცნონ ერთმანეთი. ძალიან საინტერესო პრაქტიკად იქცა ე.წ. როლური სავარჯიშოები, მაგალითად, „სკოლობანას“ თამაში, რაც მშობელსაც უქმნის წარმოდგენას, როგორ მოიქცევა ბავშვი ახალ გარემოში და პატარაც იძენს მეტ-ნაკლებ გამოცდილებას.  

თვითრწმენა

ბავშვი მხოლოდ მაშინაა საკუთარ თავში დარწმუნებული, როცა ერთი მხრივ, ახლობლების სიყვარულსა და მხარდაჭერას გრძნობს, მეორეს მხრივ, საკუთარი შესაძლებლობების სჯერა და იცის, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევას შეძლებს. თვითრწმენის გასაძლიერებლად მშობლებმა ხშირად უნდა გამოხატონ სიყვარული შვილის მიმართ და დაეხმარონ მას პოზიტიური გამოცდილების შეძენაში. ბავშვმა ადრეულ ასაკშივე უნდა გააცნობიეროს, რომ მონდომებისა და კარგად სწავლის შემთხვევაში ნებისმიერ მიზანს მიაღწევს, არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება და სისტემურ მუშაობას შეჩვევა, რაც სამომავლოდ დროის სწორად ორგანიზებასა და შესასრულებელი საქმის განაწილებაში დაეხმარება.  

სხვა თემები