01 ნოემბერი 2017 - 20:46

ვინ არის საიფულო საიპოვი? მანჰეტენზე მომხდარი ტერაქტის დეტალები

შემთხვევის ადგილი, ნიუ-იორკი

შემთხვევის ადგილი, ნიუ-იორკი

Jeff/WFH/Twitter

31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ველობილიკზე მსუბუქი სატვირთო მანქანა შევარდა და 8 ადამიანი მოკლა. სულ ცოტა 11 დაშავებულია. აქედან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. მანქანაში იპოვეს ჩანაწერი, რომელშიც ნახსენებია "ისლამური სახელმწიფო". სამართალდამცველებმა მძღოლი დაჭრეს და დააკავეს. ახლა ის საავადმყოფოშია. მედიის ინფორმაციით, ეს არის წარმოშობით უზბეკი საიფულო საიპოვი, რომელიც აშშ-ში 2010 წლიდან ცხოვრობს.

ტერაქტი ადგილობრივი დროით 15:05 საათზე მოხდა

2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 2 საათზე, ახალგაზრდა კაცმა ნიუ-ჯერსიში მსუბუქი სატვირთო მანქანა დაიქირავა და მანჰეტენისკენ გაემგზავრა. ადგილობრივი დროით 15:05 საათზე, ის მანქანით უესტ-სთრითზე მდინარის გასწვრივ მოწყობილ ველობილიკზე შევარდა და გზადაგზა ადამიანებს ეჯახებოდა. 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 არგენტინელი ტურისტი და ერთი ბელგიის მოქალაქე. 

თავდამსხმელმა დახლოებით 1.5 კილომეტრი იარა და ბოლოს პატარა სკოლის ავტობუსს დაეჯახა. ავტობუსში ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ამის შემდეგ ის მანქანიდან გადმოხტა, ხელში იარაღი ეჭირა და ყვიროდა "ალაჰ აკბარს". პოლიციელმა რაიან ნეშმა მას ესროლა და დაჭრა; დამნაშავე დააკავეს. ის ჰოსპიტალიზებულია. სულ 11 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდამსხმელი წარმოშობით უზბეკი საიფულო საიპოვია

მანჰეტენზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილს საიფულო საიპოვი ჰქვია. ის 29 წლისაა. პოლიციას მისი ვინაობა ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია, მაგრამ მედიას ეს ცნობა სამართალამცავ ორგანოებში წყაროებმა დანაშაულიდან რამდენიმე საათში დაუდასტურეს.



გაზეთების ცნობით, საიპოვი აშშ-ში, 2010 წელს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტიდან ჩავიდა. ის ამერიკაში მწვანე ბარათის მოგების შემდეგ მოხვდა და უმალ მიიღო აშშ-ში მუდმივად ცხოვრების უფლება. (პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც ამ პროგრამის გაუქმების ინიციატივით ადრეც გამოვიდა, ტერაქტის შემდეგ ის კვლავ გააკრიტიკა).

თავდაპირველად, საიპოვი ნაცნობებთან ოჰაიოს შტატში ცხოვრობდა. ამ ოჯახის წარმომადგენელმა 22 წლის ბეხშოდ აბდუსამატოვმა თქვა, რომ საიპოვმა ინგლისური ენა ცუდად იცოდა, ამიტომ ენის სწავლა და სამსახურის ძებნა დაიწყო. ნაცნობების თქმით, საიპოვი ძირითადად მუშაობდა და გასართობად არსად დადიოდა.

2013 წელს მან ცოლად მოიყვანა აშშ-ში ასევე ტაშკენტიდან ჩასული ნოზიმა ოდილოვა. ისინი ოჰაიოში ცხოვრობდნენ. ქორწინების შემდეგ საიპოვმა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობა შეწყვიტა. ოჰაიოში მან ორი ფირმა - Sayf Motors და Bright Auto - დაარეგისტრირა, რომლებიც ავტომობილების გადაზიდვის სფეროში მუშაობდნენ.

მოგვიანებით საიპოვი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა, სადაც ის ფორტ-მაიერსში და ტამპში ცხოვრობდა. მისმა ერთ-ერთმა ნაცნობმა ჟურნალისტებს უამბო, რომ საიპოვს იცნობდა, როგორც "ძალიან ბედნიერ კაცს", რომელიც "მუდმივად იცინოდა" და "აშშ უყვარდა". ის არ ჰგავდა ტერორისტს, მაგრამ მე არ ვიცნობდი მის შინაგან სამყაროს", - თქვა მან.  

2015 წელს, საიპოვი შიდა უსაფრთხოების სამინისტროს აგენტებმა ორ ადამიანთან კავშირის გამო დაკითხეს, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება უთვალთვალებდა. The New York Times-ი წერს, რომ ის ხელისუფლების ყურადღების ველში ერთ-ერთი გამოძიების გამო მოხვდა, თუმცა რას უკავშირდებოდა ეს გამოძიება, უცნობია. გამოცემა იხსენებს, ახლახან ნიუ-იორკში უზბეკეთის და ყაზახეთის რამდენიმე მოქალაქისთვის "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მხარდაჭერისთვის ბრალის წაყენების ფაქტს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საიპოვი ცხოვრობდა ნიუ-ჯერსის შტატში, პატერსონში. მისი მეზობლი აცხადებს, რომ ხშირად ხედავდა როგორ ელაპარაკებოდა ის მეგობრებს ქუჩაში ცოლთან და შვილებთან ერთად. ნიუ-ჯერსიში მან Uber-ში მძღოლად დაიწო მუშაობა. კომპანიაში ამბობენ, რომ მასზე არანაირი პრეტენზია არ სმენიათ და ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებაც წარმატებით გაიარა. არსებული ინფორმაციით, საიპოვს აშშ-ში კანონთან პრობლემა არასდროს ჰქონია. ტელეკომპანია CBS News-მა მას ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ოთხი ჯარიმა აღმოუჩინა.

ნიუ-იორკში ტერაქტი ბოლოს 2016 წლის 17 სექტემბერს მოხდა

ბოლო მასშტაბური ტერაქტი ნიუ-იორკში შარშან, 17 სექტემბერს მოხდა. ნიუ-იორკში და ნიუ-ჯერსიში თვითნაკეთი ბომბები ააფეთქეს. მაშინ 29 ადამიანი დაშავდა. ტერაქტისთვის 29 წლის ავღანური წარმოშობის ამერიკელი, აჰმად ხან რაჰამი დააკავეს.

2017 წლის 31 ოქტომბრის თავდასხმას ტერაქტი ოფიციალურად ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ უწოდა. მანამდე ჟურნალისტებს წყაროებმა სამართალდამცავ ორგანოებში უთხრეს, რომ დანაშაულს, როგორც ტერაქტს ისე იძიებდნენ. 

საიპოვის მანქანაში იპოვეს დანა, ასევე ჩანაწერი, რომელშიც ნახსენებია "ისლამური სახელმწიფო". ტერორისტებს მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღიათ. 1 ნოემბერს პოლიციაში განაცხადეს, რომ კაცი თავდასხმას რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმავდა.

ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, საავადმყოფოში საიპოვი "ტრაბახობდა" პოლიციელებთან ჩადენილი დანაშაულის გამო და თითქოს თქვა, რომ განაგრძობდა ადამიანების მოკვლას, ავტობუსს რომ არ დაჯახებოდა.

სხვა თემები